მიეცით ნიჭსა გზა ფართო – ანუ ქართველები, რომლებმაც ევროინტეგრაცია უფრო მალე იგემეს

ევროპა ბევრი შესაძლებლობის ადგილია.

რატომაა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. 

 

შეიძლება იმიტომ, რომ რომი, რომლის დაცემასაც დღემდე მივტირით, მათ შორის ტიკტოკზეც, სწორედ ევროპა იყო;

შეიძლება იმიტომ, რომ განმანათლებლობის აკვანი სწორედ ევროპაში დაირწა;

შეიძლება იმიტომ, რომ სიქსტის კაპელა ევროპაში შეიქმნა და ახლა ისევ ევროპაშია გამოფენილი;

შეიძლება იმიტომ, რომ გერმანიაში უმაღლეს სასწავლებლებში სწავლა უფასოა.

და შეიძლება იმიტომ, რომ უბრალოდ სტატისტიკას ვუყურებთ და ვხვდებით, რომ ადამიანების უმრავლესობამ, რომლებიც საკუთარ სფეროში წარმატებულები და კომპეტენტურები არიან, ერთ დროს დასავლეთი მოიარა – იქ ისწავლა, იცხოვრა, გამოცდილებები მიიღო და არ აქვს განცდა, რომ საკუთარი პოტენციალი ბოლომდე არ გამოუყენებია. 

 

ერთ-ერთი ბენეფიტი, რომელიც ევროპას ქვს სწორედ ესაა –  გვაძლევს საშუალებას, საკუთარ პოტენციალს დავაკვირდეთ, მოვუაროთ, ვეშრომოთ და შედეგად მართლაც მივიღოთ რაღაც. 

და ჩვენსავე გამოცდილებაზე დაკვირვებით თუ არა, სხვა ქართველების წარმატებაზე დაკვირვებით მაინც ვხვდებით რომ, კი, არის რაღაცა კარგი და ისეთი იქ, რაზეც აქეთ მხარეს სამუშაო გვაქვს. 

ევროპაში განათლებამიღებული, წარმატებული ქართველების სახელები და გვარებიც დღეს კარგად ვიცით. 

მაგალითად, გია დვალი ქართველი ფიზიკოსი და აი ის ერთადერთი ფიზიკოსი (არაფიზიკოსებისთვის!) , იუთუბზე რომ მოსმენა არ მოგბეზრდება ( იმისდა მიუხედავად რომ არც კვანტურის და არც ფიზიკის გარტყმაში არ ხარ). 

გია დვალს კვანტური ფიზიკისა და კოსმოლოგიის სფეროში ისეთი სახელი აქვს, როგორც ვარდს ყვაყვილებში? დეივ შაპელს კომედიაში?

არვიცი.

ის ვიცი, რომ  გრავიტაციისა და შავი ხვრელების თეორიებზე ბევრი კვლევა ჩაუტარებია. სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა ამერიკისა და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში ( რა თქმა უნდა ), მათ შორის სტოკჰოლმის უნივერსიტეტში და ნიუ-იორკის უნივერსიტეტში (ნიუ იორკის უნიში, აი, ეს ტიტული აქვს: Silver Professorship Chair). მისი კვლევები, განსაკუთრებით გრავიტაციის თეორიებზე, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს კვანტურ ფიზიკაში მიმდინარე დებატებზე. და უეჭველი, სადღაც რედდიტის thread-იც იქნება შექმნილი სადაც გია დვალზე მაააგრად ჭორაობენ. 

მის კარიერაში განსაკუთრებული წარმატება ევროპიდან დაიწყო.  დვალი წამყვანი მეცნიერი და პროფესორია რამდენიმე წამყვან ევროპულ უნივერსიტეტში, მათ შორის მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტში და ხელმძღვანელი, აიი, აქ: Max Planck Institute for Physics in Munich. 

იმედია, ოდესმე რომელიმე აქაური კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელიც გახდება. 

ოდესმე.

 

მეორე მაგალითი ზაალ კოკაიაა. მსოფლიოში ცნობილი ნეირომეცნიერი, რომელიც ნერვული სისტემის რეგენერაციისა და ღეროვანი უჯრედების კვლევის სფეროში მუშაობს. კი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, თუმცა სწავლა შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში გააგრძელა. 

ბატონმა კოკაიამ, მიყვარს და ვრჩებიო და ლუნდის უნივერსიტეტის პროფესორი და ნეირობიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახდა. 

მისი კვლევები ფოკუსირებულია პარკინსონის დაავადებაზე  და ამ დაავადების სამკურნალოდ ღეროვანი უჯრედების გამოყენებაზე. მიუხედავად იმისა, რომ წარმატებული ნეირომეცნიერები საქართველოში პოპულარულობით დიდად ვერ სარგებლობენ, ის მაინც ვიცით, რომ კოკაიას ნაშრომები პიონერულია ამ სფეროში და იმედს გვიჩენს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობა ოდესმე შესაძლებელი გახდება. 

მხოლოდ ამ ორი მსოფლიო დონის მეცნიერის მაგალითიც კი გვიდასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული სამეცნიერო სივრცე ქართველი მკვლევარებისთვის. და შეიძლება იმაზეც მიგვანიშნებს, რომ ვიღაცებმა გზა იპოვეს, თუმცა ბევრი ნიჭიერი ადამიანიც დაკარგულა საკუთარი პოტენციალის გამოვლენის გარეშე. 

 

ევროპაში არსებული სამეცნიერო ინფრასტრუქტურა, დაფინანსების შესაძლებლობები და საერთაშორისო თანამშრომლობის გარემო,  საშუალებას იძლევა განავითარი საკუთარი იდეები,  მოახდინო მნიშვნელოვანი გარღვევები, ძვრები მეცნიერებაში და არა მხოლოდ საკუთარი სახელი დატოვო, არამედ მართლაც ღირებული რაღაც გააკეთო სხვა ადამიანებისთვისაც. 

თუმცა მეცნიერების ფარგლებსაც შეგვიძლია გავცდეთ და ცოტა სპორტშიც შევაბიჯოთ.

საქართველოსთვის დოფამინის უშრეტი წყარო ამ წელს ფეხბურთი გახდა. 

ისეთმა ადამიანებმაც კი, ცხოვრებაში ფეხბურთი რომ არ გვინახავს, ახალ-ახალი გვარები დავიმახსოვრეთ. 

ქოჩორაშვილი,

მამარდაშვილი

ჩაკვეტაძე,

დავითაშვილი

ზივზივაძე

წიტაიშვილი

და ბევრი სხვა. 

ამ გვარებს, გარდა იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატზე წარმოუდგენელი და მოულოდნელი სანახაობა დადეს, კიდევ ერთი რამ აერთიანებთ. 

ყველა ეს ბიჭი დღეს ევროპაში თამაშობს და იქვე გამოწრთვნილია. გამოცდილებები, სიახლეები, ურთიერთობები იქ დააგროვეს და დღესაც, საქართველოს სახელიც ძალიან ამაყად ევროპაშივე გააქვთ. 

ზოგიერთ ქვეყანას კი საკუთარი თავის შეყვარებით, საქართველოც შეაყვარეს ( კი, ლევანტეს ადმინს ვგულისხმობ). 

ეს ფეხბურთელები ქართული სპორტის ახალ თაობას წარმოადგენენ, რომელიც წარმატებით იკვლევს გზას ევროპულ ფეხბურთში. თუმცა, მათი წარმატება არა მხოლოდ პირადი მიღწევაა, არამედ მნიშვნელოვანი წვლილია ქართული ფეხბურთის განვითარებაში და საქართველოს პოპულარიზაციაში საერთაშორისო არენაზე.

ევროპულ კლუბებში თამაში აძლევს ახალგაზრდა ფეხბურთელებს ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც შეიძლება წინა თაობის სპორტსმენებს აკლდათ. 

ახლა ჩვენებს აქვთ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ თავიანთი უნარები, ითამაშონ მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეების გვერდით და წინ წაწიონ თავიანთი კარიერა. 

და რაც ყველაზე მთავარია – მათი მიღწევები იმედია. 

ისინი ხდებიან შთაგონების წყარო ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისთვის და აჩვენებენ, რომ ნიჭისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, შესაძლებელია მსოფლიომ გაგიცნოს, ძალიან სწრაფად შეუყვარდე და ინსტაგრამზე შენი და შენი მეგობრების რილსებით გადაიფლუდოს ფიდი.  ძალიან პოზიტიურ კონტექსტში თან!

 

იმ პერიოდში, როცა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღო, როცა პირველად გავედით ევროპის შემპიონატზე, როცა ტრიუმფით გავაგრძელეთ და მერვედფინალში მოვხვდით, სხვანაირი ძრავი ამუშავდა ჩვენს ფსიქიკაში. 

ეს მხოლოდ მეცნიერება, სპორტი და ხელოვნება არაა. ყველა ზემოთ ჩამოთლილი მაგალითი ადასტურებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ევროპასთან მჭიდრო ინტეგრაცია. ეს პოლიტიკის, ეკონომიკის და კიდევ სხვა კი-ს მიღმა დგას  და ჩვეულებრივ, ჩემნაირ ადამიანებამდე დადის, 345 გამომწერით. ვინც არ უნდა იყო, სპორტსმენი, მასწავლებელი, სამხედრო, მათემატიკოსი თუ მოქანდაკე, ევროპა ღია კარს ნიშნავს უამრავი შესაძლებლობისკენ, ყველა სფეროში. ეს კი, თავისთავად უფრო მარტივად ჩაგვრთავს მსოფლიოს ფერხულში – ყველას ხომ გვჯერა, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერი ხალხი ვართ? უბრალოდ რაღაც გვაკლია.

ეს რაღაც კი, ცოტა უფრო მეტი შესაძლებლობაა. 

და თვითგადარჩენისთვის ცოტა უფრო ნაკლები ბრძოლა. 






ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დემოკრატიის ლაბორატორია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.