
მორალის პოლიცია vs სახელმწიფო კონტროლი
ხელოვნების ცენზურას საქართველოში მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც სხვადასხვა ფორმებით დღემდე გრძელდება. ბლოგში მიმოვიხილავთ ცენზურის საფუძვლევლებს საბჭოთა კავშირის პოლიტიკაში, მაგალითებს პერიოდიდან და საბჭოთა წარსულის აჩრდილის გავლენებს საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე.
საბჭოთა წასრული
ყველაფერი 1917 წელს დაიწყო, როდესაც ლენინმა ხელი მოაწერა ბრძანებას სიტყვის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების შეზღუდვაზე. ბრძანების თანახმად ეს შეზღუდვა დროებითი უნდა ყოფილიყო და სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე უნდა გაუქმებულიყო. თუმცა, არ გაგიკვირდებათ, როცა გეტყვით, რომ ეს ასე არ მოხდა. სავარაუდო დროებითი ღონისძიება გადაიზარდა გრძელვადიან პოლიტიკაში და ყველა საბჭოთა რესპუბლიკამ, მათ შორის საქართველომ, განიცადა გავლენა.
საბჭოთა საქართველოში აკრძალულ ფილმებსა და წიგნებს შორის იყო ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო“, მიხეილ კალატოზიშვილის „ჯიმ შვანთე“ (იგივე „მარილი სვანეთს“), ოთარ იოსელიანის „აპრილი“, პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის „უჟმური“, ერეკლე ტატიშვილის მიერ ნათარგმნი ფრიდრიჰ ნიცშეს ფილოსოფიური რომანი “ესე იტყოდა ზარატუსტრა”, გრიგოლ რობაქიძის “ჩაკლული სული” და “გველის პერანგი” – რის გამოც საბჭოთა ხელისუფლებამ ის ხალხის მტრადაც შერაცხა და მისი შემოქმედება საერთოდაც აკრძალა.
თუმცა, საბჭოთა ცენზურის მიზანი არა მხოლოდ ხელოვნების ნიმუშების აკრძალვა, არამედ მათგან მომდინარე იდეების გავრცელების შეზღუდვა იყო. შესაბამისად ხშირად მათი პოლიტიკა ნაწარმოებების დაუშვებლობით არ შემოიფარგლებოდა.
საბჭოთა რეპრესიებს ბევრი ქართველი ავტორი ემსხვერპლა, მათ შორის იყვნენ პაოლო იაშვილი, რომელმაც პროტესტის ნიშნად მწერალთა სახლში მოიკლა თავი, ხოლო პარტიის მიერ ხალხის მტრად შეირაცხა; ტიციან ტაბიძე, რომელიც პაოლო იაშვილის საჯაროდ გაკიცხვაზე უარის თქმის შემდეგ ამოიღეს მიზანში, დააპატიმრეს და დახვრიტეს, ნაციონალისტურ-ფაშისტური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით; მიხეილ ჯავახიშვილი, მწერალთა კავშირის ერთადერთი წევრი, რომელმაც მხარი დაუჭირა პაოლო იაშვილის თვითმკვლელობის გადაწყვეტილებას, რის გამოც გარიცხეს კავშირიდან, დააპატიმრეს როგორც კონტრრევოლუციონერი ტერორისტი, წამებით ხელი მოაწერინეს “აღიარებაზე” და დახვრიტეს.
ხელოვნების ცენზურა დამოუკიდებელ საქართველოში
საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლება ყველა სფეროში რთული აღმოჩნდა და ამ შემთხვევაში არც ხელოვნებაა გამონაკლისი. აქ სახელმწიფოსთან ერთად, საზოგადოების აზრიც მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და მძლავრობს “უმრავლესობის” მიერ “უმცირესობის” რეგულირებისა და საზოგადოებრივი მორალის განსაზღვრის იდეა. ხელოვანებიც სწორედ ამ დიქტატიდან უნდა ამოვიდნენ საკუთარი ნამუშევრების შექმნისას, თუ არადა დაიმსახურებენ არა კრიტიკას, არამედ რისხვას და პროტესტს მათი ნამუშევრების მიმართ.
ადრეული 2000-იანებიდან დღემდე საზოგადოებრივი ცენზურის არაერთი მაგალითის გახსენება შეგვიძლია. მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, საპატრიარქო, გურამ ფალავანდიშვილი და ლევან ვასაძე იმ “მორალისტებს” შორის არიან – ერის შერყვნისგან დაცვა რომ განუზრახავთ, ფილმებისა და წიგნების აკრძალვით.
ერთ-ერთი პირველი ასეთი შემთხვევა, ჰარი პოტერის გამოჩენისას მისი ქართული ვერსიის აკრძალვის სურვილი და ფენტეზის ჟანრის ბესტსელერის “მოზარდი თაობის მაგიზაციის გლობალურ პროცესად” შერაცხვა იყო. აგორებული კამპანიის გამო ბევრმა მოზარდმა ჰარი პოტერი საკმაოდ გვიან წაიკითხა/ნახა.
ამავე პერიოდში – 2002 წელს გამოქვეყნდა ლაშა ბუღაძის მოთხრობა “პირველი რუსი”, რომელიც თამარ მეფის პირველ ქმარს, გიორგი რუსს ირონიულად აღწერდა, რაც ბუნებრივია საზოგადოებას არ გამორჩენია. ამ ამბავს მძაფრი წერილით უპასუხეს ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია “ხრიდოლის” წევრებმა. მათ ავტორი ქართული ტრადიციებისა და ქართველი წმინდანის შეურაცხმყოფელად შერაცხეს. ბუღაძის, მისი მოთხრობისა და გამომცემელი ჟურნალის წინააღმდეგ გამოვიდა მაშინდელი პარლამენტის დეპუტატი გურამ შარაძეც, რომელმაც პარლამენტის რეაგირება და წმინდა სინოდის მოწვევა ერთდროულად ითხოვა, რაც გამომცემლის რედაქტორების მიერ ცენზურისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცელობად შეფასდა.
ბუღაძის კვალდაკვალ 2010 წელს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის მწვერვალები დაიპყრო ახალგაზრდა ერეკლე დეისაძემაც, რომლის წიგნმა პროვოკაციული სახელით – “საიდუმლო სირობა” – ჰომოსექსუალიზმისა და გარყვნილების პროპაგანდის სახელი უმალვე შეიძინა.
წიგნის პრეზენტაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა, რამაც ერთი ორად აღაშფოთა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, პოლიტიკოსები და სტუდენტებიც, რომლებმაც თავიანთი საპროტესტო აქციის ფაგლებში წიგნის ცენზურასთან ერთად უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორის, გიგი თევზაძის გადადგომაც მოითხოვეს. თუმცა, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს პასუხი მტკიცე იყო – უნივერსიტეტში ცენზურა დაუშვებელია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის კიდევ ერთი ამბავი უკავშირდება. 2015 წლის ოქტომბერში უნივერსიტეტში გამართული სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გამოფინა ქუთაისელი ფემინისტი მხატვრის, ლია უკლებას ნამუშევარი სახელწოდებით “ღვთისმშობელი სათამაშო პისტოლეტით”.
ნამუშევარს გამოხმაურება მოჰყვა როგორც საპატრიარქოდან, ისე უშუალოდ კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ქადაგებაშიც. ნახატს ქვეყნისა და სარწმუნოების შეურაცყოფა და უდიდესი მკრეხელობა უწოდეს. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის განცხადებით ლია უკლებას წინააღმდეგ ისმოდა მუქარაც, მათ შორის, უმაღლესი სასულიერო პირების მხრიდან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს კვლავ მოუწია გამოხატვის თავისუფლებისა და საკუთარი სივრცის ცენზურისგან დაცვის თაობაზე განცხადების გაკეთება.
უკვე 2019 წელი იყო, როდესაც გეი თემატიკის შვედურ-ქართული ფილმი “და ჩვენ ვიცეკვეთ” გამოვიდა. საქართველოს კინოთეატრებში ფილმის გამოსვლის დაანონსებას მოჰყვა გურამ ფალავანდიშივილის განცხადება, რომლის მიხედვითაც “ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება” ფილმის პრემიერისას თბილისსა და ბათუმში კინოთეატრის პიკეტირებას მოახდენდა და მაყურებელს კინოთეატრებში არ შეუშვებდა. ვიდეომიმართვა გაავრცელა ბიზნესმენმა ლევან ვასაძემაც, რომელმაც ფილმის გადაღება მთელი მსოფლიოს მასშტაბით ქართული კულტურის სირცვილად შერაცხა. “და ჩვენ ვიცეკვეთ” გამოხმაურების გარეშე არც საპატრიარქოს დაუტოვებია, მათ კინოჩვენება მიუღებლად მიიჩნიეს, მაგრამ თქვეს, რომ ძალადობას ემიჯნებოდნენ.
საბოლოოდ კინოჩვენებამ პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმის დაცვით, რადიკალური ჯგუფების აქციის ფონზე ჩაიარა. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან მომხდარი ინციდენტების დროს ჯამში 28 პირი დააკავეს. ამ დღეს კინოში შესვლის მსურველები რეალური ფიზიკური საფრთხის წინაშე დადგნენ და სპეცრაზმის დაცვა დასჭირდათ კინოს სანახავად.
რადიკალურმა ჯგუფებმა ტრადიცია არც 2023 წელს დაარღვიეს და ლესბოსური თემატიკის ქართული ფილმის “ჩემი ოთახის” ჩვენებასაც აქციით “დაესწრნენ”. კინოთეატრის შესასვლელთან ამჯერადაც პოლიცია იყო მობილიზებული. ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებებს ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
სამაგიეროდ ამავე ფილმის მთავარი როლის შემსრულებლის, თაკი მუმლაძის კანდიდატურა ბერლინალეს European Shooting Stars ის ნომინაციაში ქართულმა კინოცენტრმა დაბლოკა. არადა სწორედ ამ მსახიობისთვის დაუშვა პროგრამის განმახორციელებელმა ევროპულმა ორგანიზაციამ უპრეცედენტო გამონაკლისი. თუმცა, როგორც ჩანს, კინოცენტრისთვის ამ ყველაფერზე მნიშვნელოვანი, თაკის აქტივიზმი აღმოჩნდა.
ეს ამბავი რამდენადაც გულდასაწყვეტი იყო, გასაკვირი არც მსახიობისთვის და არც მისი გარემოცვისთვის ყოფილა. ჯერ კიდევ ერთი წლით ადრე, 2022 წელს კინოაკადემიამ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, “მოთვინიერების” ჩვენებები გააუქმა. ფილმი, რომლის მსოფლიო პრემიერა 2021 წელს სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეც იყო ნომინირებული, კინოაკადემიის დირექტორმა, მინდია ესაძემ “აზრთა სხვადასხვაობის გამოწვევისა” და “საზოგადოების პოლიტიკური ნიშნით დაყოფის” მიზეზით დააცენზურა.
სალომე ჯაშის ფილმი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაშენებულ ბაღზეა, რომელში მოსახვედრადაც ხეებმა საქართველოს სხვადასხვა ადგილიდან იმოგზაურეს. თემატიკიდან გამომდინარე ფილმი ქართულ ოცნებაში პოპულარობით არ სარგებლობდა. პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბიძინას მიერ გაშენებულ ბაღზე ირონიული ფილმის გადაღება “უბრალოდ სამარცხვინოა”.
“მოთვინიერების” შემდეგ ცენზურის სამიზნე მარიამ ჭაჭიას და ნიკ ვოიგთის ფილმი “ჯადოსნური მთა” აღმოჩნდა. ფილმი აბასთუმნის ტუბსაავადმყოფოსა და მისი ბინადრების თავგადასავალს და ამ ისტორიული შენობის ნგრევის ამბავს ყვება. Spoiler alert – გადაღებების პერიოდში ბიძინა ივანიშვილმა დაანგრია აღნიშნული ტუბსაავადმყოფო, რასაც დოკუმენტური ფილმის სიუჟეტის ცვლილება მოჰყვა.
შედეგად “ჯადოსნურ მთას” უკვე კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა და ფილმს “ტყუილი” და “მშვენიერი აფიორა” უწოდა. მინისტრმა ისიც განაცხადა, რომ უკვე დრო იყო ეროვნულ კინოცენტრს “ჭკუა ესწავლა” და „ბერკეტები გაემკაცრებინა“ იმ რეჟისორების მიმართ, ვინც დამტკიცებული სცენარიდან გადაუხვევდა. (საუბარია დოკუმენტური კინოს რეჟისორებზე, რომლებიც ფილმებს წლების განმავლობაში იღებენ და შერჩეული სუბიექტის მიმართ მიმდინარე ქმედებებს ასახავენ. მაგალითად ჯადოსნური მთის შემთხვევაში ეს ე.წ. სცენარი 2015 წელს დაიწერა, ფილმი კი 2023 წელს გამოვიდა).
კულტურის მინისტრმა ჭკუის სწავლისა და ბერკეტების გამკაცრების ნაწილი თავის თავზე აიღო და 2023 წლის ზაფხულში კინოცენტრის რეორგანიზაციაც დაიწყო. შედეგად კინოცენტრის ფილმწარმოების დეპარტამენტის ხელმძღვანელად ქართული ოცნების პროპაგანდისტული არხის, პოსტივის ერთ-ერთი აქტიური ტელეწამყვანი, ახალგაზრდა “კინომცოდნე” და შალვა რამიშვილთან დაახლოებული პირი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა. ამიერიდან სწორედ ის გადაწყვეტს – რომელი ფილმები იმსახურებს დაფინანსებას და რომლებია “სამარცხვინო”. ასე ებრძვის დღეს კულტურას მისივე მინისტრი – ცენზურით.
თანამედროვე რუსეთის ექო
სახელოვნებო სივრცის შეზღუდვა პუტინის რუსეთისთვის არახალია. ჯერ კიდევ 2003 წელს, როდესაც ვლადიმერ პუტინს ჰკითხეს – რას ეტყოდა ის თავის ოპონენტებს, რომლებიც მას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ, მან უპასუხა – “რა თქმა უნდა, ჩვენ ვზღუდავთ გამოხატვის თავისუფლებას. 1990-იანებში ჩვენ გვქონდა გამოხატვის სრული თავისუფლება და იყო ქაოსი. ჩემი როგორც პრეზიდენტის საქმეა საზოგადოებისთვის წესრიგის მოტანა.”
2016 წელს ამერიკული think tank-ის მიერ ჩატარებული პანელური დისკუსიის თემა იყო ცენზურა და თავისუფალი გამოხატვა თავისუფალ რუსეთში. სპიკერებს შორის ერთ-ერთი იყო ანტი-კრემლისტური განწყობების მქონე თანამედროვე რუსი პოეტი, მწერლი და გამომცემლი ილია დანიშევსკი, რომელმაც გამოსვლისას ასეთი რამ თქვა – “დღევანდელი რუსული კულტურა მოცულია ნოსტალგიითა და შიშით. სფეროს ირგვლივ არსებული ყველა მოსაზრება და ყველა მოღვაწე სასიკვდილოდაა მოწამლული თვითცენზურით. ამ შემთხვევაში საუბარია არა სახელმწიფო ზეწოლაზე, რომელსაც წიგნები განიცდიან, არამედ თვითცენზურაზე, როდესაც მაღაზიის მფლობელები შიშის გამო თავს იკავებენ კონკრეტული წიგნების გაყიდვისგან. იგივე ხდება კინოშიც – კინოთეატრებს ეშინიათ მაგალითად ზვიაგინცევის “ლევიათანის” გაშვება.”
დანიშევსკის ნათქვამიდან მარტივია პარალელების გავლება დღევანდელი საქართველოს ზემოთ მოყოლილი ამბებიდან, იქნება ეს სალომე ჯაშის ფილმის სეანსების გაუქმება, თუ ლაშა ბუღაძის მოთხრობაში პერსონაჟისა და ისტორიული ფიგურის ვერ გარჩევა.
2016 წლიდან დღემდე სიტუაცია რუსეთში კიდევ უფრო გაუარესდა და მათაც კი, ვინც ღიად არ ეწინააღმდეგება კრემლის პოლიტიკას, მაგრამ არ ემორჩილება მთავრობის ახალ ტოტალიტარულ კულტურულ ხაზს, შეიძლება დაკარგონ სამსახური. ამის თვალსაჩინო მაგალითია ზელფირა ტრეგულოვა, მოსკოვის პრესტიჟული ტრეწიაკოვის გალერეის დირექტორი. ეჭვგარეშეა, რომ ცნობილმა ხელოვნებათმცოდნემ დიდი სამუშაო გასწია – მოამზადა წარმატებული ექსპონატები, შეიძინა მრავალი თანამედროვე ნამუშევარი და რაც მთავარია, გახსნა გალერეის ფილიალი სხვა ქალაქშიც. მიუხედავად ამისა, ონლაინ გაზეთ Meduza-ს თანახმად, რომელიც რუსეთის კულტურის სამინისტროს წყაროს მოჰყავს, ტრეგულოვა გასულ თვეში გაათავისუფლეს, რადგან ითვლებოდა, რომ იგი აღარ შეეფერებოდა ახალ ულტრაკონსერვატიულ პოლიტიკურ კურსს. მოსკოვის პატრიოტულმა წრეებმა გააკრიტიკეს მისი ექსპონატები და განაცხადეს, რომ ისინი ვერ ასახავდნენ რუსეთის “ტრადიციულ ღირებულებებს”.
კულტურის სფეროში მიმდინარე მოვლენებს უფრო მეტი დაკვირვებით თუ შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ არამარტო კინო ცენტრში ცდილობენ პარტიული იდეოლიგიის გატარებას, არამედ მწერალთა სახლის ირგვლივ დატრიალებულ ამბავშიც, პარტიული, ცენზურის ხილული თუ უხილავი ხაზები იკვეთება.
ეპილოგი
ხშირად ავტორიტატულ სახელმწიფოებს თავისი სურვილების განსახორციელებლად და ძალაუფლების განსამტკიცებლად სჩვევიათ მარგინალური ჯგუფები გააძლიერონ და მათ გადაწყვეტილებებს ხალხის არჩევანი დაარქვან. ასე იქმნებოდა საბჭოთა კავშირში და ახლაც: მორალის პოლიცია, თვითცენზურა, შიში და კოლაბორაცია. ,,მე და ჩემი უსაფთხოება, ჩემი კარგად ყოფნა პრიორიტეტია, კოლექტიური სამართლიანობის განცდა უმნიშვნელო…” სწორედ ამ რელიქტებს ვხედავთ დღეს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში და სწორედ ამიტომ გვიწევს ყოველ ჯერზე ხმალამოღებულებმა ვიბრძოლოთ ინდივიდუალური თავისუფლებების მოსაპოვებლად. და როგორც ისტორია გვასწავლის, იმარჯვებს მხოლოდ ის, ვინც თანმიმდევრულად და დაუღალავად იბძვის.