ურთიერთობის დაწყების სირთულეები

თუ თინდერის აპლიკაციის გაუქმება ერთხელ მაინც გიცდიათ, გაუქმებამდე რამდენიმე შესაძლო მიზეზის მონიშვნას გთხოვთ, რომელშიც ჩემი ფავორიტია «I met someone». მოკლედ ბოლოჯერ როცა ეგ ღილაკი მოვნიშნე და ცხოვრების მშვიდად გაგრძელებას დაველოდე, მეგობრებსაც ვაცნობე ჩემი სიახლე ურთიერთობაში, ვერ გავითვალისწინე ერთი კარგი ანდაზა- «მოჩქარეს მოუგვიანდესო»… ხოდა სულ რაღაც ორ კვირაში ურთიერთობაც დასრულდა და თინდერის აპლიკაციაც ხელახლა დაინსტალირდა.

იდეალური პროფილი შექვმენი. ყველაფერი მივუთითე ჩემს შესახებ- მომავალი ექიმი, მოცეკვავე, მუსიკოსი. წიგნების, კატების და კულინარიის სიყვარულზეც მივაწერე და დაველოდე იდეალური მეორე ნახევრის გამოჩენას.

ღმერთმა თუ ბუნებამ გადაწყვიტა, რომ ურთიერთობაში პარტნირს ძირითადად ქალი ირჩევს. ერთ ქალზე იმაზე მეტი მამაკაცი მოდის, ვიდრე მამაკაცზე ქალი. ძებნის მომენტში შესაბბამისად შეიძლება ერთი ჩემო გემოვნების გოგოსთვის მე, ვინმე სპორტსმენი, მათემატიკოსი ან თუნდაც ჩემივე მისწრაფებების ადამიანი ვიბრძვით და იმ ქალბატონსაც ისღა დარჩენია, რომ ჩვენს შორის საუკეთესო ამოარჩიოს.

მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად ქალები წყვეტენ ვინ გულში უნდა გაუშვან და ვინ გილიოტინაზე, ხანდახან არჩევანის წინაშე მამაკაცებიც ვდგებით. ხოდა ამ მცირე შემთხვევებში, თუ ვინმეს აინტერესებს, ჩვენც გვაქვს ჩვენი პრეტენზიები.

მოკლედ ვინმე ისეთის ძებნა დავიწყე, ვისაც ზეციურმა ძალამ წიგნების, ცოტა ჯაზის და ცეკვის სიყვარული დააშუქა და ჩემთვის გამოგზავნა რაიმე პლატონური ან უფრო ახლო ურთიერთობისთვის. ფიზიკური მხარეც გასათვალისწინებელია, თუმცა წინასწარ განსაზღვრაული არასოდეს. ხან ქერა იქნება, ხან შავგრემანი, ხან ციფერთვალება ან კიდევ ვინ იცის…

წინა წარუმატებელი ურთიერთობებიდან ხომ გარკვეული გამოცდილებაც დამრჩა და ვეცადე, შემდეგს მომზადებული შევხვედროდი.

თუ პირველ წერილზე პასუხი მიიღე და საუბარიც კარგად მიდის, ეცადე, პირველივე დღეს არ მოუყვე შენს თავზე ყველაფერი, ან ის დეტალები მაინც, სადაც სკოლიდან მოყოლებული დღევანდლამდე ყველა სასიყვარულო ობიექტის მიმართ ტრფობას იხსენებ.

ნუ გააგზავნი წერილებს ყოველ დღე. ეცადე, თავი არ მოაბეზრო და აიღე რამდენიმე დღის შუალედი, მაგალითად ორი დღე, რომლის დროსაც მხოლოდ მისგან მიღებულ წერილებს უპასუხებ. მიუხედავად დიდძალი სიმპატიისა, გამომჟავნებისას ზედმეტი არ მოგივიდეს და არც ის გაუმხილო, რომ უკვე შვილების სახელებზეც გაქვს ნაფიქრი. ასე მას შეაშინებ და შეიძლება დასაწყისშივე გაიფუჭო საქმე.

კარგად გაიცანი მისი ყველა ინტერესი, ყოველდღიურობა, თვისებები და მერე გადაწყვიტე, ღირს თუ არა ურთიერთობა მეტად სერიოზული გახდეს, თორემ თუ სიყვარულსაც აუხსნი და ხელსაც თხოვ, მერე კი გაიგებ, რომ დიდად შენი ტიპი არ არის, მეტასტაზები მომაკვდინებლად შორს იქნება წასული.

ამ სამი წესის კარგად გააზრების შემდეგ მოქმედებაც დავიწყე და მალევე გავიცანი ვიღაც. ყველაფერი მარტივად მოხდა-სადღაც დავპატიჟე, წიგნებზეც ვისაუბრეთ, ტანგოს საღამოზეც ვიყავით და ძალიან მოეწონა.

სულ რაღაც ერთი კვირა გავიდა, რაც ვხვდები და ყველაფერი კარგად მიდის, ვდგავარ მობილურით ხელში და ვფიქრობ თინდერის გაუქმებას მიზეზით -«I met someone», თუმცა მოიცა…

მგონი ეს აჯობებს — «pause my account».

რა იცი, რა ხდება.

ავტორი: ლუკრეციუსი