2021 წელი და ქართველი ,,სამი მუშკეტერის“ კოვიდთან ბრძოლა დასასრულს უახლოვდებოდა, როცა მე და მამაჩემი ,,საბას“ ლიტერატურულ დაჯილდოვებას ვუყურებდით, საშუალო არითმეტიკულით, არც თუ ისე დიდი ინტერესით. იმ წელს პირველად გამოჩნდა ნომინაცია ,,საბჭოთა და პოსტსაბჭოთა რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში,“ რომელშიც პრემია სხვადასხვა თაობის წარმომადგენელმა ორმა მწერალმა, ბიძინა მაყაშვილმა და ივა ფეზუაშვილმა, მოიპოვა.
პირველის, ბიძინა მაყაშვილის ,,ბლუზი მტკვრის პირას“ ძალიან საინტერესო მოგზაურობაა საბჭოთა მუსიკალურ სამყაროში. სულ რომ არაფერს უსმენდე და ,,მასტერის“ შემოქმედება მოგწონდეს, ამ წიგნში ერთ რამეს მაინც ძალიან ნათლად დაინახავ, რომ ხელოვნებას ყველაზე უკეთ შეუძლია ბარიკადების გადალახვა და ნებისმიერი მასალისაგან დამზადებული ფარდის გარღვევა. საბჭოთა კავშირში დაბადებულსა და გაზრდილ (არ ვაწყენინოთ ემზარ კვიციანს) ჟურნალისტს მუსიკოსების და არამარტო მუსიკოსების, შემოქმედებისა და ცხოვრების აღწერით, მკითხველამდე მოაქვს ცრემლისა თუ ღიმილის მომგვრელი სხვადასხვა ამბავი. მაგალითად, როგორ მივიდა ახალგაზრდა გიორგი ახვლედიანი გამომცემლობაში თავისი რომანით ,,მოგზაურობა ყარაბაღში,“ რომელიც ერთ დღეში წაუკითხავს ბიძინა მაყაშვილს და მომავალი ნობელის პრემიის ლაურიანტის დიდებული ლიტერატურული გზაც იწინასწარმეტყველა. წიგნში ბიძინა მაყაშვილი გვიყვება, თუ რატომ დაამყარა თემურ ყვითელაშვილმა რეკორდი საქართველოს საზღვრებს გარეთ და არა სამშობლოში. საქმე იმაში ყოფილა, რომ დაახლოებით რვა საათიანი გიტარაზე დაკვრის შემდეგ თბილისში შუქი და მისი მოსვლის იმედი ერთნაირად ჩამქრალა, ბატონ თემური კიდე, მაინცდამაინც ელექტრო, გიტარის ვირტუოზია. ყველაფერში ბედი გინდა კაცს… მოკლედ რომ ვთქვა, მარტო მუსიკის მოყვარულებისთვის არაა ,,ბლუზი მტკვრის პირას“, აქ ძალიან ბევრ ისეთ ამბავს ამოიკითხავთ, რომლებიც კარგად გაგახსენებთ, ანდაც დაგანახვებთ თუ რატომ აღარ გვინდა საბჭოთა კავშირში, რუსეთში დაბრუნება, რატომ გვინდა თავისუფლად ვუსმენდეთ მუსიკას ,,სფოთიფაიზე“ ანდაც ,,იუთუბში“(შეგახსენებთ პუტინის რუსეთში ამ ყოველივეთი ვერ ისარგებლებთ) და პატარა მარჯან სატრაპივით ჩუმად არ ვყიდულობდეთ ,,Pink Floyd-ითა,“ ,,Iron miden-ით“ ტკბობის საშუალებას.
პრემიის მეორე მფლობელი, ივა ფეზუაშვილი, არ დავმალავ და ჩემი საყვარელი თანამედროვე ქართველი მწერალი, წიგნით ,,ბუნკერი“ გახდა ამ პრემიის მფლობელი. ეს უკანასკნელი ძალიან ბევრ ენაზე ითარგმნა უკვე და ბევრის მოწონება თუ სიყვარული დამსახურებულად მიიღო. თუმცაღა, როცა ივას შეხვდი ერთი ძალიან კარგი წიგნის წარდგენაზე, ვკითხე, თუ რომელი რომანი უფრო მოსწონდა მას. ათწამიანი ფიქრის შემდეგ ,,მასკარაფონე“ აირჩია, აქ უფრო ბევრი სიმართლეაო. მართალიცაა, სამწუხაროდ. გაჭირვება ყველა ქვეყანაში ერთნაირია, ჩვენი წილი დაკარგული თაობა ჩვენც გვყავს, თუმცა ამ ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა, რატომღაც ერთ დღეს პარლამენტარობა აირჩიეს, ბუცები ლურსმანზე, ქვეყნის ბედი ფეხებზე ჩამოკიდეს და Genz-ის მომავლის განადგურებას, ცხადია ამაოდ, მიჰყვეს ხელი. ,,მასკარაფონე“ ბავშვობის არ მქონე თაობის ჰიმნია, ესაა საყვედური, ბრაზი, ყვირილი, ძალიან ხმამაღალი გადაძახილი თაობათა შორის, მამების არასწორი გადაწყვეტილებებით შვილების დანგრეულ ცხოვრებაზე დაწერილი ამბავი. ამბავი, რომლის წანაზარდები, მეტასტაზები დღემდე ცოცხლობენ. ამ ყოველივეს საცხოვრებელი კორპუსების ბუნკერებიდან კი ისევ ამოდის მყრალი სუნი, რომელსაც ვებრძვით აირწინაღებით, სათვალეებით, წყლის თოფებით და ა.შ. ამ სუნს, უტიფრად, ქალაქის ცენტრში, დადგმული ჭკვიანი ნაგვის ურნები ვერ გაანეიტრალებს. სუნი მაშინ გაქრება, როცა ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს ნეხვში აღარ ჩავდგამთ. ,,მასკარაფონეს“ მთავარ გმირს ბავშვობის გარეშე მოუწია დიდობაში შეებიჯებინა, მას ჰგონია, რომ პრობლემას ,,აეზაკამი“ მოაშორებს, თუმცა ცდება. ,,მასკარაფონე“ სარკეა ქვეყნისა, რომელშიც ,,კაცი თუ არის დასასჯელი იქვე რატომღაც ქალებსაც სჯიან.“ ,,მასკარაფონე“ აუცილებლად წასაკითხი რომანია, რომ ,,ვერ დავიწყება იქცეს სასჯელად.“
თანამედროვე ქართული ლიტერატურის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ცოტნე ცხვედიანი. მისი სადებიუტო მოთხრობების კრებული ,,ქალაქი და წმინდანები“ 2015 წელს გამოიცა და მაშინვე მიიქცია ყურადღება ავტორის გამბედაობამ. ურთულესია წერდე პირველად და ასე ხმამაღლა, მკაფიოდ(ამ სიტყვის ყველაზე ზუსტი განმარტებით და არა კვარაცხელიასეული) უპირისპირდებოდე სისტემას, რომელიც ძირს უთხრის სხვადასხვა თაობას – გადატანითი და რამდენიმე ქალაქს პირდაპირი მნიშვნელობით. კრებულის პირველი მოთხრობა სულ ცოტა ხნის წინ ისევ წავიკითხე და მას შემდეგ გამუდმებით მესმის ავტორის გამბედავი ხმა. აქ მოთხრობილია ერთი ბიჭის, მეშახტე მამამისისა და სხვა მეშახტეების გაფიცვის ამბავი. ყოველდღე ერთი და იგივე, მსუქანი კაცი ,,უხსნის“ სუსტებს თუ რატომაა შეუძლებელი მათაც შეეძლოთ ცხოვრება, რატომაა შეუძლებელი, რომ ამ ქალაქში დაბრუნება ვინმეს მოუნდეს, ჩიტებს მაინც. მთავარი გმირი დიდი ხნის განმავლობაში დაატარებს ,,მოლოტოვის კოქტეილს“ გაფიცვებზე, თუმცა ვერცერთხელ გაისვრის, სანამ…
ჩემმა სიტყვებმა ნელ-ნელა გაქრობა დაიწყეს და ცოტნე ცხვედიანის შესანიშნავ კრებულზე საუბარი ვერ დავასრულე. სანამ საგნები და სიტყვები ბოლომდე გამქრალან, სწაფად გეტყვით, რომ ორი წლის წინ გამოვიდა კიდევ ერთი დებიუტანტის, მინდია არაბულის, მოთხრობების კრებული ,,ყოველი ამბის დასასრული.“ ჩემი აზრით, ეს ნაწარმოები და განსაკუთრებით ,,კოღო“ თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილია, რომლითაც მკითხველი მაშინვე იგებს, რომ საქმე აქვს ძალიან კარგი იუმორის, მრავალმხრივი სამწერლობო სტილის მქონე და ამბების უბადლო მთხრობელთან. მოკლედ რომ ვთქვა, თუ გინდათ ისიამოვნოთ და თანაც ამ სტატიაში არსებული ალუზიაც ამოხსნათ, მაშინ აუცილებლად გირჩევთ მინდია არაბულის ამ შესანიშნავ კრებულს.
ახლა ორი სიტყვით იმაზე, თუ რატომ ვილაპარაკე ამ ავტორებზე მაინცდამაინც. საქმე იმაშია, რომ ჩვენს თაობას, ბევრ რამეს გვაბრალებენ, მათ შორის იმასაც, რომ ჩვენ არ ვიცით როგორი იყო მაშინ ცხოვრება, როგორი ტკბილი იყო ყველაფერი, კითხვა არ გვიყვარს და ა.შ. ასე არაა. ჩვენ ვკითხულობთ და ვუსმენთ ყველა თაობას, რომელიც ოდესმე დაუსახიჩრებია საბჭოთა რუსეთს, ამის წყალობით ძალიან ბევრი რამ ვიცით. სულ რომ არაფერი, მე ბავშვობის ფოტოების 98%-ში ვიცინი, მამაჩემს ერთი ფოტოც კი არ აქვს ასეთი.
დრო მოვიდა, ამ სტატიის ამბავიც დავასრულოთ, თან კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რამ გვაქვს დასასრულებელი. ბლუზი ისაა, როცა კარგი კაცი ცუდ დღეშია, ჰოდა ბოლო დღეებია ჩვენ ნაწილი ვართ ბლუზისა, რომელიც მტკვრის პირას მიედინება და არ გაჩერდება, სანამ ბუნკერის სუნს არ გააქრობს.
იმედი მაქვს, როცა 83-დან ერთი მაინც დაგუგლავს რომელიმე ზემოთხსენებული წიგნის მოკლე შინაარს(დარწმუნებული ვარ წიგნის შინაარსებს ძალიან ხშირად ეძებენ) და ამ სტატიას გადააწყდება ,,წიგნი რა შუაშია?“ აღარ იკითხავს და პიჯაკს დაუთმობს იმ ლურსმან, სადაც ბუცები და ქვეყნის ბედი ერთ დროს ჩამოკიდა.
პ.ს. ,,თემოს, დიდი პატივისცემით! არ დაიღალოთ!“ ივა ფეზუალშვილის მინაწერი წიგნზე ,,მასკარაფონე“
ავტორი: თემო გერაძე