ქალთა Struggles- ბიჭის პერსპექტივიდან

“Maybe i was just crazy, maybe it was the 60s, or maybe I was just a girl interrupted”

მენტალურ ჯანმრთელობაზე როდესაც ვფიქრობ, სულ ეს ფრაზა მახსენდება. 

ვისი ბრალია პიროვნების მენტალური პრობლემები? 

მისი?

გარემოსი?

გენების?

იქნებ საზოგადოებაც დიდ გავლენას ახდენს ინდივიდზე და მას გალიაში აქცევს…განსაზღვრავს რა არის მისთვის სწორი, არასწორი, შესაფერისი, შეუფერებელი… და ამას შემდეგ შესაბამისი შედეგებიც მოყვება ხოლმე.

ჩემი კლასელი გოგო მახსენდება, ცოტა მასკულინური იყო ხოლმე სკოლაში და მას შემდეგ “შტანგისტი” შეარქვეს კლასელებმა. რეალურად, ის ჩემი ახლო მეგობარია და ვხვდებოდი, როგორ შეეცვალა თვითონაც ამ კლასელების მიმართ დამოკიდებულება.

ვითომ ხუმრობით შერქმეული მეტსახელი, მთლად ხუმრობით ნათქვამიც არ იყო. 

მე პირადად, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ყოველ ჩემს ქცევამდე ალბათ ვიფიქრებდი – 

“არ დამავიწყდეს ფემინურად მოვიქცე.”

დავფიქრდებოდი, მაგრამ ამისთვის დაფიქრება საჭირო არ უნდა იყოს. ვფიქრობ, ბევრი ქალი ასეა დღესდღეობით – კრიტიკის ობიექტად რომ არ გადაიქცეს, აუცილებელია ნორმებს არ გასცდეს.

და მაინც, რა ნორმები?

სტიგმა და სოციალური მოლოდინები

ქალი ფემინურობით უნდა გამოირჩეოდეს, ხალხში წესიერად იქცეოდეს და დასაქმებული უნდა იყოს “ქალურ” სამსახურში. ეს ძალიან ალოგიკურია ჩემთვის, როგორც ბიჭისთვის. 

ამბობენ,, რომ ქალს თუ ბავშვი ჰყავს, სამუშაოც მარტივი უნდა ჰქონდეს, რათა ბავშვის მოვლისთვის დრო დარჩეს. 

ჩემი აზრით, მხოლოდ ამის გამო ჩემთვის რომ ეთქვათ, რამე მარტივი გააკეთეო, არ მომეწონებოდა. ალბათ, ქალთა თვითშეფასებაზე, პიროვნულ განვითარებასა თუ თავდაჯერებულობაზე ნეგატიურად მოქმედებს მსგავსი “წესები”. 

ხშირად ბიჭებზეც ამბობენ, მასკულინურად უნდა მოიქცნენო და ჩვენც გვზღუდავენ, მაგრამ იშვიათია ნებისმიერ სფეროში მუშაობისას გაგვაკრიტიკონ. (ისე, მაინც არ მგონია ბიჭმა ოდესმე შილაკის სალონში დაიწყოს მუშაობა)

როგორც ბიჭი, იმასაც დავაკვირდი რომ მენსტრუაციაზე საუბარი უმეტესად არაgen-z ქალებს ძალიან უჭირთ. საზოგადოებაში ჯერ კიდევ სირცხვილი რატომაა ამ თემის ხსენება? like are we talking about the first rule of fight club?

იყო პერიოდი როცა ვერ ვხვდებოდი რას გულისხმობდნენ ქალები, როცა ამბობდნენ ცუდად გავხდიო

თავიდან ამ საკითხის შესახებ ბევრი არც ვიცოდი, მაგრამ გაცნობიერების შემდეგ ვცდილობ, გოგოებს უხერხულობა არ შევუქმნა ხოლმე და ვაგრძნობინო, რომ ბიოლოგიაა და დასამალი და სასირცხვილოც არაფერია. 

ერთ-ერთი საჭირო კომპონენტი, ჩემი აზრით, საუბარია. ყველაფერს ამით არ ეშველება, მაგრამ ღიად საუბრით და ქალთა პოზიციაში შესვლით, კომფორტულ გარემოს ქმნი, რაც ქალებს თვითგამოხატვაში ეხმარება. 

შეზღუდული პიროვნული თავისუფლება 

მხოლოდ ქალი რატომ უნდა უვლიდეს ბავშვს ან რეცხავდეს ჭურჭელს?  სამეზობლოში ბევრჯერ გავიგონე, რომ ქალს თავისი შვილი “მიგდებული” ჰყოლია თურმე. ამაზე სულ მეცინებოდა.

სინამდვილეში, დედა ისე უვლიდა შვილს, როგორც მამა. უბრალოდ, ფიქრობდნენ, რომ დედას მეტი ევალებოდა და ამის გამო აუტეხიათ ერთი ამბავი. 

მე რომ ის დედა ვყოფილიყავი უსამართლობის განცდა გამიჩნდებოდა. 

ბოლოდროს ქალები უფრო ხშირად ამბობენ, რომ ბავშვის გაჩენა არ უნდათ. საზოგადეობა ამას კრიტიკით პასუხობს. “როგორ თუ ბავშვი არ უნდა გეყოლოს”. 

საზოგადოება ქალებს უფრო მეტს უბედავს, ვიდრე კაცებს.

ძალადობა

იმ დღეს ჩემს მეზობელ კაცს ცოლი გაექცა სახლიდან. 

თურმე კაცი ქალზე ძალადობდა – ემუქრებოდა, რომ მოკლავდა, თუ გაიქცეოდა. საბოლოოდ ქმარს მაინც გაექცა.

ძალიან დამაფიქრა ამ ქალმა. 

თითქოს ეს ქალი იყო სწორედ საზოგადოებაში ქალთა სახე. საფრთხის და ტრავმების მიუხედავად, მაინც რომ განაგრძობენ ბრძოლას საკუთარი თავისთვის. 

ცოლის სიმამაცე ძალიან მომეწონა, თუმცა, ძალიან სევდიანი გასაცნობიერებელი იყო ის, რომ საერთოდ სჭირდებათ ასეთი სიმამაცის გამოჩენა.

დავაკვირდი იმასაც, რომ gen z ბიჭების უმეტესობაში, სულ სხვანაირი დამოკიდებულება ჩამოყალიბდა. ქალთა უფლებებზე ღიად საუბრობენ, იცავენ კიდეც და რაც მთავარია, გენდერული თანასწორობა ძალიან ბუნებრივად მიაჩნიათ და სწორედ ეს მაძლევს იმედს.  


ჩაცმის სტილი

ხშირად მომიკრავს ყური, როგორ ჭორავენ ხოლმე “გამომწვევად” ჩაცმულ ქალებს. ქალებსაც არა – გოგოებს. 

ჩემს მეგობარ გოგოებს, მოკლე კაბა რომ აცვიათ ხოლმე, არასდროს ვფიქრობ, რომ ვინმეს “იწვევენ”. მაგრამ  ის გამიფიქრია, იმედია შარს არავინ მოუდებს – მეთქი. It doesn’t make sense and I know that.

რაღაც, თავდაცვითი მექანიზმივითაა. და წარმოვიდგინე, მე თუ ასე ვფიქრობ – მაშინ ქალთა გონებაში ალბათ რა ქაოსია? ან იქნებ უბრალოდ მე ვარ ასეთი დრამატული?

სოფელში ხშირად არის ხოლმე ამაზე დავა, იმას გამომწვევად აცვია, ამას ეს რამ ჩააცვა. ეს კიდევ კონფლიქტში გადაიზრდება ხოლმე. საბოლოოდ ან მშობელი ეჩხუბება გოგოს, ან კიდევ – სამეზობლო. 

ბევრჯერ იმაზეც დავფიქრდი – გოგო რომ ვყოფილიყავი სპეციალურად ჩავიცვამდი ისე, როგორც მომინდებოდა, ბრძოლისა და პროტესტის ნიშნად.  no pain, no gain. 

მაგრამ ამას ალბათ იმიტომ ვამბობ ასე თავისუფლად, რომ ბიჭი ვარ.

რაც შეეხება ბიჭებს

ბიჭებსაც გვაქვს პრობლემები, რომელთაგან ერთ-ერთი მათგანი თქვენთან რაღაც კავშირს მაგრძნობინებს.

დღესდღეობით რთულია იყო ახალგაზრდა ბიჭი. ახალგაზრდა ბიჭებში, თინეიჯერებში უმეტესად, ქურდული მენტალიტეტი ჯერაც არ მომკვდარა.  სულ ვფიქრობ – გოგოებს ეს არ ეხებათ – მეთქი. 

მაგრამ ბიჭებს? შემთხვევით ჩვენი რამე ნაბიჯი თუ არ მოეწონათ – უკვე საქმეს გვირჩევენ და ძალადობამდე მიდის ხოლმე საქმე. 

ამიტომ ბიჭი, იმისთვის რომ გადარჩე, ყველა ნაბიჯამდე უნდა დაფიქრდე, როდესაც ასეთ გარემოში იმყოფები…

ავტორი: Xs, 17 წლის