კონტრაცეპცია არასასურველი ორსულობისგან თავის არიდების ერთადერთი გზაა.
კონტრაცეპციის ბევრნაირი მეთოდი არსებობს შესაბამისად მათი მოქმედების მექანიზმიც და ეფექტურობაც განსხვავებულია. არსებობს ბუნებრივი, ბარიერული, საშვილოსნოს შიდა, მედიკამენტოზური, საინექციო საშუალება, სტერილიზაცია და გადაუდებელი კონტრაცეპციის მეთოდები.
პირველ რიგში რაც უნდა იცოდე, ის არის რომ ზემოთ ჩამოთვლილი კონტრაცეპციის მეთოდებიდან სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კონდომების სწორად გამოყენება დაგიცავს, სხვა შემთხვევაში შესაძლოა არასასურველი ორსულობა თავიდან აიცილო, მაგრამ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან დაუცველი იქნები.
ამ სტატიაში კი თითოეული კონტრაცეპციის მეთოდებზე — მათ უპირატესობებსა და ნაკლოვანებებზე მოგიყვები.
ბუნებრივი
ბუნებრივი კონტრაცეპცია სამი მეთოდისგან შედგება.
კალენდარული მეთოდი — ამ დროს ქალი ადგენს თავის «ნაყოფიერების» და «უნაყოფობის» პერიოდს. ამისთვის საჭიროა:
1. სხეულის ბაზალური ტემპერატურის გაზომვა სწორ ნაწლავში ყოველ დილით საწოლიდან ადგომამდე. ოვულაციის შემდეგ ტემპერატურა მინიმალურად იმატებს. ამიტომ აუცილებელია ყოველდღიურად ტემპერატურის ჩანიშვნა. თუ 3 დღის განმავლობაში ტემპერატურა წინა 6 დღის მონაცემებზე მაღალია, სავარაუუდოდ «უნაყოფობის» პეროდია.
2. გამონადენის კონტროლი — ოვულაციამდე ლორწო უფრო გამჭვირვალე და სრიალაა, ცოტათი უმი კვერცხის ცილას წააგავს. ეს ნიშანი ნაყოფიერ პერიოდზე მიუთითებს, ხოლო თუ ლორწო სქელ და წებოვან სტრუქტურას დაუბრუნდება 3 დღის მერე სავარაუდოდ უნაყოფობის პერიოდია.
3. მენსტრუაციული ციკლის ხანგრძლივობის გამოთვლა.
ეს მეთოდი ინსტრუქციის ზედმიწევნით გამოყენების მიხედვით 91%-დან 99%-მდე ეფექტურია.
შეწყვეტილი აქტი — ამ მეთოდის დროს საშოდან პენისის გამოღება ეაკულაციამდე (სპერმის გამოყოფამდე) უნდა მოხდეს. თუმცა არსებობს პრექამი 😉 ანუ რისკი იმისა, რომ სექსის დროს გამოყოფილ მამაკაცის სხეულის სითხეში სპერმატოზოიდები არსებობდეს, ამიტომ ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურად ითვლება.
ლაქტაციური ამენორეა — ჩვილის ძუძუთი კვების დროს 6 თვის განმავლობაში ქალის ორგანიზმში წყდება კვერცხუჯრედის მომწიფების გამომწვევი ჰორმონების გამომუშავება.
ბავშვის კვება უნდა ხდებოდეს მხოლოდ რძით და ჭამის შორის ინტერვალი არ უნდა აღემატებოდეს დღისით 3-4, ხოლო ღამით 6 საათს. თუ ძუძუთი კვების პერიოდში მენსტრუაცია აღდგა ან ირღვევა ბავშვის კვების რეჟიმი, დაორსულების შესაძლებლობა იზრდება.
ბარიერული მეთოდები
კაცის კონდომი — ერექციისას მამაკაცის კონდომის მორგება ხდება პენისზე, რაც ხელს უშლის სპერმის ქალის საშოში მოხვედრას. სასურველია იყოს ზუსტი ზომა, რათა სექსის დროს არ გაიხეს. ეფექტურია 98%-ით.
ქალის კონდომი — ქალის კონდომი თავსდება საშოში და ხელს უშლის შიგნით სპერმის მოხვედრას. აუცილებელია გადამოწმება, პენისი რომ კონდომის მაგივრად საშოსა და კონდომს შორის არ მოხვდეს. ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ეფექტურია 95%-ით.
დიაფრაგმა — დრეკადი რეზინის საშუალებაა, გამოიყენება სპერმიციდებთან ერთად. თავსდება საშოში ისე, რომ ფარავს საშვილოსნოს ყელს. საჭიროა დარჩეს ქალის სხეულში სექსის შემდეგ მინიმუმ 6 საათის განმავლობაში. კარგად მორგებისთვის კი უნდა შეირჩეს შესაბამისი ზომა. თუ განმეორებით ახორციელებთ სქესობრივ კავშირს, საჭიროა დამატებით სპერმიციდების გამოყენება. დიაფრაგმას გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს ცისტიტი. ინსტრუქციის მიხედვით გამოყენებისას ეფექტურია 94%-ით.
სპერმიციდები — ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც კლავს სპერმას, ანგრევს სპერმატოზოდების მემბრანას, რაც აქვეითებს მათ მოქნილობასა და კვერცხუჯრედის განაყოფიერების უნარს. ქალმა სქესობრივი კავშირის დაწყებამდე 10-15 წუთით ადრე უნდა მოითავსოს საშოში სპერმიციდები. ეფექტურია გამოყენებიდან მხოლოდ 1-2 საათის განმავლობაში. ეფექტურია 80-90%-ით.
საშვილოსნოს შიდა — არსებობს ორი — ჰორმონული და არაჰორმონალური საშვილოსნოს შიდა კონტრაცეპციის მეთოდები.
ჰორმონალური — პლასტმასის პატარა ზომის საშუალებაა, თავსდება საშვილოსნოში და ხელს უშლის სპერმატოზოიდების საშვილოსნოში გადაადგილებას, კვერცხუჯრედისა და სპერმატოზოიდის შეხვედრას საშვილოსნოს მილებში და კვერცხუჯრედის საშვილოსნოს კედელზე მიმაგრებას.
პირველი რამდენიმე თვის განმავლობაში დამახასიათებელია არარეგულარული და შემცირებული სისხლდენა. ეფექტურია 99%-ით.
არაჰორმონალური — პლასტმასის პატარა ზომის საშუალებაა სპილენძის ხვეულებით. თავსდება საშვილოსნოში და ზუსტად ისევე მოქმედებს როგორც ჰორმონალური პლასტირი. ეფექტურია მისი საშვილოსნოსში მოთავსების მომენტიდან. მოქმედების ვადა დამოკიდებულია სპირალის ტიპზე. შესაძლოა გამოიწვიოს მენსტრუაციის გახანგრძლივება, თუმცა ეფექტურია 98-დან 99%-მდე.
სტერილიზაცია
არსებობს როგორც ქალის, ისევე მამაკაცის სტერილიზაცია. ქალის სტრეილიზაციის შემთხვევაში, ხდება საშვილოსნოს მილების გადაკეტვა. ამ დროს კვერცხუჯრედს არ შეუძლია იმოძრაოს და შეხვდეს სპერმატოზოიდს. მუდმივია ოპერაციის ჩატრაების მომენტიდან. ეფექტურია 99%-ით.
მამაკაციის სტერილიზაციის შემთხვევაში კი სპერმატოზოიდის გამტარი მილების გადაჭრა ხდება. ჩვეულებრივი სპერმიდან სპერმატოზოიდის გაქრობისთვის საჭიროა რამდენიმე კვირა. სპერმატოზოიდის არარსებობა კი ანალიზმა უნდა დაადასტუროს. ეფექტურია 99%-ით ოპერაციას კი მხოლოდ 10-15 წუთი სჭირდება.
საინექციო საშუალება
საინექციო საშულებებია ინექცია, იმპლანტანტი და ჰორმონალური პლასტირი.
ინექცია — ინექციის სახით შეყვანილი საშუალება ძალიან ნელა გამოათავისუფლებს ჰორმონ პროგესტაგენს, რაც აფერხებს ოვულაციას. ინექცია რჩება ორგანიზმში 8 ან 12 კვირის განმავლობაში. მენსტრუაცია შესაძლოა გახდეს არარეგულარული თუმცა, ამცირებს საშვილოსნოს კიბოს რისკს და მენსტრუალურ ტკივილებს. ეფექტურია 99%-ით.
იმპლანტანტი — პატარა, რბილი კაფსულებია, რომელიც თავსდება კანქვეშ და თანაბრად გამოყოფს ჰორმონ გესტაგენს, რაც იწვევს სპერმატოზოიდის მოძრაობის შეფერხებას და ოვულაციის დათრგუნვას. იმპლანტანტი კეთდება ლოკალური ანესთეზიით, რასაც დაახლოებით 10 წუთი სჭირდება.
პირველი წლის განმავლობაში მენსტრუაცია ხდება არარეგულარული, შესაძლოა გამოიწვიოს თავის ტკივილები და სარძევე ჯირკვლების მგრძნობელობის მომატება. ეფექტურია 99%-ით და ქალს არასასურველი ორსულობისგან 5 წლის განმავლობაში იცავს.
ჰორმონული პლასტირი — მცირე ზომის თხელი, კანისფერი ფირფიტაა, რომელსაც იკრავენ კანზე. იგი გამოყოფს 2 ჰორმონს: ესტროგენს და გესტაგენს და ხელს უშლის კვერცხუჯრედის ყოველთვიურ გამომუშავებას. თხელდება ენდომეტრიუმი და მას აღარ შეუძლია განაყოფიერებული კვერცხუჯრედის მიღება. ამცირებს საკვერცხის, საშვილოსნოს და მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკს. შესაძლოა გამოიწვიოს კანის არტერიული წნევის მომატება და კანის გაღიზიანება. ეფექტურია 99%-ით.
გადაუდებელი
გადაუდებელი კონტრაცეპციული აბები აფერხებს ან აგვიანებს და აფერხებს ოვულაციას. განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ენდომეტრიუმზე მიმაგრებას. გამოიყენება სქესობრივი აქტიდან 72 საათის განმავლობაში. შესაძლოა გამოიწვიოს მენსტრუაციის გადაცდენა, გულისრევა, თავის ტკივილი, არარეგულარული სისხლიანი გამონადენი, მკერდის დაჭიმულობა ან ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. შესაბამისად მისი რეგულარულად გამოყენება რეკომენდებული არ არის. პროგესტინული აბების შემთხვევაში ეფექტურობა 60%-დან 93%-მდეა, კომბინირებული აბების შემთხვევაში კი 56%-დან 93%-მდე.
თუმცა, რადგან კონტრაცეპციის მეთოდების უმრავლესობა სგგდ-სგან ვერ დაგიცავს, გირჩევ კონტრაცეპციის რომელიმე მეთოდის გამოყენების პარალელურად კონდომიც გამოიყენო.