საქართველოში განათლების პრობლემა რომ აქტუალურია ეს ყველამ ვიცი.
ცალკე წაკითხულის გააზრებით, მათემატიკური თუ სამეცნიერო ცოდნით რომ აფრიკის ქვეყნებს „გვერდს ვუმშვენებთ“ ეგეც გასაგებია.
მაგრამ რამდენად დაფიქრებულხართ იმაზე, რომ ჩვენმა მოსახლეობამ პოლიტიკა კი არა, პოლიტიკური იდეოლოგიების სწორი განმარტებაც კი არ იცის…
ლიბერალიზმი რომ დამახინჯებულად ვიცით ეგ კარგი, მაგრამ არც კონსერვატიზმის რომ არ გვესმის?
მაგრამ, კაი, ამ იდეოლოგიებს თავი დავანებოთ და ვისაუბროთ ფემინიზმზე. არც აქ გვაქვს კარგად საქმე.
დღეს მამაკაცმა/ბიჭმა რომ თქვას „მე ფემინისტი ვარ“ ან „ფემინიზმის მომხრე ვარ“ ცოტა იშვიათობაა.
თან არ გინდა ეს ახლა „საძმაკაცოში“ გააჟღერო?!
ცოლი თუ გყავს „ცოლის მსახურად“ ჩაგთვლიან, მოგაძახებენ „ამას ცოლი პოლს ახეხინებსო“.
ცალკე თუ გოგომ/ქალმა დაიწყო ფემინიზმზე საუბარი, ეტყვიან კაცები გძულსო და ღადაობით „შედი ქალო კუხნაშიც“ შეიძლება მიაძახონ.
მოკლედ რაღაცნაირად ჯერ ხომ არასწორად ესმით და მერე რაც ესმით, იმისიც უტყდებათ.
ფემინიზმის ტალღები
ფემინიზმი ფილოსოფიაა, რომლის მიზანიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ქალთა უფლებების მამაკაცთა უფლებებთან გათანაბრებას ემხრობა.
ზემოთ ხსენებული დისკრიმინაციული წარმოდგენები ფემინიზმთან დაკავშირებით შეიძლება რადიკალურ ფემინიზმს მივაწეროთ, რაზეც დაწვრილებით შემდეგ ვისაუბრებთ. მაგრამ თავშივე უნდა აღინიშნოს, რომ ფემინიზმი და რადიკალური ფემინიზმი ერთმანეთისგან ძაალიან განსხვავდება.
ფემინიზმის პირველი ტალღა ჯერ კიდე მე-19 საუკუნეში დაიწყო სუბრაჟისტების მიერ და ორიენტირებული იყო ისეთ საწყის უფლებაზე, როგორიცა მაგალითად ხმის მიცემის უფლება. ეს ის დროა, როცა ქალებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ ხმის მიცემის, განათლების მიღების და საკუთრების ფლობის უფლება.
შემდეგი ტალღა 1960-იან წლებში დაიწყო და ფოკუსირებული იყო თანასწორობაზე. ქალები გამოვიდნენ დაბალი ხელფასის, სექსუალური შევიწროებისა დარეპროდუქციულ უფლებებზე შეზღუდვის წინაღმდეგ. ისინი ითხოვდნენ რეალურ სოციალურ და ეკონომიკურ თანასწორობას.
მესამე ტალღა იწყება 1990-იანებიდან, რომელიც ხაზს უსვამს ინდივიდუალურობას და გენდერულ თანასწორობას. წინანდელი ფემინიზმი მხოლოდ თეთრკანიან ქალებზე იყო ორიენტირებული. ახალი თაობა ითხოვდა ინდივიდუალობის, მრავალფეროვნებისა და სხვადასხვა იდენტობის აღიარებას.
ტექნოლოგიებისა თუ ადამიანის უფლებების პროგრესის, ადამიანთა მორალის განვითარებისა თუ სხვა ფაქტორების მიუხედავად, დღესაც აქტუალურია გენდერული პრობლემები, მათ შორის საქართველოშიც, სადაც ჯერ კიდევ ხშირია ქალის მკვლელობა, მხოლოდ იმის გამო, რომ ის ქალია.
კაცებს უფრო მაღალი ხელფასი აქვთ ერთი და იგივე პოზიციაზე ვიდრე ქალებს, ხშირად საზოგადოება ქალს ერთდროულად უფრო მეტ პასუხისმგებლობას აკისრებს და შემდეგ უფრო მეტადაც ზღუდავს.
ამ ყველაფერს ემატება სხვა ათასი გამოწვევა.
ასე მაგალითად „კაცის გულაობა მოსულა” და ქუჩაში ღამე გასული ქალი კი ბო*ია.
ჩვენი სოციუმი, რომელსაც მტკიცედ სწამს ათასი სტეროტიპისა, აიძულებს ქალებს აიტანონ ქმრის ღალატი ოჯახის შენარჩუნების მიზნით; სთხოვენ არ ჩაიცვან გამომწვევად; უარი თქვან პროფესიულ განვითარებაზე და ორიენტირებულნი იყვნენ მხოლოდ ოჯახზე.
ეს ყველაფერი სხვა რაა, თუ არა თავისუფლებისა და ინდივიდუალურობის წართმევა?
რადიკალური ფემინიზმი
ხშირად ფემინიზმი რადიკალურ ფემინიზმში ერევათ.
რადიკალური ფემინიზმი კლასიკური ფემინიზმისგან განსხვავებით კაცზე მაღლა ქალს აყენებს. დღეს თუ საღად მოაზროვნე კაცებსაც და ქალებსაც გვიწევს ხმამაღლა ვისაუბროთ ქალთა ჩაგვრაზე და ამ პროლემების მოგვარებაზე, მაშინ ხვალ კაცთა ჩაგვრაზე მოგვიწევს საუბარი.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან მცირედი ნაწილი თუ არის რადიკალური ფემინიზმის მიმდევარი.
ამიტომ კარგი იქნება თუ ერთი მხრივ, ამ ორს განვასხვავებთ ერთმანეთისგან ხოლო მეორეს მხრივ, “ფემინიზმს” სალანძღავ სიტყვად აღარ ჩავთვლით.
მე როგორც ფემინისტს მიმაჩნია, რომ ოჯახი თანასწორობასა და პატივისცემაზე უნდა იდგეს. თუ კი ორივე სქესის წარმომადგენელს მოუწევს დროის გარკვეულ პერიოდში სამსახურში ყოფნა თუ სახლის საქმების მოგვარება, ასე უფრო დააფასებენ ერთმანეთის მიერ გაწეულ შრომას.
მე არ მსურს ქალთა ჩაგვრის, ძალადობის და დამცირების მიზეზი ან შემსწრე ვიყო. მე ფემინისტი ბიჭი ვარ და ეს მოსულა.

