
ამ ქვეყანაში თუ წიგნზე ლაპარაკობ, დიდი შანსია, რომ წაკითხული გქონდეს. თუ ამ წიგნებზე ბევრს და თანაც საინტერესოდ ლაპარაკობ, დაკვირვებული თვალი შენიშნავს, რომ ლიტერატურა გიყვარს. იმ შემთხვევაში, თუ ამ დაკვირვებული თვალების უკან პირველ კლასელის დედაა, იგი დაინტერესდება, რატომ აღარ უყვარს მისი ექვსი წლის შვილს წიგნები და ამ კითხვით, საკუთარ თავს არა, მაგრამ სამი წუთის გაცნობილ უცხო ადამიანს კი მიმართავს, რომლის ბეიჯზე გამოსახული რამდენიმე მფრინავი წიგნი, ,,გამართული მეტყველება” და სათვალე, დედისთვის უტყუარი მტკიცებულებაა იმისა, რომ კონსულტანტი გადაჭრის ,,გადაუჭრელ პრობლემას.” სამწუხაროდ, წიგნის მაღაზიის რიგითმა თანამშრომელმა ამაზე ბევრი რამ არ იცის, მაგრამ საკუთარი გამოცდილების გაზიარება კი შეუძლია.
ბეჭდურ თუ ინტერნეტ, ქართულ თუ უცხოურ რესურსებში, უამრავი რომანი თუ ,,რომანივით საკითხავი” მასალა მოიძებნება თემაზე თუ ,,რატომ არ კითხულობს ჩემი შვილი?.“ გუგლს ამ შეკითხვით მარტო ქართველი მშობლები არ აწუხებენ, თუმცა კი ყველა ამ კითხვაზე პასუხი ხშირად იმ გვერდის სახელზე დადის, რომელზეც ახლა თქვენ ამ სტატიას კითხულობთ. დიახ, თქვენი შვილი ,,imitom” არ კითხულობს რომ…
სინამდვილეში ადამიანების უმეტესობას წიგნი ხომ იქამდე გვიყვარდება, სანამ კითხვას ვისწავლით. ძილის წინ, მშობლის მიერ ათასჯერ წაკითხული ერთი და იგივე, თითქოსდა მოსაწყენი ამბავი აღებს ახალ კარს ლიტერატურულ სამყაროში. ეს კარი არაფრით ჰგავს ქართული სახელმწიფო უნივერსტიტებისა თუ უბნის სუპერმარკეტების კარს, რომლებიც უნდა დაამარცხო (პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით, რადგან მათი გაღება სერიოზულ ძალას მოითხოვს). ლიტერატურული კარი ძალიან ჩუმად და მარტივად იღება, მაგრამ როგორც კი სკოლაში შევდივართ, ეს კარი მძიმე, ჭრაჭუნა და ხიჭვებით სავსე ხდება(ხიჭვებში ავტორმა სასკოლო პროგრამაში შესული ნაწარმოებების 80% იგულისხმა). მშობლები წიგნებთან მარტოს გვტოვებენ, თანაც საკუთარი ბავშვობის წიგნებთან, ე.წ. კლასიკებთან, რომლებსაც ვერაფერს ვუგებთ და ამის შემდეგაც უკვირთ, როგორ არ კითხულობ, ბავშვობაში ხომ ძალიან მოგწონდაო?! ჩვენი ყველა ლიტერატურული მეგობარი ერთდროულად ქრება და ახლების პოვნა გვიჭირს. რითი გვეხმარებიან? ,,არა, ჯერ ეგ წაიკითხე და მერე ტელეფონი.“ ,,ჯერ აკაკის ჩემი თავგადასავალი მორჩი და ეზოს შენი თავგადასავალი მერე,“ ,,წრიპა ბიჭი კი არა, რამე წესიერი წაიკითხე“ – ეს და სხვა ფრაზები გინდ მკაცრი ტონით გვითხარით და გინდ მოფერებით. ამის შემდეგ წიგნი ჩვენთვის სასჯელი ხდება, სხვა ყველაფერი პენელოპე ოდისეას შემდეგ.(იხ ჰომეროსის ,,ოდისეას“ ბოლო რამდენიმე გვერდი, თუ მთლიანად წაკითხვა გეზარებათ). საბოლოო ჯამში კი ვიღებთ იმას, რომ ბანკების სოციალური რეკლამები არის ერთადერთი ადგილი, სადაც ბავშვი კითხულობს.
სკოლაში შესვლის შემდეგ რად იქცევა ის ჯადოსნური ეტლი, რომელიც ძილის წინ სასიამოვნო თავგადასავლებში დაგვატარებდა? გამოცდად.
– გერაძე, შეგიძლია უთხრა კლასს, რატომ დაეტაკა თხა გიგოს?
ამ კითხვაზეა დამოკიდებული მომავალი რამდენიმე წელი, წავიკითხავ წიგნს თუ არა. ჰოდა მეც მინდება ისევ მამაჩემის მიერ მოგონილ სამყაროს დავუბრუნდე, რადგან იქ არავინ სვამდა კითხვას, იქ არ მიყურებდა 36 თვალი, და არ მისმენდა 35 ყური(ჩემს ერთ კლასელს ახალ წელს ასაფეთქებელმა რაღაც დამართა). კითხვების დასმა კარგია, მაგრამ რა ხდება მას შემდეგ, თუ მას ვერ ვპასუხობ? შემდეგ ან კითხვებს და წიგნს ვიძულებ, ან მხოლოდ იმისთვის ვკითხულობ, რომ მასწავლებელს ვუთხრა რა იგულისხმა ავტორმა სატრფოში? მოსაბეზრებელია. ქრება წიგნისგან მიღებული სიამოვნება.
ქრება არჩევანის უფლებაც, არავინ გვეკითხება დღეს რა წავიკითხოთო? სიამოვნება მარტივად გადაიქცა ვალდებულებად და ჩვენც შევწყვიტეთ კითხვა. დავიხურეთ წითელი ყურებიანი ქუდი და დავიწყეთ ფიქრი – რა მოუვათ იხვებს, თუ მზიურის პარკში ტბა გაიყინება.
იმიტომ არ ვკითხულობთ, რომ ხელს გვიშვებენ და დამოუკიდებლად სიარულის სწავლისთვის დრო და დაცემა(ავტორს შეუძლია ახსენოს კამიუს ნაწარმოები, ჭკვიანი რომ გეგონოთ, მაგრამ არ აკეთებს) გვჭირდება, მაგრამ არც ერთს გვაძლევენ და არც მეორეს საშუალებას გვიტოვებენ. მასწავლებლების მიერ საზაფხულოდ საკითხავ სიას, მირჩევნია ჩემით ვიბოდიალო წიგნის მაღაზიებში, ავურიო თაროები და ვიპოვო წიგნი, რომელსაც სათვალიანი ბიჭი და მის გვერდით უზარმაზარი კაცი ახატია, ანდაც სხვა, აი, ეს უცნაურ არსებებიანი წიგნი, ბეჰემოტებს რომ გვანან და ვიღაც ფინელის დაწერილი რომ არის. მე თუ ავირჩიე, ე.ი. ძალიან მომეწონება, სხვას მაინც არ დავაბრალებ, ჰოდა თუ არ გამახსენა ბავშობის ზღაპრებში ფრენა, მაშინ სხვას წავიკითხავ, მერე ისევ სხვას და ,,ძებნაში არ დავიღლები.“(ბორხესის ამ ფრაზამდეც მივალ როგორმე ჩემით.)
ყველაზე წარმატებული ბავშვების ფსიქოლოგი, ჯეიმს ბართი ამბობს, რომ ,,კითხვის შესაყვარებლად, მხოლოდ საკუთარი ოთახი საკმარისი არ არის.“ თანაც თუ ნაქირავებში ცხოვრობ, რთულია ბავშვსაც საკუთარი ოთახი ჰქონდეს. (მწუხარე ავტორი შენიშნავს.)
ხშირად შვილების თვალწინ მისვამენ ხოლმე ამ კითხვას, მეც ეგრევე ბავშვს ვუყურებ და ვხვდები, რომ ორივეს ერთდროულად გაგვიტყდა, რადგან ორივემ ვიცით, რომ ძალიან ბევრს ვკითხულობთ და უფრო ბევრს წავიკითხავთ, როცა ამის დრო და სურვილი მოვა.
როგორც ჩემი საყვარელი თანამედროვე ქართველი მწერალი იტყოდა: ,,ცეკვას თურმე სწავლა კი არა, დავიწყება ჭირდებაო,“ კითხვაზეც ეგრეა.
ბოლოს გეტყვით, რომ ჯეიმს ბართი არ არსებობს და სულ ტყუილად დაგუგლავთ, ხუთი წუთის წინ მოვიგონე, მაგრამ თუ ფრაზა მოგეწონათ, იმის გამო რომ ქართველისაა, ნუ დაიწუნებთ.
წიგნები, რომლებიც ბავშვებს ავტორმა შეფარვით, მათი ყდების აღწერით, ურჩია:
ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა – ჯ.კ. როულინგი.
კომეტა მუმინების ხეობაში – ტუვე იანსონი.
სულ ცოტათი დიდებს, ავტორი, არც ისე შეფარვით, მზიურის ტბაზე გაკეთებული კომენტარით, გირჩევთ:
თამაში ჭვავის ყანაში – ჯერომ სელენჯერი.
იმ მშობლებს, რომლებიც ამ სტატიას კითხულობთ და ეს თემა ნამდვილად გაინტერესებთ, ავტორი თამამად გირჩევთ:
დანიელ პენაკის ,,რომანივით საკითხავს.”
ხოლო მათ, ვისაც დეპრესია აქვთ, ავტორი, ფსიქოლოგთან ვიზიტის გარდა, გირჩევთ:
ალბერ კამიუ – დაცემა.
ხორხე ლუის ბორხესი – ქვიშის წიგნი.
ავტორი: თემო გერაძე