რა მოხდება თუ 30 დღე ივარჯიშებთ – ანუ დღიური ადამიანისა, რომელსაც ვარჯიში ეზიზღება და შემთხვევით მარათონში ჩაერთო

ვარჯიში

ვარჯიში მეზიზღება. 

მინდა ზუსტად ავხსნა: 

მირჩევნია ყოველ საღამოს ‘ინტერსტელარის’ მენსპლეინინგი ვისმინო, ვიდრე ბუქნები ვაკეთო. 

უფრო მეტიც, მირჩევნია ფბ-ზე სხვადასხვა სოციალურ საკითხზე კაცების მიერ დაწერილი პოსტები ვიკითხო – რაც, ვისაც გამოცდილება გაქვთ, დამეთანხმებით, რომ საკმაოდ მტკივნეულია – ვიდრე ვივარჯიშო. 

და რაც ყველაზე უარესია, ვარჯიში  სულ რამდენიმე წუთში განახებს, რამდენად სუსტი და შეუფერებელი ხარ მილიონობით წლის ევოლუცია გავლილი ადამიანის ტიტულისთვის. ერთადერთი ცნება, რომელსაც აკმაყოფილებ ‘survival of the unfittest, somehow’ არის. 

მოკლედ, არ მომწონს. 

შესაბამისად…  

ვარჯიში დავიწყე. 

ამ მემუარის წერას სახლის სავარჯიშო მარათონის (რადგან ზამთარში დარბაზში მიმსვლელი არ ვარ) 21-ე დღეს ვიწყებ. 

მე კი, ვარჯიში ისევ მძულს. 

რაც კარგია, რადგან ბოლოდროინდელი სამეცნიერო აღმოჩენების მიხედვით, არსებობს ტვინის უბანი ( Anterior Mid-Cingulate Cortex ), რომელიც მხოლოდ მაშინ იზრდება ზომაში, როცა შენთვის არასასურველ ქმედებებს ახორციელებ. 

მაგალითად:

  • ცოცხლობ. 
  • ვარჯიშობ. 
  • მოძრაობ მაშინ, როცა უძრაობა გინდა. 
  • კითხულობ მაშინ, როცა სქროლვა გინდა. 
  • სალათას ღეჭავ მაშინ, როცა გინდა მაკის კონსულტანტს ბურგერიანი ხელი მოაჭამო 

მოკლედ მაშინ,  როცა კოჭით შეათრევ საკუთარ თავს დისკომფორტის ზონებში.  

ტვინის ეს უბანი სიცოცხლის ხანგრძლივობასთან და საკუთარი თავით კმაყოფილების განცდასთანაა დაკავშირებული. 

და რაც ყველაზე გნიდობაა – მას შემდეგ რაც არასასურველი ქმედებებით, სისხლით, მახვილითა თუ რწყევით გაზრდი ამ უბანს- არ გეგონოთ რომ ზომაში იგივე რჩება. ააარა, როგორც კი კვლავ ერთ ადგილზე გაიყინებით – ეს უბანიც პატარავდება. 

აჰა, ჯერ მენსტრუაცია, 

ახლა ეს. 

როდემდე?!

ვარჯიში SUCKS – A MEMOIR 

დღე 1: 

ჩელენჯი 3 იანვარს დავიწყე. ანუ, ახალი წელი ჯერაც ბოლომდე მომსუყებული ვერ მქონდა, როცა ონლაინ ტრენერმა, ტორტი გამაგდებინა და სახსრები ამაღრჭიალებინა. 

ვივარჯიშე და გამახსენდა, 26 წლის განმავლობაში ყოველ წელს რატომ ვანებებდი ვარჯიშს თავს. 

  1. SUCKS. 

პ.ს თუ ვინმე იტყვის ადგილი არ მაქვს სავარჯიშოო, სახლში ლიტერალი 1.5 კვადრატულზე ვეწამები <333 

დღე 2: 

მეორე დღე პირველზე მტკივნეული აღმოჩნდა. 

გავაცნობიერე, რომ წინ 28 დღე მქონდა. 

და თითოეული ვარჯიში 4 წრეზე გასამეორებელი. 

ალბათ, ჯოჯოხეთი ესაა. 

დღე 3: 

დალევა დავიწყე. 

პრინციპში, არც არასდროს შემიწყვეტია. 

სარკეში ჩემს მუცელს ვუყურებ, თუმცა 4 კუბიკს ჯერ ვერ ვხედავ.

იმედგაცრუებული ვარ. 

დღე 4: 

აქ დავისვენე. 

ჯერ-ჯერობით კუნთების ტკივილი არ მაწუხებდა. 

აშკარად, ბუნებრივად ათლეტური ვარ ( რაც სხვა არაფრით დასტურდება). 

დღე 5: 

სამსახურიდან რითრითში წავედით. 

ამდენი ტეკილა არასდროს დამილევია.

ვარჯიში – გაცდა. 

დანაშაულის გრძნობა: 1000

ტეკილა შოტი: 10

მიღებული წყალი: ყლუპნახევარი 

ლობიანი, ხაჭაპური: რამდენიც ჩამეტია (ბევრი მეტევა) 

დღე 6: 

ამას ნაბახუსევს ვერ დავარქმევ. ამას ჰქვია პახმელია, ბოლოში ბოყინით. 

2 ლიტრი ყავის დალევის შემდეგ ტიტანური საქმე გავაკეთე – სასტუმროში ვივარჯიშე. 

თავი ყველა ჩემს ნაცნობზე, თანამშრომელსა და დალაი ლამაზე უკეთესი მეგონა. 

დღე 7: 

ყოველი დღე უკვე იმის შიშით იწყება, რომ საღამო ვარჯიშით დასრულდება. 

რატომ ვაწვალებ საკუთარ თავს? 

იმიტომ, რომ ღიპი მაქვს. 

დღე 8: 

დღეს დასვენების დღე უნდა მქონოდა. მაგრამ წინაზე ტეკილა შოთები ვარჩიე სიტყვის შესრულებას. ასე რომ, დღეს დავიტანჯები. 

ეს დღიური მარკუს ავრელიუსის ჩანაწერებს ემსგავსება, სიბრძნის გარეშე. 

დღე 9:

სამოტივაციო ფრაზა: ზიზღი დიდია. მე მცირე. 

ეს სახლი სავარჯიშოდ არ მყოფნის. 

ა, ხო, სახლში ვვარჯიშობ

დღე 10:

აღსარებანი: სიმართლე გითხრათ, ვარჯიში იმიტომ დავიწყე, რომ ჯიუ-ჯიცუზე შესვლა მინდოდა. მაგრამ არ მინდოდა ვინმეს ეთქვა.

“ეს აჯიმანიას რა პონტში ვერ აკეთებს?”

დღე 11:

დასვენება. 

მაგარია, დღეს არ ვიბანავებ. 

დღე 12:

ბათუმში ჩემს დაქალთან ჩავედი. 

ეს ყოველ დღე სვამს. 

მეც იძულებულს მხდის. 

ვარჯიშის ჩატში ჩემ მიერ გაგზავნილი სმს: 

 

ტრენერმა მირჩევნია სხვა ნახშირწყლიდან მივიღო კალორიებიო და მეც ვიკითხე 🫴🏻✨ მკაცრი არას მერე ის ბოლო ყლუპი მაინც დავლიე.

დღე 13: 

ჩემი ცხოვრება სამი ნაწილისგან შედგება: 

მუშაობა

ვარჯიში

დალევა.

აქედან ყველაზე მეტად მეორე მომწონს. 

დღე 14: 

აჯიმანიების კეთებისას სულს კვლავ იატაკზე ვტოვებ. 

იატაკზე იმიტომ, რომ როგორც კი ზედაპირს ვუახლოვდები ჩემი მკერდის არარსებული კუნთები და ბიცეფს-ტრიცეფსი მღალატობს. 

დღე 15: 

მუხლებზე დამდგარს აჯიმანიის მცდელობისას შემომისწრეს. 

მათი სიცილი სიზმარშიც კი მესმის. 

დღე 16: 

მეგონა აქამდე შევეჩვეოდი. 

Horrors (ვარჯიში) persist, but so do i (me – a different kind of horror). 

დღე 17: 

14 დღეა ტკბილეული არ მიჭამია. 

დეპრესია მეწყება. 

დღე 18:

დასვენებაა. 

ხინკალი და პიცა ვჭამე. 

ხელში აღებული, გახსნამდე მიყვანილი შოკოლადი მაგიდაზე დავაგდე და გავიქეცი. 

Improvise, adapt, overcome.

დღე 19: 

სარკეში ვიხედები და გონების ძალით 4 კუბიკის გამოკვეთას ვცდილობ. 

უშედეგოდ. 

თუმცა სხვეულის ფორმებში განსხვავებას ვამჩნევ. 

ახ, ეს დამპალი ვარჯიში მართლაც რომ მუშაობს. 

დღე 20: 

10 დღე არ ვაღიარებდი. 

თუმცა რეალობას თვალს ვუსწორებ – მოძრაობა მიადვილდება, სახსრების აღარ მიჭრაჭუნებს ჩაჯდომა-ადგომისას. 

დღე 21:

სამეგობროს ჩატში მიწერილებიდან:

“უნდა ვივარჯიშო. 

როდის მივეჩვევი, რომ მთელი არსებით არ შევეწინააღმდეგო ამას.

მშვიდობით.”

და მაინც, ამ ბლოგს ვბეჭდავ. 

ტრაკი მტკივა

ვარჯიშისგან არა. 

დღეს მეათე საათი სრულდება, რაც ამ სავარძელში ვზივარ. 

ცოდვები: ვჭამე ფენოვანი ხაჭაპური. გავიარე – 100 მეტრი. 

ვარჯიშს დედისტრაკი ვაგინე აჯიმანიების დროს – 6 -ჯერ. 

დღე 22: 

სამსახურში გადავამოწმე დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო. 

ახლავე გამოვალ საპირფარეშოდან, ჯერ ცრემლები მაქვს მოსაწმენდი. 

7 საათის შემდეგ:

ორგანიზმში მაქვს სამი ჭიქა ღვინო, 0 ენერგია და 8 მრისხანება. 

ამის ფონზე ვივარჯიშე და ყოველი წუთი მძულდა.

რომ არ მევარჯიშა – დანაშაულის გრძნობა არ მომასვენებდა. 

ვაუ

დღე 23:

პარასკევი, დასვენების დღე. 

დავლიე, ვიცეკვე, ვიღრიანცელე და ყველა შემხვედრ რენდომ ადამიანს ვკითხე, ნანახი ჰქონდა თუ არა Attack on Titan.

ამ ადამიანის (ჩემი) თავისუფლად სიარული თბილისის ქუჩებში უკვე აღარ შეიძლება. 

დღე 24:

წინა დღეს ხტუნაობის შედეგად განახლებული მუხლის ტრავმის გამო ვარჯიში ვერ შევძელი. 

I’m a worthless.

Shame to my family.

Shame to the holy cow

დღე 25:

როგორღაც, ისევ ბათუმში აღმოვჩნდი. 

თუმცა პრიორიტეტი ამჯერად დალევა არაა. პრიორიტეტია ხაჭაპურის ჭამისგან თავი შევიკავო.

ვივარჯიშე. 

I’m worthless no mo

დღე 26:
სარკეში ვიხედები და შედეგს ვამჩნევ.

ჩემი მუცელი ასეთი პატარა 20 წლის მერე არ ყოფილა – მაშინაც იმიტომ იყო, რომ სტუდენტი ვიყავი და დღეში ერთხელ ჭამა მიწევდა. 

სხვანაირად იმ ხუთ ლარიანს უნივერსიტეტის დაწყებისას რომ მომცეს, 2 წელი ვერ გამოვიზოგავდი. 

ა, დღეს მაფინი და ერთი ნამცხვრის ერთი კბეჩა ვჭამე.

სწორედ ამას ვაბრალებ, წეღან, ვარჯიშისას ისე რომ მოვკვდი, მეორედ მოსვლისასაც კი, ჩემი ჯოჯოხეთში გასაშვებად ამყენებელი, ვერავინ ვერ იქნება. 

ადიოს. 

ახლა სენდვიჩსაც მივაყოლებ. 

დღე 27: 

ვინ მოსთვლის(მე), რამდენი დღეა (ერთი)ტკბილეული არ მიჭამია. 

საშინელ დაღლილობას ვგრძნობ, ვარჯიშს მირჩევნია პირდაპირ განკითხვის ჟამი დამიდგეს და თხებში მიკრან თავი, იესოს მარცხნივ. 

ასეთი დემოტივაცია დიდი ხანია არ მიგრძვნია.

იცით, დიდი უნარია, იყო ტკივილში და მასზე დაკვირვება შეგეძლოს. 

მეშინია, 30 დღის შემდეგ ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგოს.

დღე 28:

მარათონის ჩატში დავწერე – ვარჯიში მეზიზღება, მაგრამ მაინც ვვარჯიშობ მეთქი. 

მოტივაციური ფრაზები მოიწერეს.

ძალიან კარგი, მადას მაინც დამიქვეითებს. 

დღეს დასვენება არ მიწევს. მაგრამ უბრალოდ ნებას ვერ ვპოულობ სავარჯიშოდ. 

I failed. 

დღე 29: 

ნეტა რამეს არ მაჩუქებენ? რახან ერთმა რენდომმა ადამიანმა 7 მილიარდი ადამიანიდან ეს დიდი გამარჯვება მოვიპოვე? მერე რა რომ ისიც კი საეჭვოა, ვარსკვლავის მტვერს შეიცავს თუ არა ჩემი სხეული? იქნებ, უბრალოდ ტალახი ვარ?

29-ე დღე პარასკევი მოუწია. დღესაც ჩავაგდე.
სამაგიეროდ უენერგიობის მიზეზს მივხვდი – PMS მაქვს.

დღე 30: 

‘აქ განისვენებს არავის მონა, საკუთარი უძლურებების გარდა…’

ჩამთავრდა.
ვივარჯიშე. ორივე დღის. 

ახალი საზრისის ძიებას ვიწყებ. ბრაზილიურ ჯიუ-ჯიცუზე მივალ.
პ.ს ტრენერმა მოიწერა, მეორე თვის გაგრძელება არ გინდათო :))))))))))))))

ამ ხნის განმავლობაში: 

  • საკუთარი წონა არცერთხელ შემიმოწმებია. 

ამას არანაირი ღრმა მიზეზი, როგორიცაა, წონა უბრალოდ რიცხვებია, მთავარია სარკეში რას ხედავ – არ ჰქონდა. 

უბრალოდ სასწორი არ მქონდა. 

  • ვიყავი შეძლებისდაგვარ დიეტაზე – არ ვიღებდი შაქარს, ტკბილეულს, მათ შორის ნამცხვრებს, ტკბილ იოგურტებს და ა.შ. ‘შაქარს’ მხოლოდ ვიღებდი ხილიდან და ფინიკიდან, ისიც, იშვიათად. 
  • თავს ვარიდებდი ცომეულს, პურს – თუ ოჯახში ხაჭაპურის გარდა საჭმელი არ იყო, ვჭამდი. თუ ნასვამზე პიცას დავინახავდი, რა თქმა უნდა, ყბაში ვიქანებდი. 

მაგრამ მსგავსი შემთხვევა სულ 5 ჯერ იყო. ეს შემთხვევები კი საკუთარ თავს უნდა აპატიო, ან ისე უნდა დათვრე, რომ არ დაგამახსოვრდდეს.

  • ვჭამდი ძირითადად სახლში გაკეთებულ საკვებს – მათ შორის სპაგეტსაც, მიუხედავად იმისა, რომ ხორბლის ფქვილისგან მზადდება. ვარჯიშისა და დიეტის დროს, ჩემთვის მთავარია – კვების რეჟიმი შენარჩუნებადი იყოს. შესაბამისად, არაუშავს თუ ერთ დღეს სპაგეტს მიირთმევ, დაკავებული ხალხი ვართ, ყოველდღე ქათმის ფილეს ვერ შეიწვავ, უცხიმოს (იუ) ( თუ რა თქმა უნდა, ძალიან მკაცრ დიეტაზე არ ხარ, რომელიც ექიმმა და სხვა მსგავსად კომპეტენტურმა პირმა დაგინიშნა). 
  • უნდა დამელია საშუალოდ 2 ლიტრი წყალი. რაც მავიწყდებოდა, ამიტომ ეს არ გაიმეოროთ. 
  • ვიღებდი ალკოჰოლს – საშუალოდ კვირაში 1-2 – ჯერ. რაც კლებისთვის არის ძალიან ცუდი. თუმცა, ამის კვლაობაზე მაინც დაიდო შედეგი – შემეცვალა ფორმები, წონამ – დაიკლო. ამიტომ, არც ეს პუნქტი არ გაიმეოროთ. 
  • თუ ტკბილეული მინდოდა – ვჭამდი ვალიოს პროტეინის პუდინგს, რომელსაც 20 გრ ცილა და ძალიან ცოტა კალორია აქვს. 
  • არ ვიღებდი გაზიან სასმელებს, თუ ძალიან მინდოდა – კოკა-კოლა ზეროს ვსვამდი. წადით და მიჩივლეთ. 
  • კვებებს შორის შუალედში ვიღებდი L-კარნიტინს, რომელიც ეხმარება ცხიმის წვას, ქალის ჰორმონებისთვის კარგია და ასევე ჩემნაირ უენერგიოს ენერგიას აძლევს. 

დიეტა ძირითადად შედგებოდა: 

ცილანახშირწყალიცილა + ნახშირწყალიცხიმი (ეს ჩემი დანამატია, წონის კლების დროს, მაღალკალორიულობის გამო არ ურჩევენ, მაგრამ listen to your body)
XORCI:
ქათამი (ღვიძლი, კუჭი, რაც გინდათ)
საქონელი
ღორი( ამას მე ვჭამდი, თუმცა იშვიათად, ეცადეთ უცხიმო ნაწილი ჭამოთ)
თევზი
კვერცხი
ხაჭო
ბრინჯი
წიწიბურა
შვრია 
კუსკუსი 
ბოსტნეულები (განსაკუთრებით მწვანე)
კარტოფილი (იშვიათად, თუმცა პიურესაც ვიმზადებდი)
ლობიო
ოსპი
ბარდა
არაჟანი (დაბალცხიმიანი) 
ავოკადო ( ბევრ ჯანსაღ ცხიმს შეიცავს)
კარაქი ( კვერცხს ვწვავდი კარაქში)
ნაღები ( იშვიათად ვუმატებდი ან პიურეში ან ყავაში) 

სნექები: მოხალული მიწისთხილი, მოხალული ნიგოზი/ნუში, ფინიკი (დიდი რაოდენობის შაქარს შეიცავს, ამიტომ, ფრთხილად). 

პრე-ვორქაუთ სმუზის ჩემი რეცეპტი: ყავა, ბანანი, ცოტა რძე ( რეკომენდირებულია ვეგანური რძე, უშაქრო), მიწისთხილი – ამ ყველაფერს ვაბლენდერებთ, ვუმატებთ ყინულს და ვუალა. 

30 დღიანი ვარჯიშის შედეგი: 

  • გაუმჯობესებული მოძრაობა
  • ენერგიის ზრდა 
  • შეცვლილი ფორმები – საჯდომი, მუცელი – განსაკუთრებით
  • დაკლებული წონა –  თუმცა პრიორიტეტი ეს არ იყო. 

მონაცემები: 

  • სიმაღლე – 1.7 
  • საწყისი წონა: 61
  • ამჟამინდელი წონა – 58- 58.5 

შენიშვნა: გაითვალისწინეთ, რომ რაც უფრო მცირე წონის ხართ, მით უფრო ნაკლებად ემჩნევა სასწორს შედეგი, თუმცა სარკეში ხედავთ განსხვავებას. 

დაწყების მიზანი: ფორმების შეცვლა, ვარჯიშის 1 კვირაში შეწყვეტის კარმული ჯაჭვის გარღვევა, საკუთარ თავზე ყოველდღე გამარჯვება ან მცდელობა მაინც. 

დასასრული. 

პ.ს წავალ ახლა მაფშალიაში გავძღები