დავფიქრდეთ — რამდენჯერ მოგისმენიათ ფრაზა: „გოგო ხარ და ასე არ უნდა მოიქცე“?
ალბათ, ბევრჯერ. არსებობს ასეთი ფენომენი, რომელსაც „რას იტყვიან მეზობლები?“ შეგვიძლია ვუწოდოთ. რაც უფრო ვუღრმავდები ამ თემას, მით უფრო ვრწმუნდები, რომ ეს სიტყვები არის უხილავი ბორკილი, რომელიც ქალებს თავისუფლებას ართმევს.
“ოჯახი არ შეარცხვინო”
ბავშვობიდანვე გოგოებს ასწავლიან, რომ მათი ქცევა ოჯახის რეპუტაციაზე აისახება. თითქოს ყველა ნაბიჯს, რომელსაც ისინი დგამენ, საზოგადოება ადევნებს თვალს. ეს განსაკუთრებით აშკარა ხდება მაშინ, როცა ქალი ცდილობს, თავისუფლად მიიღოს გადაწყვეტილებები — აი, იქ კი მაშინვე ირთვება მეზობლების „რადარი”.
„ნახე, ის გოგო გვიან გათხოვდა, ნეტა რა სჭირს?“
„სახლში არ იყო ღამე… ეტყობა, იმნაირია!“
ეს კონტროლის ყველაზე ჩუმი ფორმაა, რომლითაც თითქმის უცხო ადამიანები ცდილობენ, სხვის ცხოვრებაზე გავლენა იქონიონ და კულისებიდან.
პირდაპირ ვიტყვი, მგონია, რომ ეს ყველაფერი განათლების ნაკლებობის ბრალია. ასეთ ადამიანებს, ხშირად იმდენად უინტერესო ცხოვრება აქვთ, რომ სხვისი ცხოვრების კონტროლი აირჩიეს მოწყენილობისგან თავის დასაღწევად.
ასეთი ხალხია რომ თვლის, ქალმა აუცილებლად ოჯახის, მეზობლებისა და საზოგადოების მითითებებით უნდა იცხოვროს.
დაფიქრდით, რამდენი ქალი ვერ გაბედავს კარიერაზე ფიქრს, რადგან „ოჯახი არ შეარცხვინოს“. ან რამდენი გოგო შეინარჩუნებს არასასურველ ურთიერთობას, იმიტომ რომ „განათხოვარი ქალი მეორედ ვერ გათხოვდება“. ეს ყველაფერი აზიანებს არა მარტო ქალებს, არამედ მთელ საზოგადოებას, რომელიც პროგრესის ნაცვლად ისევ ჭორებისა და სტერეოტიპების მორევში ტრიალს განაგრძობს.
„She believed she could, but society said no“
რას აკეთებთ თქვენ, ბიჭები?
ბიჭებო, არ გეგონოთ რომ ამ ყველაფერში თქვენი როლი მცირეა. მაშინ, როცა მსგავსი საუბრების მომსწრე ხდებით და სიჩუმით პასუხობთ, თქვენც ამ კულტურის ამ ბნელი მხარის შემოქმედები ხდებით.
წესით, მსგავსი შეხედულებები უნდა მოძველებულიყო.
თითქოს, ყველამ ვიცით, რომ ქალი არ არის საკუთრება, არ არის ნივთი. ის ადამიანია, პიროვნებაა.
ქალის თავისუფლება არ უნდა განისაზღვროს იმით, რას იტყვის მისი კარის მეზობელი, რომელსაც ამ ქვეყნად აივნიდან სხვისი კონტროლის გარდა, საქმე არ დარჩენია.
დროა, შევცვალოთ
ქალის პატივისცემა მხოლოდ სადღეგრძელოებით და სტუმრების წინ, ერთი-ორი ცარიელი თბილი სიტყვით არ გამოიხატება.
პატივისცემა გამოიხატება იმით, რომ ნებისმიერი ქალის თავისუფლებას და გამოხატვის უფლებას ისევე ღირებულად მიიჩნევს საზოგადოება და შენ, როგორც საკუთარს.
გამოხატვის, სწავლის, დასაქმების, ურთიერთობისა თუ ჩაცმის თავისუფლება ისევ ბრძოლის საგანი აღარ უნდა იყოს.
„Life is too short to live for other people’s approval.“
დროა დავასრულოთ ეს „რას იტყვიან მეზობლები?“ ეპოქა.
ვეცადოთ გაგებას, არ განვსაჯოთ და არ შევზღუდოთ ერთმანეთი.
ქალები არ უნდა ცხოვრობდნენ იმ შიშით, რომ სხვების გამო თავიანთ ოცნებებს ვერ აისრულებენ.
მოდით, ნუ ვიქნებით ის ადამიანები, რომლებიც სხვების ოცნებებს ამსხვრევენ.
„Real men support women, not control them.“
ლიზი ხუციშვილი, 15 წლის

