
ამ ბლოგის დაწერისას ცოტა ვიფიქრე თუ ცოტა, მივხვდი, რომ გადარჩენა ყველაზე მეტად დიღმის მასივშია შესაძლებელი. თუ ჩემსავით დეკადები გაქვს აქ გატარებული მიზეზს მყის მიხვდებოდი, ხოლო თუ არ იცი რას ვგულისხმობ, მაშინ კითხვა უნდა გააგრძელო ამ «სამეფო» უბნის ღირსშესანიშნაობების უკეთ აღსაქმელად:
გიყვარს სმა და გიყვარს ჭამა?
მე თუ მკითხავთ, ეს პუნქტი ყველაზე დიდი ასოებითაა გამოსაყოფი, რადგან დიღმის მასივის ერთ-ერთ მთავარ და უუუდიდეს უპირატესობას ნაირ-ნაირი რესტორნები წარმოადგენენ. თუ მიგნება გაგიჭირდა, google map-ში ბელიაშვილის ქუჩა მონიშნე და დანარჩენი შენ იცი. თუ მაინცდამაინც ჩემი აზრი გაინტერესებს, წისქვილში თითქმის ყველაფერი გემრიელი, თან ფასებიც ხელმისაწვდომი.
საავადმყოფოები, საავადმყოფოები everywhere
თუ ზემოაღნიშნულ რესტორნებში ჭამა-სმა ნამეტანი მოგივიდა და თავს კარგად ვერ გრძნობ, სანერვიულო არაფერი არ გაქვს, რადგან ამ უბანში ყველაფერს მოაგვარებ. მნიშვნელობა არ გაქვს, მუცელი აგტკივდა, გადასხმა გჭირდება, კოვიდის ტესტის აღება, თვალის ბადურის გასინჯვა თუ მშობიარობა დაგეწყო, მთავარია ლუბლიანას ქუჩას დაკვირვებით ჩაუყვე და იცოდე, რომელ კლინიკაში რა სახის მომსახურება დაგხვდება.
ნ ი ლ ე
მართალია, ჭამა-სმაზე უკვე ვილაპარაკე, მაგრამ დიღმის მასივის მთავარ მშვენებას ცალკე პუნქტის გარეშე ვერ გამოვტოვებდი. თუ აქამდე არ გსმენია, «ნილე» მთელ ქვეყანაში განთქმული საცხობი და საკონდიტროა, რომელიც დიღმის მასივის მე-4 კვარტალში მდებარეობს. თუ მიგნება გაგიჭირდა, სადაც ყვეეელაზე დიდ რიგს დაინახავ იქ მიდი. ოღონდ აუცილებლად იკითხე, ვინ არის ბოლო, თორემ შეიძლება მაგარ შარშიც გაყო თავი.
მას შემდეგ, რაც დაუსრულებელი რიგის ბოლოს სინათლე გამოჩნდება, შენ წინ უმრავალფეროვნესი არჩევანი გადაიშლება და თუ არ გინდა შენ უკან მდგომებმა 1-2 აგრესიული შეძახილი დაგაწიონ, ჯობს წინასწარ მოიფიქრო რა გინდა.
გაითვალისწინე, რომ «ნილეში» ტკბილეულიც გემრიელი აქვთ, მაგრამ ყველაზე სახელგანთქმული ფენოვანი ლობიანია ლორით, ასევე გურული ხაჭაპური და კუბდარი. ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია, ამიტომ არ შეშინდე.
ხეები და ტყეები
მართალია, ქარიან ამინდში სწორ ხაზზე გავლა ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ ზაფხულში ვლადიმერ მაიაკოვსკის ძეგლთან ჩამოხვევისთანავე შეძლებ ამოსუნთქვას. მოგეხსენება, დიღმის მასივში შედარებით მეტი ხეები და პარკებია, რაც ცხელ ამინდებში ნამდვილი შვებაა. თუ თავისუფალი დრო გაქვს იქვე დიღმის ტყე-პარკია, სადაც შეგიძლია გაისეირნო, დაისვენო, წიგნი წაიკითხო და თან ნილეს ლობიანი წაიყოლო. ოღონდ ჯობს დაბნელებამდე გამოასწრო, +18 სცენების შემსწრე რომ არ გახდე შემთხვევით.
მოდი, დავიწყოთ ბოდიშით
კარგზე საუბარი გვეყო, ახლა ნაკლოვანებებზეც ვთქვათ 1-2 სიტყვა. თუ დაბალ სართულზე ცხოვრობ და გარეთ კარგი ამინდია, დიდი შანსია, რომ მშვენიერი საღამო კარგის ტრაკის გინებამ გადაფაროს. ეს იმიტომ ხდება, რომ კორპუსები მყუდრო უბნებშია ჩადგმული, სადაც გემრიელად მოსაჯდომების ნაკლებობას არ ვუჩივით. ამ მოსაჯდომებს კი 2-3 ნაკლებად საქმიანი (მსუბუქად რომ ვთქვათ), ლუდიანი და კარტიანი ყმაწვილი თითქმის ყოველთვის ამაგრებს, მაგრამ თუ ზედმეტად შეგაწუხეს არც მაგაზე იდარდოთ, რადგან თქვენს ზედა სართულიდან აუცილებლად გამოლანძღავს რომელიმე 70 წელს გადაცილებული აგრესიული მეზობელი, რომელმაც სულ ზეპირად იცის, რომელ საათზე ბრუნდები სახლში.
მოკლედ რომ ვთქვათ, რომ მიმიშვა ამ უბნის ავკარგიანობაზე მთელი დღე ვისაუბრებ, მაგრამ რაც დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ ის არის, რომ დიღმის მასივიდან მშიერი ვერ წახვალ!