შაგი ბეინი – მძაფრად ლამაზი და მსუბუქად მოყოლილი მძიმე ამბავი

შაგი ბეინი

      რამდენიმე თვის წინ ნიუსი წავიკითხე: ,,ლონდონში მოსახლეობას საჭმელსა და ელექტროენერგიას შორის არჩევანის გაკეთება უწევთ.“ ზუსტად არ მახსოვს პლატფორმა, მაგრამ იმედი მაქვს ამას მნიშვნელობა არ აქვს თქვენთვის. 2022 წელს მქონდა ბედნიერება ვსტუმრებოდი ლონდონს და მაინც და მაინც არ შემიმჩნევია გვირილის ფურცლებით მკითხავი ოჯახები, არიქა, ამ თვეში შუქი გვქონდეს თუ ბეკონიო. ვისაც კორმარკ მაკართი ან კოენები გიყვართ მათთვის ,,მონეტით მკითხაობას” დავწერ – საქმე იმაშია, რომ ,,მოხუცების ადგილი აქ არ არის” პირველმა დაწერა და მეორეებმა გადაიღეს, ამ წიგნში კი ცივსისხლიანი შიგური ძალიან ხშირად მონეტას უჯერებს. Მოკლედ რომ ვთქვა, ინგლისელები ბევრად უფრო ბედნიერები და უპრობლემოები ჩანდნენ, ვიდრე ჩვენ ვართ. თუმცა, სულ ეგრე არ იყო, რა თქმა უნდა.  

         ბორის ჯონსონი მაშინ ,,ილიადას“ იზეპირებდა, როცა ტეტჩერმა თავისი რკინის ხელით გლაზგო ცუდ დღეში ჩააგდო. Საკმარისია დაგუგლოთ 80-იანი წლების გლაზგო და ნახავთ – დაკეტილი ქარხნებს, ქუჩაში ნაგავს, ,,თაგვებსა და ადამიანებს” ერთ სანაგვესთან, დაავადებებს, სიღარიბეს, მკვლელობებს და ათას საშინელებას. ღიმილით გლაზგოშიც იღიმოდნენ, მაგრამ კი იცით როგორც. ,,სელტიკი თუ რეინჯერსიო“ გეტყოდა სკოტი (ორი დაპირისპირებული ბანაკია გლაზგოში, ფეხბურთი, რელიგია – ყველაფერი ჰყოფთ, ,,მწვანე ქუჩის ხულიგნები” არიან და ერთმანეთს არ ინდობენ, გლაზგოს ღიმილი კი, აი ის არის, ჯოკერს რომ აქვს ლოყებზე) და არასწორი პასუხის შემთხვევაში სამუდამოდ ხდებოდი კაცი, რომელიც იცინის.  მოკლედ, რაღა სელტიკი თუ რეინჯერსი და რაღა შევარდნაძე თუ გამსახურდია, ერთმანეთს არცერთი მხარე არ ინდობდა. ეგრეა, გაჭირვება ყველა ქვეყანაში ერთნაირია და ჩვენი ოთხმოცდაათიანები სკოტების ოთხმოციანებს წააგავს.

        ჰოდა, კემბრიჯში ყოფნისას ირვინ უელშის თანაქალაქელიც გავიცანი ბარში. მაგარი მწერალი გყავთ სკოტებსთქო და გაუხარდა, ჩემი მეზობელიაო, სახლიც მაჩვენა. საქმე ისაა, რომ მაშინ მწერალ დაგლას სტიუარტის შესახებ არაფერი ვიცოდი და არც გამხსენებია, თორემ უფრო ჭკვიანი ვეგონებოდი სკოტს. წამეკითხა, რომ ბუკერი(დედამიწაზე ამაზე სანდო ლიტერატურული პრემია არ არსებობს) მოიგო და გამეგონა, კარგად წერსო. ბუკერი რომ ერთხმად მოიგო, ეგ პატარა ამბავი არაა, იშვიათად ხდება. შოტლანდიელს პირველად წიგნს ამერიკაში რომ უბეჭდავენ, მაგითაც არ ვართ განებივრებულები მაინცდამაინც. პაბში თამაშის ყურებისას, ჩემი სკოლის დირექტორმა მკითხა, რამე თუ გესმის მაგ სკოტისო და კი მეთქი, არ ვუთხარი მთლად სიმართლე. არც დაგლას სტიუარტი წერს მთლად ზარქუას თავანკარა ინგლისურით. ,,შოტლანდიური ცოტათი სხვა ენააო“ მორიდებით თქვა თამარ ჯაფარიძემ, უელშისა და სტიუარტის მთარგმნელმა, ძნელია, არ დაეთანხმო. ორიგინალში წიგნი 350 გვერდს არ სცდება, ქართულად კარგა 450 გვერდი გამოვიდა. 

        ,,შაგი ბეინი“ რამდენიმე თვის წინ გამოიცა ქართულად, ლუკა გრიგოლიას დაჟინებით. ასევე დაჟინებით უნდოდა ერთი დღე ამ წიგნისთვის დაგვეთმო, მაგრამ არ გამოვიდა, მაგრამ მთავარია ,,შაგი ბეინი“ უკვე ქართულადაა. 

           ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი, ღირებული, დიდებული, მძაფრად ლამაზი და მსუბუქად მოყოლილი მძიმე ამბავი, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. მთავარი გმირი, პატარა შაგი ბეინი, ერთადერთი ნათელია,  ძახილის ნიშანია წიგნის(წერტილი ვერ ვაკადრე). დედამისი აგნესი, რომლის სახელიც მე ძალიან მომწონს, რადგან ,,გინესის“ ანაგრამაა და ლუდი, სასმელი ამ ქალის ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია. აგნესმა სანამ იცხოვრა, იცხოვრა შაგის გამო და შაგის დამსახურებით. ამ წიგნში აღწერილი ამბები დედასა და შვილებს, ზოგადად, ადამიანებს შორის გამორიცხულია არ შეეხოს ყველა მკითხველის გრძნობებს. ეს რომანი ზუსტად იქ აჭერს, სადაც საჭიროა. სულ რომ თეა წულუკიანის მსგავსმა უგულო ადამიანმა წაიკითხოს  ,,შაგი ბეინი“, დიდი შანსია ოდნავ მაინც აუცრემლიანდეს თვალები. ყოველ ჯერზე, როცა წიგნს ვხურავდი, მქონდა განცდა, რომ შაგი და აგნესი ცალკე აგრძელებდნენ ცხოვრებას ბნელ გლაზგოში, ამიტომ ვცდილობდი მალე დავბრუნებოდი ნაწარმოებს, ეგებ ერთად უფრო ასატანი ყოფილიყო ყველაფერი. ვერ ვხვდებოდი, საიდან ამდენი იმედი უიმედობით სავსე ქალაქში:  

,,-შენს ადგილას ცეკვას არ შევწყვეტდი.

-არ შემიძლია, – ცრემლები მოადგა შაგის.

-ხო იცი, ეგენი მხოლოდ მაშინ იმარჯვებენ, როცა შენ ნებდები!“

შაგი, რა თქმა უნდა, გააგრძელებს ცეკვას.

         იცით როგორი ქალი იყო აგნეს ბეინი? ,,აგნეს ბეინი განსაკუთრებული ქალი იყო, სხვისთვის არ ემეტებოდა. ისე უნდა გაეტეხა, მისი ნამსხვრევების შეკოწიწება სხვა კაცს რომ ვეღარ მოეხერხებინა.“ 

შეძლო აგნესის მეორე ქმარმა ეს? 

         სიუჟეტის, პასაჟების მოყოლა რომ დავიწყო, ძალიან შორს წავალ, ეგ იქნებ სადმე სხვა პლატფორმაზე მოვახერხო ოდესმე. მაგრამ ერთი კია, რომ თანამედროვე კლასიკად გამოცხადებული ,,შაგი ბეინი“ უპირობოდ წასაკითხი წიგნია. ეს არის ავტორის ნახევრად-ავტობიოგრაფიული ნაშრომი, რომელზეც დაგლას სტიუარტი ათი წელი მუშაობდა და ძალიან მაგარი რომანიც დაწერა, უამრავი დასამახსოვრებელი ეპიზოდითა თუ პერსონაჟით, მნიშვნელოვანი სათქმელით. მეტს არაფერს ვიტყვი.

          ერთმა ჩემმა მეგობარმა პაზოლინის ,,ქუჩის ბიჭები,“ რომ წაიკითხა, გუდრიდსზე დაწერა: ,,იტალია თუ ამოვიდა ამ წუმპედან, ჩვენც ოდესმე გვეშველებაო.“ სტრინდბერგი თავის ,,წითელ ოთახში“ შვედეთის კორუფციაზე წერს, დიახ, შვედეთის კორუფციაზე. არვიდ ფალკის ეზიზღება შვედეთი. შორს არ წავიდეთ და მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის მნიშვნელოვანი ნაწილი იმაზეა, რომ რაც გვაქვს ახლა, არ გვინდა გვქონდეს ხვალ. უკეთესი გვინდა და შეგვიძლია კიდეც. გარდა იმისა, რომ (,,შაგი ბეინიდან“ დაწყებული, ,,ვა სოფელოთი“ დამთავრებული), ამ წიგნებს მაღალი მხატვრული ღირებულება აქვთ, მათ შეუძლიათ შეგვცვალონ, უკეთესი და უარესი გაგვარჩევინონ და გადაგვარჩინონ. ირვინ უელშის წაკითხვით სკოტს კი მოვაწონე თავი, მაგრამ ეგ დიდად მნიშვნელოვანი არაა. ჩემმა ზემდგომმა მითხრა ამას წინ, წიგნების კითხვა არაა მარტო საქმეო. მართალია ეს სხვა რამეს გულისხმობდა და უბრალოდ დაკომპლექსებული ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ, ამ კონტექსტის გარეშე, ეს ფრაზა გამოსაყენებელია. ეგებ ჩვენც გავხდეთ ისეთი ქვეყანა, რომელიმე რუსულმა ტელევიზიამ რომ თქვას, ქართველებს შუქსა და საჭმელს შორის არჩევანის გაკეთება უწევთო.

        ძალიან სფოთლაითის სპიკერად რომ არ ვიგრძნო თავი მე და თქვენ მსმენელად, გეტყვით, რომ წაიკითხეთ ,,შაგი ბეინი,“ გაგისწორდებათ. ან რაც გინდათ ის წაიკითხეთ, როგორც დანიელ პენაკი ამბობს.

 

პ.ს. თუ აქამდე წაიკითხეთ ეს ბლოგი, ე.ი. მთლად ცუდადაც არ ვწერ და ეგებ ვაკანსია გქონდეთ ჩემთვის.

 

პ.პ.ს. ავტორი გირჩევთ:

,,შაგი ბეინი” – თანამედროვე კლასიკა
,,ჩხერკეთელაობა” – აი, იმ ირვინ უელშის წიგნია და თუ გნებავთ, ფილმი ნახეთ, ორივე ძალიან კარგია.
,,ქუჩის ბიჭები” – პაზოლინი არაფერს მარტივად არ აკეთებს და შესაბამისად წიგნიც ასეთია, მაგრამ თუ გაინტერესებთ, როგორია მეოცე საუკუნის საშუალო სტატისტიკური ქალაქი იტალიაში, ეს წიგნი უნდა წაიკითხოთ.
,,ვა სოფელო” – რაღას უცდით, მგონია, ყველამ წაიკითხა, მაგრამ თუ თქვენ არ წაგიკითხავთ, მომილოცავს.
,,თაგვებსა და ადამიანებზე” – ამერიკული ოცნება, დიდებული სტეინბეკი.

 

ავტორი: თემო გერაძე