
მერვე დღის შემდეგ თვლა შევწყვიტე, შესაბამისად, ახლა ვარაუდით ვამბობ, რომ მეათე დღეა რაც ქუჩაში ვდგავართ მხრებზე საქართველო მოკიდებულები და იმ ხალხის მაგივრადაც ვიბრძვით, რომლებიც ვერც კი ხვდებიან, რომ ბრძოლა სჭირდებათ.
წელის ტკივილი ისეთივე ფონურ ხმად იქცა, როგორიც “მოქალაქეებო, გთხოვთ დაიშალოთააა” და ჩვენც, ზუტად ისევე ვაიგნორებთ, როგორც ამ უკანასკნელს.
შემდეგ გასცდები რუსთაველს და დაინახავ, რომ გაზის კაფსულებით, წიწაკის სპრეით, კვამლით, სისხლითა და ნაძვისხით მოცული ცენტრალური გამზირიდან 300 მეტრში, ხალხი ისევ სეირნობს, ისევ ისე ცხოვრობს და ევროპული თრიფის დროს, ინსტაგრამზე დაფოლოვებული საყვარელი ბარებიც პრივილეგირებულ სიმშვიდესა და თავისუფლებაში აგრძელებენ არსებობას.
ხოდა. უკვე სავარაუდოდ ათი დღეა საქართველო უწყვეტი საპროტესტო ტალღის ქვეშაა. ათასობით ადამიანი ღამით ქუჩებში დგას, დღით კი ცდილობს „ჩვეულებრივ“ ცხოვრებას დაუბრუნდეს.
მაგრამ ეს მთლად არ გამოდის. დღისით ბრძოლა ციფრულ არხებში გრძელდება, სადაც ხან იმას აბრალებენ პროტესტს, რომ 2 გვამის მოტანა გვინდა ( რატომღაც ხარებები ვგონივართ ), ხან იმას რომ ჟურნალისტების მოკვლას ვაპირებთ (აქ უკვე ხარებას დაქირავებული ტიტუშკები ვგონივართ) და ხან სატანისტობას (მაშინ, როცა დაჭერილ და მარშუტკაში სხვებთან ერთად ჩაგდებულ ბიჭს ლოცვის გამო დასცინოდნენ).
ამას ემატება ისიც, რომ კაააააცმა არ იცის, როდის დაგიჭერენ.
ჩვენი ორგანიზმი უკვე 10 დღეზე მეტია ძლიერ სტრესშია და არ იცის რა ჰქნას. ლომი რომ მოგვსდევდეს, გავიქცევით, სადარბაზოში შევალთ, კარს ჩავკეტავთ, არ გავუღებთ, თავს დავიცავთ.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა პაპუნაშვილი ამბობს, რომ თავის დაცვის ლეგიტიმური უფლება არ გაქვს, და მაშინ, როცა სადარბაზოში დამალულს გამოგათრევენ და ვერც კარის ჩაკეტვა გიშველის?
რა ხდება ორგანიზმში სტრესის დროს?
სტრესი არ არის უბრალო “დაღლილობა”. მისი ნამდვილი სახე გაცილებით ბნელია. შეიძლება მთელი დღე საწოლში იწვე, დაიძინო, გაიღვიძო, მაგრამ სტრესის დონე ისეთივე მაღალი გქონდეს, როგორც მარათონზე მორბენალს.
შეიძლება ეს ზუსტი შედარება არაა, იდკ, მაგრამ აზრს ხომ მიხვდით?
ორგანიზმი, რომელიც აღიქვამს საფრთხეს (მიუხედავად იმისა, ეს საფრთხე ფიზიკურია, აქ და ახლა არსებობს თუ ჰიპოთეტურია) ანთებს “საგანგებო რეჟიმს”:
- ტვინი: ჰიპოთალამუსი გამოყოფს ადრენალინს და კორტიზოლს – ჰორმონებს, რომლებიც ორგანოებს ნამდვილი კაპიტალისტი მენეჯერივით ამუშავებენ.
ეს კარგია, როცა მტაცებელი წინ გიდგას და გაქცევა გჭირდება, მაგრამ ცუდია, როცა 10 დღის განმავლობაში ყოველ გაფხაკურებაზე ზემოთხსენებული სიგნალები ირთვება. - გული და სისხლძარღვები: გულის ცემა სწრაფდება, არტერიული წნევა იზრდება. ქრონიკული სტრესი დიდხანს თუ გაგრძელდა, საბოლოოდ ზრდის ინფარქტის და ინსულტის რისკს.
- იმუნური სისტემა: კორტიზოლი თრგუნავს იმუნურ პასუხს – ვირუსები და ბაქტერიები სხეულში უფრო მარტივად შედიან. იმ სტრესის ფონზე, რაში ცხოვრებაც გვიწევს, გაციება და გრიპი უკანასკნელია რაც გვჭირდება. და სპოილერ ალერტ: შარვლის შიგნით ჯაჯღანით ჩაცმული რეიტუზებიც ვეღარ გვიშველის. ამის ნათელი მაგალითი კი ამ ბლოგის ავტორია.
- ნერვული სისტემა: სტრესი არღვევს ნეიროტრანსმიტერების ბალანსს – შფოთვა, დეპრესია, ან კონცენტრაციის დაქვეითება გარდაუვალია.
გიჭირს წიგნის ან ტექსტის კითხვა? ფიქრი გერევა? ვერ მუშაობ? ვერ გძინავს დაღლილობის მიუხედავად?
ასეთ დროს თავს იმითღა თუ დავიმშვიდებ რომ სხვაგან საერთოდ ომი აქვთ. - ძილი: ღამე პროტესტზე თუ არ დგახარ, მაინც გღვიძავს და ან ჭერს უყურებ ან მთავარის ლაივს, დაიტოვეს პოსტებს მანიაკალურად სქროლავ და ვოლ.2-ს ადევნებ თვალს ტელეგრამზე. ქრონიკული უძილობა არა მხოლოდ მენტალურ, არამედ ფიზიკურ ენერგიასაც გართმევს. სავარაუდოდ სპირიტუალურსაც. იდკ.
აქვე:
ანუ ვგიჟდებით?
KOLEQTIURI NACMODZRAOBA GIJDEBA??!!
მუდმივი შიში და სტრესული გარემო გცვლის – ეს ნეიროპლასტიკურობის ერთ-ერთი უმოწყალო გამოვლინებაა.
- იმპულსური რეაქციები – უფრო გაღიზიანებული ხდები, აზრებს ვერ აკონტროლებ, ხშირად ვერც ქცევებს, ორგანიზმი თავდაცვის ოვერდრაიშვია გადასული. ვერ გაამტყუნებ, ყოველ კუთხეში ჩასაფრებულია მტერი.
- პესიმიზმი – არ გჯერა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვლება.
- ემოციური გამოფიტვა – გრძნობ, რომ არ გყოფნის ძალა, თუმცა მაინც დგახარ ქუჩაში. ნიჰილიზმიც გიპყრობს, იქ ვიღაცის ნათქვამს გაიგებ, იქ სუსი დაგიწერს, სამ გვამს ველოდებითო და ადამიანი ხარ შენც, მთავარანგელოზი მიქაელი არა წინ უწყვეტი სინათლისა და სიმართლის წყაროს ხედავდე!
რითი ვუპირისპირდებით ხონში მოხვედრის პერსპექტივას?
1. სუნთქვის ტექნიკები
თუ გრძნობ, რომ გული გიფრიალებს, გიჭირს ფიქრი და “შიგნიდან ვიბრირებ”:
“4-4-4“:
- 4 წამით შეისუნთქე ცხვირით.
- 4 წამით შეიკავე სუნთქვა.
- 4 წამით ნელა ამოისუნთქე.
სუნთქვის კონტროლი ნერვულ სისტემას აბალანსებს და სხეულს ეუბნება, ოე, მშვიდად ვარ, ნუ ატრაკებო.
ასევე, პანიკური შეტევის გაიდლაინსაც აქ ჩავლინკავ
2. 5-წუთიანი მედიტაცია – დაბრუნება „აქ და ახლა“
იგივე გრაუნდინგია. 5 წუთი უბრალოდ ფოკუსირდი სუნთქვაზე. ან ფეხების გათბობაზე, წარმოიდგინე როგორ ფართოვდება სისხლძარღვები, როგორ მიედინება სისხლი, როგორ თბები.
წესიერი გაიდი რომ მოგცეთ:
- თვალები დახუჭე.
- ღრმად ისუნთქე და ყოველი ამოსუნთქვის დროს წარმოიდგინე, როგორ “გცვივა” დაძაბულობა სხეულიდან.
ეს არის ნერვული სისტემის პირველადი გადატვირთვა. 5 წუთი საკმარისია იმისთვის, რომ ფიქრების სისწრაფე ცოტათი შეანელო.
აქვე
უძილობის ჟამს ენერგიის მოსამატებელი მედიტაცია, Yoga Nidra, რომელიც მარტო 10 წუთს წაიღებს და მეცნიერული კვლევებიც უმაგრებს ზურგს
3. წყალი, ცილები და მაგნიუმი
სტრესის დროს ორგანიზმი გამოიფიტება – ენერგია იკლებს, იმუნიტეტი ეცემა.
- სითხე: 1.5-2 ლიტრი წყალი დღეში. ჰიდრატაცია ტვინის მუშაობასაც აუმჯობესებს.
- საკვები: ცილებით მდიდარი საკვები – კვერცხი, თხილეული, ბანანი და ბოსტნეული.
- მაგნიუმი: ეხმარება ნერვულ სისტემას და ამცირებს კუნთების დაძაბულობას.
- D3 ვიტამინი იმისთვის, რომ იმუნიტეტსაც მივეხმაროთ
4. გაწელვების 10 წუთი ვიიი
10 წუთი სახსრების გაწელვა, ზურგისა და მხრების „გახსნა“. ძალით გაზმორვა.
იმას ვერ გაკადღებთ, გამთენიისას სახლში მოსულებმა ტელეფონი “do not disturb” რეჟიმზე ჩართეთ -მეთქი, მაგრამ იმას გირჩევ, რომ საღამოს მწვანე ჩაი, ან გვირილის ჩაი მიიღო. დაძინებისას კი – ბუნების ხმები, ზღვის ტალღები, ქუხილი, ტყის ხმაური, მსგავსი რაღაცები ჩართო.
და საზრისი?
ხანგრძლივ ბრძოლაში მხოლოდ სუნთქვითი ვარჯიშები და მედიტაცია ვერ გიშველის. ფიზიკურ და მენტალურ გამოფიტვასთან გასამკლავებლად მნიშვნელოვანია, რა მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ქმედებებს.
შენ რატომ დგახარ ქუჩაში?
მიზანი არის ის, რაც ყველაზე მძიმე დღეებშიც წინ გიბიძგებს. შეიძლება ამ მიზანს ემოცია აღარ ახლდეს თავს, მაგრამ თან ახლავს მოვალეობის შეგრძნება, დისციპლინა, რაციონალური აზრი, რომ უნდა იდგე შენი მეგობრის გვერდით, შენი თანამოქალაქის გვერდით, რადგან ეს ქვეყანა შენია და შენი წილი ამ ქვეყნისა უნდა ზიდო ზურგით.
- მნიშვნელობის გააზრებამ შეიძლება შეამციროს აღქმული სტრესი. კი არ მოგცელოს და გაგანადგუროს, არამედ მოგცეს ძალა რომ მთელ მსოფლიოს ებრძოლო და ყველაფრის წინააღმდეგ წახვიდე სიმართლისთვის ბრძოლაში. რავი, ნარუტო ან ვან ფისი ვინმეს თუ გაქვთ ნანახი, against all odds, მხოლოდ საკუთარი ურყევი რწმენა ამარჯვებინებდათ ხოლმე. ეს მხოლოდ ზღაპარი არ არის, ეს არის არქეტიპული ამბავი, რომლის მაგალითებიც ისტორიაში უამრავია.
როცა გესმის, რატომ აკეთებ იმას, რასაც აკეთებ, უფრო ნაკლებად გძაბავს ამ კონკრეტული მომენტის სირთულე და უფრო მეტად კონცენტრირდები დიდ სურათზე. - შინაგანი ურყევი ღერძის შექმნა, (არვი, დიადი საქართველო, რომელიც მთელს EU- ს მიათრევს, გაბრწყინებული იბერია, სამართლიანი ქვეყანა, მართალი ხალხი, ) სტრესის „ფონად“ გარდაქმნაში გეხმარება.
შეახსენე საკუთარ თავს:
სადამდე გაწევ საქართველოს?
ეს ბრძოლა პირადი არ არის, მაგრამ თან პირადია. ეს საერთო ბრძოლაცაა და შენც იმ ცვლილების ნაწილი იქნები, რომელიც მომავალ თაობას უნდა დაუტოვო.
ყველა მნიშვნელოვანი ცვლილებები თავიდან უიმედოდ გამოიყურებოდა. მაგრამ როცა არსებობდა რწმენა, არსებობდა გამძლეობაც.
საზრისზე ფიქრი და რწმენა არ წაშლის სტრესს – მაგრამ მის გასამკლავებელ ძალას მოგცემს. წინასწარ გაეცი საკუთარ თავს კითხვაზე პასუხი, „რა აზრი აქვს?“ და მოულოდნელად ვეღარ დაგატყდება თავს ჩუმად მოპარული ნიჰილიზმი.
ჩემი პასუხი ისაა, რომ თუ ვდგავარ – უკვე ვიმარჯვებ. ესაა ჩემი ბრძოლა.
.
სანამ თავისუფლებამდე მიხვალ, ჯერ რუსთაველი უნდა გაიარო ✊