რა რთულია, იყო ქალი

ვუყურებ და მიკვირს – რა რთულია იყო ქალი.

გგონია, რომ ქალობა ფერია, სილამაზე, სიძლიერე… მაგრამ ზოგჯერ ის ბორკილებია, ჩარჩოები, სუსტი ღიმილის უკან დამალული ტკივილი. 

ქალი ყოველ დილით იღვიძებს და სახლიდან გასვლამდე მის თავში უკვე ათასმა ფიქრმა გაიელვა – რას ჩაიცვამს, როგორ გამოიყურება, ზედმეტად გამომწვევი ხომ არაა? ზედმეტად უბრალო რომ იყოს? იქნებ ეს მაისური ამ “იუბკას” არ უხდება?

კაცისთვის ეს ყველაფერი მარტივია: ჩაიცვამ, გახვალ და მორჩა. ქალისთვის – არა.

ქუჩაში სიარული? კაცები უბრალოდ მივდივართ. ქალი კი მუდამ შფოთავს – ვიღაც დიდხანს აჩერებს მზერას მასზე, ვიღაც ძალიან ბევრს ამბობს, ვიღაც ძალიან ახლოს მოდის. 

ღამე მარტო სახლში მისვლა? კაცისთვის ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. 

ქალისთვის – დაუგეგმავი მარშუტი, სწრაფი ნაბიჯი და ტელეფონის მჭიდროდ ჭერა, ვაიდა რამე მოხდეს. 

სამუშაო? ქალს იმავე საქმეში ორმაგი შრომა სჭირდება, სერიოზულად რომ აღიქვან.

თუ ზედმეტად რბილია – სუსტია, არ ვარგა.

თუ მკაცრია – ცივია და უხეში.

თითქოს ყველას რაღაცას ითხოვს ქალისგან. 

უნდათ, რომ ქალი ყოველთვის იდეალური იყოს – ეცვას იდეალურად, მოიქცეს იდეალურად, ილაპარაკოს იდეალურად. თუ ამას არ გააკეთებს, დიდი განკითხვის ჯერი დგება.

და მაინც, ქალი ამ ყოველივეს იტანს, თითქოს და ვალდებულია ასე ქნას. 

იღიმის, როცა დაღლილია. 

ქმნის, ზრუნავს, იბრძვის – და ამას ისე ბუნებრივად აკეთებს, თითქოს მარტივი გასაკეთებელი იყოს და ამის სურვილიც ჰქონდეს.

ქალად ყოფნა ნიშნავს, რომ უნდა გაუძლო – ბოლომდე, ბოლომდე, სანამ ღამით საწოლამდე არ მიხვალ და საკუთარ თავთან თითქმის მარტო არ დარჩები. სანამ არ მიხვდები, რომ შენი პატარა სიხარული მხოლოდ შენი საქმეა და არა სხვების ნებართვების შედეგი. 

ხანდახან ჩემს თავს ვეუბნები, ალბათ, რა რთულია, იყო ქალი. 

მაგრამ ქალი თუ ხარ, ესე იგი, იბრძვი. ესე იგი, ძალა გაქვს. ესე იგი, არასდროს ნებდები.

ავტორი: Starman, 16 წლის ⭐️