ბოლო წლებში ბევრჯერ მიფიქრია, როგორი მამა ვიქნები, თუ ოდესმე ქალიშვილი მეყოლება. ეს ფიქრი მხოლოდ სითბოს ან ემოციებს არ უკავშირდება — უფრო პასუხისმგებლობასთანაა დაკავშირებული. იმის განცდასთან, რომ ისეთ გარემოში უნდა ვიცხოვრო, სადაც ის იქნება დაცული, გაგებული და თავისუფალი.
ამავე დროს, მტკივნეულადაც ვიაზრებ, რა რთულია დღეს ქალისთვის ღირსეულად და მშვიდად არსებობა. მაგრამ იქვე, როცა მომავალზე ვოცნებობ, ჩემ გარშემო ყოველდღიურად ვხედავ, როგორ ირღვევა ქალთა უფლებები — ხანდახან უხმოდ, ხანდახან ხმაურიანად და ტრაგიკულად.
რა არის ჩემი როლი?
ქალიშვილის მამობა ნიშნავს, იყო მისი ერთ-ერთი პირველადი უსაფრთხო სივრცე. ადამიანი, რომელიც დაანახებს, რომ მისი ხმა მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილების მიღება მისი უფლებაა და რომ არ არსებობს “ქალური” ან “არაქალური” ინტერესები.
ის უნდა გაიზარდოს ისე, რომ იცოდეს: არცერთი სისტემური უსამართლობა — იქნება ეს ჩუმი კონტროლი, სხვისი უხმო თუ ხმამაღალი ძალადობა — არ არის ნორმა. და რომ თუ ხმას ამოიღებს, მარტო არ იქნება.
მაგრამ მხოლოდ საკუთარი შვილის დაცვა საკმარისი არ არის. ჩემს წარმოდგენაში, მამის როლი ბევრად სცდება ოჯახურ წრეს — ის იწყება სახლიდან და გრძელდება იქამდე, სანამ საზოგადოება არ იქცევა ადგილად, სადაც ქალის თავისუფლება არ არის ლუქსუსი.
რას ნიშნავს გაზარდო გოგო?
ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი, რაც მამამ შეიძლება გასცეს — არაა მხოლოდ სიყვარული და დაცულობის შეგრძნება. ეს არის მაგალითი. მაგალითი იმისა, რომ თანასწორობა უბრალოდ სიტყვა არ არის; რომ კაცებს შეუძლიათ იყვნენ ძლიერი საყრდენებიც — და თან რბილებიც. რომ მათ შეუძლიათ სხვებს გააგებინონ თავიანთი ხმები — და სხვისი ხმების მოსმენაც შეძლონ.
გავუზიარებ იმ უფლებებს, რომლებიც მან შეიძლება ჯერ არც იცოდეს რომ გააჩნია — გამოხატვის თავისუფლება, სწავლა იმ სფეროში, რაც მოსწონს, არჩევანი, თუ როგორ იცხოვროს და ვისთან ერთად.
ქალთა მკვლელობები და ხმა, რომელიც გვაკლია
რთულია ამ თემაზე საუბარი — ამაზე ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა უფრო ხშირადაც ივიწყებენ. მაგრამ რეალობა არ იცვლება. ქალების მკვლელობები არ არის მოულოდნელობა, არ არის შოკი — ის იმ სისტემის შედეგია, რომელიც ჯერ კონტროლით იწყება და შემდეგ უტიფრად სიცოცხლის ხელყოფით ამთავრებს.
თუ ახლა გავჩუმდებით, მერე ჩვენივე შვილებსაც აღარ ექნებათ ის სივრცე, სადაც ღირსეულად იცხოვრებენ. ამიტომ, დღესვე უნდა დავიწყოთ მათი მომავლის შენება — არა შიშით, არამედ ცოდნითა და მოქმედებით.
დასასრული, რომელიც დასაწყისია
როცა ამაზე ვწერ, ვერ ვიტყვი, რომ გმირი მამა ვიქნები. არც გამორჩეულად ხმაურიანი აქტივისტი. უბრალოდ ვწერ, ვფიქრობ და ვცდილობ, სხვა კაცებსაც/ბიჭებსაც გავუზიარო ეს ფიქრები — იმედით, რომ ერთ სიტყვასაც ექნება მნიშვნელობა.
და თუ ოდესმე ქალიშვილი მეყოლება, არ მინდა, რომ რომ ოდესმე იფიქროს: “მამაჩემი ჩუმად იყო, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი იყო საუბარი.”

