
როცა სიჩუმეს ვირჩევთ, ძალადობა მაინც აგრძელებს თავის ხმაურიან არსებობას. ის არ ქრება, არ მცირდება და არ კარგავს ზემოქმედებას – ის უბრალოდ დაკეტილ ფანჯრებს მიღმა რჩება.
ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ამბებით, რომელთაც ვკითხულობთ, ვისმენთ ან ვხედავთ. სამწუხაროდ, რამდენად ახლოსაც არ უნდა ვიყოთ ამ ამბებთან, ხშირად შორიდან აღვიქვამთ მათ. თითქოს ეს ამბები ჩვენთვის არ ხდება. თითქოს ეს ყველაფერი “სხვისი ფანჯრების მიღმაა”.
ფანჯარა, რომელიც ვნახეთ და არ გავაღეთ
ქალებისა და ბავშვების მიმართ ძალადობა მხოლოდ მათი ისტორია არ არის – ეს საზოგადოების მიერ შექმნილი სურათია, რომელიც უმოქმედობით, უგულისყურობითა და დუმილით არის შევსებული. როდესაც კონკრეტულ ამბავს ვხედავთ ან ვუსმენთ, მაგრამ არაფერს ვაკეთებთ რეალური ცვლილებებისთვის, ამით თითქოს უხილავ ბარიერს ვქმნით და სულ უფრო ვშორდებით იმ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ.
ფანჯრის შიგნით დატრიალებული ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია. ეს ყველა ჩვენგანის პრობლემაა, რომელიც საერთო პასუხისმგებლობასა და ქმედებას მოითხოვს. მაგრამ როგორ ვრეაგირებთ? „ვხედავთ, მაგრამ არ ვეხებით. ვუსმენთ, მაგრამ არ ვაჟღერებთ ხმამაღლა“.
შორეული ამბები
ბევრ ადამიანს შეუძლია სხვისი ტკივილის დანახვა შორიდან, მაგრამ სულ სხვაა მის სიახლოვეს ყოფნა. ეს დისტანცია – ფიზიკური, ემოციური თუ მენტალური, არის სწორედ ის ბარიერი, რომელიც ხელს გვიშლის პასუხისმგებლობის აღებაში. ეს დისტანცია ზოგჯერ უსაფრთხოდ და მშვიდადაც კი გვაგრძნობინებს თავს, რომ ეს მძიმე და რთული ამბები ჩვენგან შორსაა, რომ ეს განა ჩვენი, არამედ მათი ამბებია.
მაგრამ თუ ბოლომდე შევიხედებით ამ ფანჯარაში? თუ მოვუსმენთ რას ყვებიან ისინი, ვინც ამ ტკივილს ატარებს მაინც შევძლებთ რომ ეს ამბები შორეულად დავტოვოთ?
ხმა დუმილის წინააღმდეგ
დუმილი ყოველთვის თანაგრძნობის ნაკლებობას არ ნიშნავს. ის შეიძლება დაბნეულობის, შიშის ან გაურკვევლობის შედეგი იყოს. თუმცა, რაც უფრო დიდხანს ვრჩებით ჩუმად, მით უფრო ვაძლიერებთ ძალადობას და დუმილი თვითონვე ხდება თანამონაწილე.
ძალადობის შეჩერებას მოსმენა და მოქმედება სჭირდება. მხარდაჭერა – თუნდაც მცირე ნაბიჯებით, რომელიც მსხვერპლს საშუალებას მისცემს, რომ ხმა ამოიღოს. თუნდაც მხოლოდ სიტყვიერი მხარაჭერა ან გულითადი მოსმენა არის ის მინიმალური რამ, რაც არა მხოლოდ შინაგან პასუხისმგებლობად, არამედ ვალდებულებადაც კი უნდა ვაქციოთ.
საზოგადოების პერსპექტივა და ჩართულობა
ხშირად ადამიანები ფიქრობენ, რომ პრობლემები, რომლებიც სხვის ცხოვრებაში ხდება, მათზე გავლენას არ ახდენს. მაგრამ ძალადობის მიმართ ინდიფერენტულობა, საბოლოო ჯამში, საზოგადოებასაც ანგრებს. ის ტოვებს ღრმა იარას, რომელიც ადრე თუ გვიან თითოეულ ჩვენგანს გაუჩნდება.
ამიტომ ძალადობის ისტორიები არ უნდა დარჩეს მხოლოდ “დახურულ ფანჯრებად”. ისინი არ უნდა ვნახოთ მხოლოდ შორიდან. მნიშვნელოვანია გავიგოთ, გავაანალიზოთ და რეალურად ჩავერთოთ ამ პრობლემის მოგვარებაში.
პროექტის შესახებ
იმისთვის, რომ რაღაც, თუნდაც მცირედი, შევცვალო ვაკეთებ პროექტს, რომლის მიზანია, საზოგადოების ნაწილისთვის ეს შორეული ამბები უფრო ხელშესახები და რეალური გახდეს. გარდა ამისა, ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა დაინახონ, რომ მიუხედავად ბევრი სირთულისა, არსებობენ ადამიანები, რომლებიც არიან აქ, მათ გვერდით, მათ ფარად და იმედად.
პროექტის ფარგლებში ვაკეთებ გამოფენა/ინსტალაციას, რომლისთვისაც ვეძებ რეალურ ამბებს. თუ ოდესმე გამხდარხარ ძალადობის მსხვერპლი და თვლი, რომ ერთობლივად შეგვიძლია რაღაც უკეთესობისკენ შევცვალოთ, მაშინ მომიყევი შენი ამბავი, რადგან ეს, ერთის მხრივ, მნიშვნელოვნად დაეხმარება სხვა ქალებს, რომ გაბედაობა შეემატოთ, გაძლიერდნენ და მათაც შეძლონ ამაზე საუბარი, ხოლო მეორე მხრივ, ხმას მივაწვდენთ და გავაგებინებთ საზოგადოებას, თუ რამხელა ძალა და მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას.
გთხოვთ, თუ ფიქრობთ, რომ შეგიძლიათ ამ ამბავში თვენი წვლილი შეიტანოთ, შეავსეთ ფორმა.
თქვენი ისტორიები, სრულიად ანონიმურად, გამოყენებული იქნება, როგორც გამოფენა/ინსტალაციის ნაწილი.
ავტორი: ნატა ბუტკოვსკა