როგორ ვუძრახოთ მოყვარეს პირში ?

ბლოგი არაფერზე

ზრახვა, ძრახვა

ბჭობა, უბნობა, წარმოთქმა; ზრუნვა; რჩევა, ახსნა-განმარტება (ი. ა.) ან პირში თქმა იმის, რაც წესით მოყვარემ თავადაც კარგად იცის, თუმცა არ აღიარებს და ამიტომ თვალის ახელა სჭირდება. 

ალტერნატივა: მოყვარეს პირში უძრახე და თუ ტრაკი გაქვს, მტერსაც.

ჰოდა, როგორ ვუძრახოთ მოყვარეს პირში თან ისე, რომ ზედმეტებში არ გადაგვივიდეს, რადგან ზედმეტებში გადასვლა მარტივად გამოგვდის ხოლმე, თან, ზოგჯერ ძრახვის გარეშეც. უბრალოდ, ასე, ჰოპ, და უკვე ზედმეტებში ბანაობ. პრინციპში რომ ვთქვათ, მარტო არ ბანაობ- იქვე ბანაობენ შენი მეზობლები, ალბათ დაქალები, წინაპრები და თუ ძაან შორს წავალთ- დინოზავრებიც. თუმცა, რას ვერჩი ამ პატიოსან ცხოველებს. მკვდრებზე ცუდის თქმა ცოდვაა. პრინციპში ბარემ ცოდვაში ვარ და აქვე დავამატებ- სტალინს, ჰიტლერს, მაგათ ფანებს, მათზე ცრემლის გადმომგდდებს ******. ფიფქები იმიტომ, რომ ღმერთმა არ გაიგოს, როგორ ვძრახავ სააქაოდან საიქიოში ტიპებს. 

მოკლედ, დღეს ისეთ მტკივან მუხლზე ავდექი, რომ წინასწარ ვიცოდი, ძრახვა-ძრახვით უნდა გამელია დღე. აქვე ჩემს თავსაც დავძრახავ და ვიტყვი, რომ უკვე 12:14 სთ-ია, მეორე სამსახურში ვარ, ყოფიერების ვერასატან სიმძიმესთან ერთად მესამე თასქს ვეჭიდავები და მაინც- მარცხენა თვალში ჯერ კიდევ სიზმარს ვხედავ. ჰოდა, სანამ ზედმეტებში გადასვლა მომივა ამ ძრახვა-ძრახვით, მანამ დავფიქრდეთ, აბა, როგორ შეიძლება მოყვარეს ისე ვუძრახოთ- პირში, კონკრეტულად, რომ არც წიწამურთან გაგვაგორონ და არც ვარკეთილის ხიდებთან, სადაც, აქვე შევეხები ჩვენს მძიმე მდგომარეობას, საცობებმა ნამეტანი მოიმატა და რაა ხთებაა???!!!

ძრახვის მოკლე სქემა ასე გამოიყურება:

 

თვითმონიტორინგი – როცა, საკუთარ თვალში ჩავარდნილ პეპსის ვერ ხედავ, მაგრამ სხვის თვალში ჩავარდნილ არსიკოლას ამჩნევ:
 

აქ მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვა, «რა მოხელე ვარ საერთოდაც?» არის. ეს მოხელე, ალბათ, გახსოვთ ჩემს თაობას- ბებიაჩვენები ამბობდნენ ხოლმე საბჭოეთში თავიანთ თანამშრომლებზე და შეიძლება ერთი-ორჯერ ფილმი რომაა, ‘ჭრიჭინა’ იქაც გსმენია. 

ნამეტანი ინსაიტური კითხვაა და ისეთ მაღალ კატეგორიაში გადის, სადაც მოწინავე პოზიციას იკავებს ფრაზა “ (რაღაც-რაღაც)…წესი წესად დარგე: ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, — აბა დღეს მე ვის რა ვარგე?»

თუ ევოლუციური ფაილურე არ გამოდექი და მართლა როგორღაც არგე, გთხოვ ტუტორიალი ჩაწერე და გამოგვიშვი. ყოველ რგებაზე თითო ქულა გეწერება და დაგროვილი ქულები შეგიძლია მერე ძრახვებში გახარჯო. 

კრიტიკული აზროვნების დავალება გადალახულია, ARE YOU A ROBOT?-ზე “MAYBE”-ც ნაპასუხები
 

სინამდვილეში, ძრახვა ყველაზე რთული- მოყვარისაა. დედმამიშვილები არ ითვლებიან. მაგათ ისე ვურახუნებთ- გინდ ვერბალურად გინდ ფიზიკურად, თითქოს ძველი საბჭოთა მაცივარი იყოს- არასდროს რომ არ ფუჭდება და აპოკალიფსისას მანდ თუ ჩაჯდები, აფეთქებას გადაურჩები- პლუს, მახინჯია.

ჰოდა, მტრის ძრახვას რა უნდა? ერთადერთი ემოციური კავშირი გაქვთ და ისიც- ნეგატიური. 

მოყვარე? მოყვარესთან კონტექსტი, ისტორია, ამბავი, ცუდი, კარგი, საშუალო, ბორშის სიძულვილი, ხორცის სიყვარული- მოკლედ ათასი და იქაც ერთი რამ გაკავშირებს. თან, მოყვარეა რა, არ გინდა გული ჩაუხეხო. (მამენტ, აბა, კარგად მოაფათურე თვალი, იქნებ, შენში მამაძაღლური საწყისები ჭარბობს და გინდა კიდეც? თუ კი- მაშინ პირველ პუნქტს დაუბრუნდი და ჯერ შენი არაცნობიერი კონფლიქტი გადაჭერი, თუ ძმა ხარ)

შეგიძლია, საუბარი იმით დაიწყო, რომ ვინაიდანაც და რადგანაც ადამიანი ხარ, დირეს (დირე- ბიბლიური რეფერენსი, ჩვენებურად- მორი, ხის) პირველ რიგში სხვის თვალში ხედავ. 

შესაბამისად, შენს მიერ გაფაქტული დირე, ნამეტანი დიდია მოყვარეში.

ამას, რა თქმა უნდა, ემოციური ღიაობით, ემპათიურად ეუბნები და ხაზს უსვამ იმასაც, რომ უშვებ — შეიძლება დირე შენც გქონდეს — თანაც, ორივე თვალში და პლუს იმ მესამეშიც, შუბლზე რომაა, იდეაში. 

 

ზემოთ ხსენებული ქცევა გზას უხსნის ძრახვის შეუქცევად პროცესს

გეგონა, აქეთ ვერ დაგძრახავდნენ? მეორე ლოყასაც მოგიშვერდნენ, ისე რომ პანღურზე ფეხი არ წასცდებოდათ? ვაჰ, ბოდიში რა, ეგეთი ერთი ტიპი იყო და ისიც გააგორეს. ჰოდა, ახლა, საპასუხო ძრახვისთვის ემზადები. შენც არ იქნები ნაკლები, ჰოიცი. იმიტომ, რომ ეგაა ეს ცხოვრება.

მოკლედ, რა სარგებლობა მოაქვს ამ ბლოგს?

ჩინჩლავს

‘ამაოება ამაოებათა, ყოველივე ამაოა’ — <<< არც რა. 

 

ვაჯამებთ:

ჯერ შენს თავს პირში შენვე ძრახავ

მერე სხვას მიადგები

ბოლოს ნაწრთობ-ნაძრახები- ერთმანეთს ვძრახავთ 

სქემა გეცნობა ხო? პოლიტიკური პარტიებიც მსგავსად იქცევიან ხოლმე, უბრალოდ პირდაპირ მეორე პუნქტზე ტრიალებენ «მერე სხვას მიადგები”-ზე. 

ძრახვა ძრახვით თუ გადავარჩენთ ქვეყანას აწი!

შემოგევლეთ.

სტაბილურად ნეგატიური განწყობით, 

მე — ადამიანი (?)