როგორ გავახაროთ თანამშრომელი – ანუ სეკრეტ სანტას თამაში კიდევ ერთხელ მაიძულეს

Oh No Oh No Oh No

Ho Ho Ho
და აი დადგა წლის ბოლო და ჩვენს სიზმრებში, უწინ რომ ყოფითი ტრავმებით იყო სავსე, ახლა მერაია ქერის ‘შობისთვის ბევრს არ ვითხოვ’, შენც საკმარისი იქნებიო- ჩაინტეგრირდა. 

უდაბურ, ნახევრად დანგრეულ ბნელ შენობაში ვიღაცას გაურბიხარ, ვის- არ ჩანს, რატომ გარბიხარ- არ იცი და ფონად ‘მე შო ბის თვის ბეევრს არ ვითხოოვ’ ისმის. 

კოშმარიდან გეღვიძება და უარეს რეალობაში ამოყოფ თავს – სადაც საშობაო სამზადისის გამო ონლაინ გამოწერებში ვარაზისხევზე უფრო დიდი საცობია შექმნილი, თავისუფლების მეტროს წინ ლეზგინკებს ასმაგი გაშმაგებით ცეკვავენ და ყოფილ მშვიდობის – ახლა კი უკვე ევროკავშირის კანდიდატისსტატუსხალმიღებულ ქალაქში აბრდღვიალებული ნაძვისხის გარშემო, 1 კვადრატულ მეტრზე 99 კაცი მოდის. 

ერთადერთი რამ, რაც ცხოვრებას შეიძლება გიხალისებდეს – ან ზოგ შემთხვევაში გირთულებდეს კიდეც – მოულოდნელად დახვედრებული საჩუქრებია. რაც იმას ნიშნავს, რომ ოფისში ან სამეგობროში სეკრეტული თოვლის პაპას ფერხულში ჩაგრთეს. 

თუ გაგიმართლა და ისეთ ხალხთან თამაშობ, კაი მიმს და ბნელზე ბნელ შავ იუმორს რომ აფასებენ, მაშინ გილოცავ, დიდი შანსია დოფამინის გამომუშავება ამ შუა უმზეობაში ერთი-ორად გაიზარდოს!

ხოდა, დატრავმული ხარ თუ დაუტრავმავი, ვეცდები საახალწლო საჩუქრების სტრესი თუ ბედნიერება – მარტივად გადაგატანინო და იდეები შემოგაშველო.

მაშ ასე, საჩუქრები

ანუ, როგორ მოიტანა გრინჩმა შობა

1. არავის უთქვამს დებილობა საჩუქრის მოფიქრება მარტივი იქნებაო

თუ გაგიმართლა და შენს სასეკრეტთოვლისპაპეს კარგად იცნობ და მისი ფსიქოლოგიური პროფილიც უკვე შედგენილი გაქვს, ინსაიტები ნაპოვნი, მისი ტრავმები დაჭერილი და მისი ნიჭები აღმოჩენილი – მაშინ დროა არსებული ინფორმაცია ერთად შეკრა და ატომური ბომბი ააწყო. განა მართლა, მაგას რიგით პიროვნებას არ ააფეთქებინებენ, ნაცადი მაქვს

მოკლედ, ხედავ შენს მეგობარს სიმღერა არ გამოსდის? გაიარე კურა-კურაში, კარფურში ან სულაც ლარიან მაღაზიაში, დაითრიე ერთი პლასტმასის მიკროფონი, ბრჭყვიალები, არტისტი ადამიანის დიდი ეგო, დაუწყვე ეს ყველაფერი ნაძვისხესთან, ჩაურთე i will always love you და ‘ააწევინე’. ყველა გახალისდება, კომფორტის ზონაში მყოფებს დისკომფორტში გაიყვან, დისკომფორტისაში მყოფებს კი – იქვე დატოვებ! 

მორალი: არ არის აუცილებელი ბევრი ფული ხარჯო, მთავარია საჩუქარს ეტყობოდეს, არასამუშაო საათებში ცოტა რომ იფიქრე! and if you do that on corporate’s time, even better!

 

2. ლექსები, შაირები, ცუდი სიმღერები! 

ყველას უყვარს სპოტლაითი! თუ, რა თქმა უნდა, უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურებში არ მუშაობს ფრილანსზე.
ხოდა წარმოიდგინე, როგორი ჟესტია როცა ადამიანში იმდენ რესურსს დებ, რომ ცუდ ლექსს ან და ხალხში არგამოსაჩენ შაირს მიუძღვნი!
თუ კრეატივში კოჭლობ, შეგიძლია ელფი დაიქირაო, ლექსი და მოთხრობა მას დააწერინო ხოლო შენ ერთი ორი ბაუნტი ან მილკას შოკოლადი იყიდო, შენმა სასანტემ რომ არ იფიქროს, ამას ცარიელი სიტყვებით უნდა გამოძრომა, შაქრების გარეშეო!



3. მიმები!

ისევ ნარცისული კმაყოფილების ფარგლებში ვიტრიალოთ! გადაქექე ჩატი, დაადექი უხერხულ მომენტში ადამიანს თავზე და გადაუღე ფოტო, მოკლედ კარგი ვიზუალური მასალა შეაგროვე და გზა ხსნილია! რაც შეიძლება ურცხვი, ბნელი, ზოგჯერ ნათელი (იუ) სათურები მოიფიქრე. ამობეჭდე და მოსდე ოფისს, თბილისს, ზოპარკსა თუ ზიმბამბვეს! რასაც გინდა! იქნებ ამით შენი სასეკრეტსანტეს ინფლუენსერული ცხოვრებაც დალონჩო და გავაირალდეს, ვინ იცის! ( წინასწარ წილი მოითხოვე, გამოცდილებით გეუბნები! )

 
4. მისალოცი ბარათები

ძალიან მიმძიმს ის ფაქტი, რომ მისალოცი ბარათები, რომლის უკან გაგრა, სოჭი, ძველი თბილისი, ტახტზე თოვლის პაპას ქუდით შვერულად წამოგორებული შენი მეგობარი ეხატა- მოდაში აღარაა, მიუხედავად იმისა, რომ მოდა ბრუნავს.
ამიტომ დროა მოკრიბო შენი სასეკრეტსანტეს სკანდალური ან სხვანაირი ფოტოები და მისალოცი ბარათები დაამზადო. აქ ამოპრინტვა ვეღარ გიშველის, ცოტა მეტი თანხის გასროლა მოგიწევს! ერთი გასროლით ორ კურდღელსა და რამდენიმე მცირე მწერს დაიჭერ – წერილების წერის რომანტიზმს დააბრუნებ და დანარჩენებსაც ამავე მისალოცი ბარათებით მიულოცავ ნებისმიერ დღესასწაულს!

 

5. თუ ტექნოლოგიებში კარგად ერკვევი…

და დიფფეიქ ვიდეოების დამზადება შეგიძლია… მაშინ ნებისმიერი შენთვის სასურველი სელებრითი აიღო, იქნება ეს კიანუ რივზი, შოთა დარბაიძე, საშა გრეი თუ მარტინ ლუთერ კინგი და ათქმევინო რაც გინდა! ახალი წლისა და ზრდილობის ფარგლებში, რა თქმა უნდა!
თუ ამდენი ტექნოლოგიური ჩალიჩი არ შეგიძლია, მაშინ უბრალოდ: cameo.com გადასქროლე და რამდენიმე დოლარი წინასწარ მოამზადე!


6. საჭმელი

ამ ეკონომიკურ პირობებში მიწაზე დაშვების დროა. შეიძლება ადამიანს სულაც არ სჭირდება custom-made მიმები, ლექსები და სეკრეტ სანტას კრეატიული უნარების აფიშირება. 

ადამიანს შეიძლება უბრალოდ შია. 

ხოდა, აჭამე. 

გამოუძახე ვოლტი/გლოვო/ბოლტი, დაალევინე ყავა, იქვე მიუკომენტარე, ეს ყავა თასქების უკეთესად შესრულებაში დაგეხმარებაო (ბოლომდე რომ არ გაახარო.).
ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ საკუთარ თავზე ზრუნვა ხოლმე – ზრუნვის გამოხატვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება კი – მათი გამოკვებაა. 

 

7. ბოლტის 50 ლარიანი ვაუჩერი

ვინაიდან ბოლტს ვაუჩერები ჯერ არ დაუმატებია, შეგიძლია უბრალოდ თაბახზე დაწერო, “აჰა შენ ბოლტის 50 ლარიანი ვაუჩერი” და ეს 50 ლარი ზედვე მიაკრა.
ამ ეკონომიკურ პირობებში, ამაზე უკეთეს საჩუქარს ვერაფერს მიიღებს შენი სასეკრეტსანტე ( ბოლტის 100 ლარიანი საჩუქრის გარდა). 

 

8. Imitom.ge – ის მრავლისმთქმელი მერჩი!

რომელიც შეგიძლია ამ ლინკზე გადაათვალიერო.
დაკავებული მენეჯერი ხალხის გულსაც მოიგებ ჩვენი ‘ყავა ლეპტოპი თასქები’-ის ჩანთით და იმ ადამიანებისასაც, რომლებსაც დასაკარგი არაფერი აქვთ და ცხოვრებაც ერთულებათ!  

 

საჩუქრები, რომლებიც არ უნდა აჩუქო


შეიძლება ბანკში მუშაობ, შესაბამისად უეცრად თავში გაგიელვა, რომ შენი სასეკრეტსანტასთვის თოვლის ბაბუის სათამაშოს ჩუქება კარგი ვარიანტია.

მინდა გითხრა რომ არა, არ არის კარგი ვარიანტი. 

არც ნაძვის ხის სათამაშოს ჩუქება. 

არც სანტა-კლასუსის გამოსახულებიანი ჭიქის. 

28 გამოკითხულიდან 26 ამბობს, რომ სანტა-კლაუსის გამოსახულებიან ჭიქას ისევ ზოდიაქოს ჭიქა ურჩევნია! 


აბა, ჰო-ჰო-ჰო-ჰოთ!