იმ საბედისწერო ზამთრის ღამეს სახლში დავბრუნდი. პოლიციაში არ მივსულვარ. კარი მეგობარმა გამიღო.
„მთვრალი ხარ?!“
„მთვრალი?“ – კითხვაზე კითხვით ვუპასუხე.
აღარც კი მახსოვს, როგორია სიმთვრალის შეგრძნება. ალბათ, ასე გამოიყურება ძალადობა გამოვლილი ქალი?
ფეხზე ძლივს ვიდექი, ხმას ვერ ვიღებდი, სიტყვებს ვერ ვაბამდი ერთმანეთს.
ჩავეხუტე, მაშინ ვიგრძენი, რომ ცოცხალი ვიყავი.
გადავრჩი.
ეს გადარჩენაა?
***
მეშინოდა, უმწეობას ვგრძნობდი.
ცოცხალ-მკვდარი ცხოველივით ვიჯექი. თითქოს სირცხვილის ზიზღნარევი გრძნობა გამომყვა, მაგრამ ეს სირცხვილი ხომ მოძალადეს უნდა ჰქონოდა და არა მე?
ვიგრძენი, როგორ ამოქმედედა ჩემში საზოგადოების მიერ მოწებებული ჩარჩო, რომელიც ქალებისთვის იყო განკუთვნილი. თითქოს გარედან მეკვროდა და სუნთქვას მიკრავდა.
უსიამოვნო მღელვარებისგან ჩემი ხმაც აღარ მესმოდა.
მეგონა, ყველაფერი მოვყევი.
მაგრამ არა, ვდისოცირდი.
აღმოვაჩინე, რომ მწვავე სტრესის დროს დისოციაცია მემართება.
მანამდე მსგავსი არაფერი გამომივლენია, ჩემი გონება მძიმე ემოციებისგან თავის დასაცავად “ითიშებოდა”. მე ხომ ვიცოდი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი ასეთ დროს, ვსწავლობდი. თითქოს მზად უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ ახლა? ახლა ყველაფერი დამავიწყდა.
ფიქრები მქონდა, ნეტავ გარშემომყოფები როგორ მხედავენ.
ვცდილობდი თავდაჭერილი ვყოფილიყავი – ვერ ვიტან, როცა ვინმეს ვეცოდები. მაგრამ, სისუსტის უფლება ხომ მაქვს?
ხანდახან სისუსტესაც არ გპატიობენ.
ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო.
ან ეს ტკივილიც რატომ არ მშორდება? მეგონა, ვერავინ ამჩნევდა, რომ შინაგანად ვინგრეოდი.
მაგრამ ძალიან შესამჩნევი იყო.
სადღაც წავიკითხე ადრე, ნანგრევები გარდაქმნის საშუალებას იძლევაო, ეს გამახსენდა და ამით დავიმშვიდე თავი.
***
წერა დავიწყე, რომ არაფერი დამვიწყებოდა, ძალებს რომ აღვიდგენდი ხომ უნდა მებრძოლა სიმართლისთვის. მოძალადე ასე ამბობდა: „თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია“. წერის დროს ეს სიტყვები სულ თავში მიტრიალებდა. ის ხომ „კანონდამცველია“ და მან უკეთ იცის. ხელები ახლაც ისე მეყინება, ლამის მთელ სხეულზე ვიგრძნო ახლაც ის ღამე.გონებაში ყველაფერი ცოცხლდება. ოთახი, კედლების ფერი, ნივთები… ეს მისი სახლია. სახლში ყველაფერი მახსოვს, ამ ოთახებს ჩემი კვალი აქვს, ჩემი ტკივილი აქ დაიწყო. თითქოს ყველა კუთხე და კუნჭული ვიცოდი იმ სახლის, მე ხომ მთელი ღამე იქ ვიბრძოდი.
კარზე კაკუნია. მეგობარი უნდა მოსულიყო… უნდა ავდგე. რატომ ვერ ვინძრევი? რა მჭირს? ერთბაშად არადამიანური სისუსტე და დაღლილობა ვიგრძენი. სხეული თითქოს უშველებელი გახდა – მძიმე, უძრავი… მაშინ პირველად გავხდი ისე ცუდად, რომ მეგონა, ფეხზე ვერ ვდგებოდი. კარამდე მანძილს ვსაზღვრავ – ვერ მივალ… ყველა ფიქრს ვახშობ. უნდა ავდგე! უნდა გავიდე! თავს ძალას ვატან და ვდგები. კარამდე მივაღწიე. გამომივიდა.
შეშინებული რატომ ვარ?
უჩვეულო მდგომარეობაა… ან იქნებ განსჯის მეშინია? ისევ ეს ფიქრები, არ მანებებენ თავს.
ზურგს შეგაქცევენ.
ქალიან-კაციანად, გაგლანძღავენ, შენ დაგაბრალებენ.
მოძალადეც ხომ ამას ცდილობდა – ამ სიტყვების ჩემში ჩაბუდებას.
გამოუვიდა?
მგონი კი.
ან იქნებ არა?
ფიქრმა ხომ არ გაგიელვა, რომ ვერ გაგიგებენ? რომ მაინც შენ დაგადანაშაულებენ? „ჩარჩო“ ისევ ჩემთანაა. თავის საქმეს კარგად ასრულებს.
მერე? მერე ძლივს ამოთქვამ ყველაფერს, იმ იმედით, რომ შენთვის ყველაზე ახლობელი ადამიანები გეტყვიან, რომ: „შენთან ვართ, მხარს გიჭერთ“.
მაგრამ არა… რა სამწუხაროა, რომ „ჩარჩო“ მართალი იყო.
შენი ბრალია. შენი ბრალია. შენი ბრალია.
რატომ მიხვედი მასთან? შენ გამოიწვიე.
ხომ არ აზვიდებ? ჰო, ეს ყველაფერი მე გამოვიგონე.
იცი, რომ ცდილობენ, დანაშაულის გრძნობა შენ გაგიჩინონ. მაგრამ შენ ხომ ზუსტად იცი, რომ ეს ასე არ არის? შენი ბრალი არ არის.
და მაინც…
ბოდიშს უხდი ახლობლებს. თანაც ვერ გაგიგია რატომ. შექმნილი სიტუაციისთვის?
თუ შენი ბრალია რომ ამ სამყაროში ამდენი მოძალადეა? ანუ მაინც შეძლეს…
მაინც დაგაჯერეს. გარემოს ამხელა ძალა აქვს? რატომ ექცევი ამ გავლენის ქვეშ?
იქნებ გეშინია, რომ მარტო დარჩები?
და მაინც…
ჩემს თავს ვუმეორებ –
სიცოცხლე იმად არა ღირს, კაცი შიშს მონად გაუხდე.
რა მოხდებოდა, ამ ადამიანებს მაშინ სხვა არჩევანი რომ გაეკეთებინათ? რომ არ შეშინებოდათ სიმართლის მხარეს დგომა? რამდენად დიდი ძალა იქნებოდა ჩემთვის, რამდენს შემმატებდა…
მაგრამ არა უშავს. ბოლოს აღმოაჩენ, რომ ეს გამბედაობა ისედაც გაქვს.
ვითომ გაჩუმება უფრო მარტივია?
შენს მშობლებსაც ეუბნებოდნენ, რომ სახელი გაგიტყდება, თუ არ გაჩერდები?
თურმე თავდახრილებმა უნდა იარონ სირცხვილით, რადგან ვიღაც ნაბიჭვარმა სცადა შენზე ძალადობა.
ნეტავ, ამ ხალხმა თუ იცის, რა ბოროტებას სჩადიან თავიანთი სიტყვებით? რამდენად ღრმა ტრავმებს ტოვებენ სხვებში? ან იქნებ ეს ის ხალხია, ვინც ამაყი მოთმინებით იტანდნენ ძალადობას და ახლა ცდილობენ, შენც ჩაგაქრონ.
ნეტავ მოძალადის მშობლებსაც იგივეს ეუბნებიან?
ალბათ, რა მძიმე ტვირთია მოძალადე შვილი. რა რთულია, იყო მოძალადის დედა. და რა რთულია, იყო მოძალადის მამა.
ცდილობენ, შენც გაგაჩუმონ – „გაჩერდი, უარესი არ დაგიშავოს.“
უარესი?
„არ დაიღალე? შეეშვი რა, იცხოვრე…“ – გეგონება, სხვა ოცნებები არ მქონდეს.
როგორ ვიცხოვრო, უსამართლობის ბურთით ყელში გაჩხერილმა?
არა! ასე ვერ ვიცხოვრებ. სული მეხუთება, ვერ ვსუნთქავ, როცა ვჩერდები.
„მაინც ხომ ვერაფერს მიაღწევ…“
არადა, მისაღწევი რა უნდა მქონდეს დალაგებულ ქვეყანაში?
დღეს, ჩვენს „მშვიდობიან და სამართლიან“ ქვეყანაში, ძალადობა მეტად დაფასებული გახდა.
შენივე ქვეყნიდან წასვლა? შენთვისაც ეს გამოსავალი მოძებნეს?
თურმე შენ უნდა გაიქცე სასწრაფოდ, გოგო ხარ და სახელი არ გაგიტყდეს.
მოძალადემ ხომ უნდა გააგრძელოს თავისუფლად ცხოვრება. ახალი მსხვერპლიც ხომ უნდა შეარჩიოს. ხელი არ უნდა შეეშალოს, არ უნდა გააღიზიანო…
მერე წლები გავა, ყველაფერი ჩაწყნარდება, და შენ დაბრუნდები.
ან… არც დაბრუნდები.
მაგრამ არა! მე აქ ვრჩები და არც დავიღლები.
სულ რომ არაფერი, მე ხომ ვიცი, რომ რაც შემიძლია, ვაკეთებ.
მე ხომ უკვე შევქმენი წინაპირობები, რომ სხვა შემთხვევაში პატარა შეცდომაც შეიძლება ბოლო იყოს მისთვის.
იმ გოგოს ჩემამდე რომ ებრძოლა, ახლა ამას მე ხომ არ დავწერდი…
მაგრამ მისი ხმა ჩაახშეს.
მოძალადემ რომ პასუხი აგოს თავის ქმედებებზე , იქნებ ის გოგოც იმ „ბურთმა“ ასე ძალიან აღარ დაახრჩოს.
ის სიტყვებიც რამხელა ტყუილია – „ეგ ისეთი კაცია, მსგავს არაფერს დაგიშავებდა.“
არადა, სწორედ ეს „რეპუტაცია“ აქვს აფარებული.
რომ არა შერჩევითი სამართალი, სამართლის სისტემის უძლურება, დღეს ეს მოძალადე გარეთ ივლიდა თავისუფლად?
დაუსჯელობით გათამამებული, თავხედურად გააგრძელებდა თავის შეხსენებას?
ისიც ხომ საკითხავია, ჩვენს ქვეყანაში კარიერის საფეხურებზე როგორ ხვდებიან ეს მოძალადე ადამიანები?
პოსტი შემხვდა – გოგო 13 წლის წინ მომხდარ ძალადობაზე სვამს კითხვას: „შემიძლია ახლა ვიჩივლო ამისთვის?“
წლები გადის, მაგრამ გული არ ისვენებს, რადგან მოძალადე დაუსჯელი დადის.
მაშინ, წლების წინ, ეს გოგოც შეაშინეს, გააჩუმეს – პატარა იყო…
სიჩუმით დაიცვეს?
ისე, ნეტა ასეთ სიჩუმეს რა ფერი აქვს? ბინდის?
ამ სიმძაფრით გადმოსცემს ახლაც – „ყოველი დღე ჯოჯოხეთური მაქვს.“
დღემდე ჯოჯოხეთად დარჩა მისთვის ეს ისტორია.
მე კი… ჩემმა გრძნობებმა, შიშებმა თითქოს სიმწვავე , იმჟამინდელი სიმძაფრე დაკარგა, მაგრამ ნეტავ ჩემი „კეთილისმსურველები“ იაზრებდნენ, რომ მრავალი წლის შემდეგ მეც ასე ვიქნებოდი?
ამ უცნობ გოგოზე ვფიქრობ.
ღამით მშვიდად ძილი ენატრება… 13 წლის მერეც.
გამახსენდა – წლების განმავლობაში როგორ მქონდა სხეული დაძაბული…
ძილშიც კი დაჭიმული ვიყავი, კბილებს ისე ვაჭერდი ერთმანეთს, მთელი ყბა მტკიოდა.
ახლაც ანონიმურად წერს:
„არ ვიცი, დაიჯერებთ თუ არა, მაგრამ ეს დარდი სულ თან მსდევს.“
ეს გადარჩენა?
რამდენი ჩაყლაპა სიჩუმემ?
სად არიან ის ქალები?..
ჩემთვის საკეთესო წლები რაც უნდა ყოფილიყო ამას შევალიე, მაშინ როდესაც შემეძლო ბედნიერად მეცხოვრა.
უამრავი ინტერესი მაქვს, ვერ ამოვწურავ.
ამის ნაცვლად, ჩემი ყოველი დღის საფიქრალი და ყველა კვირის გეგმა ასეთია:
დაურეკო გამომძიებელს
ჩანიშნო შეხვედრები უწყებებთან
მოემზადო სასამართლო პროცესებისთვის
მოამზადო განცხადებები
რატომღაც ყველა როლი შენ უნდა მოირგო – აბა, თუ არ შეაწუხე, ეს უწყებები თვითონ ხომ არ გააკეთებენ რამეს.
ადმინისტრაციული სამართალი არ იცი?
უნდა ისწავლო.
სისხლის სამართალიც არ იცი?
არაუშავს, ამასაც ისწავლი.
პოლიციაც რომ ძალიან ცდილობს შენ შეგავიწროვოს?
ჰო, პოლიციის კანონიც უნდა ისწავლო.
ცოტა პროგრამირებაც კარგი იქნებოდა. თუ რამე არ იცი ძალიან ცდილობენ მოგატყუონ, დაგაჯერონ.
ის ხომ იცით,სასამართლო პროცესზე მსხვერპლისთვის უსაფრთხო, კომფორტული გარემოს შექმნა რომ უნდა იყოს პრიორიტეტი?
აქ რატომღაც პირიქით ხდება – მოძალადე თავს ისე გრძნობს, როგორც თევზი წყალში.
იმიტომ ხომ არა რომ ისიც „კანონდამცველია“?
ხო, სასამართლო პროცესის მიმდინარეობაც კარგად უნდა შეისწავლო.
მაგრამ ეს ხომ შენი პროცესია…
ემოციები სად უნდა წაიღო?
ნერვიულობისგან ისე კანკალებ, წყლიან ჭიქას ვერ იღებ.
მაინც ცდილობ, თავაწეული იყო – მოჩვენებითი სიძლიერით.
„ნახეთ, მსხვერპლი ირონიულად იცინის,თანაც როგორი ამაყია, ეს რანაირი მსხვერპლია!“
თურმე მსხვერპლს სიამაყე წართმეული უნდა ჰქონდეს. რაც უფრო საცოდავად წარმოაჩენ თავს, შენთვისვეა უკეთესი.
მაგრამ მე ხომ ვერ ვიტან, როცა ვინმეს ვეცოდები…
ისევ ამ მოჩვენებით სიძლიერეს ავიფარებ.
ლაპარაკიც როგორ ძალიან გინდა, მაგრამ მოსამართლის კითხვაზე –
„დაამატებთ რამეს?“
– ერთბაშად ისევ შიშისა და უმწეობის განცდა გეუფლება. საკუთარი ხმა სადღაც შორიდან გესმის, ბგერები გეკარგება.
პასუხი –
„არა!“
არადა, რამდენი რამაა დასამატებელი…
ამ აკანკალებული ხმით დაიცავ შენს თავს?
აქ ხომ ყველა ცდილობს, რომ ვერ შეძლო…
ვერაფერს იტყვი, მართლაც შესანიშნავი გარემოა მსხვერპლისთვის.
არაუშავს, რომ მოძალადე აქაც ყვირის, არაუშავს, რომ არადეკვატურია – მოსამართლე ხომ ვერ გააძევებს, არა?
ისიც ხომ „კანონდამცველია“.
და ერთ დღეს აღმოაჩენ, როგორი პატარაა ეს ადამიანი.
რამდენად მცირეა.
აი, ის, რომლის პიროვნებაც შენს თავში ასე გყავდა გაზრდილი.
ნაბიჯის გადადგმის გეშინოდა, ფიქრობდი, რომ შენი ოჯახის წევრებს რამეს დაუშავებდა.
გადადგი ნაბიჯი, და რა მოხდა?
მსხვერპლის როლი მოირგო. თანაც როგორი!
ისეთ ისტორიებს ყვება, ლამის მეც დავიჯერო და ავტირდე.
თავის გადარჩენისთვის რას აღარ მოიგონებს კაცი.
ისე კი ვერაფერს იტყვი – ნამდვილად კარგი მსახიობი იქნებოდა, მოწოდებით, გულით „კანონდამცველი“ რომ არ იყოს.
ეს მთელი პროცესიც ხომ აბსურდის თეატრია მსახიობიც რა შესაფერისი შეხვდათ! გაუმართლა „სამართლიან სასამართლოს“.
შენი ხმა ცვლის
იცი..სიჩუმის გარღვევა შვებას ჰგვრის ადამიანს. შენი ხმა ისმის.
მგზავრობისას ბევრი ფიქრი დამყვება. ჩემი თავი მახსენდება ,ჯერ კიდევ მაშინდელი, პირველი სასამართლო პროცესზე – გონებაში კადრები მეორდება. ის გოგო არ მომწონს, რაღაცნაირია,თითქოს გაუცხოებულ სხეულში გამოკეტეს, ვერ გაუგია ამ გაუგებრობაში როგორ აღმოჩნდა. ის გოგო მე არ მგავს.
და ახლა? სარკეში ვიყურები და ვხედავ, რომ იმ ჩამქრალ თვალებში სხივი ისევ დაბრუნდა. რაღაც შეიცვალა ჩემში. როცა გავაცნობიერე რა „პატარაა“ მოძალადე, ხო არაფერი შეცვლილა,ამაგრამ, ძალა მომეცა რაღაცნაირი!ახლა ეს გოგო მე მგავს.
იმას კი ვგრძნობ , რომ თანდათან სხვა თვისებებმა გაიღვიძა ჩემში, ზოგიერთმა თვისებამ კი დაიძინა.
ბოლო დროს ასეთი ფიქრი დამჩემდა – თუ კულტურის ჩარჩოდან არ ამოვარდი, ვერაფერს იღებ. იმას, რაც გეკუთვნის, ელემენტარულისთვისაც ბრძოლა გიწევს. აი, ის ტომები რომ არიან მაორის. აქაც,ძალმომრეობა გახდა ძალაუფლების ბალანსის მექანიზმი. აი, ასე, რაც უფრო აგრესიულობაში გაწაფული ხარ, მით უფრო გადარჩები. არადა, ასეთი ხასიათის ცვლილებაც არ მინდა განვიცადო. ჩვენ ხომ არ ვართ მაორის ტომები? კანიბალიზმი ცოტა ხნის წინ გადააგდეს. თუ აქ სხვა ფორმით ჭამენ ქალებს? სიჩუმემაც ხომ შთანთქა ის ქალები. ჰო, ისე კი ჩემი დაკარგული სიმშვიდე ძალიან მენატრება…
მოძალადეებზეც მეფიქრება ხოლმე. ნუთუ ღირს, ეს ერთი მიწიერი ცხოვრება არარაობა იყო და არასდროს ადამიანი?! ხომ არის ხოლმე – გგონია, მოძალადეს შენ გამოასწორებ, შენ იქნები ის გმირი. გაჯერებს, რომ უყვარხარ, ცდილობს გულში ჩაგიკრას, რათა ასე გულში ჩაკრული დაგახრჩოს. ჰო, აქამდე მართლა არ ვიცოდი, რომ სიყვარულითა და კეთილი განზრახვებით სავსე, მზრუნველი და ერთი შეხედვით უანგარო შეიძლება იყოს ძალადობა! მაგრამ არა, ეს ბრძოლა არ არის. აქ მხსნელი ვერ იქნები, მხოლოდ მსხვერპლი შეიძლება გახდე. ფიზიკურად შეიძლება გადარჩე, მაგრამ კარიერა?… ენერგიას გაცლის, ვერ ვითარდები, შენს პიროვნებას კარგავ… წლებს კარგავ. შენს ენერგიას მოძალადესთან ცხოვრებას ნუ შეწირავ. ასე იტყოდა ილია: “საცა არა სჯობს, გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგან _ ეს არის ჩემი რჩევა, რჩევა თქვენის ქვეყნის შვილისა“.
ბრძოლასთან ერთად ნელ-ნელა მიხვდები, რომ ისევ მყარდები.შენი მენტალიტეტი იცვლება, აღარ ხარ „მოწყვლადი“… ეს სიტყვა არასდროს მომწონდა. სიზმრებიც კი იცვლება.ის თეთრი ფეხსაცმელი გავიხადე სიზმრებშიც, რომლითაც იმ ღამით ვერ გავიქეცი და რომელიც მთელი ეს წლები კოშმარად მექცა. ყველა სიზმარი ერთი შინაარსის იყო… გაქცევას ვერ ახერხებ… თოვლზე თხილამურებით სრიალებ და უეცრად თოვლი შრება, გზა აღარ გაქვს, გამოსავალსაც ვერ ხედავ. და ახლა შეგიძლია ეს თხილამურები უბრალოდ გაიხადო და მიწაზე გააგრძელო სიარული. ტალახია, გაქცევას ცდილობ და შენი თეთრი ფეხსაცმელით ტალახზე სრიალებ. კიბეზე გარბიხარ და კიბის საფეხურები იშლება, თავდება. ახლა შეგიძლია ჩამოხვიდე მაგ კიბიდან და სხვა გზა აირჩიო… გარბიხარ, ყვირილი გინდა, მაგრამ შენი ხმა არ ესმით – იმ ღამის რაღაცნაირი განწირული ხმა თან გსდევს. და ახლა, შენი ხმა სულ ესმით. სიზმარშიც უამრავი ადამიანი ჩნდება, შენთან აღარ გეშინია, გაქცევა შეგიძლია.
ჰოდა, ეს რას მოვაყოლე? როდესაც ძალიან დიდ სტრესს განიცდი, თითქოს გამოსავალს ვერ ხედავ, ყველა გზა იხურება. მაგრამ როგორც კი შიშს არ მისცემ უფლებას, შენს გონებაზე მოიპოვოს გავლენა, გზა იხსნება, ახალი მიმართულებები ჩნდება. ახლა თამამად შემიძლია ვიყვირო. ამოუღებელი ხმა კოშმარად გექცევა, თუ არ გამოუშვი… ნუ გაქვავდები, იმოქმედე, რომ გათავისუფლდე.
როდის მოხდა გარდაქმნა? ნეტავ ფსკერზე როდის ვიყავი?
იმ ბინდისფერ სამყაროში სამყარო გვჩუქნის ნათელ ფერებს, საყრდენებს. ესენი მეგობრები არიან… ისინი, ვინც ყველას როლი თავის თავზე აიღეს. ძალას გმატებენ, დაცემის საშუალებას არ გაძლევენ. და აღმოაჩენ, რომ შენთვის უცხო ადამიანები შეიძლება ძალიან ახლო გახდნენ.
როგორ მინდა, ერთხელაც გამბედაობა ჩვენში ჩასახლდეს. ყველა ჩახშობილი ხმა რომ ამოითქვას ერთად. აი ასე, ერთ დღესაც რაღაც „ჯადოსნური თავისუფლებით“ ავლაპარაკდეთ. ეს გრძნობა, ალბათ შვებას ჰგავს, გათავისუფლებას.
ნუ აირჩევ დუმილს. შენი სიჩუმე მხოლოდ დროებითია… გაბედე.
ნუ გეშინია ფსკერის – მხოლოდ მისგან იწყება შენი ყველაზე ცოცხალი სიცოცხლე.”
მჯერა, ერთ დღესაც გამბედაობა ჩვენში ჩასახლდება. ყველა ჩახშობილი ხმა ერთად ამოხეთქავს და რაღაც “ჯადოსნური თავისუფლებით” ავლაპარაკდებით.
ავტორი: “SophiThor”

