
ქალის ჰორმონების ოპტიმიზაცია
როდესაც ჰორმონებზე ვსაუბრობთ, ხშირად ვფოკუსირდებით მათ როლზე რეპროდუქციაში, მაგრამ გვავიწყდება, რომ მათი გავლენა გაცილებით დიდია.
- ავტობუსის მძღოლმა ცუდად შეუხვია და მრისხანება იგრძენი?
- ტაქსის მძღოლი ძალიან უხეშად იყენებს მუხრუჭს და ისევ მრისხანება იგრძენი და წარმოიდგინე, იარაღი რომ გქონდეს რამდენად სრულყოფილ სამყაროს შექმნიდი?
- გშია და ამიტომ ჩატში ყველას დაა*ვი?
- სარკეში ჩაიხედე და თავი მახინჯი მატლი გეგონა?
- ქუჩაში სეირნობისას თავი ნაპოლეონი გგონია, ვატერლოო რომ მოეგო?
- შებერილი ხარ და არ იცი რატომ?
ხოდა იცოდე, რომ ამ ყველაფერში ჰორმონები მონაწილეობს.
ჰორმონები, განსაკუთრებით ქალებში, მეინ ქერექთერები არიან ფიზიკური სიცოცხლისუნარიანობის, მენტალური ჯანმრთელობის და ზოგადად სიცოცხლის ხანგრძლივობის საკითხებში.
ესტრო- WHAT NOW?
ესტროგენი არა მხოლოდ “სექსუალური ჰორმონია”. გგონიათ ესტროგენს მარტო მენსტრუაცია აბარია? მაგრამ მისი როლი ბევრად ფართოა. ესტროგენი მნიშვნელოვანია ტვინის ფუნქციისთვის, კანის ჯანმრთელობისთვის, გულის ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლის ხანგრძლივობისთვისაც კი. ყველა წარმოსადეგი ექიმი გვეუბნება, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ესტროგენის ბალანსირებული რაოდენობის შენარჩუნებაა საჭირო იმისთვის, რომ მერე გიჟად არ შეგვრაცხონ და ფიზიკურადაც ჯანმრთელები ვიყოთ.
ერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტია ის, რომ ესტროგენი ნეიროპროტექტორია, რაც ნიშნავს, რომ ის იცავს ტვინს ასაკისგან გამოწვეული დაზიანებისგან. ასაკთან ერთად ესტროგენის დონე იკლებს, რის გამოც ქალები მეტად დაუცველები არიან ისეთი დაავადებებისგან, როგორიცაა ალცჰეიმერი. ჯანსაღი ესტროგენის დონის შენარჩუნება, დიეტით, ცხოვრების სტილით ან საჭიროების შემთხვევაში ჰორმონალური თერაპიით, შესაძლოა დაეხმაროს ტვინის ფუნქციების შენარჩუნებაში.
კორტიზოლი
კორტიზოლი, იგივე “სტრესის ჰორმონი,” იგივე, ყველას რომ ძაან აწეული გვაქვს თან უდროო დროს, ის. ძლიერ გავლენას ახდენს ქალის ჰორმონალურ ჯანმრთელობაზე. მექანიზმი მოქმედებისა: ქრონიკული სტრესი იწვევს კორტიზოლის მომატებას, რაც შემდეგ არღვევს სხვა ჰორმონების, მათ შორის ესტროგენის და პროგესტერონის ბალანსს. ბევრ ქალს აწუხებს ისეთი პრობლემები, როგორიცაა არარეგულარული მენსტრუაცია, განწყობის ცვალებადობა, და სხვ. მხოლოდ იმიტომ, რომ კორტიზოლი არღვევს ამ დელიკატურ ბალანსს.
კორტიზოლის მომატება ასევე აჩქარებს დაბერების პროცესს ტელომერების (დნმ-ის დამცავი რაღაცების) მოკლებით, რაც იწვევს უჯრედების უფრო სწრაფ დაბერებას. სტრესის მართვა, როგორიცაა ცნობიერების პრაქტიკა (mindfullness ანუ), რეგულარული ფიზიკური ვარჯიში და ხარისხიანი ძილი, შეიძლება დაეხმაროს კორტიზოლის დონის კონტროლს და საერთო ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებას.
პროკრასტინაცია პროგესტერონი
როგორც სიმშვიდის ჰორმონს, პროგესტერონს, რომელიც ხშირად ცნობილია როგორც ჰორმონი, რომელიც ამზადებს სხეულს ორსულობისთვის, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი ტვინზე. არის ბუნებრივი ანტიდეპრესანტი და ანტი-შფოთვის ჰორმონი (თუ ამას ჩემი დაქალი კითხულობს, გთხოვ, შეემოწმე).. ბევრმა არ იცის, რომ პროგესტერონი ხელს უწყობს ძილის ხარისხს. პროგესტერონის დაბალი დონე, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს სტრესით ან პერიმენოპაუზით, ხშირად იწვევს უძილობას და შფოთვას.
ბევრი ქალი და 28 წლის ადამიანი, რომელიც თავს გოგოდ აიდენტიფიცირებს და რომელიც განიცდის განწყობის ცვლილებებს ან შფოთვას, განსაკუთრებით ციკლის ლუტეალურ ფაზაში, შეიძლება პროგესტერონის დაბალი დონის მსხვერპლი იყოს. როგორ ვშველით?(იმედია ტაბლეტით)
არაა, რა თქმა უნდა ცხოვრების წესის ცვლილებით
- სტრესის შემცირება
- მაგნიუმის მიღების გაზრდა
- და ზოგ შემთხვევაში, ბიოიდენტური ჰორმონალური თერაპია, რაც დაეხმარება პროგესტერონის ბალანსში და რაც მართლა არ ვიცი რას ნიშნავს, მაგრამ თუ დაგაინტერესებთ მოიწერეთ და მოვიძიებ!
ტესტოსტერონი
როდესაც ვსაუბრობთ “ტესტოსტერონზე,” უმეტესად გვახსენდება სავარჯიშო დარბაზში არსებული არომატი და კაცები. ასევე კაცები შეშის ჩეხვისას.
ეეენივე.
მაგრამ ტესტოსტერონი ასევე აუცილებელია ქალებისთვის და ახდენს გავლენას ენერგიის დონეზე, განწყობაზე, სქესობრივ მოტივაციაზე და კუნთების მასაზე. ბევრ ქალს დაბალი ტესტოსტერონის დონე აქვს, ეს დონე კი განსაკუთრებით მცირდება ასაკთან ერთად, რაც იწვევს დაღლილობას, მოტივაციის ნაკლებობას და სქესობრივი სურვილის შემცირებას.
მე მგონი უკვე ასაკიანი ქალი ვარ.
საინტერესოა, ის ფაქტი, რომ ძალისმიერ ვარჯიშს (resistance training, ანუ წონებზე კაჩაობა თუ წონებით ) და სწორი ცილის მიღებას შეუძლია ბუნებრივად გაზარდოს ტესტოსტერონის დონე ქალებში, რაც ხელს უწყობს კუნთების მასის და ენერგიის შენარჩუნებას.
პერიმენოპაუზა და მენოპაუზა: ადაპტაციის პერიოდი
პერიმენოპაუზა, მენოპაუზამდე გარდამავალი ეტაპი, არის პერიოდი, როდესაც ჰორმონები არასტაბილურად იცვლებიან. სიმპტომები, როგორიცაა ცხელების შეტევები, განწყობის ცვალებადობა და ძილის პრობლემები ჩვეულებრივი მოვლენაა, ანუ ყველაფერი ის, რაც ჩემს 28 წლის დაქალს სჭირს.
მაგრამ მათი მართვა შესაძლებელია.
(მაგრამ არა ჩემი დაქალის შემთხვევაში).
თუმცა სასოწარკვეთას არ უნდა მიეცეთ. როგორც ფრანგები ამბობენ, რომ კაცი 40 წლის მერე იფურჩქნება, სერიოზული ექიმებიც ამბობენ, რომ ქალებისთვის ეს ეტაპი არის შესაძლებლობა ქალებისთვის შეცვალონ ცხოვრების სტილი და მოახდინონ ჰორმონალური ჯანმრთელობის ოპტიმიზაცია ცხოვრების შემდეგი ეტაპისთვის ანუ მენოპაუზისთვის.
აი, როგორც ვინტერფელში ემზადებოდნენ, მსგავსად.
მაგალითად, ფიტოესტროგენებით (მცენარეული ნაერთები, რომლებიც ესტროგენს ემსგავსებიან) მდიდარი დიეტის მიღება, როგორიცაა სელის თესლი ან სოიო, შეიძლება დაეხმაროს ესტროგენის დონის ბალანსს.
ნაწლავების და ჰორმონების კავშირი
ნაწლავის მიკრობიომი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჰორმონების მეტაბოლიზმში და რეგულაციაში. ნაწლავის ცუდმა ჯანმრთელობამ შეიძლება გამოიწვიოს ესტროგენის დომინანტობა, რაც იწვევს სიმპტომებს, როგორიცაა წონის მომატება, განწყობის ცვლილებები და არარეგულარული მენსტრუაცია.
ძილი: ჰორმონალური ჯანმრთელობის დაფასებული გმირი
ძილი შესაძლოა ყველაზე მეტად დაუფასებული ფაქტორია ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში. იმიტომ, რომ, რავი, ძილია რა.
მაგრააამ, თურმე…
ორგანიზმი დიდ ნაწილს ჰორმონალურ რეგულაციაში სწორედ ძილის დროს ახდენს, ხოლო ცუდი ძილი იწვევს კორტიზოლის, ესტროგენის და სხვა ძირითად ჰორმონების დისბალანსს.
მოკლედ, ჰორმონები ყველგან ყოფენ ცხვირს და შესაბამისად ჩვენი ჯანმრთელობის ყველა ასპექტისთვის აუცილებლები არიან—ფიზიკური, ემოციური და მენტალური ჯანმრთელობა სწორედ მათზე კონწიალობს.
ჰორმონალური ბალანსის ყურადღებით მართვა დიეტის, ვარჯიშის, სტრესის მართვისა და ძილის საშუალებით ქალებს საშუალებას მისცემს გააუმჯობესონ სიცოცხლისუნარიანობა, განწყობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომელიც კაცის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე უფრო მეტია ამ ეტაპზე, მაგრამ კიდე გავზარდოთ, რა უჭირს.
შემდეგი ბლოგი, კაცების ჰორმონალურ ჯანრმთელობაზე იქნება, არ იდარდოთ.