
თუ საკუთარ გამოწვევებსა და განვითარების გზებზე გეფიქრება, გაეცანი ახალ პროფესიებს იმიტომთან ერთად. რა იცი, იქნებ ყურადღების გადატანის კარგ გზასთან ერთად, მომავალ კარიერასაც გადააწყდე.
ამჯერად ვერა თოხაძის ამბავს გაგიზიარებთ, რომელმაც სოც მედია მენეჯერობიდან კრაკენის CEO-ობამდე საინტერესო გამოცდილებებით დატვირთული გზა გაიარა.
სამუშაო გამოცდილება სოც. მედიის მართვის მიმართულებით
ციფრულ სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმა 2016 წლიდან დავიწყე.
თავდაპირველად არანაირი გამოცდილება არ მქონდა და არც ამ ინდუსტრიის შესაძლებლობები მქონდა გაანალიზებული.
სოც მედია მენეჯერად მუშაობა 2017 წელს კრაკენში დავიწყე, სადაც გავიაზრე რომ ეს იყო სფერო, რომელიც არასოდეს მოგაწყენს და შეგიძლია იმუშაო უამრავ გლობალურ თუ ლოკალურ ბრენდთან, შეცვალო ადამიანების დამოკიდებულება, გაახალისო მათი ყოველდღიურობა და იგრძნო მუდმივი განვითარება.
კრაკენში ასევე ვმუშაობდი Account Manager-ისა და Account Director-ის პოზიციებზე.
რა არის სოციალური მედიის მენეჯმენტი?
ვფიქრობ, დღეს ჩვენ ვიმყოფებით ციფრულ რევოლუციაში. ვერ ნახავთ კომპანიას, რომელსაც არ სჭირდება ციფრული მარკეტინგი, გამართული სოციალური ქსელები. პანდემიამ კიდევ უფრო დაგვარწმუნა იმაში, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მომხმარებელთან სოციალური ქსელით კომუნიკაცია.
2020 წლამდეც იყო ვარაუდები, რომ ძალიან მალე ელექტრონული კომერცია (e-commerce) ჩვენი ყოველდღიურობის აქტიური ნაწილი გახდებოდა, თუმცა ეს პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდა.
ეს სფერო სავსეა მუდმივი სიახლეებით, განვითარებით, ყოველდღე უნდა იფიქრო რა ისწავლო, რამე არ გამოგრჩეს. სწორედ ამის გამო არ ყოფილა ჩემ გამოცდილებაში არც ერთი დღე, რომელიც მეორის მსგავსი იქნებოდა.
ციფრულ სამყაროში შეგიძლია იმუშაო ნებისმიერ, შენთვის საოცნებო კომპანიაში, თუნდაც ძალიან შორს. მთავარია გქონდეს კარგი ინტერნეტი და ლეპტოპი.
რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ამ მიმართულებით ?
მიმუშავია როგორც პატარა პროექტებზე, რაც გულისხმობს ბიზნესის განვითარებაზე ზრუნვას სოციალური მედიის საშუალებით, ასევე დიდ პროექტებზე, მათ შორის:
- ევექსის კლინიკების კამპანიაზე – #ამოისუნთქე, რომელიც მიზნად ისახავდა ვაქცინაციის წახალისებას;
- ვისოლ ჯგუფისთვის შექმნილ კამპანიაზე – “ზესტაფონო გშორდები” (ამ პროექტის ციფრულ არხებში გაშლა იყო ჩემი მოვალეობა);
- ასევე 2008 წლის ომისთვის მიძღვნილ კამპანიაზე – “Check In Samachablo”.
ამ წლების განმავლობაში მიმუშავია ისეთი კომპანიებთან როგორიცაა: EFES საქართველო, საქართველოს ბანკი, Radisson Collection, Tkt.ge და სხვა.
რას ურჩევდი სოციალური მედიის მენეჯმენტით დაინტერესებულებს?
ბევრი ისწავლონ, გაიარონ კურსები, გაეცნონ სიახლეებს და ნუ შეხედავენ ამ სფეროს როგორც სტანდარტულ სამსახურს, რადგან თუ არ გიყვართ ის, რასაც აკეთებთ, რთულია გახდეთ საუკეთესო.
როგორია საბაზრო ფასები — ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები? $$
ვერ დავასახელებ კონკრეტულ თანხებს, თუმცა ვიტყვი, რომ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიაა.
მით უმეტეც მაშინ, როდესაც შენი ინტელექტუალური რესურსით შეგიძლია მიწვდე გლობალურ ბაზარს და ანაზღაურება უცხოურ ვალუტაში მიიღო.
რას იყენებ ხოლმე ინსპირაციისთვის ?
კარგად მაქვს გააზრებული, რომ მე არ ვარ სტანდარტულ სამსახურში და შემიძლია ჩემი იდეით სრულიად შევუცვალო ადამიანებს რაღაცის მიმართ დამოკიდებულება. ამის გაფიქრებაც კი აღმაფრთოვანებს.
საუკეთესო ინსპირაციაა მსოფლიოს კრეატიული სფეროს ნამუშევრების გაცნობა და იმის გაანალიზება, რომ ეს შენც შეგიძლია.
თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:
პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის «ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება» ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.
The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program «Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization». The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.