რას ნიშნავს ,,ქართული ქარტია” – პრეზიდენტმა ევროპისკენ მიმავალი ახალი გზა შემოგვთავაზა

არც გაზაფხულის მშვიდი საღამო იყო და რობოკოპების შიშით არც ჩიტები დაფრინავდნენ ხიდან ხეზე. არ ვიცი წელიწადის ამ დროს ქართველის გულში რა ხდება და რა მოთხოვნილებები აქვს, მაგრამ აგერ უკვე მერამდენე გაზაფხულია აქციიდან აქციამდე ვცხოვრობთ და თან, ყოველი მომდევნო წინაზე მძიმე და მასშტაბურია. ამ ყველაფერს იუმორით რომ შევხედოთ ერთი პატარა ზღაპარიც შეგვიძლია შევთხზათ: იყო და არა იყო რა. იყო ერთი აბურდულ თმებიანი კაცი, რომელიც თემის შეკრებების დროს სულ სოფლის მაცხოვრებლების სახელით ლაპარაკობდა და ვერც ერთხელ ზუსტად მიზანში ვერ მოარტყა ის გასაჭირი, რაც ხალხს ყველაზე მეტად უსპობდა სიცოცხლის სურვილს და სრულ ნიჰილიზმში აგდებდა. გავიდა ხანი და სოფელში ერთი შავთმიანი ქალი გამოჩნდა, რომელიც მშობლიურ ენაზე დიდად კარგად ვერ ლაპარაკობდა. ხან სადღაც გათხარეო, ხან ხალხთან ახლოს, ოღონდ ოდნავ ზემოთო – მსგავს წინადადებებს იძახდა, მაგრამ ბოლოს აბურდულთმიანი კაცის მოშორების საკმაოდ კარგი გეგმა წარუდგინა მოსახლეობას და მას ,,ქართული ქარტია“ დაარქვა. ზღაპარი ესე დავასრულოთ, რადგან ამ სამოქმედო გეგმის შედეგი ჯერ არც მე ვიცი და არც თქვენ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, მაგრამ იმედი ბოლოს კვდება, ზღაპრის ბოლო კი ნამდვილად კეთილი უნდა იყოს.



პრეზიდენტმა ,,რუსული კანონი“ ,,ქართული ქარტიით“ დავამარცხოთო

ის იყო 26 მაისი, დიადი დამოუკიდებლობის დღე  ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისთვის მშვიდად სრულდებოდა, რომ უცაბედად მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა და  ექოდ მომავალი ხმის გარჩევაც შესაძლებელი გახდა. ეს პრეზიდენტის ხმა იყო.  ,,ჯერ კიდევ ვიქნები პრეზიდენტი“ – ასე დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის სასახლის წინ გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლა და საზოგადოებას ,,ქართული ქარტია“ შესთავაზა. ატყდა, მაგრამ რა ატყდა. ოცნების წარმომადგენლები ბოდიშს იხდიდნენ იმის გამო ამ ქალისთვის ხმის მიცემა რომ დაგავალეთო, ალბათ ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებისთვის სარეკლამო ბანერებში გადაყრილი ფულიც ენანებოდათ, სამაგიეროდ ოპოზიცია იყო ბედნიერი და პრეზიდენტის ამ ქმედებით ადამიანისთვის მეორე შანსის მიცემის აუცილებლობას ამართლებდნენ. არა, ეს ნამდვილად არ ნიშნავს, რომ ვინმე მის ტოქსიკურ ყოფილს უნდა დაუბრუნდეს, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილი ევროპელი, საქართველოზე შეყვარებული და ქვეყნის განვითარებაზე პასუხისმგებელი ადამიანია. პრეზიდენტმა ზუსტად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე მდგომარეობა. ოცნება უფსკრულში მიერეკება საზოგადოებას, ოპოზოციურ პარტიებს ცალ-ცალკე ნდობა აქვთ დაკარგული, საზოგადოებამ არ იცის აქციების გარდა სხვა რა დაუპირისპიროს ,,რუსულ კანონს“, რომელიც ყოველდღე უფრო და უფრო საზარელი ხდება მთავრობის ხელში. სწორედ ამ დროს ზღვა ორად გაიყო და სამოქმედო გეგმაც დაიდო. რითმებით თამაში იქით იყოს და ამ სტატიაში, ვეცდები მეტნაკლებად მაინც იყოს გასაგები, თუ რა არის ეს ,,ქართული ქარტია“ და რა სარგებლობა შეიძლება მოიტანოს მან.

 

,,ქართული ქარტია“ 

პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ქვეყანაში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გაამახვილა განსაკუთრებული ყურადღება და არ მოერიდა მკაცრად გაეკრიტიკებინა იმ ძალის წარმომადგენლები, რომელთა მეშვეობითაც გახდა ქვეყნის პირველი პირი. მის მიერ შემოთავაზებული სამოქმედო გეგმა მხოლოდ იმ პრინციპებზეა აგებული რაც ითვალისწინებს ქვეყნის ევროპისკენ დაჩქარებულ სვლას, ქვეყნის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას და საზოგადოებაში გაბატონებული ნიჰილიზმისგან თავის დაღწევას. ზურაბიშვილმა პოლიტიკურ პარტიებს ,,ქართული ქარტია“ წარუდგინა, რომელიც ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სასამართლოს დამოუკიდებლობა და გამჭვირვალობა, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილება, მთავრობის დემოკრატიული გზით ჩამოყალიბება. მარტივად რომ ვთქვათ, ბევრი იფიქრა, თუ ცოტა, დაინახა, რომ ოპოზიციური პარტიები ვერაფერს იზამდნენ და თეთრ პიჯაკში გამოწყობილი თავად დადგა ფრონტის ხაზზე. ახლა რა ხდება,  ქარტიაზე ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები ბოლომდე იქნებიან პასუხისმგებელი იმ რეფორმების გატარებაზე რაც დოკუმენტშია ნახსენები. დედლაინად 1 ივნისი ჩაინიშნა, ანუ დრო, როცა ქართულ საზოგადოებას ბოლომდე ეცოდინება ვინ გაიყიდა რუსი ოლიგარქის რუბლებზე და ვინ დადგა ევროპული მომავლის მხარეს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა იმაზეც, რომ ხელის მოწერით პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს არ უთანხმებენ არც ერთიანი სიის შედგენას და არც წინასაარჩევნო კამპანიის მსგავსად დაგეგმვას. 26 ოქტომბრის არჩევნების მშვიდობიანად ჩატარების შემდეგ ზურაბიშვილი პირდაპირ დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს და სწორედ ამ დროიდან დაიწყება ქარტიაში მოცემული რეფორმების გატარება და მასზე მუშაობა. 

 

ქვეყნის ევროპულ მომავალზე ზრუნვა

ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ოდნავ მაინც ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ევროპულ მომავალს. პრეზიდენტმა უშუალოდ დაასახელა ეს კანონები: ,,რუსული კანონი“ ,,ოფშორების კანონი“. ასევე პრეზიდენტმა დააანონსა ამინისტიები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უკანონოდ დააკავეს მაისის აქციების დროს, რადგან ისინი ქვეყნის ნათელ და ევროპულ მომავალს იცავდნენ.

 

იქნებ ახლა მაინც გვეღირსოს გამჭვირვალე სასამართლო? 

სასამართლოს გათავისუფლებაში სალომემ  დაუსაბუთებელი წარმომავლობის ქონების გაკონტროლებაც  დააყენა დღისწესრიგში. გაკონტროლდება ყველა ის მოსამართლე, რომელთა გადაწყვეტილება ოდნავ მაინც იყო ნაკარნახევი პოლიტიკური სიმპატიებიდან გამომდინარე. ასევე ყურადღება მიექცევა ნაციფ მსაჯულთა ინსტიტუტის კიდევ უფრო გაძლიერებას და მათ შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ და გავლენა იქონიონ ისეთ საქმეებზე, რომლებიც მაღალ საჯარო ინტერესს იწვევენ. და ალბათ, ერთ-ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ მოსამართლეებს შეეზღუდებათ მეორე ვადით არჩევა. ერთი სიტყვით, ამ ქარტიის მიხედვით მოსამართლეებმა უნდა დაივიწყონ წყნეთში აშენებული სამსართულიანი ვილები და არ უნდა ეგონოთ, რომ კონკრეტული პოზიცია ,,განაღდებული“ აქვთ.

 

სალომე ყოვლისშემძლე – სუსსაც მოვუვლი, გენერალურ პროკურორსაც და იუსტიციის უმაღლეს საბჭოსაც

რეფორმები ასევე შეეხება პროკურატურასაც. მართალია შოთაძე რამდენიმე დღის წინ გადადგა, მაგრამ ქარტიის თანახმად მომავალში გენერალური პროკურორი მხოლოდ ერთი ვადით აირჩევა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჩამოერთმევა ზედმეტი უფლებები, რაც გულისხმობს, რომ საბჭოს წევრები სხვა თანამდებობებზე ვეღარ დაინიშნებიან, ორჯერ ვეღარ აირჩევენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევაზეც დიდი გავლენა ვერარ ექნებათ. პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ანტიკორუფციულ სააგენტოს დღესდღეობით არ გააჩნია საგამოძიებო უფლებამოსილება და ის სააგენტოს ამ უფლებასაც მიანიჭებს.



ლამაზი და დავარცხნილი არჩევნები, რომელშიც ემიგრანტების ხმაც გვესმის

ადგა ჩვენი ქალბატონი პრეზიდენტი და თქვა, ვინც ქარტიას ხელს მოაწერს იმათთან ერთად გპირდებით რო ნორმალური არჩევნები გვეღირსებაო, ოღონდ 26 ოქტომბერი გადავაგოროთ ჯერო. მაინც რას გულისხმობს ეს ნორმალური არჩევნები? 

  • პირველ რიგში გაუმჯობესდება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის წესი. ცესკოს წევრები ისე დაკომპლექტდება, რომ მთლიანობაში, პოლიტიკური სიმპატიებიდან გამომდინარე გადაწყვეტილებების მიღება ნაკლებად შესაძლებელი გახდეს
  • დაიწევს ბარიერი რაც კიდევ უფრო მეტ პარტიას მისცემს შესაძლებლობას ჩაერთოს საპარლამენტო საქმიანობაში და წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში
  • კვლავ დაიშვება წინასაარჩევნოდ ბლოკების შექმნა, რაც პარტიებს საშუალებას მისცემს ერთმანეთთან გაერთიანდნენ, მეტი ფინანსური წყარო მოიპოვონ და უფრო მეტი რესურსით მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში
  • დიასპორებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნებათ – ქართული დიასპორა სხვადასხვა ქვეყანაში საკმაოდ მძლავრადაა წარმოდგენილი, შესაბამისად მათ გარკვეული გავლენის მოხდენა შეუძლიათ პოლიტიკურ რეალობაზე. სწორედ ამიტომ თქვა გაღიმებული სახით სალომემ, ალბათ ყველას გაგვიხარდება ის ფაქტი, რომ ემიგრანტებს ხმის მიცემა შეეძლებათ არჩევნებშიო



გატკბილდება თუ არა კენწეროში? 

ყველაფრის გათვალისწინებით ის პარტიები, რომლებიც ,,ქართულ ქარტიას“ ხელს მოაწერენ, პრეზიდენტთან ერთად იღებენ ვალდებულებას რომ ყველა რეფორმას მეტ-ნაკლები სიზუსტით განახორციელებენ და ხელს შეუწყობენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, რომელიც პარალელურად ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასაც გულისხმობს. მარტივად რომ ვთქვათ, თუ მე ვარ პოლიტიკური პარტია და ხელს ვაწერ ქარტიას ეს ნიშნავს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ვიწყებ ქარტიაში არსებული ყველა დაპირების შესრულებას და ველოდები ვადამდელ არჩევნებს, რომელიც ბევრად დემოკრატიულად და თავისუფლად ჩატარდება, ამის გარანტიას კი საქართველოს პრეზიდენტი მაძლევს. სალომემ ტკბილ ლუკმად ისიც შემოინახა მთავრობის დაკომპლექტებას ჩემს თავზე ვიღებო და მაგ დროს ,,ქართული ოცნების“ წევრების სახეების წარმოდგენა თქვენზე მომინდვია. ამ მომენტისთვის ვიცით, რომ ქარტიაზე ხელი მოაწერეს: ,,ნაციონალური მოძრაობა“ , ,,ახალი“, ,,ევროპული საქართველო“, ,,ლელო“, ,,სტრატეგია აღმაშენებელი“, ,,გირჩი- მეტი თავისუფლება“ , ,,დროა“, ,,მოქალაქეები“, ,,ანა დოლიძე – ხალხისთვის“ და ა.შ.  გირჩმა და იაგომ მოდი ჯერ ვიდებატოთ ამ საკითხზე და მერე გადავწყვიტავ მოვაწერ თუ არა ხელს, ისე არც ერთის მეშინია და არც მეორესიო, მაგრამ ვის რისი ეშინია ეს თქვენ გადაწყვიტეთ, რადგან „ქართულ ქარტიას“ არ შეუერთდა “გირჩი”, “საქართველოსთვის“ და „ლეიბორისტული პარტია“.

 

ზღაპრის ბოლო კეთილია?

ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ალბათ ჯერ 26 ოქტომბრამდე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ და მერე იმის იმედი უნდა გვქონდეს, მთავრობამ არ მოიფიქროს რამე, აქაოდა ეს ,,ქართული ქარტია“ გლობალური ომის პარტიის მიერ შემოგდებული მატყუარაა, რომელიც მასონებმა ორი ქ-ს ფორმულით შემოგვვაპარეს, სინამდვილეში კი ქართველების ქანცგაწყვეტას ნიშნავსო. ბავშვობაში რომ გვაშინებდნენ ისე მოიქეცი როგორც მშობელი გეტყვის, თორემ დევი მოვა და წაგიყვანსო დაახლოებით ეგ ფორმულირება აქვს ოცნების მიერ ,,გლობალური პარტიის ხსენებას“. ჩვენკი მხოლოდ ის დაგვრჩენია საქართველოსთვის ვიმღეროთ და ყველაფერი გავაკეთოთ რომ სეფაშვილის სიმღერა, რომელშიც ზღაპრის ბოლო კეთილია რეალობასთან კიდევ უფრო დავაახლოვოთ. ჭირი- იქა, ფქვილი აქა, ქატო  ,,რუსულ კანონთან“ ერთად – იქა, ფქვილი ევროინტეგრაციასთან ერთად – აქა.  

 

ავტორი: ანანო შალამბერიძე