საზოგადოებრივი ტრანსპორტის BAD TRIP-ი

ტაქსების გაქათქათების რეფორმას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. მერმა ჯერ თქვა ფასები არ გაზრდილაო, შემდეგ კი მერე რა თუ გაიზარდა, მშვენიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გვაქვს და იმგზავრეთ, რა პრობლემააო…

ხო და გადავწყვიტე ჩემი დილის შესახებ მოვუყვე ღრმადპატივცემულ მერს, რომელიც მილანშიც კი თეთრი ტაქსებით დადიოდა.

ქავთარაძეზე ვცხოვრობ და ვმუშაობ დიღომში, აი თავისუფალ უნივერსიტეტთან ახლოს. ჩემი სამსახური მცხეთასთან უფრო ახლოა, ვიდრე ჩემს სახლთან, მაგრამ კარგი სამსახურია და დავდივარ. მანქანა არ მყავს და ტაქსით სიარულს ჩემი ხელფასი ვერ გაწვდება.  ამიტომაც ვიყენებ თქვენს ნაქებ საზოგადოებრივ ტრანსპორტს.

ვაჟას მეტროსთან ახლოს ვცხოვრობ და მეტროთი მივდივარ დიდუბემდე, რომ მერე სამარშრუტო ტაქსში შევტენო ჩემი არც ისე პატარა სხეული, თუმცა დიდუბემდე მისვლა ცალკე ფილმია.

ვაჟას სადგურზე ძირითადად ცოტა ხალხია და დილითაც ისე არ ივსება ვაგონი, რომ ვერ დავჯდე. პირველ დაბრკოლებას მაშინ ვაწყდები, როცა საბურთალოს ხაზიდან პირველ ხაზზე უნდა გადავიდე. ერთი შეხედვით უწყინარი ბებო კარის გაღებისთანავე გვერდით მწევს და ცდილობს კიბემდე მიასწროს, ბრბოს სათავეში მოხვდეს და გზის გაკვლევა არ გაუჭირდეს. მე თუ ვასწრებ, სადღაც შუაში ვექცევი და ყველა მხრიდან ვიღაც მაწვება. ფეხი რომც არ გადავდგა, ხალხის მასა თავისით წამიღებს.

დერეფანში გასვლისას სიტუაცია ცოტა ნეიტრალდება, თუმცა თუ საპირისპირო მიმართულებიდანაც მოდის ხალხი, უკვე საცობი იქმნება და მიმიქარავს სარაგბო შერკინება. საერთოდ მგონია მძლეოსნებს მეტროში უნდა ვეძებდეთ და ჭიდაობის ფედერაციაც მანდვე უნდა იყოს.

თუ გამიმართლა და მნიშვნელოვანი ფიზიკური დაზიანებების გარეშე მივაღწიე პირველ ხაზამდე, ვდგები მარცხენა მხარეს, ვაგონის მოსვლის უკუმთვლელს რაღაც ეფარება და უცნაური მოძრაობები უნდა აკეთო, რომ დაინახო. ამ მოძრაობებს რიტუალურ ცეკვას ვეძახი. საშუალოდ 2 წუთი ველოდები ხოლმე ჩრდილოეთის ექსპრესის მოსვლას და სანამ მოვა მანამ ვიცი, რომ ხალხითაა გაძეძგილი, თუმცა ვაგზალზე ჩამოდის უმეტესობა.

ჩამოსვლა არც ისე მარტივია, როგორც კი ჩერდება მატარებელი, მაშინვე ყველა კართან ნაწილდება აქამდე წრფეზე მდგარი საზოგადოება. იღება კარები და მონღოლთა ურდო ცდილობს გამოიჭრას, იქიდან აწვებიან, რათა მალე შევიდნენ და ადგილი დაიკავონ. კბენის, ღრენის, ღრჭიალისა და ძვლების მტვრევის ფონზე შევდივარ ვაგონში და რომელიმე ძელზე ხელჩაჭიდებული ვცდილობ წონასწორობა შევინარჩუნო. თან მაქსიმალურად ცოტა ჰაერი ვისუნთქავ. ვისაც ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ხალხით გატენილი ვაგონის ოხშივარი, გაიგებთ ჩემს გასაჭირს.

დაჯდომა? ამგვარ ფუფუნებაზე ოცნებასაც ვერ ვბედავ. თუ სასწაული მოხდა და ადგილი გათავისუფლდა, მაინც არ ვდჯები. ზუსტად ვიცი როგორც კი საჯდომს სკამს შევახებ, თავზე დამადგება რვა შვილის დედა, რომელიც სამ ტყუპზეა ორსულად ან ყველა ომის ვეტერანი და როგორ გინდა მშვიდად იჯდე…

მოდის დიდუბის სადგური და აქ შედარებით ადვილია გამოსვლა, თუმცა საბოლოო გამოსასვლელი ვიწროა და მაინც ვეხახუნებით ერთმანეთს (რაც ზაფხულში კიდევ უფრო საშინელი რამეა, ვიდრე ზოგადად). მერე კიბეებზე უნდა ჩავიარო და გავიარო გვირაბი, რომლის ბოლოსაც სინათლეა, სინათლე და ადამიანები, რომლებიც მარწმუნებენ, რომ დასავლეთში წავიდე, თან ისე დამაჯერებლად აკეთებენ ამას, ერთხელაც იქნება გავყვები.

გვირაბში მოძრაობისას ვხვდები, რატომ არ აქვს ამ ხალხს მართვის მოწმობა, ზოლიდან ზოლში გადასვლა ურთულესი საქმეა, უკან არ იყურებიან, ციმციმებს არ ანთებენ და წინ ისე მიმუხრუჭებენ, რომ შეიძლება გადავთელო და არ მგონია ჯანმრთელობის დაზღვევა ჰქონდეთ. 

დერეფანი მთავრდება, მაგრამ წინ ბაზრობაა, სველი ბოსტნეულებით და მძღოლებით მოფენილი ველი, რომლის გადალახვაც ჩემი რუტინული თავგადასავლის ერთ-ერთი ყველაზე უსიამოვნო ეპიზოდია. თუმცა მეტროდან გამოსულს მიბრუნდება ყმაწვილკაცური სილაღე და ისე დავძვრები დახლებს შორის, ხანდახან მგონია ოუშენის მეთოთხმეტე მეგობარი ვარ და ამ დაბრკოლებების გადალახვის შემდგომ სეიფი დამხვდება, რომელიც უნდა გავძარცვო.

მოკლედ, მივაღწევ თუ არა გაჩერებასთან, ვჩერდები და მარცხნივ ვიწყებ ყურებას, რომ რომელიმე ჩემთვის სასურველი სამარშრუტო ტაქსი დავლანდო, 51 ან 117. და აი ისიც, ბორბლებზე შემდგარი, ყვითელი, მოძრავი ორგიის ყუთი, რომლით მგზავრობის შემდეგაც კითხვაზე მყავს თუ არა შვილი, არც ისე დარწმუნებული ვპასუხობ. რა ვიცი, იქნებ მყავს ან იქნებ არც…

ავდივარ თუ არა, ვეჩეხები მძღოლის გაბრაზებულ სახეს ან ვინმეს ტრაკს, რომელიც ჩემი სახისკენაა მოშვერილი და  რომელსაც ვცდილობ მაქსიმალურად არ შევეხო. თუ ჰომოსექსუალურ სიყვარულზე ფილმის ყურება მართლა ჰომოსექსუალად გაქცევს, გამოდის ყვითელი მარშუტკის მძღოლები ყოველ დილით ვინ დიზელის ფილმებს  უყურებენ.

მძღოლს კიდია, თვითონ ხო ზის, ისე სხვებიც სხედან და ისე გადმოგვხედავენ ხოლმე ფეხზე მდგომ, ერთმანეთში გადახლართულ მასას, მარქსის კითხვა  და კლასობრივ დაპირისპირებასთან ბრძოლა მინდება.

საბოლოოდ ვაღწევ დანიშნულების წერტილს, ოფლიანი, დაბეჩავებული და გასაცოდავებული… სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსულები ერთმანეთს თვალებში სირცხვილით ვეღარ ვუყურებთ და უკვე მგონია ამ მგზავრობებით შეყვარებულს ვღალატობ.

მოკლედ, ჩემი შრომის პროდუქტიულობაზე ნამდვილად აისახება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამგვარი გაუმართაობა, რაც თავისმხრივ, ჩემი ღრმა რწმენით, სახელმწიფოს მონოპოლიითაა გამოწვეული.

ამიტომ, ბატონო კახა, ტაქსების მონოპოლიზებას სჯობს რაც გაქვთ ეგეც გაყიდოთ და თუ ცუდი იქნება, კერძო სექტორს მაინც ვაგინებთ და დაისვენებთ…

ავტორი: ჩელე