
ერთხელ ,,ქრონიკის“ წამყვანს ბერნჰარდი ვურჩიე. ორი-სამი წუთი ვფიქრობდი, საიდან მეცნობათქო და ბოლოს განათდა. ხომ გახსოვთ, შარლ პეროს სულ ,,ნაცი“ რომ ეძახეს, ზოგმა მასთან შეხვედრაც კი მოინდომა, თავზე უნდა დავახიო ეგ ზღაპარიო, გვაგინეს ყველას და დაიშალნენ მალევე. შარლთან შეხვედრის წამქეზებლებს შორის ეს ქალიც იყო და ვინაიდან, მაშინ არც მე დამკლებია გინება, ,,იმედის“ ჩართვაც მომიწია, როგორ განიხილავენ ამ ზღაპარს ისე ,,nodari merabi” შარლ პეროს გეის რომ ეძახის-მეთქი.
წიგნი მინდა, საინტერესოო და პატარაო. ორი წამი ვიფიქრე და ,,ტყის ჩეხა“ გადმოვიღე თაროდან. ავსტრიელი მწერალია ბენჰარდი და ძალიან საინტერესო წერის სტილი აქვს-მეთქი. ერთი დიდი წინადადებაა ეს წიგნი, საკუთარ თავთან დიალოგი და იმაზე ორასგვერდიანი ფიქრი, თუ რატომ არის მთავარი გმირი იქ, სადაც არის-მეთქი. დიდი ხნის მეგობრები შემთხვევით ხვდებიან ერთმანეთს, ცოლ-ქმარი და მთავარი გმირი. ესეც იძულებულია წავიდეს და მიდის კიდეც, ჯდება წითელ სავარძელში და მთელი წიგნი ტყეს ჩეხს-მეთქი(აქ თითებით ბრჭყალები გავაკეთე). ყველა პერსონაჟის უკან ნამდვილი პიროვნებაა და თან ბერნჰარდი ყველას იცნობდა, ყველასთან ჰქონდა ურთიერთობა და ვერავის იტანდა, მაგრამ ამას პირში ვერცერთს ვერ ეუბნებოდა, ამის გამო კიდე საკუთარი თავი ეზიზღებოდა-მეთქი. მთავარი პერსონაჟი ვერ ხვდება რატომაა ამ ხალხთან, რა საერთო აქვს მათთან, ბურგთეატრის ცუდ მსახიობს რატომ ელის, ყოფილ ნაცისტებთან რატომ ზის, რატომ მიიღო მოწვევა მეგობრებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან ნამდვილი მეგობრები-მეთქი და ამ ყველაფერს ყველაზე ხარისხიანი თვითირონიით ყვება, რაც ოდესმე წამიკითხავს-მეთქი, აი, სელინი ხომ წაგიკითხავთ, დაახლოებით ეგრეა, დაგაფიქრებს, რატომ ხარ იქ, სადაც ხარ-მეთქი. კარგი, რამე სხვას ვერ მირჩევთ, ეს მძიმე იქნება, აბზაციც თუ არააო. ჰო, სულ უაბზაცობის გამო არ მიგაქვს-მეთქი, გავიფიქრე და ,,რამე მსუბუქი“ შევთავაზე, მერე ჩემს წითელ სავარძელზე დავჯექი და ვიფიქრე, მეორეჯერ ჰო არ წავიკითხო ავსტრიელის მაგნუმ ოპუსი, თან გენიალურად თარგმნილი-მეთქი და წავიკითხე, ისევ შედევრი იყო, არაფერი შეცვლილა.
არაფერი შეცვლილა და ჩემი მეგობარი ,,პოლინომიალი“ ისევ ხარისხიან ლიტერატურას გამოსცემს. ნუცა, ლევანი და ლიმერი წიგნს რომ წაიკითხავენ და სამივეს მოეწონებათ, ცუდი ვერანაირად იქნება ეგ წიგნი. ლიტერატურაში ერთი ,,ბუკერის პრემიას“ უნდა ენდო და მეორე ,,პოლინომიალს.“ ბოლოს იუნ ფოსე და მეგი ნელსონი გამოსცეს. არ ვიცი, დეპანტის ,,თეორია კინგ-კონგი“ წაგიკითხავთ თუ არა, მაგრამ ნელსონი დამშვიდებული, სიგარეტმოწეული, საზოგადოების ფსკერზე ნამყოფი და იქედან ზედაპირზე ამოსული დეპანტია. ,,არგონავტები“ რაღაცით ვირჯინია ვულფის ესეს ,,საკუთარი ოთახი“ ჰგავს. მეგი ნელსონი გაარჩევს, როგორც სამეცნიერო ნაშრომებს, ისე ლიტერატურულ ტექსტებს და პარალერულად ქვიარ ქალის ცხოვრებაზეც გვიყვება. ,,ქვიარ სიამაყე ნიშნავს, არ შეგრცხვეს, როცა ხედავ, სხვას როგორ რცხვენია შენ გამო,“ ამბობს ნელსონი და გვიმხელს იმასაც, თუ როგორ ართვევინებდა დედამისი ბავშვობაში იმ არხზე, სადაც ამინდის პროგნოზს კაცი კითხულობდა, კაცს უფრო ვენდობიო. ნეტა ქალის საქმეა ამინდის პროგნოზის წაკითხვა?
მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში, ძალიან პოპულარული ყოფილა წიგნები ბავშვთა აღზრდაზე, მაგრამ ამ სახის ლიტერატურას ძირითადად კაცები წერდნენ ხოლმე. ნელსონი ერთ ასეთ წიგნსაც ახსენებს, რომლის სათაურიცაა ,,ექიმი უილიამ სირსი და ექთანი მართა სირსი,“ თუმცა ,,მართა არასოდესაა წიგნის თანამთხრობელი. ალბათ ძალიან დაკავებული იყო რვა შვილის მოვლით საიმისოდ, რომ თავადაც მოეყოლა რამე.“ ეს წიგნი ჰერმიონას ჩანთაა ჩემთვის, წარმოდგენა არ მაქვს საიდან და როგორ ეტევა ამდენი თემა, მეცნიერი, ამბავი ამ პატარა წიგნში, მაგრამ ეგაა მწერლის ოსტატობაც და ამიტომაცაა ბესტსელერი ყველგან. ჩვენთან ჯერ არა.
შეამჩნევდით, რომ მეგი ნელსონს ძალიან კარგი იუმორი აქვს, რასაც ვერ ვიტყვით, უკვე ნახსენებ, იუნ ფოსეზე. კლასიკური ნორვეგიელი ღმერთით, ხელოვნებით, ალკოჰოლითა და ცივი გამოხედვით, მაგრამ მაინც ძალიან უცნაური ადამიანი. ,,სეპტოლოგიებიც“ ზუსტად ასეთი წიგნია, ზოგჯერ პრუსტია, ზოგჯერ კამიუ, ჯოისი, ფოლკნერი და ბერნჰარდიც, თუმცა საბოლოოდ არცერთი. კითხულობ ამ უწერტილო წიგნს და ფიქრობ, მე ყველაფერი ვიცი პერსონაჟზე, რასაც არ ამბობს, არ ამხელს ისიც კი ვიცი, მე – მკითხველი უპირატესი ვარ და ერთადერთი იმაში ჩამოვრჩები წიგნის გმირებს, რომ სახლის კარს ღიას ვერ ვტოვებ, რადგან თბილისში ვცხოვრობ და ეს მთლად კარგი იდეა ვერ იქნებოდა.
ფოსე დრამატურგია და ამ ხალხმა ძალიან კარგად იცის, როგორ აგიყვანონ ძალიან მაღლა და როგორ დაგანარცხონ მიწაზე ლიტერატურული ხრიკების გამოყენებით. ტყუილად არ არის ეს კაცი ნობელიანტი, ბევრისგან განსხვავებით.
თუ ,,გუდრიდს“ დავუჯერებ წელს ოცდაათამდე წიგნის წაკითხვა მომისწრია და მათ შორის ყველაზე მაგარი ლიტერატურა ნორვეგიელი იუნ ფოსეს ,,სეპტოლოგიები“ იყო, როგორც თავად გამომცემელი ამბობს – ,,წიგნი, ცოტათი სნობი მკითხველებისთვის,“ ხოდა, თუ თქვენში ლიტერატურული სნობი შეგიმჩნევიათ, წაიკითხეთ ,,სეპტოლოგიები,“ თუ არადა, ,,რამე მსუბუქს“ შემოგთავაზებთ შემდეგ ბლოგში.
პ.ს. ამ ბლოგის ავტორიც წაუსნობებდა ხოლმე, ფოსეს ღმერთია მოწამე, გულწრფელი ბოდიში ამისთვის.
პ.პ.ს. რა იქნება ,,იმედის“ თანამშრომლებმა ბერჰარდი რომ წაიკითხონ?
*”პოლინომიალი” – ავტორს წარმოდგენა არ აქვს სადაური სიტყვაა, მაგრამ, ამჟამად, საქართველოში საუკეთესო გამომცემლობაა, თან ახალია და გირჩევთ წაიკითხოთ ცხრავე წიგნი, რომლებსაც ულამაზესი ყდა და ძალიან საინტერესო შიგთავსი აქვთ, სანამ ტირაჟები ამოიწურება.
ბლოგში ნახსენები წიგნები:
- თომას ბერნჰარდი ,,ტყის ჩეხა.” თუ, რატომღაც, მაღაზიაში ეს წიგნი არ აღმოჩნდა შემცვლელად გამოიყენეთ ,,დაღმამავალი” ან ,,ძველი ოსტატები.” შეიცავს დაახლოებით მსგავს ზიზღსა და სამწერლობო ოსტატობას.
- ვირჟინი დეპანტი ,,თეორია კინგ-კონგი.” წაიკითხეთ მარტო ყოფნისას, არავითარ შემთხვევაში მეტროში, რადგან გვერდით მჯდომ ასაკოვან ადამიანს არ აფიქრებინოთ ,,რა თაობა მოდისო.”
- იუნ ფოსეს ,,სეპტოლოგიები” – უბრალოდ დიდებული ლიტერატურა.
- მეგი ნელსონი ,,არგონავტები” – თუ ბლოგით ვერ მოგხიბლეთ, მაშინ გეტყვით, რომ ვარდისფერი წიგნია და ამით ყველაფერი ნათქვამია.
ავტორი: თემო გერაძე