ადამიანი ბოროტია და სიკეთეზე ისვენებსო – ბესიკისგან რომ მოვისმინე, ვიფიქრე, რა რთულია ამის ფიქრი და მერე ფიქრის დაჯერება-მეთქი. ჩვენ ხომ სულ გვჭირდება სხვების თვალები ემოციის საზიაროდ და როგორია დაიჯერო, რომ ეს თვალები გულწრფელები არასდროს არიან.
ერთ მარტოხელა კაცზე მოგიყვებით – ორმოცდათვრამეტი წლისაა, წვერი არასდროს აქვს გაპარსული, არც თმადავარცხნილი მინახავს ოდესმე, თავისი დათბილული ტყავის კურტკით დადის ხოლმე ზამთრობით, შემოდგომას გრძელსახელოიანი ორი პერანგი აცვია მონაცვლეობით, ზაფხულობით კიდევ არც არასდროს შევხვედრილვარ. ამ კაცისათვის ადამიანური ვნებები უცხო იყო. ქუჩის მცხოვრებლებს უკვირდათ მისი უნარები აუტანელ ყოფაშიც რომ არ თმობდა ძირძველ კეთილშობილებას. სახლთან ახლოს პატარა ჯიხური ჰქონდა მოწყობილი, ძველისძველი წიგნები და საკანცელარიო ნივთები ჰქონდა გასაყიდად, ფინჯან ჩაისაც შესთავაზებდა ხოლმე ახალგაზრდა სტუმრებს და გულმოდგინებით უსმენდა მათ გასაჭირს. უცხო თვალი მაშინვე მიხვდებოდა, რომ ამ კაცს საზოგადოდ ადამიანი უყვარდა და ნებისმიერისთვის თავსაც გადადებდა. და მისალმება იცით როგორი იცოდა? ყოველდღიურობაში გათქვეფილ სალამს ერიდებოდა, თუ გეკითხებოდა, ესე იგი, ნამდვილად აინტერესებდა, როგორ ხარ და ამას ისეთი ღვთიური სიმშვიდით ამბობდა, რომ მთელი დღის განმავლობაში გასახერებელ საბაბად გაჰყვებოდა ადამიანს.
იმ დღეს სუსხი იყო, ისეთი სიცივე, რომ ლოყებს გიწვავდა. კაცს გაუმართლა, რომ წუხელ ღამით გახეული ქურთუკის დაკერება არ დაზარებია, თორემ რთულად გაატანდა ამ დღეს. ისედაც, ჯიხურს ვერაფრის დიდებით ათბობდა, დაჟანგული “პლიტა” არ ჰყოფნიდა სითბოს შესანარჩუნებლად და ისიც ხან ირთვებოდა, ხან არა. ნახევარი სამუშაო დღე ამ გამათბობლის შეკეთებაში და შეკეთებულით ნახევრად ტკბობაში გადიოდა. თითები მაინც სულ მოყინული ჰქონდა. უცნაურია, მაგრამ მაინც უყვარდა ზამთარი, ძალიან უყვარდა. ჰოდა, დილაა, სუსხიანი. ძველი, ჩამონგრეული სახლის კარი ჭრაჭუნით იღება და ქუჩის ცივ, ნახევრადმოყინულ ასფალტზე აკაკუნდა კაცის ფეხსაცმლის ძირები. ჯიხურამდე სულ 150 ნაბიჯი ექნება გასავლელი. სიარულისას ყოველთვის ზურგსუკან ჰქონდა ხელები ერთმანეთზე ჩაჭიდებული და ამ მცირეხნიანი მოგზაურობის განმავლობაში ირგვლივ ბევრ რამეს აკვირდებოდა. ძირითადად, არაფერი და არავინ არ იყო უცხო, ზუსტად ისეთები და ისინი, ვისაც ყოველდღე ხვდებოდა – ნაზის ისევ გამოტანილი აქვს გასაყიდად მზესუმზირა, გაზეთებიც გვერდზე უდევს გასახვევად, მერაბის ისევ სამსახურში აგვიანდება, ნაუცბათევი სალამი და გარბის, ინა ქუჩის მეეზოვეა და ისევ რაღაცებს ბუტბუტებს თავისთვის. 50 ნაბიჯი დარჩა… ოჰ… ქალაქში ლოლიტა დაბრუნებულა. ყველა ფიქრობდა დიდი ქარაფშუტა ვინმე იყო, კვირაში ერთხელ იცვლიდა საყვარლებს. ამ ზამთარში თხელი შავი კოლგოტი და მოტკეცილი ხასხასა წითელი კაბა ეცვა. ქალბატონი კაბით. ქალბატონი კაბით. ქალბატონი მოკლე კაბით. უხერხულად დაბნეული ცალი ხელით დაბლა ექაჩება. კაცი თვალს არიდებს, ისედაც ბევრი შესცქერის უკვე. ჩაუარა. ჯიხურთან ისევ ხედავს უმცროს მეგობრებს, ნიას და პაატას, თითქმის ყოველდღე სტუმრობენ კაცს, უყვართ მასთან ლაპარაკი. კლიტე იღება, ჩაი გაზზე იდგმება, “პლიტა” შეკეთებულია და სამივე საღამომდე ბევრ საუბარს ასწრებს.
შინ ბრუნდება. ასფალტზე ფეხსაცმლის კაკუნი, ვახშამი. მკვლელი ახალ ამბებში. ახალდაკერილი ქურთუკი და კაცმა სახლი ისევ დატოვა. რამდენიმე მეტრში ერთ კარს მიადგა. აღებს, შედის. იქვე სადღაც ტყავს იძრობს, თავიდან ბოლომდე, უსისხლოდ, იქვე აგდებს. სუსხია, გაუმართლა, რომ წუხელ ღამით ქურთუკის დაკერება არ დაზარებია. ნაზის ისევ გამოტანილი აქვს გასაყიდად მზესუმზირა, გაზეთებიც გვერდზე უდევს გასახვევად, მერაბის ისევ სამსახურში აგვიანდება, ნაუცბათევი სალამი და გარბის, ინა ქუჩის მეეზოვეა და ისევ რაღაცებს ბუტბუტებს თავისთვის. უფ… ქალაქში ლოლიტა დაბრუნებულა. ქალბატონი კაბით. ქალბატონი მოკლე კაბით. თვალს არ აშორებს კაცი, აკვირდება, აშტერდება. ვნება. ქალის კივილი. ჯიხურთან არავინაა. მთელი ენერგიით უკან მირბის, საკუთარს ტყავს უკანვე იცვამს, გარეთ გადის, კარს ხურავს და კიდევ ერთხელ აკვირდება წარწერას მასზე: “იქ, სადაც ღმერთი ვერ გხედავს”
ბოროტია ადამიანი და სიკეთეზე ისვენებს.
ჩანახატის ავტორი: ლიფლიცა