ულიცენზიო ტაქსი ანუ ჭიჭიკო

ჩემთვის საბჭოთა კავშირი ბნელ წარსულთან ასოცირდება, რაღაც ცუდთან და მტკივნეულთან… მართალია ისეთ ადამიანებსაც ნახავთ, რომლებიც გეტყვიან რას ამბობ ძმაო მაშინ კანფეტი უფრო გემრიელი იყოო, მაგრამ დიდ დროს ნუ დახარჯავთ მათზე, ვისაც თავისუფლებას ფოჩიანი კანფეტი ურჩევნია…

ხო და იმას ვამბობ, რომ რაც უფრო ვშორდებით საბჭოეთს, მით უფრო კარგად ვცხოვრობთ, თუმცა არის რაღაცები, რაც უკან გვაბრუნებს. იცით ვის ეძახდნენ ჭიჭიკოებს საბჭოთა კავშირში? (რა თქმა უნდა, მათ გარდა, ვისაც ჭიჭიკო ერქვა) ადამიანებს, რომლებიც ულიცენზიოდ ანუ «ლევად» ტაქსაობდნენ, ორ კაპიკს აკეთებდნენ ისე, რომ სახელმწიფო წილში არ გაჰყავდათ. რაც დაიშალა ეს «დიადი» კავშირი, სიტყვამ დაკარგა მნიშვნელობა, რადგან არ იყო საჭირო ლიცენზია ტაქსის სერვისის გასაწევად. თუმცა ლეგენდის თანახმად, ჩვენს მერს, ბურთაობით განთქმულს, მილანში უნახავს თეთრი ტაქსები, მოსწონებია და მოდი თბილისშიც ყველა ტაქსი თეთრი იყოსო. თან ლიცენზიები აიღონ, აბა მილანში როა, მანდ სულელები კი არ არიანო.

ასე და ამგვარად, ტაქსისთვის ლიცენზიის აღებისა და მისი თეთრად გადაღებვის შემდეგ, ქუჩებში ისევ დაბრუდნენ ჭიჭიკოები. ტიპები, არათეთრი მანქანებით, რომლებსაც ტაქსის ტრაფარეტი მძღოლის გვერდით სავარძელზე უდევთ და გაჩერებას ნელა უახლოვდებიან, რომ პოტენციურ მგზავრს ჩუმად ანიშნონ ჩამიჯექი სახელმწიფომ არ გაიგოს.


პრობლემა ულიცენზიობაში არ არის, პრობლემა ლიცენზიის არსებობაშია. ლიცენზირებისა და გადაღებვის მომხრეებს აქვთ ძირითადად ორი ფრთიანი არგუმენტი და შევეცდები დაგანახოთ, რომ ცდებიან.

1. ევროპაში ეგრეა

ევროპა მდიდარია, ჩვენ ღარიბები ვართ. სადმე გინახავთ ღარიბს ფული ეხარჯოს ისე, როგორც მდიდარი ხარჯავს და გამდიდრებულიყოს? ევროპა ბიზნესრეგულირებით არ გამდიდრებულა და ფულის შოვნა თუ გვინდა, რეგულაციები უნდა მოვხსნათ ბიზნესს.

2. მოუწესრიგებელია ტაქსები

ხანდახან მეც მოუწესრიგებელი ვარ, მაგრამ რა მერიამ უნდა მირეგულიროს თმის ვარცხნილობა? იცით, რატომ დადიან გაუმართავი და ცუდი მანქანებით? იმიტომ, რომ ფული არ აქვთ უკეთესი მანქანის და უფრო მეტი ფულის ლიცენზიაზე ხარჯვა და ხელოვნური რეგულაციები მათ ჯიბეში ფულს მაგიურად ვერ გააჩენს. თუ გვინდა ხალხი კარგი მანქანებით დადიოდეს, უნდა მივცეთ თავისუფლად სუნთქვის საშუალება და ფულის პატიოსნად შოვნის.

მოკლედ, რეგულაციები პრობლემებს ვერ აგვარებს, პირიქით — ამწვავებს. ისედაც, უბრალოდ დაფიქრდით, ვისი რა საქმეა ჩემი მანქანის ფერი ან მისი მდგომარეობა, თუ ცუდი ფერია, სუნი მაქვს ფეხზე და გაუმართავი მანქანა მყავს — ნუ ჩამიჯდებით ტაქსში და ნუ მოიხმართ ჩემს მომსახურებას, ამაზე დიდი რეგულაცია არაფერია. შემდეგ მე სავარაუდოდ ფასს დავაგდებ და დაბალი ფასით შევეცდები გავუწიო კონკურენცია კომფორტულ ტაქსებს. აუცილებლად მოიძებნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ ფასში სხვაობის გამო ჩემი ფეხის სუნი აიტანონ და თუ არ მოიძებნებიან, რა ვიცი, წავალ სხვა საქმით დავკავდები.

მოკლედ, თავისუფალი ბაზარი ნიშნავს მრავალფეროვნებას, როცა შეგიძლია იაფად და არაკომფორტულად ან კომფორტულად და ძვირად იმგზავრო. სახელმწიფო კი მოდის და არჩევანის თავისუფლებას გართმევს, რაც იწვევს სერვისის ხელოვნურ გაძვირებას, რადგან ლიცენზია და გადაღებვა ცალკე ხარჯია. თან ტაქსისტების ანუ სერვისის მიმწოდებლების რაოდენობა იკლებს, ხოლო მოთხოვნა იგივე რჩება.

კიდევ ერთი არც ისე მთავარი არგუმენტი, რომელიც რეგულაციის ანუ ჩვენი საბჭოთა კავშირთან დაახლოების მომხრეებს აქვთ, არის «ლამაზია».

ლამაზია? კიდევ იცით რა არის ლამაზი? როცა ადამიანებს არ შიათ, როცა თავისუფლად და პატიოსნად შოულობენ პურის ფულს, როცა სახელმწიფო არ ერევა ბიზნესში, როცა ეკონომიკურად ვვითარდებით… და ხო, თეთრი ტაქსებიც ლამაზია ალბათ ვიღაცისთვის, მაგრამ მოდი სილამაზეზე ჩვენით ვიზრუნოთ და ადამიანების გაღარიბებით ნუ ვეცდებით რაღაცების გალამაზებას.

გვაჭიჭიკოებენ, გვაიძულებენ რაღაცები «ლევად» ვაკეთოთ. დამერწმუნეთ, ბაზარს ჩინოვნიკების რეგულაციები ვერ აჯობებს, როგორც სიგარეტის რეგულირებით მიიღეს აბსოლუტურად საპირისპირო შედეგი, ისე მოხდება აქაც. ისევ მოგვიწევს სახელმწიფოს დავემალოთ და დავემალებით კიდეც, საბჭოთა კავშირში ვიცხოვრეთ 70 წელი და ამ ცინგლიან სოციალისტებსაც გავუმკლავდებით როგორმე. მერე გავა წლები და შვილებს მოვუყვებით ამ ისტორიებს, ისე როგორც ჩვენი მშობლები გვიყვებიან როგორ შოულობდნენ აკრძალულ წიგნებსა და მუსიკალურ დისკეტებს. შემდეგ მათ გადავაბარებთ სახელმწიფოსთან ბრძოლის ესტაფეტას და ასე გაგრძელდება… სახელმწიფო არ შეიცვლება, ჩვენ უნდა შევიცვალოთ.

ავტორი-ჩელე