ხშირად გვგონია, რომ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური შეიძლება იყოს — დარტყმა, ჩქმეტა, ყვირილი.
მაგრამ ზოგჯერ ძალადობა იქ ჩნდება, სადაც თითქოს სიყვარულია — სიტყვებსა და ქცევებში, რომლებიც შენს თავისუფლებას ზღუდავს და შენს პიროვნებას ჩრდილავს.
ეს თემა მნიშვნელოვანი და საჭირო ამიტომაც არის — დღესაც ბევრი ფიქრობს, რომ კონტროლი სიყვარულის გამოხატულებაა.
მაგრამ სიყვარული არ გეკითხება, სად მიდიხარ.
არ გავიწყებინებს მეგობრებს.
არ გართმევს შენს თავს.
სიყვარული გაძლიერებს — არ გტეხავს.
ფსიქოლოგიური ძალადობა ხშირად ჩუმად შემოიპარება — შეუმჩნევლად.
გგონია, რომ პარტნიორი შენზე ზრუნავს, როცა გეუბნება:
„სახლში დარჩი“,
„ეს კაბა ნუ გაცვია, უხერხულია“,
„იმ მეგობრებთან ნუ დადიხარ“.
და შენც ეუბნები საკუთარ თავს:
„ეჭვიანობს, იმიტომ რომ ვუყვარვარ“.
მაგრამ დრო გადის — და შენ რჩები მარტო. გაუცხოებული. საკუთარ თავთან დაბნეული.
ერთ გოგოს ვიცნობდი. შეყვარებული ჰყავდა. თავიდან – თითქოს ხელის გულზე დაატარებდა.
მერე დაიწყო: აღარ უნდა გასულიყო გარეთ, აღარ დაერეკა მეგობრებისთვის, ყველაფერს თვითონ აკონტროლებდა.
გოგო ვერ წავიდა.
არა იმიტომ, რომ ვერ ხვდებოდა, არამედ იმიტომ, რომ უყვარდა. ეგონა:
„გავუძლებ… შეიცვლება… ეს სიყვარულია.“
ძალადობრივი ურთიერთობები ხშირად ემოციური მახეა.
გგონია, თუ წახვალ — დაკარგავ ერთადერთს.
გეშინია — იქნებ ვეღარავინ შეგიყვაროს ასე.
გგონია, რომ ეჭვიანობა სიყვარულის სიმბოლოა.
გგონია, რომ მარტო დარჩენა სჯობს, ვიდრე დამთავრება.
მაგრამ ეს უბრალოდ შიშია.
და შიში არ არის სიყვარული.
გამოსავალი არსებობს
არა — ყველაფერი მარტივი არ არის.
მაგრამ ჰო — გზა ყოველთვის არსებობს.
- ფსიქოლოგთან საუბარი — შენს თავთან დაბრუნების პირველი ნაბიჯია;
- მეგობრებთან განდობა — ვინც გისმენს, და არ განგსჯის;
დახმარების ძიება — სირცხვილი კი არა, ძალაა და ხშირად, პრივილეგიაც.
დასასრული, რომელიც შეიძლება დასაწყისიც იყოს
ძალადობა — არ არის სიყვარული.
სიყვარულში არ უნდა გეშინოდეს.
შენ იმსახურებ ურთიერთობას, სადაც სუნთქვა შეგიძლია.
სადაც შენ ხარ შენ — თავისუფალი, მშვიდი და დაფასებული.
სიყვარული არაა ჩრდილი.
სიყვარული არაა კონტროლი.
ყველა ადამიანს აქვს უფლება – იყოს კარგად.
იყოს თავისუფალი.
იყოს საყვარელი, მაგრამ არასდროს — ჩაგვრის ფასად.
ლამარა ლამაზიანი

