როგორ გადავრჩეთ ბორჯომში ?

საქართველოში ბევრი ქალაქი ვერ დაიკვეხნის იმდენ სტუმარს, ქართველს თუ უცხოელს რამდენსაც – ბორჯომი. ისე, საბოლოო ჯამში, ხომ ყველაფერს ,,უხილავი ხელი” არეგულირებს, ხოდა საინტერესოა, რამ განაპირობა ბორჯომის ასეთი პოპულარობა…

თუმცააა… ეს სტატია სხვა რამეზეა, აქ ნახავთ უნიკალურ რჩევებს ზუსტად თქვენთვის, ვინც აპირებთ ბორჯომს ესტუმროთ. მარტივი არაა, ბორჯომის ხეობის ქარტეხილები მშვიადად  გაიარ-გამოიარო.

მოკლედ, ბორჯომისკენ რომ წამოხვალ პირველ რიგში აუცილებლად მოიმარაგე თბილი ტანსაცმელი, ყველა ბორჯომელი დამიდასტურებს ფაქტს, რომ ბორჯომში მთელი წლის განმავლობაში  სითბო სულ ორი თვე იგრძნობა, ამ ორ თვეშიც საღამოობით მაინც სიცივეა და გადაუდებელი მოსაცმელის საჭიროება დგება.

ჩვეულებრივ, თუ აქამდე ეს თქვენი ტრადიცია არაა ალბათ ბორჯომში დამისვენიაო არ ითქმის, ბორჯომში მიმავალი ყველა მანქანა ერთ ადგილას აუცილებლად ჩერდება, არა, გზა გაფუჭებული არაა (ნუ მთლად მაგდენადაც არა მაგის გამო რომ ყველა გაჩერდეს, თუმცა არც მაგის ნაკლებობაა) ეს ადგილი ახალდაბაა – განთქმული და დადასტურებული მრავალთაგან. მოკლედ, თუ ახალდაბის ხაჭაპური და მწვადი არ გიგემია, მაშ ბორჯომიც არ გინახავს.

ხო, კარგი, ჩამოვედით ბორჯომში, სად ვრჩებით? კი ბატონო, ნათესავი სწორი პასუხია, თუ გაგიმართლათ და ასეთი გაგაჩნიათ ბორჯომში ან მის გარშემო, მაგრამ ჩვეულებრივ მოკვდავებს ყველაზე დიდი თავსატეხი აქ ხვდებათ ხოლმე – Booking? Airbnb? იქნებ ჩასვლისას უცებ იპოვი სასტუმროს? ან თუ ბიუჯეტური დასვენება გაქვთ დაგეგმილი – გესთჰაუსი?

ჰაჰჰჰაჰჰ, აქედან რომელიმე აირჩიეთ? :))) 

არასწორია.

რა თქმა უნდა, საუკეთესო ვარიანტი წინასწარ ბინის მოძებნაა, როგორ? ყველა შესაძლო გზით! დარეკეთ ნაცნობებთან! გაიგეთ ვინ სად ისვენებდა წინა წელს! მოკლედ, იღონეთ ყველაფერი, რომ წინასწარ დაგეგმოთ და დაჯავშნოთ სასტუმრო, თორემ აბა სტატიის დასაწყისში ხომ გითხარით დიდია მოთხოვნათქო, რას ვიზამთ ყველა მოკვდავი ბორჯომში ვერ დაისვენებს. 

ბორჯომში ბევრი დაუწერელი კანონი არსებობს, ჩემი საყვარელი ესაა: ,,პარკში რომ 10 ლარი ღირს ქალაქში 5 ლარად გამოხვალ-ო” – რომ გადმოვთარგმნოთ, მთლად უცხოური გავლენის აგენტი თუ არ ხარ, ან რაც არ გიჭირს ფული თუ არაა, უნდა მოერიდო პარკში შოპინგს, თუ მაინცდამაინც, გამყიდველებს უნდა გაუღიმო და თავაზიანად თხოვო ფასდაკლება, არაა ცუდი ხალხი, მთავარია სცადო, ბორჯომში ეგ 90% შემთხვევაში ამართლებს – მადლობას გადამიხდი. 

ფინანსური ამბებიდან კულტურულზე რომ გადავინაცვლოთ, ერთი ეს შემიძლია გითხრა, რასაც ადგილობრივები გთავაზობენ მართლა სანახავია რა, აბა, კიდევ ბევრი ქალაქი გეგულება სადაც თვით გუსტავ ეიფელის დაპროექტებულ ხიდს ნახავ? ხო, გენაცვალე აი ეგეთია ბორჯომი, რაღაცნაირად ჰგავს პარიზს. 

ლამაზი ბუნება ხომ საამაყოა და ყველამ იცის რომ ჯანმრთელობისთვის სასარგებლო, მაგრამ სულიერი სიმშვიდისთვის მალამოდ ედება ხოლმე ადამიანს ბორჯომის მწვანე მონასტერი, სადგერის წმინდა გიორგის დედათა მონასტერი და ჩემთვის სუბიექტურად ყველაზე საყვარელი, მშვიდი და თბილი – სერაფიმ საროველის დედათა მონასტერი. ისეთი საოცარი დედები არიან, ერთი სიამოვნებაა მათთან საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა რწმენას, ურწმუნოებას და ა.შ ეს ადამიანები ყველას ისეთს იღებენ და უპირობოდ იყვარებენ როგორებიც ვართ. 

უჰ, გული ამიჩუყდა და ამასობაში მთავარი გამომრჩა – წყალი დალიე ბევრი, წყალი. მინერალური, სასარგებლო და დიდი ისტორიის (აქ მინდოდა რჩევა მომეცა ლიკანშიც გაიარე და რომანოვების ისტორიული სასახლე დაათვალიერე მეთქი, მაგრამ ისეთ მდგომარეობაშია არ გირჩევ) ბევრ საინტერესო ისტორიას მოისმენ ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, თუ გინდა ბორჯომელ ადამიანს ასიამოვნო და შენმა დასვენებამაც ტკბილად ჩაიაროს აუცილებლად გაეცანი ბორჯომის ისტორიას. 

 

ხო, ისე, ბორჯომის წყალი მარტო თბილი არაა :))) დიდი ხანი მეც არ ვიცოდი, მერე გავიგე რომ ცივი ბორჯომის წყალიც არსებობს, გაიკითხე, მიგასწავლიან, მანდვეა. 

 

მოკლედ, თუ ამ მითითებებს მიყვები, გადარჩები, თანაც საკმაოდ ბიუჯეტურად, და მშვიდადაც დაისვენებ, აბა შენ იცი. 

 

ავტორი: მაია ხუციშვილი