
პროტესტები მაშინ იბადება, როცა თავისუფალი ადამიანების ხმებს ახშობენ, ხოლო თავისუფალი ადამიანები უარს ამბობენ თავიანთი ღირსების დათმობაზე. ისტორიის განმავლობაში,, უბრალო ადამიანები—მუშები, სტუდენტები, დედები, სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფები—ერთიანდებოდნენ და იბრძოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. ისინი მარშით, სიმღერით, სიტყვით, “ხლაპუშკებით” ან ზოგჯერ დუმილით ცდილობენ თავიანთი სათქმელის, მოთხოვნისა თუ ბრაზის გამოხატვას. გაბედულების ამ მაგალითებმა არა მხოლოდ ერების ბედი შეცვალა, არამედ დაამტკიცა, რომ ერთიანობა და სიმტკიცე ყველაზე რთულ პერიოდებშიც კი ცვლილებების საფუძველია.
დღეს, როდესაც ქართველები ვიბრძვით ჩვენივე მომავლის დასაცავად, გავიხსენოთ ის პროტესტები, რომლებმაც შთააგონეს თაობები და დაგვიტოვეს თავისუფლება.
მარილის მარში (ინდოეთი, 1930): იმპერიის წინააღმდეგ გადადგმული ერთი ნაბიჯი
ბრიტანეთის მმართველობის ქვეშ მარილზე მაღალი გადასახადი დაწესდა. ინდოელები იძულებულები გახდნენ გადამეტებული ფასები გადაეხადათ ასეთი აუცილებელი რესურსისთვის. ამის საპირწონედ, მაჰათმა განდიმ, 240 მილის სიგრძის მარში დაიწყო არაბეთის ზღვამდე, სადაც სიმბოლურად მარილი შეაგროვა, რაც კოლონიური კანონის ღია დარღვევას ნიშნავდა.
ერთი მარში სულ მალე მასობრივ მოძრაობად გადაიქცა. ინდოელები ქუჩებში გამოვიდნენ, ბოიკოტი გამოუცხადეს ბრიტანულ საქონელს. განდის მარილის მარში ინდოეთის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გარდამტეხი მომენტი გახდა, რომელმაც დაამტკიცა, რომ მშვიდობიანი და შეუპოვარი წინააღმდეგობა ყველაზე ძლიერ სისტემებსაც კი დაანგრევს.
მღერადი რევოლუცია (ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა, 1987-1991): როცა სიმღერები იარაღად იქცა
ბალტიის ქვეყნებში, სადაც საბჭოთა მმართველობა კულტურული თვითმყოფადობის გამოხატვას კრძალავდა, ხალხმა იარაღად სიმღერა აირჩია. ათიათასობით ადამიანი ღია მინდვრებზე შეიკრიბა აკრძალული ტრადიციული ჰიმნების და ხალხური სიმღერების შესასრულებლად.
“მღერადი რევოლუცია” ერთიანობის ძლიერი გამოვლინება გახდა. ამ ქვეყნებმა დამოუკიდებლობა დაიბრუნეს, დაამტკიცეს, რომ კულტურა, ერთიანობის შეგრძნება, წინააღმდეგობის მოძრაობებისთვის ძლევამოსილი ინსტრუმენტია. სიმღერა— ერთი შეხედვით მარტივი რამ—თავისუფლების დაუმარცხებელ სიმბოლოდ იქცა.
სტოუნვოლის ბუნტი (ნიუ-იორკი, 1969): ბრძოლა ხილვადობისთვის
1960-იანი წლების ბოლოს ამერიკაში LGBTQ+ ადამიანები ჩრდილში ცხოვრობდნენ, როგორც კრიმინალიზებულები და დევნილები. პოლიციის რეიდები ნიუ-იორკში, სტოუნვოლის მსგავს სივრცეებში, ჩვეულებრივი მოვლენა იყო, თუმცა ერთ საღამოს, 1969 წლის 28 ივნისს, ძალადობის მსხვერპლებმა წინააღმდეგობის გაწევა გადაწყვიტეს.
ტრანსი ქალების, დრეგ ქვინების და ახალგაზრდა ქვიარ ადამიანების ხელმძღვანელობით, სტოუნვოლის ბუნტმა საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე LGBTQ+ უფლებების მოძრაობას. ისტორიაში პირველად, გაჩუმებულმა და ჩაგრულმა საზოგადოებამ ხილვადობა და პატივისცემა მოითხოვა. პროტესტების ტალღა ცეცხლივით გავრცელდა, პირველი პრაიდ მარშებით გაგრძელდა და ათწლეულების პროგრესის საფუძვლად იქცა.
მაისის მოედნის დედები (არგენტინა, 1977): სიყვარული დიქტატურის წინააღმდეგ
არგენტინის სამხედრო დიქტატურის დროს ათასობით მოქალაქე, რომლებსაც ხშირად „დაკარგულებს“ უწოდებდნენ – დაკარგულები, ნაწამები ან მოკლულნი იყვნენ. მათ შორის – სტუდენტები, აქტივისტები და ჟურნალისტები.
პასუხად, დედების ჯგუფი, რომელთა შვილებიც გაქრნენ, ბუენოს აირესის მაისის მოედანზე შეიკრიბა. ისინი თეთრი თავსაბურავებით, შვილების სახელებით და ფოტოებით დადიოდნენ წრეზე.
მათი მდუმარე წინააღმდეგობა საბოლოოდ უფრო ხმამაღალი აღმოჩნდა, ვიდრე ნებისმიერი შეძახილი. მაიის მოედნის დედებმა მსოფლიოს აიძულეს დიქტატურის დანაშაულებისთვის თვალის გასწორება.
ხავერდოვანი რევოლუცია (ჩეხოსლოვაკია, 1989): ჯაჭვების გატეხვა ძალადობის გარეშე
იმ დროს, როცა კომუნისტური მმართველობა შეუვალი ჩანდა, ჩეხოსლოვაკიის ხალხმა საპირისპირო დაამტკიცა. სტუდენტები და მოქალაქეები პრაღის ქუჩებში გამოვიდნენ სანთლებით ხელში, მღეროდნენ სიმღერებს და თავისუფლებას ითხოვდნენ. პოლიციის ძალადობა და ცრემლსადენი გაზი ვერც მათ აშინებდა. მოკლე დროში, რეჟიმი დაიმხო.
ტიანანმენის მოედანი (ჩინეთი, 1989): გამოსახულება, რომელმაც მსოფლიო შეძრა
ათასობით სტუდენტი და მუშა ბეიჯინგის ტიანანმენის მოედანზე შეიკრიბა პოლიტიკური რეფორმების, თავისუფლებისა და კორუფციის დასრულების მოთხოვნით. ჩინეთის მთავრობამ ტანკებითა და ტყვიებით უპასუხა, შედეგად ასობით—შესაძლოა ათასობით—მოქალაქე დაიღუპა.
ამ პროტესტისგან ერთი კადრი სამუდამოდ დაამახსოვრდა მსოფლიოს: ტანკების რიგის წინ, მარტო მდგარი ადამიანი, უიარაღო და უშიშარი. ეს ამბავი გამარჯვებით არ დასრულებულა. გამოსვლა ჩაახშეს, თუმცა პროტესტის მონაწილეთა სიმამაცე დღემდე ცოცხლობს, როგორც შემაძრწუნებელი შეხსენება იმისა, თუ რა შეუძლია რეჟიმს, რომლის ძალადობასაც საზღვარი არ აქვს და რა შეუძლიათ ადამიანებს, რომელთა თავისუფლებას ზღვარს რეჟიმები ვერ უწესებენ.
ანტირუსული ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტები (2019 – „გავრილოვის ღამე“)
2019 წლის ივნისში მასობრივი პროტესტები დაიწყო მას შემდეგ, რაც რუსმა დეპუტატმა, სერგეი გავრილოვმა, საქართველოს პარლამენტის სპიკერის სკამიდან მიმართა მართლმადიდებლობის საპარლამენტო ასამბლეას. ქართველმა ხალხმა ეს “სიმბოლური მოვლენა” მათ ღირსებაზე, გარდაცვლილი და ნაწამები მეომრების ღირსებაზე გადავლად მიიჩნია. მომიტინგეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, მოითხოვდნენ ამ გამყიდველი აქტის შემოქმედების პოლიტიკურ პასუხისმგებლობაში მიცემას.
მაშინ დაწყებული ბრაზი და ღალატის შეგრძნება, დღესაც კვებას პროტესტს, რომელიც 4 წლის შემდეგ რუსთაველის მოედანზე ისევ გრძელდება.
ბელარუსის საპროტესტო მოძრაობა (2020)
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ბელარუსის მოსახლეობამ, რომელსაც ალექსანდრ ლუკაშენკას გამარჯვება გაყალბებულად მიაჩნდა, მილიონობით ადამიანმა, მასობრივი პროტესტი წამოიწყო. ათასობით მოქალაქე, ქალები თეთრებში, მუშები და სტუდენტები ქუჩებში გამოვიდნენ, თავისუფალი არჩევნებისა და დემოკრატიის მოთხოვნით.
ქუჩებში ქალები და ახალგაზრდები სიმბოლურად თეთრ-წითელი დროშებით და ყვავილებით იდგნენ, მშვიდობიანი პროტესტით, რომელიც ქვეყნის ისტორიაში უდიდეს გამოსვლად იქცა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟიმმა ძალადობრივი მეთოდებით უპასუხა—მათ შორის, მასობრივი დაკავებები, წამება და დაუსრულებელი რეპრესიები—ბელარუსის ხალხმა მსოფლიოს აჩვენა, რომ სიმამაცე ჩახშობას ყოველთვის უპირისპირდება.
თუმცა, საპროტესტო ტალღამ შედეგი ვერ გამოიღო – ამ დრომდე, ბელორუსელი ხალხისთვის happy end – ი არ დამდგარა.
პროტესტები „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტის („რუსული კანონის“) წინააღმდეგ – 2023-2024
2023 წლის მარტსა და 2024 წელს თბილისში მასშტაბური პროტესტები გაიმართა „უცხოელი აგენტების შესახებ კანონე“. კანონი რუსული კანონმდებლობის გადამღერებად აღიქმებოდა, რომელიც მთავარი ბერკეტი იქნებოდა სამოქალაქო საზოგადოებისა და თავისუფალი აზრის ჩასახშიბად. კანონი ითვალისწინებდა იმ ორგანიზაციების „უცხოეთის აგენტებად“ კლასიფიცირებას, რომლებიც ფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან იღებდნენ.
ათიათასობით ქართველი, რომელთა შორის იყვნენ სტუდენტები, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები და ოპოზიციური ჯგუფები, შეიკრიბა რუსთაველის გამზირზე, ეროვნული, ევროკავშირის და უკრაინის დროშებით ხელში. მომიტინგეები მოითხოვდნენ კანონპროექტის გაუქმებას, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციასთან შეუთავსებლად ითვლებოდა. ‘
მთავრობამ პროტესტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა, თუმცა ამან მხოლოდ გააძლიერა საზოგადოების მხარდაჭერა პროტესტების მიმართ. მიუხედავად მძიმე რეპრესიებისა, მოძრაობამ 2023 წელს კანონპროექტის დროებით შეჩერებას მიაღწია და გლობალური სოლიდარობის მაგალითი გახდა.
თუმცა 1 წლის თავზე გაწვეული კანონი ქართულმა აწ უკვე არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ უკან დააბრუნა და ხელახალი საპროტესტო ტალღაც უკვე 2024 წელს აპრილში გაგრძელდა.
პროტესტი დღემდე არ წყდება – ამჯერად ბრალდებები, რომლებსაც საქართველოს მოსახლეობა ქართული ოცნების მთავრობას უყენებს, კიდევ უფრო გაიზარდა.
დასკვნა: პროტესტი თავისუფლების ენაა
ინდოეთის მარილის მარშიდან არგენტინის დედების დუმილამდე, ტიანანმენის ტანკების წინ მდგარი ადამიანის სიმამაციდან რობოკოპების კორდონის ფეხით შემრღვევ ქართველ გოგომდე, პროტესტი ყოველთვის თავისუფალი ხალხის მთავარი იარაღი იყო. დღევანდელი მოცემულობა კიდევ ერთხელ გვახსენებს იმას, რომ ცვლილებები არასდროს მოდის მარტივად; მათთვის ბრძოლაა საჭირო, ხანდახან დიდი მსხვერპლიც.
დღეს, როდესაც ქართველები ქუჩებში საკუთარი მომავლის დასაცავად იბრძვიან, წინაპართა მაგალითს იმეორებენ, რომლებმაც ასევე გაბედეს, აღმართეს დროშები და უკეთესი მომავლისთვის ხმა ამოიღეს. ეს ისტორიები მხოლოდ წარსულს არ ეკუთვნის, ეს ისტორიები მომავლისთვისაცაა, ბიძგია იმის დასაჯერებლად, რომ ერთიანობა, სიმამაცე და მიზანდასახულობა მართლაც ცვლის სამყაროს.
ეს სტატია მომზადებულია BREN (მედეგობის გაძლიერება აღმოსავლეთ სამეზობლოში) პროექტის ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია IWPR-ის (ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის) მიერ. Მასში გამოთქმული შეხედულებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორებს და შესაძლოა არ გამოხატავდეს BREN-ის პროექტის ან IWPR-ის მოსაზრებებს.