ტკივილი, რომელსაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჰქვია

გამარჯობა, მე ვარ გაბრწყინებულ იბერიელი და მე ყოველდღე საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვმგზავრობ. 

ძილისგან დეპრივირებული და საზოგადოებრივი ტრანსპორტისგან კიდევ ერთხელ შელახული ოფისში მოვბანცალდი, ყავის აპარატს ავტობუსში ამოსული პერვერტის მოშიებული თვალებით მივაშტერდი და ვეცადე ჩემში აწ უკვე 25  წლის მონაგარი მოთუხთუხე მრისხანება დამეცხრო, ოღონდ არა იმდენად — მერიისთვის ნეხვის ბომბების დაშენა გადამეფიქრებინა, ხოლო ჩემს day off-ზე, იმ მოლოტოვის კოქტეილების დაშენა, რომლის რეცეპტის გასაჯაროებასაც Facebook-ის community guideline-ი მიკრძალავს. 

ზოგჯერ, ხშირად, ძალიან ხშირად, როცა ავტობუსის ჭყლეტვაში ნახევარ საქართველოს შორის ლობიოში გაპარებული მატლივით ვყვები და არათუ ხელები, არამედ მთელი ტანი პარალიზებული მაქვს და არც თუ ისე შორიდან, ვინმე იღბლიანი მჯდომარე ადამიანის ტელეფონიდან წამოსული ტიკტოკის ტოქსიკური ხმები მესმის, წამიღებს ეგზისტენციალურ- ეზოთერიკული ფიქრები. 

იქნებ, მე ვარ ტოქსიკური ადამიანი ჩემს ცხოვრებაში?

იქნებ, მთელი ცხოვრება გაფუჭებულ ტაბლოებს, არეულ განრიგებს, 541 სულ მოსახლეზე გათვლილ ერთ 388 ნომერ ავტობუსს, სწორ გზაზე ზიგ-ზაგით მოსიარულე ავტობუსის მძღოლებსა და უჟანგბადობით გამოწვეულ შოკს თავადვე ვიზიდავ. 

იქნებ, ნეგატივით სავსე რომ ვარ, სწორედ ამიტომ მომიწია გაუბრწყინებელ იბერიაში ცხოვრება?! 

მოკლედ, ჩემი და საზოგადოებრივი ტრანსპორტის დაუსრულებელი საგა 3 წლიდან დაიწყო — პირველად მაშინ გავაცნობიერე საკუთარი თავი, ირგვლივ მიმოვიხედე და აღმოვაჩინე, რომ, სამწუხაროდ, მარშუტკაში ვიჯექი. 

თუმცა ჩვენი ურთიერთობა ტოქსიკური მას შემდეგ გახდა, რაც ვაზისუბნიდან  ქალაქის ცენტრისკენ მივლინებაში წასვლა ყოველღიურად მიწევდა. 

მაშინ გავიგე, რომ ‘ტრანსპორტი 12-მდე მუშაობს’ უბრალოდ ხატოვანი გამოთქმა იყო, ყოველგვარი ემპირიული მტკიცებულების გარეშე დანერგილი. ერთადერთი რაც 12 მდე მუშაობდა უბნის ბირჟა, ერთი-ორი მანიაკი და მეტრო იყო. 

აგერ უკვე მერვე წელია ვაზისუბანი-რუსთაველი-თავისუფლების მონაკვეთიდან ვაკისკენ გადაადგილება მიწევს და მერვე წელია პრობლემა ერთი და იგივე რჩება. 

დგახარ გაჩერებაზე სხვა შენსავით სასოწარკვეთილ მოქალაქეებთან ერთად და ყველას ერთი და იგივე აზრი გიტრიალებთ თავში- აქ უეჭველი ვერ ავალ. 

ვერც ახვალ. 

დარწმუნებული იყავი. 

თუმცა ზოგჯერ გიმართლებს, ალბათ უპატრონო კატას ნაყინი შესთავაზე და კარმა გასაჩუქრებს- ადიხარ ავტობუსში და უკანანო მიშენებასავით ჩაგდგამენ სადმე ცენტრში. 

ჩაგდგამენ, რადგან ავტობუსში ფეხის ადგმა და ყველანაირი თავისუფალი ნების არსებობის ილუზიის გაქრობა ერთია- სადაც მიგწევენ იქ დგები, სადაც ავტობუსი მიყირავდება შენც იქ მიყირავდები და ვისთანაც მოხერხდება- იმ ტიპის ზურგს, ან უარესი- წინა ნაწილს, ხარ აკრული. 

აქაც, მოდი, სამართლიანები ვიყოთ, მარტო ავტობუსს ვერაფერს დავაბრალებ. მავანნი ისეთივე წარმატებით რომ მივწოლოდით პარლამენტის კარებს, ან იბერიულ ოცნებებს, როგორი წარმატებითაც პირთამდე გაჭედილი ავტობუსის კარში მდგომ ხალხს ვაწვებით, შეიძლება ახლა საზოგადოებრივი ტრანსპორტის ტრავმა ოდნავ უფრო გამყარებულ ლარს დაებალანსებინა. 

თუმცა, აბა, მე რა ვიცი, ეკონომიკაში ვერ ვერკვევი. 

თუმცა ზოგჯერ პლოტი იყოფა და სხვაგვარად ვითარდება. 

შეგიმჩნევიათ, ავტობუსის კარების მიდამოებში მთელი თბილისი რომაა თავმოყრილი, თუმცა გვერდებზე გადანაწილებას, სადაც პრივილეგირებული ფენა აშკარად სუნთქავს, არავინ ლამობს? 

რატომ? ამაზე პასუხი არავის აქვს. 

კიდევ ერთი საინტერესო კატეგორია გამოიყოფა — ადამიანები, რომლებიც იჭყლიტებიან, სხვებსაც ჭყლეტენ, თუმცა სკამზე დაჯდომაზე უარს აცხადებენ. 

თუ ასეთი ხარ, როგორც ერთი მოქალაქე მეორე მოქალაქეს, გთხოვ, უბრალოდ, დაჯექი. ქვეყნის განვითარებას ხელს უშლი ავტობუსში ცარიელი სკამის გვერდზე დგომით!

დგომასაც, თავისი დრო და ადგილი აქვს, ეს, ისე. 

მოკლედ, დღეის მონაცემებით, უჟანგბადოდ აშკარად 15 წუთს ვქაჩავ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ავტობუსის გაჩერებაზე დგომისას ხილულ შავ აურას ვასხივებ, რომელიც გზად იმ ხეებს დააჭკნობდა, თავის დროზე მილიონი რომ უნდა დაერგოთ, მაგრამ არ დარგეს. 

სამართლიანი მინდა ვიყო — ამიტომ აღვნიშნავ, რომ ავტობუსის ხაზები ძალიან კარგი მოფიქრებაა, თუმცა, ამ ცვლადს მნიშვნელობა აღარ ექნება, თუ ხალხმა ავტობუსში ასვლა მხოლოდ არაპიკის საათში შევძელით — ბოლო ყველა წელია კი, არაპიკის საათი, დიდი ხანია არ მინახავს. 

ის მეგობრები ხომ გყოლიათ, ევროპაში მოგზაურობიდან რომ ჩამოვიდნენ და იმ ამბებს გიყვებიან,  გერმანიაში ტაბლოზე ავტობუსს 03 წუთი რომ აწერია და მართლა 03 წუთში მოდის და მართლა ადიხარო? 

სასიამოვნო, თუმცა მოსაწყენი ამბავია. 

ამიტომ, შენ შენი მხრიდან ამ ანეკდოტს ახვედრებ: მოკლედ, საქართველოში ვარ, ტაბლოზე 383-ს 11 წუთის განმავლობაში 02 წუთი აწერია, ბოლოს მოდის და 300 ნომერი აღმოჩნდება. 

აი, ეგაა, ევროპაში ყველაზე მოწესრიგებული ტრანსპორტი რომ გვაქვს და უფრო მეტიც   — 41 წლის შემდეგ ვუააააფფშე უკეთესი რომ იქნება! 

ისე, მეც ამას ვიტყოდი, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაცვლად ვარკეთილამდე თვითმფრინავით რომ მივდიოდე ხოლმე. 

ახლა წავალ და მუნიციპალიტეტში შესატან განცხადებას დავწერ, სადაც პიკის საათებში ავტობუსების სიარულის სიხშირის გაზრდასა და ავტობუსების დამატებას მოვითხოვ და მეტი მოტივაციისთვის, წინასწარ მომზადებულ დინამიტს ავაწიკწიკებ. 

პ.ს. ამის მერე გასაუბრებაზე სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარს თუ გადაგიმოწმებენ, შეგიძლია უბრალოდ უთხრა, რომ უფრო მეტიც — სტრესულ სიტუაციაში მგზავრობას ხარ მიჩვეული,

რადგან,

შენ ხარ ქართველი, 

მაშასადამე კანდიდატისსტატუსირომაქვს, იმ ევროპელი!