ნაირ-ნაირ ფერის, ტყუილები ვჭამეთ

დღეს პირველი აპრილია 

და ჩვენი მოტყუება არც მანამდე იყო ძნელი

ბავშვობაში იმას გვატყუებდნენ

თუ ამ უგემურ სუპს ბოლომდე არ მოაპრიალებ, მახინჯი ცოლი/ქმარი შეგხვდებაო

ზოგი აპრიალებდა – რადგან ავტორიტეტი ეუბნებოდა, რაც ავტომატურად ნიშნავდა რომ აი, 100% იანი ფაიზაღი იყო. 

თუმცა ზოგი რებელა ბავშვი დიდ გემბლინგზე მიდიოდა – მისთვის მახინჯი ქმარი/ცოლი უფრო ნაკლები ბოროტება იყო, ვიდრე ხახვიან-მაკარონიანი წყლის ბოლომდე ჭამა. 

 

შემდეგ ბებიები გვატყუებდნენ:

ბებოს ლამაზი ბიჭი/გოგო ხარო. 

ახლა ზოგი ვიხსენებთ ბებიების ნათქვამ ამ ფრაზას და დანანებით ვაქნევთ თავს – როგორ ვტყუვდებოდით ერთი მოხუცი ქალისგან ასე. 

 

თუმცა რა ვიცოდით, რომ მას მერე, რაც ხმის მიცემის უფლებას მოვიპოვებდით, ტყუილები უფრო კომპლექსური გახდებოდა, თუმცა მექანიზმი – იგივე. 

როცა ბავშვობაში გვატყუებდნენ, გვატყუებდნენ იმიტომ, რომ სიმართლის თქმა უფრო რთული იქნებოდა და საერთოდ – ვერც გავიგებდით. თან მორჩილების გამოსაწვევად – გაცილებით მარტივია ადამიანს ის უთხრა, რისი მოსმენაც ესიამოვნება და აწყობს. 

ხოდა, ახლაც, პოლიტიკოსები, პარტიები ინფანტილურ ბავშვებად აღგვიქვამენ – იმას გვეუბნებიან, რისი მოსმენაც გვინდა და ამ დაპირების მიღმა არსებული მექანიზმის ახსნისთვის თავს არ იწუხებენ. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ჰგონიათ, მაინც general public – ს ინტელექტის იმდენი დონე არ აქვს, ტყუილებს მიხვდნენ და მეორე იმიტომ, რომ თავადაც არ იციან, თავიანთი ნათქვამის მიღმა რა შინაარსი აქვთ (ინტელექტის მაგხელა დონე არ აქვთ). 

პენსიის ბლოგის წერისას, მამუკა ხაზარაძის ნათქვამს წავაწყდი – 2030 წლისთვის პენსია 1000 ლარი იქნებაო. ხოლო ჩემი ხელისუფლებაში მოსვლის წამიდან, 500 ლარი გახდებაო. 

უდაოდ მადისაღმძვრელი დაპირებაა. 

აზრზე არ ვართ, ამას რანაირად მოახერხებს, მაგრამ 500 ლ ბევრად ჟღერს. 

მეორე მხრივ, ჩვენი ეკონომიკის მინისტრი გამოეპასუხა – სისულელეს ამბობო. ქვეყნის ბიუჯეტის გათვალისწინებით პენსიის ასე გაზრდა უპირობოდ ნონსენსიაო. 

ან ერთი რატოა შესაძლებელი, ან მეორე რატომაა ნონსენსი – ამას არავინ გვიხსნის. 

რატომ? 

იმიტომ, რომ პოლიტიკოსებისთვის ის ინფანტილური ბავშვები ვართ, რომელსაც ფაფას უბლენდერებენ და ისე აწვდიან, ღეჭვა რომ ვერასდროს ისწავლონ. 

ეკონომიკა ვითარდებაზე ის პერიოდი მახსენდება, ივანიშვილმა თავის გამოსვლაში რომ თქვა, ლარი იქცევა ძალიან ჯანსაღადო – ახლანდელი გადმოსახედიდან, ლარის მდგომარეობა მართლაც ჯანსაღად მოგვეჩვენება – 1$=2 ლარს უდრიდა. თუმცა ამ განცხადებიდან რამდენიმე წელში ლარმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – 1$=3.44 ლ ღირდა. 

მატრავმირებელი გამოცდილებების გარდა, ბედნიერი ბავშვობის ტყუილებიც გვახსოვს. 

მაგალითად, ცეცხლივით რომ მოედებოდა ხმა კლასს – მათემატიკა ცდებაო. 

აი, ხომ ვიცოდით რომ 1-ლი აპრილი იყო. 

ხომ ვიცოდით, რომ გვატყუებდნენ. 

მაგრამ სადღაც, გულის სიღრმეში მაინც ვენდობოდით ამ ტყუილს – ისე სასოწარკვეთით გვინდოდა მათემატიკა მართლა გაცდენილიყო, რომ დელულუში ძალით ვიხვევდით თავს. 

მორალი? სასოწარკვეთილი ადამიანის მოტყუება ძალიან მარტივია. 

სასოწარკვეთილ ადამიანს ქვეცნობიერი სურვილი აქვს, ტყუილი მოისმინოს, რადგან სიმართლის მოსმენა გაცილებით მატრავმირებელი შეიძლება აღმოჩნდეს. 

ხო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მერვე კლასში მტკივნეული სიმართლის მიმართ გამძლეობა ჯერ კიდევ არ გვქონდა ჩამოყალიბებული. 

ჩვენი წინაპრები, 1121 წლის 12 აგვისტოს ომში რომ იბრძოდნენ, გვიყურებენ და სირცხვილით იწვიან! მერვე კლასში უკვე 4 თურქ-სელჩუკი ჰყავდათ მოსპობილი! 

 

ა, და ჩემი საყვარელი ტყუილი: 

TBILISI HAS THE MOST COMFORTABLE PUBLIC TRANSPORT 

საზოგადოებრივ ტრანსპორტზე იმიტომის საცავში რამდენიმე ბლოგი ინახება, სადაც დეტალურად არის აღწერილი, რატომ, რომელ საათზე და სად არ გვაქვს კომფორტული საზ. ტრანსპორტი. 

ამ ამბავთან დაკავშირებით მრისხანება შემიმცირდა. მხოლოდ იმიტომ, რომ გავფუჭდი და ბოლო 6 თვეა, რუსთაველის მეტროსთან ავტობუსის ლოდინისა და მასში ვერ ასვლის ნაცვლად, უბრალოდ ტაქსით ავდივარ ხოლმე სამსასხურამდე. 

მაქვს საამისო რესურსი? პრაგმატული ფინანსრული გადაწყვეტილებაა ჩემი მხრიდან? 

არა და არა. 

ნერვები უკვეთ მაქვს? 

კი. 

მოკლედ, მერიის მარკეტინგი კი მსგავსი სლოგანებით გავტყუებს, მაგრამ ეს ერთადერთი ტყუილია, რომელსაც ქართველი ერი უბრალოდ არ დაიჯერებს. 

 

თუმცა ყველაზე ბომბა საპირველაპრილო ხუმრობა მაინც ის იყო

საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი 4-2 რომ დაამარცხა და ბატონმა კობახიძემ – ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი ქართულ ოცნებას და ბატონბიძინაივანიშვილს მიუძღვისო (ეს, ბიძინა ივანიშვილიც ახსენა თუ არა, ზუსტად არ ვიცი, მაგრამ კობახიძის საუბრების სტატისტიკურ ანალიზს თუ გავაკეთებთ SPSS – ის გამოყენებით, სტატისტიკურად სიგნიფიკატორულ დაშვებას მივიღებთ, რომ კი, ამ შემთხვევაშიც ახსენებდა). 

ქართულმა ოცნებამ ისეთი ინფრასტრუქტურული პირობები შეუქმნა ბიჭებს, რომ გამარჯვება გარანტირებული იყოო. კარგი, თავი დავანებოთ იმას, რომ ნაკრებს ქართველი ერი საკუთარი ჯიბიდან ვაფინანსებთ. 

კარგი, იმასაც თავი დავანებოთ, რომ მე და ჩემმა მეგობარმა თამაშამდე 1 დღით ადრე ასკეზა დავდეთ – თუ გავიმარჯვებდით, 1 დღე არ მოვწევდით! 

მაგრამ  ბატონო კობახი, თვალებში ნაცრის შეყრამდე იქნებ მამლის ყივილს მაინც დავუცადოთ, სამჯერ?!

 

აბა, სხვა ბევრი პირველი აპრილი, მწარე სიმართლეები და გამარჯვებები ჩვენს ერს! 

ეს, ეს ავადმყოფი ერიი… არაააა!