როგორ გადავრჩეთ ხანგრძლივი აქციებისას, ანუ მენტალურ მდგომარეობაზე ზრუნვის გაიდი

თუ ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ,  რაც წელს პირველად აქციაზე ფეხი შედგი, სამსახურშიც არაერთხელ დააგვიანე უძილომ, მონდომებით ყლაპე წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლიც, დაიზუთხე ჯგუფი ¼ – ის “სამშობლო” და მერაბ სეფაშვილის “გაიღიმე”, გულის კარზე უფრო მტკიცედ გადაკეტე თბილისის ქუჩები, მაშინ ჩემი დედუქციის სქილები მატყობინებენ, რომ გადაიღალე. 

მაგრამ რას ვიზამთ, სამშობლომ დაღლა არ იცის და არც რუსეთში დაწერილა “სტუმარ-მასპინძელი” კრემლმა დასვენება რომ გაცადოს მეზობლურ,  ჯიგრულ თემაში. 

ამიტომ საკუთარ თავზე ავიღე  პასუხისმგებლობა, მოგცე რჩევები, როგორ გადარჩე ისე, რომ არც სამშობლოს უღალატო და არც საკუთარ პრინციპებს. 

 

აჰა,  ისმინე  შველის  მძებნელო: 

ფილმებს ისევ ჩაუჯექი 

ალბათ, სამყაროდან გაქცევის ყველაზე მარტივი, მოკლე გზა, ფილმების ყურებაა.  ისევ ჩამოუარე მარველს, ჰარი პოტერს, გაიხსენე, რომ სიკეთე იმარჯვებს.  შეგიძლია, არჩევანი კომედიურ ჟანრზეც შეაჩერო, მთავარია, განტვირთვა იგრძნო.  განმარტოებით წიგნის კითხვა არ მოსულა, ბევრ დროს წაიღებს, მაქსიმუმ შეგიძლია, თან წამოიღო და ამგვარად განხმუხტო სიტუაცია. 

 

ისევ დაუბრუნდი ნაირფერი ამბების ფოლოუერებისთვის გაზიარებას 

ვიცი, რომ სინდისი გაწუხებს მაშინ, როცა ფერადკაბიან ფოტოს დებ და შენი ქვეყანა მონდომებით ეხვევა ჩრდილოურ შუბაში, მაგრამ მეგობარო, ყველა ერთ ქვაბში ვართ, ამიტომ დაიწყე გაზიარება თავიდან, არ ტეხავს. 

 

თვალი ადევნე ახალ-ახალ მიმებს 

ამ ცხოვრებას იუმორის თვალით თუ არ შეხედე,”ისე გაგთელავს როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა”. ამიტომ ყველა პოლიტიზირებული ხუმრობა დაგეხმარება, შეამსუბუქო მოვლენათა ხედვა. 

ამისთვის შეგიძლია, იმიტომის ტიკტოკი და ინსტაგრამი სქროლო, მჯერა, დაგეხმარება. 

 

არ დაივიწყო ძველი ჩვევები 

სანამ აქციიდან სახლში წახვალ ბარში შეიარე, ჭიქა წაუქციე სამშობლოსთვის დაღუპულთა სულებს, იქნებ შენი ქრაშიც მანდვე დაბორიალებდეს და ბოლოს შეგყაროთ განგებამ ერთგან ეს ორი მებრძოლი. ( ორმაგი განტვირთვაც გამოგივა;) )

 

დასვენების დღე ჭკვიანურად დაგეგმე 

არ გახარჯო ფუჭად მზიანი დღეები და მაშინ, როცა სამსახურში არ მიგეჩქარება, მზეს მიეფიცხე, თანამოაზრე ამიგოც არ დაივიწყო. სუფთა ჰაერი ყლაპეთ და დარეფრეშებულები გაეშურეთ აქციისკენ, იქ სადაც დიადი მოძმენი დგანან.  

 

მოკლედ, რადგან ხანგრძლივ ჭიდილში ჩავებით, გრანდიოზულ საკითხებზე ზრუნვა დავიწყეთ, მსოფლიოს თავს ვაჩვენებთ, როგორც რკინა-ბეტონზე მეტად გამძლესა და მყარს, აუცილებელია, საკუთარ თავზე ზრუნვა არ დაგავიწყდეს, რადგან ახლა მნიშვნელოვანი ხარ ისე, როგორც არასდროს. 

 

აბა შენ იცი. 

 

 ავტორი: ელენე თედორაძე