„ფემინიზმი? ეგ ქალების თემა არაა?“
„ბიჭებს აქ რა საქმე აქვთ?“
„რა საჭიროა ეს ყველაფერი, ისედაც ბევრი უფლება აქვთ!“
მსგავსი ფრაზები ხშირადაც მსმენია და უფრო ხშირად ჩემთვისაც უთქვამთ.
განსაკუთრებით ხშირად მაშინ გეუბნებიან, როცა ამბობ რომ ფემინისტი ბიჭი ხარ და ქალთა უფლებების დაცვა შენთვის მნიშვნელოვანია.
თითქოს ამის თქმა არამამაკაცურია. მაგრამ რა უნდა იყოს იმაზე მამაკაცური, ვიდრე ქალის, როგორც შენი თანასწორის აღქმაა?
გენდერული თანასწორობა არ არის მხოლოდ ქალების ბრძოლა. ეს ყველას ეხება. მათ შორის – კაცებსაც.
„ნამდვილი კაცი უნდა იყოს ძლიერი და შეუდრეკელი!“ – მართლა?
ბიჭებს ბავშვობიდანვე გვასწავლიან:
- ნუ იტირებ – “ბიჭი ხარ!”
- ნუ იქნები ძალიან რბილი – “გოგოსავით ნუ იქცევი!”
- ემოციებზე არ ილაპარაკო – “კაცები არ სუსტდებიან!”
მაგრამ რას ვიღებთ ამ სტერეოტიპებით?
- ბიჭებს ემოციების გამოხატვას ერიდებიან.
- ზრდასრულ კაცებს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვთ, მაგრამ დახმარების მიღებას გაურბიან.
- სამაგიეროდ აგრესიულობას თვლიან “მამაკაცურ” თვისებად.
და მერე გვიკვირს, რატომ არის მამაკაცებში სუიციდის მაჩვენებელი უფრო მაღალი, ვიდრე ქალებში. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიხედვით – ახალგაზრდა ბიჭები და კაცები ნაკლებად საუბრობენ თავიანთ პრობლემებზე, შესაბამისად, ვეღარც უმკლავდებიან მათ.
ეს სქესის პრობლემა კი არა, საზოგადოების მიერ შექმნილი პრობლემაა.
ერთხელ ერთი პატარა ბიჭი ამბობდა, რომ ცნობილი დიზაინერი უნდოდა გამოსულიყო. პასუხი?
- „ეგ გოგოების საქმეა!“
შემდეგ გოგომ თქვა, მანქანების შეკეთება მაინტერესებსო. პასუხი?
- „გინდა გამურული ხელებით იარო? რა გოგოს საქმე ეგაა”
მე გეტყვით: ,,პროფესიას სქესი არ აქვს.”
- ექიმი ექიმია – ქალი იქნება თუ კაცი.
- მასწავლებელი მასწავლებელია – სქესის მიუხედავად.
- მფრინავი, პროგრამისტი, მზარეული – ყველას შეუძლია, აირჩიოს ის, რაც უყვარს.
მაგრამ სანამ ამას გავიაზრებთ, ბევრი ნიჭიერი ადამიანი ვერ გაბედავს თავისი ოცნების გზის არჩევას – მხოლოდ იმიტომ, რომ საზოგადოებას რაღაც „ნორმად“ მიაჩნია.
აქტივიზმი ბიჭებისთვის
წარმოიდგინეთ, 16 წლის ბიჭი ვარ, რომელიც ჩართულია სოციალურ და სამოქალაქო აქტივობებში. ვარ მოხალისე, ვეხმარები ადამიანებს, ვზრუნავ ეკოლოგიაზე, მხარს ვუჭერ ქალებსა და გოგოებს, გენდერულ თანასწორობაზე ვსაუბრობ.
და უცებ მესმის:
„აქტივიზმი? ეგ გოგოების საქმე არ არის?“
თითქოს, ყველაფერი, რაც გულისხმობს თანასწორობისთვის ბრძოლას, ადამიანებზე ზრუნვას და სოციალური ცვლილებების წამოწყებას, “ქალური” საქმის კატეგორიაში გადის.
და თუ ბიჭი ხარ და ამას აკეთებ? „უცნაური“ ხარ.
რატომ?
რატომ უნდა ფიქრობდეს ვინმე, რომ თანასწორობაზე ლაპარაკი სუსტი ბიჭების „პრობლემაა“?
რატომ უნდა გაიკვირვონ, თუ ბიჭი ზრუნავს იმაზე, რომ გოგოებს ისეთივე შესაძლებლობა ჰქონდეთ, როგორც ბიჭებს?
გენდერული სტერეოტიპები კაცებსაც აზიანებს. და ბევრი კაცი გაექცა ამ თემაზე საუბარს, რადგან ეშინიათ, რომ მათ “სუსტებად” ჩათვლიან.
ფემინიზმი კაცების ჩაგვრაა?
არა.
- ფემინიზმი არ ნიშნავს, რომ ქალები კაცებზე მაღლა უნდა იდგნენ.
- ფემინიზმი არ ნიშნავს, რომ კაცები ჩაგრული უნდა გახდნენ.
ფემინიზმი ნიშნავს თანასწორობას – ყველასთვის.
გინდა, რომ ბიჭებმა შიშის გარეშე გამოხატონ გრძნობები?
გინდა, რომ კაცებმა ფსიქოლოგიურ დახმარებაზე ღიად ილაპარაკონ?
გინდა, რომ პროფესიას სქესი არ ჰქონდეს?
და გინდა, რომ ქალებმა და გოგოებმა იცხოვრონ ისეთივე უსაფრთხო, ჰარმონიულ გარემოში, როგორშიც ჩვენ გვინდა ცხოვრება?
თუ ამ კითხვებზე პასუხი „კი“ არის, მაშინ შენც ფემინისტი ხარ.
ბიჭების ჩართულობა ფემინიზმში: ანუ ბრძოლა, რომელიც ჩვენიცაა
საზოგადოება არ უყურებს ადამიანს.
ის უყურებს სქესს.
თუ ამას არ შევცვლით, მივიღებთ სამყაროს, სადაც ბიჭებსაც და გოგოებსაც „გვასწავლიან“, როგორ უნდა ვიცხოვროთ, რას უნდა ვაკეთებდეთ და რაზე უნდა ვოცნებობდეთ”
თუ არ დავინახავთ, რომ ეს ბრძოლა ჩვენც გვეხება, ვერასდროს შევცვლით იმ სტერეოტიპებს, რომლებიც ჩვენს მომავალსაც აზიანებს.
ჩვენ შეგვიძლია უკეთესი სამყაროს შექმნა
გენდერული თანასწორობა მხოლოდ ქალების ბრძოლა არ არის. ეს ყველას გვეხება და სანამ ამას არ გავიაზრებთ, ბოლომდე თავისუფლები ვერ ვიქნებით.
არ უნდა მოგვერიდოს, ვიყოთ “უცნაურები”, თუ “უცნაურობა” ნიშნავს სამართლიანობისთვის და თანასწორობისთვის ბრძოლას.
და რაც მთავარია – მოდით, უბრალოდ ვიყოთ ადამიანები.
ავტორი: მუსლიმ ბორჩაშვილი
პანკისის ხეობა, 2025.

