როგორ გადავრჩეთ IBSU-ში – ფაქტები, რომლებიც ყველამ არ იცის

სტუდენტური ID ბარათი შინ არასდროს დატოვო
თუ პირველკურსელი ხარ,  მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისთანავე იძლევიან პირობას ბარათების სწრაფად დამზადების შესახებ, ლოდინი საკმაოდ დიდხანს მოგიწევს. ეზოში შესვლამდე, ჭიშკართან მდებარე დაცვის ჯიხურის გავლაა საჭირო, რაც რთული ნამდვილად არ არის, როცა ბარათი თან გაქვს. მაგრამ ვაი, თუ წამოღება დაგავიწყდა, დიდი ხანი მოგიწევს ლოდინი და იმის მტკიცება, რომ შემოგზავნილი აგენტი არ ხარ და უბრალოდ სწავლა გწყურია. თუმცა, ამ პრობლემის მოგვარება მარტივად არის შესაძლებელი — თუ ვეფხიასთან ძმაკაცობ, ერთი ზარი ახლობელთან ამ გასაჭირისგან მყის გიხსნის. 


დიღმის ქარებ
ფეხების გავარჯიშებას რაც შეეხება, ამაში ხელს დიღმის ქარები შეგიწყობენ. განსაკუთრებით ქარის სისასტიკეს მაშინ იგრძნობთ, როდესაც გზის მეორე მხარეს გაჩერებაზე საჰაერო კიბით გადახვალთ. აქვე ერთ რჩევასაც მოგცემთ — კიბეს კარგად მოეჭიდეთ.  


ჰამაკები და საქანელა
იბსუს ეზო სკამების ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის, რამაც შესაძლოა შექმნას ილუზია, რომ ჰამაკში ნებივრობას წინ არაფერი უდგას. დაიმახსოვრეთ: ჰამაკები თავისუფალი არასდროს არ არის. ეს იმიტომ, რომ უამრავი სტუდენტია, ხოლო ჰამაკი — სულ რაღაც ორი. ხშირად რამდენიმე სტუდენტი ერთდროულად ზის, რასაც ზოგჯერ ფატალური შედეგი — ჰამაკის ჩამოწყდომა მოყვება. სწორედ ეს ბედი ეწია საქანელასაც, რომელიც ჩამოწყდა და მას მერე აღარავის უნახავს — მხოლოდ ლეგენდებს თუ გაიგებთ მის არსებობაზე.


ლაზური
იბსუში სტუდენტობა იბსუში სტუდენტობა არ არის, თუ «ლაზურში» ერთხელ მაინც არ გაგისინჯავს ცნობილი ლობიანი. ეს კაფე იბსუსთან ახლოს მდებარეობს და ვისაც არ უნდა ჰკითხო მარტივად მიგასწავლიან. ვინაიდან მთელი უნივერსიტეტი იქ სადილობს, ხშირად ადგილები არ არის და ლოდინი მოგიწევს, მაგრამ როგორც კი ლობიანს გასინჯავ, მიხვდები, რომ ღირდა. 


ბიბლიოთეკა
იბსუს ბიბლიოთეკა B კორპუსის 0 სართულზე მდებარეობს და განსაკუთრებული სიმყუდროვით გამოირჩევა. რბილი დივნები და პუფები კარგი გამოძინების საშუალებას გაძლევს. თუმცა ბიბლიოთეკას სხვა ფუნქციაც აქვს — შეგიძლია კურსელებთან ერთად ჯგუფური პროექტის მოსამზადებლად, ან სამეცადინოდ გამოიყენო. მაგრამ აქვე გაითვალისწინე — მაქსიმალურად ჩურჩულით ისაუბრე და ხმამაღლა სიტყვა არ წამოგცდეს, თუ რა თქმა უნდა, არ გინდა ბიბლიოთეკარის სასიკვდილო მზერის მსხვერპლი გახდე. 


«მორგი»
ჩათვალე, რომ ბედნიერი სტუდენტობა გქონია, თუ 4 წლის მანძილზე, ერთხელ მაინც არ დაგიწერია გამოცდა ან ქვიზი საგამოცდო ოთახში, ე.წ. «მორგში», რომელიც ბიბლიოთეკის პირდაპირ მდებარეობს. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერი, უბრალო საგამოცდო ოთახია, მაგრამ როგორც კი გამოცდა ან ქვიზი იწყება, მომაკვდინებელი სიცივის დავლა ტანში თავისას იზამს და მიგახვედრებს, რეალურად რამხელა ბოროტებას წარმოადგენს ამ აუდიტორიის არსებობა. 


კაფეტერია
როგორც კი იბსუში ფეხს შედგამ, მიხვდები, რატომ გამოვყავით სტატიაში ეს პუნქტი. კაფეტერია, ე.წ. «დუქანი» უნივერსიტეტში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სივრცეა, რომელიც სტუდენტებში შერეულ ემოციებს იწვევს. რატომ «დუქანი»? კაფეტერიის ერთი ნაწილი, ნამდვილად ჩვეულებრივ კაფეტრიას ჰგავს, ხოლო მეორე — რესტორან «მაჭახელას» მოგაგონებს. ამ არგუმენტს, იქიდან გამოსული ტოლმის სურნელიც მარტივად გაამყარებს. 


კურილკა
და ბოლოს, არ აქვს მნიშვნელობა, მწეველი ხარ თუ არა, აუცილებლად უნდა იცოდე იბსუს მოსაწევი სივრცის, ე.წ. «კურილკას» შესახებ, რომელიც კაფეტერიის გვერდით მდებარეობს. ლექციებს შორის 10 წუთიანი შესვენებების დროს ეს ნამდვილად საუკეთესო ადგილია.

ავტორი-მარიამ ქობალია