ბავშობაში, როცა მე და ბებიაჩემი ძალიან ბევრ ოთახიან სახლში მარტო ვრჩებოდით, არასდროს ვკეტავდით კარს, არაფერია საშიშიო და ჩვენც, იუნ ფოსეს წიგნის გმირების არ იყოს, ღია კარში გვეძინა. შეიძლება, მე რომ არ შემშინებოდა იმიტომ ამბობდა ამას, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ტკბილად მეძინებოდა.
,,რა გვეშველება, ქალებსაც თუ შეგეშინდებათ? დაიქცევა ქვეყანა, ცის თაღი ჩამოვარდება, ვარსკვლავები კი მტვრად იქცევა“ ამბობს მარის კონდე და მართალიცაა.
მარის კონდე ჩემთვის დიდობაში ნაპოვნი ასტრიდ ლინდგრენია. პეპისა და ტომის ამბებს არ ყვება, არც ბავშვებისთვისაა, უბრალოდ ძალიან კეთილი მწერალია და, დარწმუნებული ვარ, მსგავსი ადამიანიც იყო. ,,მე, ტიტუბა… შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან“ რამდენიმე თვის წინ გამოიცა ქართულად. დიდი ხანი ვუვლიდი გვერდს და თურმე ძალიან სწორ დროს წავიკითხე. მკითხველის კრიზისი საკმაოდ მძიმე სტადიაში იყო და ალბათ მხოლოდ ასეთი წიგნი თუ მიშველიდა.
წიგნის მთავარი გმირი ტიტუბაა, უსიყვარულოდ ჩასახული და გაზრდილი შავკანიანი მონა, რომელიც დედას მალევე მოაშორა სამყარომ. დედა გარდაიცვლება და ტიტუბა მხოლოდ მას შემდეგ იწყებს მასთან საუბარს. ამ წიგნში ზღვარი სიკვდილსა და სიცოცხლეს, მონობასა და თავისუფლებას შორის ძალიან გაფერმკთალებულია,შეიძლება არც არსებოს, რადგან ცოცხალი, მონა ტიტუბა, ყოველი ფეხის ნაბიჯზე ძალიან ახლოსაა სიკვდილთან, რადგან ცხოვრება ასეთია და, ამავდროულად, თავისი ფიქრებით, ოცნებით, სურვილებით ყველაზე მეტად თავისუფალია, იმ ხალხზე უფრო თავისუფალია, ვინც რეალურად ფლობს მას. ტიტუბა, რომელსაც არაფერი გაუკეთებია სხვისი მითითების გარეშე(,,და ტიტუბა გახდა მახინჯი, უხეში და დამცირებული, რადგან ამათ გადაწყვიტეს ასე“), დედამიწაზე ყველაზე თავისუფალი ქალია. ტიტუბა თითქოს განწირულია სამყაროსაგან. ისახება მონის სხეულში და იბადება ქალად, იგი ცალსახად ,,კიდევ ერთი მსხვერპლია, რომელსაც დამნაშავედ მიიჩნევენ.“ ნაწარმობში ტიტუბას თითქმის არაფერში გაუმართლებს, თუმცა მან ძალიან კარგად იცის, რომ თუ თავისუფლებაზე ფიქრს არასდროს შეწყვეტს, სიკეთის კეთებაზე უარს არ იტყვის, გააგრძელებს ბნელის განათებას, ასრულდება მისი დედინაცვალის სიტყვები, რომ ,,ყველა წარმავალია, მხოლოდ და მხოლოდ შენ გადარჩები…“ და ტიტუბა, შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან მართლაც გადარჩა. მარის კონდეს ეს ულამაზესი ტექსტი, ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოებია, მათ შორის რაც კი ოდესმე წამიკითხავს. ნამდვილი ჰიმნი თავისუფლებას.
რამდენიმე დღის წინ, ჩემი საყვარელი გამომცემლობის ერთმა გამომცემელმა(მარის კონდეს გადმოქართულება სწორედ მათი დამსახურებაა) წელს არაფერი წამიკითხავს, დრო და ნერვები არააო, მეორემ თქვა მხოლოდ სტატიებს ვკითხულობ, დილიდან საღამომდე იმდენი რამე ხდება, ლიტერატურისთვის ვისღა სცალიაო, მესამემ თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც რუსეთს უნდა, ოქტომბრიდან დავიწყებთ კითხვას ,,სროკზეო,“ სიაც მაქვს მანდ საკითხავი წიგნებისო. მოკლედ, გურამ დოჩანაშვილსა და მის ლეოპოლდინოს თუ არ ეწყინებათ, მთლად ყველაფერი გენიალურად ვერ არის, მაგრამ ,,Punk is not dead!”
ეს უკანასკნელი ჩემი სიტყვები არაა და ალბათ არც მთლად მარჯან სატრაპის, თუმცა ფაქტი ერთია, ირანელი ავტორის ,,პერსეპოლისი“ ერთ-ერთი ყველაზე დიდებული წიგნია, რომელიც თავისუფლების სურვილზე დაწერილა. მკითხველის კრიზისი უკვე ვახსენე და ეს ძალიან ჩვეული ამბავია. წელიწადში ერთხელ, რამდენიმე კვირა ვერაფერს კითხულობ და ხშირად წიგნების დანაშაული ამ საქმეში მინიმალურია. რას იზამ, ათი საათიდან ექვს საათამდე როცა მუშაობ და შემდეგ რუსთაველზე გასვლა გიწევს, თავისუფლების დასაცავად, ძნელია კითხვისთვის დრო მონახო. მაგრამ მარჯან სატრაპის ,,პერსეპოლისი“ სწორედ ასეთი მძიმე კრიზისების გადასალახად და საკუთარ თავში ძალის საპოვნელად შექმნილი კომიქსია. არ ვიცი, ეგებ ეს მიზანი სულ არ ჰქონია ავტორს და მას უბრალოდ საკუთარი მძიმე ბავშვობ/თინეიჯერობის გაკომიქსება სურდა, მაგრამ ტყუილად არ არის, რომ მისი დაწერიდან დღემდე, სადაც პროტესტია, იქვე ,,პერსეპოლისია.“
გრაფიკული რომანი იწყება მაშინ, როცა მარჯან სატრაპი პატარაა, ცხოვრობს მშობლებთან თბილ სახლში, მაგრამ ის, რაც მის ფანჯრებს მიღმა ხდება, ნელ-ნელა უარესდება. დიქტატურა ოჯახშიც აღწევს და საუბარი ყველა თემაზე აღარ შეიძლება, პროტესტი საკუთარ თავში უნდა ჩაიკლას. სკოლის კედლებს კედლები ემატება და ბიჭებს გოგოებისგან აშორებენ, მალევე ჩნდება ჰიჯაბი, ნელ-ნელა ყველა ერთმანეთს ემსგავსება. პატარა მარჯანი ვერავის ესაუბრება თემებზე, რომლებიც მას ნამდვილად აინტერესებს, სანამ არ გამოიგონებს ღმერთს, რომელიც რატომღაც ,,ძალიან ჰგავს მარქსს.“ რადგანაც ირანში არაფერი სასიკეთოდ არ იცლვება, მშობლები ახალგაზრდა მარჯანს საფრანგენთში გაუშვებენ სასწავლებლად. ქვეყნის დატოვება მარტივი არაა, რადგან ხალხის რაოდენობა აეროპორტში ძალიან დიდია. ყველას უნდა დააღწიოს თავი დიქტატურას, რომელიც ცდის მიუხედავად ვერ დაამარცხეს. მოკლედ, ირანიდან დღემდე ყველა გაქცევას ცდილობს, ერთადერთი ჩვენი პრემიერი ჩავიდა იქ ,,თავისი ნებით.“
ერთი შეხედვით, ეს ძალიან მძიმე ისტორია უნდა იყოს და ასეცაა. საშინლად რთულია ოჯახს მოგაცილონ ბავშვობაში, ჩახვიდე იქ, სადაც არავის იცნობ, ისწავლო ცხოვრება თავიდან, იმ ასაკში, როცა პრობლემები და სახეზე ,,მუწუკები“ ერთნაირი სისწრაფით ჩნდებიან ისედაც. თუმცა, ამ წიგნის მთავარი ხიბლი ზუსტად ის არის, რომ ავტორი ყველაფერზე ძალიან კარგი იუმორით, თვითირონიით საუბრობს. სახლში დაბრუნება და იქ რაღაცის შეცვლა მისი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, რასაც ერთ დღესაც აუცილებლად მოახერხებს. სამშობლოს ჰაერი ,,სულის შემხუთავი“ კი იქნება, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა აუცილებელია. პატარა მარჯანისთვის ,,punk is not dead!”
მესამე წიგნი, რომელიც, ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე სევდიანი და, ამავდროულად, იმედის მომცემია მათ შორის რაც კი ოდესმე წამიკითხავს, არის მარო მაყაშვილის დღიური და წერილები(სულ ახლახანს ახალი ტირაჟით გამოცემული). თითოეული გვერდზე დაწერილი ამბავი თუ წინადადებები, ძალიან მნიშვნელოვანი და მკაფიო განცხადებაა თავისუფლებაზე. ახალგაზრდა მარო მაყაშვილი გვიზიარებს აზრებს, მაგალითად, ანდრე ჟიდის წიგნების შესახებ, პოლიტიკური თუ რელიგიური მოვლენების ანალიზსაც გვთავაზობს, ფიქრობს თავისუფალ საქართველოზე, მომავალზე, სიყვარულის, მოწონების ამბებსაც გულწრფელად ყვება, დედის, ოჯახის მონატრებასაც არაერთხელ ახსენებს და საბოლოო ჯამში ჩვენ, მკითხველი თანამედროვე ახალგაზრდების, ჯენზის საქმის დამწყები, გმირი მარო მაყაშვილის გზას სწორედ ამ წიგნის ფურცლების საშუალებით ვადევნებთ თვალს. ეს გზა ძალიან გრძელი და რთულია, მაგრამ აუცილებლად გასავლელი, რადგან ვიცით, რომ ბოლოს ,,გავიმარჯვებთ სახელოვნად.“
,,ერთხელ ცხოვრობ ამ ქვეყნად და თავად უნდა გადაწყვიტო როგორი ცხოვრება გსურს.“ სარტრაპმა გადაწყვიტა, ტიტუბამ გადაწყვიტა და გადაწყვიტა მარო მაყაშვილმაც. ჩვენც გადავწყვიტეთ და რამდენიმე თვეში დავადასტურებთ კიდეც. მანამ კი ჩანთაში სასტვენით, მხატვრული თუ არამხატვრული წიგნებით, სამედიცინო ხსნარით, გულში ცოტაოდენი იმედითა და დიდძალი ბრაზით უნდა ვიმოძრაოთ, რაც გვინდა ის ვიკითხოთ, ნიუსები, წიგნები, დღიურები, კითხვა თავისუფლებაა, მითუმეტეს მაშინ როცა დიტო სამხარაძემ შეიძლება უეცრად კარზე დააკაკუნოს.
ავტორი: თემო გერაძე