სად ვჭამოთ ხელფასამდე 1 კვირით ადრე – ანუ შედარებით იაფი კვების ობიექტები

ძალიან, ძალიან მინდა ახალი, უიაფესი და უგემრიელესი კვების ობეიქტების აღმოჩენაში დავეხმარო ჩემს ბედკრულ სამშობლოს.

თუმცა სამწუხაროდ თბილისი პატარა ქალაქია, დიდი საცობებით, მაღალი ფასებით, შესაბამისად არჩევანიც ლიმიტურია და თავსზევით ჩემი იურისდიქცია არ მოქმედებს. 

თუმცა, რამდენიმე კვების ობიექტს და ხრიკს გაგაცნობთ, რომელიც ხელფასის ჩარიცხვამდე თავს გაგატანინებთ თან ისე, რომ კულინარიული სიამოვნება წიწიბურას გარდა სხვა კერძითაც  მიიღოთ. 

 

პრაქტიკა, ანუ ხალხის კაფე

პრაქტიკაზე სად დავლიოთ იაფად ბლოგშიც ვისაუბრე. თუმცა მინდა გითხრათ, რომ საკვები განსაკუთრებით იაფია. კაფე თანაუგრძნობს ყველა სტუდენტსა და მცირედშემოსავლიანს, შესაბამისად ძალიან მისაღებ ფასად, მომსახურების საკომისიოს გარეშე აპურებს მისულ სტუმრებს. 

მაგალითად, ჩემი საყვარელი კერძი პრაქტიკაში – ლობიოს სალათია, ჯონჯოლის გარნირით, ყველითა და მჭადით. ლობიო და ჯონჯოლი ნიგვზით, ხახვითა და სხვადასხვა სუნელითაა შეზავებული და მეც კი, რომელსაც ფინანსურ მდგომარეობასთან შეუსაბამო გემოვნების რეცეპტორები მაქვს, ძალიან მომწონს. გემოების ბალანსი? არის. დიდი ულუფა? კიბატონო. ნოყიერება და ნუტრიციული ბალანსი? ეგეც. მოკლედ, ორი კაცი მშვენივრად გაიყოფთ. 

ა და რაც მთავარია, რვა ლარი ღირს. მოიცა, კიდევ გავიმეორებ. 

რ ვ ა   ლ ა რ ი 

8 ლ ა რ ი 

 

სხვა საკვებიც ძალიან მისაღებ ფასადაა წარმოდგენილი: 

ლობიოს სენდვიჩი – 5 ლ

ქათმის სენდვიჩი – 8 ლ

ბრინჯი ქათმით – 8 (ან 9) ლ

ქათმის სალათი ბოსტნეულით – 10 ლ. 

პიტნის ჩაი – 1 ლ

ხსნადი ყავა – 1 ლ. 

 

ფასები ნუ გაფიქრებინებთ, რომ საკვები უგემურია ან ცუდად მომზადებული. ასეთი ფასები მხოლოდ კონტექსტის გათვალისწინებით შეიქმნა და ფილოსოფიაც საკმაოდ მარტივი აქვს: საკვები და სასმელი ხელმისაწვდომი უნდა იყო ყველასთვის. 

სამწუხაროა, ჩემი სტუდენტობის წლები პრაქტიკის არსებობას რომ არ დაემთხვა, თუმცა ახლა, იმედია ყველა შეციებულ სტუდენტს, წასასვლელი რომ არსად აქვს, შია, და ფულიც ძალიან ცოტა აქვს – გამოადგება. 

 

მისამართი: მელიქიშვილის 23

ლინკი: აგერ

 

მაფშალია

ანუ დუქნების ბნელი პრინცია ( -ა, რადგან მეგრულია ) გადავინაცვლოთ დუქნებში. ჰიგიენურობასა და ესთეტიურ სიამოვნებას ვერ შეგპირდებით, თუმცა ასე 4 კაცი, 90 ლარად მაააგრად გამოძღებით. ერთს 15 ლარიც გეყოფათ კაარგად დანაყრებისთვის. სამზარეულო – მეგრულია. 

საყვარელი კერძი, რომელსაც მუდმივად კარგად აკეთებენ – ელარჯია (7-8ლ)

ყაზბეგის ლუდი – 4 ლ 

ოსტრი – სადღაც 8 ლ 

მენიუს ჩამონათვალში შეხვდებით მწნილის ასოტრტს, ნიგვზიან ბადრიჯანს ( მაფშალიაში ამის ჭამას არ გირჩევთ თუმცაღა). 

მოკლედ, ქართულად და ნოყიერად გაძღომისთვის, ტოპ არჩევანია. 

 

აქვე ნახეთ მაფშალიაში ღარიბი ხეცოს ვიზიტის ამსახველი სკანდალური კადრები 



ჩაის სახლი

აი აქ უკვე ნელ-ნელა ფასები ემატება. მართალია ცეზარის ჭამა უწინდელისგან განსხვავებით (15 ლ ) ახლა ოდნავ უფრო ძვირად შეგიძლია (18 ლ), მაგრამ ორ კაცს გყოფნით, ასე რომ ძაანაც არ ჩახევს თქვენს ისედაც მწირე ბიუჯეტს. 

ჩაისაც მისაღებ ფასად მიირთმევთ (6-8 ლარი ორ ადამიანზე) და ყავაც არ დაგაქცევთ. 

ხელფასამდე 1 კვირით არა, მაგრამ ასე 1.5 კვირით ადრე ჩაის სახლის გარისკვა ფინანსურ უპასუხისმგებლობაში არ ჩამოგერთმევათ. 



აგროჰაბ ბისტრო

მისმინეთ, მთლად 1 კილო მზა საკვები არ უნდა აიღო. მაგრამ თუ ცეზარის სალათას (7.15 ლ ) ან ქათმის სენდვიჩს (5.7)  დასჯერდები, საკმაოდ ბიუჯეტურად გამოძვრები ორგანიზმის ბიოლოგიური მოთხოვნილებების წნეხიდან. ქათმის ვრაპიც 6 ლარი ღირს, და ვინიცობაა და დიეტაზე ხარ – ბალზამიკოთი დამზადებულ ქათმის სალათსაც 8.15 შეჭამ ( გაზაფხულია, უმადობა მომატებულია,  შეგიძლია ორადაც კი გაყო). 

ამასთან, ბისტროს გამოძახებაც შეგიძლია (გლოვოდან) და ადგილზე მოჯდომაც. 



სტუდენტური ბარათები

მოკლედ, თუ გაქვს უნი-ცხოვრებიდან შემორჩენილი სტუდენტური ბარათები – საქართველოს ბანკის ან თიბისი ბანკის, შეგიძლია შეხვიდე მათ საიტზე, ნახო სტუდენტური შეთავაზებები, მონიშნო კვება და დაათვალიერო, რა ფასდაკლებას გთავაზობენ. 

მაგალითად, საქართველოს ბანკის სტუდენტური ბარათით გადახდისას ‘ლუმიერსზე’ 40% იანი ფასდაკლებაა ეს დღეები. 

თიბისის სტუდენტური ბარათით მაკდონალდში გადახდისას 20% ქეშბექი გაქვს. 

პიატოში, ბიბლუსის კაფეში, საქართველოს სტუდენტურით გადახდისას თანხის 20% უკან გიბრუნდება. 

 

მოკლედ, შეიძლება ამ შეთავაზებებით თავის გატანა. 

 

აბა, მომავალ ‘როგორ გადარჩე, როცა ღარიბი ხარ’ ბლოგამდე.