-WEEEE *ტირის*
-დააწყნარდი,დე, დავიღალე უკვე
-საუზმე სადაა?!
-იქნება მალე
-დე, გვაგვიანდება სკოლაში
-წაგიყვანთ,ხო
და ასე, დ ა უ ს რ უ ლ ე ბ ლ ა დ…
საძინებელში, მარცხნივ, თაროზე, დამტვერებული, ხასხასა წითელი ფერის დიპლომი დევს. ეტყობა, ქმრისაა, თორემ ეს დიასახლისი არ ჰგავს მაგის პატრონს. ვაი, რომ სწორედ დიასახლისია ის უბედური პატრონი. პატრონი, რომელმაც, ილიასი არ იყოს, რიგიანად ვერ მოიხმარა ის ძვირფასი 4 წელიწადი.
ეჰ და მაინც, ცხოვრებაც იმ 4 წელიწადში ჩქეფდა, მისი ცხოვრების აზრი და ბედნიერებაც იმ 4 წელიწადში იდო, იმ 4 წელიწადს შეჰყურებდა გააფთრებული იმედის თვალებით, იმედით, რომ ოდესღაც მიაღწევდა თავის საწადელს, სარკეში ჩაიხედავდა და იტყოდა – HELL YEAH, I MADE IT!
დააცალა კი ვინმემ?!
ერთ ჩვეულებრივ დღესაც ცხოვრება პირუკუღმა დაუტრიალდა და ის ფრთები, რომლებსაც ასე მონდომებით ისხამდა, სათითაოდ დააჭრეს. ის ფრთები დააჭრეს, რომლებითაც შეეძლო მთელი სამყარო შემოეფრინა და დაუბრკოლებლად ენავრდა ცაში. მაგრამ იცით მისი ბოლო სად აღმოჩნდა? გალიაში, ერთ დიდ, უშველებელ გალიაში, რომლის გასაღებსაც საძინებელში, მარცხნივ, თაროზე მოიპოვებდით.
და თქვენ თუ იცით, რამდენ ასეთ გოგოს გაუწყვეტია ძაფი იმ აუხდენელ ოცნებებსა და თავიანთ თავებს შორის, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ოჯახი შექმნეს?!
იცით, თუ რამდენმა მათგანმა ჩაიკლო გულში ყველა ის სურვილი?!
იცით, თუ რამდენის აღმაფრენა და აღტაცება დანარცხებულა ქვემოთ, მიწაზე და იქ, ზემოთ, დარჩენიათ ყველაფერი, რისკენაც ასე გამალებით მიილტვოდნენ და მიისწრაფოდნენ?!
იცით, თუ რა დარჩა ასეულობით ასეთი გოგოსგან?! პასუხი მარტივია: ‘’იგისგან სწორედ ის დარჩა, რაც იგიში იყო’’, არც მეტი და არც ნაკლები.
დარჩა და აღარც გაღვიძებულა. გახრწნილა იმ გოგოს სულშივე და მრავალი, მრავალი გამოსწორების მცდელობის მერე, იმ ‘’ეჭვით აღვსილი, უსასოდ ქმნილი, გულ-უიმედო, გაუხარებელი’’ ჩიტუნას სული საბოლოოდ დაცემულა იმ გალიაშივე, რომელშიც იმ ერთ ‘’ჩვეულებრივ’’ დღეს შეაფრინეს, აქაოდა თავისუფალი და ბედნიერი იქნებიო.
და ბოლოს, ეს ბლოგი არავის სანუგეშოდ თუ საამებლად არ დაწერილა. დაწერილა, იმისთვის, რომ კიდევ ერთი დიპლომი უპატრონოდ არ დარჩეს.
დაე, იბრძოლეთ იმისთვის, რომ იმდენჯერ გამოიყენოთ ის დიპლომი, რომ აღარაფერი აღარ დარჩეს მისგან.
- სიყვარულით, უდიპლიმო, თუმცა როცა ექნება, უპატრონოდ არ დამტოვებელი, ზეინაბი გაურგაშვილი.

