ხშირად გვესმის, რომ სოფელი სიმშვიდის, სისუფთავისა და თავისუფლების ადგილია, მაშინ, როცა ქალაქი – შესაძლებლობების, განათლებისა და კარიერული განვითარების ცენტრი.
მაგრამ რას ნიშნავს, იყო მოზარდი სიმშვიდისა და თავისუფლების ადგილას, სადაც საკუთარი ოცნებების ასრულება ათმაგად უფრო რთულია, თუ არა საერთოდ, წარმოუდგენელი.
მე მარიამი ვარ, 15 წლის, სოფლიდან, საიდანაც განსხვავება ქალაქისა და სოფლის შესაძლებლობებს შორის, ყველაზე კარგად ჩანს.
ახლიდან დანახული ოცნება
ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი, რა გრძნობა იქნებოდა, პატარა ასაკიდან მქონოდა საკუთარი შემოსავალი, რა გემო ექნებოდა, დამოუკიდებელი ცხოვრების ამ პირველ ნაბიჯს. არასდროს მომწონდა, მშობლებისთვის ფულის თხოვნა, ამიტომ ყოველთვის ვცდილობდი, საკუთარი ძალებით მეცადა იმ პატარა სურვილების ახდენა, რაც მაშინ მინდოდა.
ჩემს მომავალ პროფესიაზე ფიქრისას მივხვდი, რომ ყველაზე მეტად ხელნაკეთი ნივთების შექმნა მიყვარდა. ეს ჩემთვის არამარტო ჰობი, არამედ ჩემი ნიჭისა და ინტერესის პროფესიად გარდაქმნის საშუალებაც იყო. ჰოდა მოტივაციით აღსავსემ, მეც გადავწყვიტე, ამ გზაზე პირველი ნაბიჯები გადამედგა.
სოფლის გამოწვევები და ქალაქის შესაძლებლობები
საჭირო რესურსების მოძიება დავიწყე თუ არა, რეალობას შევეჯახე – აღმოჩნდა, რომ სოფელში თითქმის არაფერი იშოვებოდა. ისეთი რაღაცები, რაც ქალაქში ერთი ხელის გაწვდენაზე შეიძლება გქონდეს, სოფლისთვის მიუწვდომლად ითვლება. ის მომენტი იყო, რომ გავიფიქრე, ალბათ რა კარგი იქნებოდა, ქალაქში რომ მეცხოვრა-მეთქი.
ქალაქში მცხოვრებნი შეიძლება არც კი ფიქრდებით იმაზე, თუ რამდენი შესაძლებლობები გაქვთ. ყველაფერი, რაც გჭირდებათ, თითქოს ერთ ნაბიჯშია – სხვადასხვა სასწავლო ცენტრები, მაღაზიები, სემინარები, ღონისძიებები… სოფლის ახალგაზრდებისთვის კი ეს ყველაფერი გაცილებით რთულად მოსაპოვებელია.
სოფლის თავისუფლება და საკუთარი გზის პოვნა
მიუხედავად იმისა, რომ სოფელში ცხოვრება რესურსების მხრივ რთულია, მას თავისი უპირატესობებიც აქვს. უფრო ახლოს ხარ ბუნებასთან, ნაკლებ სტრესში ხარ, საცობში დგომა არ გიწევს და დროც გაქვს, იფიქრო, რა გინდა რეალურად.
ქალაქსა და სოფელს შორის დიდი განსხვავებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოფელში შეუძლებელია საკუთარი მიზნების მიღწევა.
უბრალოდ, ამისთვის მართლა მეტი ძალისხმევაა ხოლმე საჭირო.
ქალაქში მცხოვრებნი ხშირად ვერ აცნობიერებენ, რამდენი შესაძლებლობა აქვთ და ამ შესაძლებლობების გამოყენებაც ზოგჯერ ავიწყდებათ ხოლმე.
სოფელში მცხოვრებმა ახალგაზრდებს კი ისღა მინდა ვუთხრა,, რომ მიუხედავად სირთულეებისა, ყველაფერი შესაძლებელია. მართალია არ დანებდე და იბრძოლო ოცნებისთვის.
არჩევანი შეზღუდულია, მაგრამ თავისუფლება – უსაზღვრო.
მარიამი, 15 წლის

