ქლამიდია – თავდაცვისა და პრევენციის გზები

განმარტება

ქლამიდია წარმოადგენს უჯრედშიდა ბაქტერიას, რომელიც აერთიანებს ოთხ სახეობას. ამჯერად განვიხილავთ უროგენიტალური ქლამიდიის გამომწვევ სახეობას – Chlamydia trachomatis. იგი აზიანებს თვალს (გამოვლინდება კონიუქტივიტით ტრაქომათი), სასუნთქ გზებს (პნევმონია) და გენიტალურ ტრაქტს (ურეთრიტი და ვენერიული ლინფოგრანულემა, იგივე საზარდულის ლიმფური კვანძების გადიდება).

უროგენიტალური ქლამიდია ქალებში იწვევს საშვილოსნოს ყელის, ურეთრის, ფალოპის მილებისა და საშვილოსნოს ანთებას; მამაკაცებში კი –  შარდსადენის, ეპიდიდიმისის და პროსტატის ანთებას. მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს პროქტიტი (სწორი ნაწლავის ანთება).

 
გავრცელების გზები

უროგენიტალური ქლამიდია ვრცელდება ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტით ინფიცირებულ ადამიანთან. სპერმა არ არის აუცილებელი ინფექციის მისაღებად ან გასავრცელებლად.

 

რისკის ჯგუფები

ქლამიდიოზის განვითარების რისკის ქვეშ არიან სქესობრივად აქტიური ადამიანები, რომლებიც შესაძლოა დაინფიცირდნენ ვაგინალური, ანალური ან ორალური სქესობრივი კონტაქტისას კონდომის გარეშე პარტნიორთან, რომელიც ინფიცირებულია ქლამიდიით. ან ისეთ პირებში რომლებსაც ანამნეზში სქესობრივად გადამდები ინფექცია აღენიშნება.

 
ორსულობა და ქლამიდია

ინფიცირებულ ორსულებს შეუძლიათ მშობიარობის დროს ბავშვს გადასცენ ქლამიდია. ამან შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილთა კონიუნქტივიტი ან პნევმონია. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია გეგმიური საკეისრო კვეთის ჩატარება.

 

სიმპტომები

უროგენიტალურ ქლამიდიას „ჩუმ“ ინფექციასაც უწოდებენ, რადგან  ინფექციით დაავადებულთა უმეტესობას არ აქვს სიმპტომები.  დადასტურებული ინფექციის მქონე მამაკაცების დაახლოებით 10%-ს და ქალების 5-30%-ს უვითარდება სიმპტომები. ქალებში, ბაქტერიები თავდაპირველად აზიანებენ საშვილოსნოს ყელს. ამან შეიძლება გამოიწვიოს ცერვიტი. ასევე შეუძლია ურეთრის დაინფიცირება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს  ურეთრიტის  ნიშნები და სიმპტომები (მაგ. პიურია, დიზურია, შარდვის გახშირება). ინფექცია შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოს ყელიდან ზედა რეპროდუქციულ ტრაქტში (ანუ საშვილოსნოსა და ფალოპის მილებში) და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადებები. სიმპტომების მქონე მამაკაცებს, როგორც წესი, აქვთ ურეთრიტი, ლორწოვანი ან წყლიანი ურეთრალური გამონადენი და დიზურია. ზოგიერთ მამაკაცს უვითარდება ეპიდიდიმიტი (სიმპტომური ურეთრიტით ან მის გარეშე) სათესლე ჯირკვლის ცალმხრივი ტკივილით, მომატებული მგრძნობელობით და შეშუპებით.

ქლამიდიას შეუძლია დააინფიციროს სწორი ნაწლავი მამაკაცებსა და ქალებში.  ეს შეიძლება მოხდეს პირდაპირ – ანალური სქესობრივი კონტაქტისას, ან ქალებში საშვილოსნოს ყელიდან და საშოდან გავრცელების გზით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ინფექციები ხშირად სიმპტომურად არ ვლინდება, მათ შეუძლიათ გამოიწვიონ პროქტიტის სიმპტომები (მაგ. რექტალური ტკივილი, გამონადენი და /ან სისხლდენა).

კონიუნქტივიტი შეიძლება განვითარდეს როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში ინფიცირებულ გენიტალურ სეკრეტთან კონტაქტის გამო.

თუ ქალი არ იმკურნალებს, ქლამიდია შეიძლება გავრცელდეს საშვილოსნოში ან ფალოპის მილებში და გამოიწვიოს მენჯის ანთებითი დაავადება, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს: მენჯის არეში ქრონიკული ტკივილით, ფალოპის მილის გამავლობის დახშობა და უნაყოფობა. ასევე პოტენციურად ფატალური საშვილოსნოსგარე ორსულობა

 

დიაგნოსტიკა

ქლამიდიოზის დიაგნოსტიკა შესაძლებელია Chlamydia Trachomatis-ის დნმ-ის განსაზღვრით პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციით (PCR-ით). დიაგნოსტიკისთვის მიზანშეწონილია: მამაკაცებში დილის შარდის პირველი ნაწილის გამოყენება და ქალებში უროგენიტალური ნაცხის გამოყენება. ქალებში შარდის პირველი ნაწილის შესწავლა შეიძლება გამოყენებულ იქნას ისეთ სიტუაციებში, როდესაც ძნელია საშოდან და საშვილოსნოს ყელიდან ნაცხის აღება (მაგალითად, ორსულ ქალებში) ან სახეზეა ცისტიტის კლინიკა (მათ შორის ქრონიკული). ქალების გამოკვლევის ყველაზე ოპტიმალური დროა ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან მეოთხე კვირა.

 

მკურნალობა

ქლამიდიოზს მკურნალობენ ანტიბიოტიკებით. უმეტეს შემთხვევაში, ინფექცია ქრება 1-2 კვირაში. ამ დროის განმავლობაში თავი უნდა შეიკავოთ სქესობრივი კონტაქტისგან. თქვენს სექსუალურ პარტნიორს ან პარტნიორებს ასევე სჭირდებათ მკურნალობა, მაშინაც კი, თუ მათ არ აქვთ ნიშნები ან სიმპტომები. ქლამიდიის არსებობა ან წარსულში მისი მკურნალობა არ გამორიცხავს ქლამიდიოზით განმეორებითი ინფიცირების შესაძლებლობას.

 

პრევენცია

უროგენიტალური ქლამიდიოზის ინფექციის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია: გამოიყენოთ კონდომი ყოველი სქესობრივი კონტაქტისას, შეზღუდოთ სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა და  ჩაიტაროთ რეგულარული სკრინინგი.