არჩევნები 2024 – ანუ როგორ შევხვდებით ერთმანეთს საარჩევნო უბნებზე – WELCOME თუ ЗДРАВСТВУЙТЕ

არჩევნები 2024

2024 წლის საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები კარზე მოგვადგა და ჩვენ მხოლოდ ის ვიცით, რომ ოქტომბერი ზაფხულის თვეებზე ცხელი და რთულად გადასატანი იქნება. მმართველმა პარტიამ როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნების სტრუქტურასა და არჩევის წესში სხვადასხვა ცვლილებები შეიტანეს. ოპოზიციურმა პარტიებმა ხან სხვები მიიერთეს, ხანაც კიდე ახალი ველოსიპედის გამოგონება განიზრახეს. მოკლედ, საქართველოს წინასაარჩევნო მოცემულობა ერთი დიდი თავსატეხია, რომლის დასაძლევად გაწონასწორებული ნერვები და საოცარი მოთმინების უნარი დასჭირდება ადამიანს.

 

რა ცვლილებებია 2020 წლის არჩევნებთან შედარებით?

რიტორიკაში სწერია ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო და მეც  ორიოდე სიტყვას ვიტყვი იმ ცვლილებებზე, რაც როგორც საპარლამენტო, ასევე საპრეზიდენტო არჩევნებს შეეხება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება და პარლამენტში მოსახვედრად პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ. ამის პარალელურად საპრეზიდენტო არჩევნები საბოლოოდ შორდება არჩევის პირდაპირ ფორმას, რაც იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის ისტორიაში უკანასკნელი პრეზიდენტია, რომელიც ხალხმა აირჩია. კი ვამბობ უკანასკნელიო, მაგრამ იქნებ ცოტახანში ისევ მოუნდეს მმართველ გუნდს ცვლილებების შეტანა კონსტიტუციაში და რამე ახალი ფორმულირება შემოგვთავაზონ. 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტს 300 წევრისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია ირჩევს. მათ შემადგენლობაში შედის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. მოკლედ, ადამიანურ ენაზე რო ვთქვათ, ქართველებო, თავის შეწუხება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნების დროს მოგვიწევს. შესაბამისად,  მიცვალებულებსაც ვთხოვ, საპრეზიდენტო არჩევნების დროს ტყუილად ნუ გამოცხადდებიან საარჩევნო უბნებზე.

 

 

ოპოზიცია შეტევის გაძლიერებას გვპირდება

ოპოზიციამ შემოგვითვალა ისეთ სასტარტო თერთმეტეულს დავაყენებთ პეპის ბარსელონა მონაგონი იქნებაო და დაიწყეს მთელი რიგი ცვლილებები. ორი ნიკა ერთმანეთს დაუძმობილდნენ და შეუდგნენ ოლიგარქის წინააღმდეგ წამოწყებულ ბრძოლას. სულ ახლახანს ქართულ პოლიტიკურ რეალობას კიდევ ერთი ჯუნიორ პარტია შეემატა. საუბარია ,,ახალზე“, რომელიც ,,მთავარი არხის“ ყოფილმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ და ,,ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დააფუძნეს. პრეზენტაციაზე ჰალსტუხებიც გაცვალეს, თავიანთი საარჩევნო ნომერიც წარგვიდგინეს და მელია დაგვპირდა კიდეც, რომ ,,ახალი“ გამარჯვების ბაცილას შეიტანდა ყველა ოჯახსა და ქალაქში. 

,,ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა გიორგი ვაშაძის თვალებში დაინახა ალბათ ის ნაპერწკალი, რომელიც გადამწყვეტია ბიძინა ივანიშვილის ოცნებასთან საბრძოლველად. ქვეყანაში მთავარ ოპოზიციურ ძალად მიჩნეული ,,ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო დროს ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. რამდენიმე ქალაქში ერთმანეთის მიყოლებით ტოვებდნენ გუნდის წევრები პარტიას და მთავარ მოტივად არასწორად გაწერილ სამოქმედო გეგმას ასახელებდნენ. აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გუნდის დატოვებამდე ისინი ლევან ხაბეიშვილის გადადგომას მოითხოვდნენ, რაც, როგორც ვხედავთ უშედეგოდ დასრულდა. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს აღნიშნული პარტია მთლად იდეალურ მდგომარეობაში ვერ ხვდება, შიდაპარტიული დაპირისპირება, ბუნებრივია ამომრჩევლისგან მიღებულ ხმებზეც აისახება. თუმცა, მაინც, სხვადასხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებში ,,ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ადგილს საკმაოდ დამაჯერებლად იკავებს. 

არ უნდა დავივიწყოთ ელენე ხოშტარიას და ზურაბ ჯაფარიძის დაძმობილებაც. პარტია ,,დროა“ და ,,გირჩი მეტი თავისუფლება“ წინასაარჩევნოდ გაერთიანდნენ და ერთიანი პოლიტიკური ხედვაც ჩამოაყალიბეს, რომლის ამოსავალი ცენტრი ბიძინა ივანიშვილის  დამხობა და რუსულ რეჟიმებთან ნულოვანი თანამშრომლობაა. ასევე მსგავსი შინაარსით აგრძელებს მოღვაწეობას პარტია ,,ლელო“, რომელიც მუსტანგის სიძლიერით და სისწრაფით ცდილობს ამომრჩევლებში თავის მოწონებას. მთლად მუსტანგით ვერ, მაგრამ 1000 ლარიანი პენსიით ცდილობს გახარიას გუნდი მოსახლეობის გულის მოგებას. სულ რაღაც ერთი კვირის შუალედში ბექა ლილუაშვილმა ჯერ ცინიკური პასუხი გასცა 1000 ლარიან პენსიას, ხოლო შემდეგ სრული სერიოზულობით ისაუბრა ეთერში და განაცხადა რომ პენსიის ამ თანხამდე გაზრდა წარმოუდგენელი ნამდვილად არ არის. 

მოკლედ, წინასაარჩევნოდ ვინ მუსტანგით იფლექსავებს, ვინ 1000 ლარიანი პენსიით და ვინ ძვირიან ჰალსტუხებს გაცვლის, აქაოდა გაცვლა და თანამშრომლობა გადაარჩენს ქვეყანას, თორე დავიღუპეთ და მივექანებით რუსეთისკენო. 

 

 

როგორ გვეფლექსავება ქართული ოცნება? 

მმართველ ძალაში კი ერთი ირაკლი მეორემ ჩაანაცვლა, ოღონდ ამას თმა უფრო ცუდად აქვს.  ოპოზიციურ პარტიებში მიმდინარე მოვლენების პარალელურად მთავრობა ,,გენიალურ“ ნაბიჯებს დგამს და ერთი მეორეს მიყოლებით ერთმანეთზე აბსურდულ კანონებს აინიცირებენ. დიდი დაბრუნება შედგა, პარლამენტმა ,,კანონი აგენტების შესახებ“ ისევ დღის წესრიგში დააყენა. იქამდე კვოტები გააუქმა და კვოტების გაუქმებამდე ჰომოფობიური შინაარსის შემცველ კანონპროექტზე წამოსცდა სიტყვა მდინარეძეს, თუმცა მთლად ბოლომდე სურვილი ვერ აისრულა. დღეს ისეთი ამბავია ,,რუსულ კანონზე” ორიოდ სიტყვა რო არ ვთქვა არც მკითხველი მაპატიებს და არც საკუთარი სინდისი. 

 

 

კი ევროპას, არა რუსულ კანონს VS მამული, ენა, სარწმუნოება

Საქართველოს უახლეს ისტორიას თუ გადავხედავთ, გაგვიჭირდება ისეთი პერიოდის გახსენება, როცა საზოგადოება ესეთი ერთიანი, კეთილგანწყობილი და მხარდამხარ მებრძოლი ყოფილიყო. ე.წ. ,,რუსული კანონის” განხილვის პარალელურად მდინარაძესაც საკმაოდ გემრიელად მოხვდა ყბაში და ქართულ ოცნებასაც მწარე სილა გააწნა საზოგადოებამ, რადგან აქციები ასეთი თანმიმდევრული, ხალხმრავალი და ლამაზი არასდროს ყოფილა. Ამის პარალელურად ,,ქართულმა ოცნებამ” მე თქვენზე ნაკლები რით ვარო და ცნობილი სქილები ისევ გაიხსენა, რამდენიმე ზარი განახორციელეს და ერთი მარტივი წინადადება წარმოთქვეს: საჯარო მოხელეები, ყველა რეგიონისა შეერთდითო. 29 აპრილს ენის, მამულისა და სარწმუნოების დასაცავად პარლამენტის წინ რეგიონიდან ჩამოსული საჯარო მოხელეები შეიკრიბნენ, მაგრამ მგზავრობით ისეთი დაღლილები იყვნენ ტაშიც კი ფონოგრამაზე ჰქონდათ ჩაწერილი და აქციაზე უბრალოდ დგომით შემოიფარგლა მათი ძირითადი მოვალეობები. Შემდეგ ისევ იგივე განმეორდა: რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, მაგრამ ,,გორგიაში” აირწინაღების მარაგმა სულზე მოუსწრო აქციის მონაწილეებს და ბოლომდე შეიარაღებული და მომზადებულები შეხვდნენ მთავრობის საკმაოდ მოძველებულ და დროგადასულ სქილებს. 

ოცნება ცოცხალი თავით არ თმობს თავის პოზიციას და იძახის არ გავიწვევთ ამ კანონსო, მეორე მხრივ, არც აქციის მონაწილეები იღლებიან და ყოველ დღე აქციაზე იმაზე მეტი ხალხი გამოდის, ვიდრე წინა დღეს. ფაქტია, ქართული ოცნება ღიად უპირისპირდება დასავლელ პარტნიორებს, არც ამერიკის მიმართ გაკეთებულ მძიმე განცხადებებისგან იკავებს თავს და ,,უტიფარ” ქმედებებს ისევ განაგრძობენ. 29 აპრილის აქცია შემაშფოთებელი ჩვენი დასავლური მომავლისთვის რამდენიმე მიზეზის გამო იყო. ,,ოცნების” ბურჯმა, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე არასასიამოვნოდ მოსასმენი ფრაზები წარმოთქვა, რომელთაგან შეიძლება შემდეგი გამოვარჩიოთ: 

  • ივანიშვილს ისევ ნაციონალები ელანდება ყველგან და ქვეყნის რეალურ პრობლემას ვეღარ ხედავს. Მას ევროკავშირის წარმომადგენლები ნაციონალების მართულნი ჰგონია
  • ივანიშვილმა საკმაოდ ცუდად ისაუბრა მესამე სექტორზე და განაცხადა, რომ დასავლელი პარტნიორებ სწორედ ,,ენჯეოების” დახმარებით ცდილობენ სადისტური ძალის დაბრუნებას ქვეყნის სათავეში
  • ივანიშვილმა უკრაინის ომში ჩათრევა დასავლეთსა და ნატოს დააბრალა. 2008 წლის ომიც გარკვეულწილად ნატოს გადააბრალა

ყოველივე ამის გათვალისწინებით, მაშინ, როდესაც მმართველი გუნდის მთავარი მამოძრავებელი პიროვნება ამგვარად ფიქრობს, კიდევ უფრო რთული რეალობის წინაშე გვიწევს დადგომა და უფრო მეტ პრობლემაზე მუშაობა. ივანიშვილის გამოსვლა 29 აპრილის აქციაზე ცალსახად ანტიდასავლურ მესიჯებს შეიცავდა. Ბიძინას აზრით ნაციონალური მოძრაობა იმხელა ძალას წარმოადგენს, რომ მათ ნატოზეც და ევროკავშირზეც კი აქვთ გავლენა, თუმცა ამ დროს, ნაციონალური მოძრაობა სულს ღაფავს და ეტლში ჩაბრძანებული ხაბეიშვილის იმედად რჩება. არ ვიცი ,,ქართული ოცნება“ ჰარაკირს გეგმავს, თუ რატომ იქცევა ასე, მაგრამ ერთი კი ნამდვილია, ალბათ აქციების მონატრება იმდენად მძაფრად ჯდება გულში, რომ ყოველ წელს ასეთ საოცარ კანონპროექტებს აწერინებს მმართველ ძალას. 

ამის მიუხედავად ,,ქართულმა ოცნებამ“ არც ძველი ,,სქილები“ დაივიწყა და ირაკლი კობახიძის პირით მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს წინასაარჩევნოდ ბანკში არსებული სესხები გაუნულა. პოპულიზმის ტექნიკები კიდევ უფრო გააძლიერა ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლამ. პრემიერ-მინისტრმა შემოგვითვალა პირადად ჩავერევი იმ პროცესებში რაც ითვალისწინებს გერმანიის მიმართულებით დამატებითი ფრენების დანიშვნას და გპირდებით ბილეთის ფასი ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებაო. 

მოკლედ ყველას როგორც შეუძლია ისე გვეფლექსავება. შენ კიდე, ჩემო კარგო ქვეყანა, აღარ გკითხავ რაზედ მოგიწყენიაო, მხოლოდ იმას გისურვებ ოქტომბერს ცოცხალი და საღსალამათი გადაურჩე.

 

 ავტორი: ანანო შალამბერიძე