
დაახლოებით ერთი წლის წინ ბლოგი დავწერე. საქართველოში მოხუცად ცხოვრების ტრაგედიაზე. ბლოგის ერთ-ერთი ქვესათაური ასეთი იყო: პენსია საქართველოში – ანუ უბედური სიბერის გარანტია.
მას შემდეგ, რა თქმა უნდა, ბევრი არაფერი შეცვლილა, და თუ პოლიტიკოსთა ნარატივს დავუჯერებთ, 2030 წლამდე არც არაფერი შეიცვლება – და თუ შეიცვლება, ისიც, 200 ლარით.
როგორც ყოველთვის, ამ საკითხშიც, მეზობელ განვითარებულ ქვეყნებს განსხვავებული ვითარება აქვთ.
ევროპაში მოხუცად ცხოვრების არატრაგიკულობაზე
პენსიაზე გასვლა არის დრო, როდესაც მთელი ცხოვრება იმუშავე, სახელმწიფოს ყულაბაში ფულს აგროვებდი და ახლა დროა ის ყულაბა გატეხო და მეტ-ნაკლებად უზრუნველად და რაც მთავარია, სამსახურის გარეშე, ცხოვრება დაიწყო.
ამისთვის, ბევრმა ევროკავშირის (EU) ქვეყანამ შექმნა სისტემები, რომლებიც პენსიონერებს უზრუნველყოფენ ცხოვრების მისაღები დონით, ფინანსური მხარდაჭერით და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობით.
პენსიაზე გასვლა ევროპაში: როგორ მუშაობს?
ევროპის ქვეყნებს, როგორც წესი, კარგად სტრუქტურირებული საპენსიო სისტემა აქვთ, რომელიც პენსიონერებისთვის ფინანსურ უსაფრთხოებას, ჯანდაცვას და სოციალური შეღავათებს გულისხმობს. ევროკავშირის ქვეყნებში გავრცელებულია სახელმწიფო და კერძო პენსიების კომბინაცია, რაც პენსიონერებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ შემოსავლის რამდენიმე წყარო.
პენსიის სისტემა ევროპაში
ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში პენსიები ფინანსდება იმ კონტრიბუციებით, რომლებიც დასაქმებულებმა და დამსაქმებლებმა მთელი სამუშაო ცხოვრების განმავლობაში შეიტანეს. სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ პენსიაზე გასვლის შემდეგ პენსიონერებს ჰქონდეთ შემოსავლის ნაწილი მათი ბოლოს არსებული ხელფასიდან. საჯარო პენსიებს ხშირად ავსებს პროფესიული და კერძო პენსიები, რაც მრავალფეროვან შემოსავლის წყაროს უზრუნველყოფს.
- გერმანია: პენსიონერები იღებენ მათი პრე-პენსიაზე გასვლის შემოსავლის დაახლოებით 70%-ს. ( მაგალითად, თუ პესნიაზე გასვლამდე შენი შემოსავალი 1000 ლარი იყო, პენსიად 1000 ლარის 70%-ს მიიღებ)
- საფრანგეთი: საჯარო და პროფესიული პენსიების კომბინაცია ბოლოს არსებული ხელფასის 50-60% – ია.
- იტალია: საჯარო პენსიები ფარავს ცხოვრების მნიშვნელოვან ხარჯებს, თუმცა საპენსიო სისტემის რეფორმები დემოგრაფიის ცვლილებასთან ერთად მუდმივად მიმდიონარეობს.
ევროპაში პენსიების რაოდენობა დამოკიდებულია სისტემაში აღრიცხვის (რამდენი ხანი იყავი დასაქმებული) ხანგრძლივობაზე და იმ შემოსავლებზე, რაც პიროვნებამ თავისი სამუშაო ცხოვრების განმავლობაში მიიღო. საერთო მიდგომა მიზნად ისახავს პენსიონერებისთვის მისაღები ცხოვრების დონეს უზრუნველყოფას, თუმცა კომფორტის დონე ქვეყნიდან ქვეყანაში განსხვავდება.
პენსიის სისტემა საქართველოში
საქართველოს საპენსიო სისტემა გაცილებით მარტივია. ქალებს 60 წლის, ხოლო კაცებს – 65 წლის მერე აძლევენ თვეში 315 ლარს (პენსიონერები 70 წელს ზევით თვეში 415 ლარს იღებენ).
მორჩა.
ეს დაახლოებით 100 ევროს ტოლფასია და წესით განკუთვნილია ძირითადი ცხოვრების ხარჯების დასაფარად, თუმცა ხშირად საკმარისი არ არის საკვები, კომუნალური გადასახადებისა და ჯანდაცვის ხარჯების დასაფარად. არ არსებობს მნიშვნელოვანი პროფესიული ან კერძო საპენსიო სისტემები, რის გამოც ხანდაზმულთა უმრავლესობა დამოკიდებულია მინიმალურ სახელმწიფო პენსიაზე. ან შვილებზე, რომელთა საშუალო ხელფასიც 1400 ლარია.
პენსიაზე გასვლის ასაკი
ევროპაში პენსიაზე გასვლის ასაკი, როგორც წესი, მერყეობს 65-67 წლამდე, თუმცა ბევრ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად იზრდება.
- გერმანია: პენსიაზე გასვლის ასაკი 67 წელია.
- საფრანგეთი: პენსიაზე გასვლის ასაკმა 64 წლამდე აიწია.
- იტალია: პენსიაზე გასვლის ასაკი 67 წელია.
საქართველოში პენსიაზე გასვლის ასაკი როგორც ხედავთ უფრო დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს პენსიონერები უფრო ადრე ტოვებენ სამსახურს, ფინანსური მხარდაჭერის სიმცირე, თვეში 315 (70 წლამდე) ლარით განსაზღვრული, მათ აიძულებს მუშაობა გააგრძელონ პენსიაზე გასვლის შემდეგაც.
ჯანდაცვა პენსიაზე გასვლის შემდეგ
ხელმისაწვდომი ჯანდაცვა პენსიაზე გასვლის მნიშვნელოვანი ასპექტია. ევროპაში ჯანდაცვის სისტემები, როგორც წესი, კარგად ფინანსდება და უნივერსალურ ან თითქმის უნივერსალურ ჯანდაცვას სთავაზობს მოქალაქეებს.
- საფრანგეთი: პენსიონერები სარგებლობენ კომპლექსური ჯანდაცვის სისტემით, რომელიც ფარავს სამედიცინო ხარჯების უმრავლესობას.
- გერმანია: პენსიონერები ჩართული არიან საჯარო ჯანდაცვის სისტემაში, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება საპენსიო კონტრიბუციებით.
- შვედეთი: ჯანდაცვის სისტემა ფინანსდება გადასახადებით და პენსიონერები მინიმალურ თანხას იხდიან მკურნალობასა და მედიკამენტებზე.
ევროპაში საპენსიო სისტემის მიზანია უზრუნველყოს პენსიონერებისთვის აუცილებელი სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანი ფინანსური ბარიერების გარეშე. საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიზანია, ხანშიშესული არ მოკვდეს. ბევრი ხანდაზმული მოქალაქე სირთულეებს აწყდება მედიკამენტებისა და მკურნალობის ხარჯებთან, რაც დამატებით ფინანსურ სტრესს ქმნის.
პენსიონერების ცხოვრების დონე
პენსიონერების კეთილდღეობა მხოლოდ პენსიებზე და ჯანდაცვაზე არ არის დამოკიდებული. ევროპულ ქვეყნებში ხშირად ინვესტიციებს ახორციელებენ სხვადასხვა სოციალურ სერვისებში და შეღავათებში, რაც პენსიონერთა ცხოვრებას აუმჯობესებს.
- სოციალური პროგრამები: ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში არსებობს სოციალური აქტივობები და საზოგადოებრივი სერვისები, რომლებიც ხელს უწყობენ პენსიონერების სოციალური ცხოვრების აქტიურობას.
- საცხოვრებელი პირობები: ევროპაში ხშირია ხელმისაწვდომი და სუბსიდირებული საცხოვრებლები პენსიონერებისთვის, რაც მათ ღირსეულ ცხოვრებას და საცხოვრებელ პირობებს განაპირობებს
- საზოგადოებრივი ტრანსპორტი: ბევრ ქვეყანაში პენსიონერები სარგებლობენ ფასდაკლებით ან უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტით, რაც ხელს უწყობს მათ დამოუკიდებლობას.
საქართველოში ტრანსპორტი 10 თეთრი ღირს პენსიონერებისთვის, თუმცა არ არსებობს მხარდაჭერა სოციალური პროგრამებისა და საცხოვრებელი პირობების მხრივ.
ცხოვრებით კმაყოფილების კვლევებისა და ბედნიერების კვლევებში, ევროპის ქვეყნებს ყოველთვის მაღალი ასაკი უჭირავს. ეს კვლევები ეხება, როგორც შრომისუნარიან მოსახლეობას, ასევე პენსიაზე გასულ ნაწილსაც. ისეთი ქვეყნები, როგორიცაა დანია, შვედეთი და ფინეთი, ქმნიან გარემოს, სადაც პენსიონერები თავს გრძნობენ დაცულად, მხარდაჭერილად და ჩართულად.
საქართველოში პენსიონერების “ცხოვრებით კმაყოფილების” დონე უფრო დაბალია, რაც ძირითადად ფინანსურ სტრესს, ჯანდაცვის შეზღუდულ ხელმისაწვდომობას, სოციალური როლის არარსებობას და იზოლირებულობას უკავშირდება. ხანდაზმულთა უმრავლესობა ოჯახზეა დამოკიდებული და ეს კი დამატებითი წნეხია ახალგაზრდა თაობებისთვის. ძლიერი სოციალური სისტემების არარსებობის გამო, ბევრი ხანდაზმული ქართველი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
განვითარებული საზოგადოებისა და სახელმწიფოს ერთ-ერთი მაჩვენებელი ისაა, თუ როგორ უჭერს მხარს თითოეული საზოგადოება თავის ხანდაზმულ მოსახლეობას.
კონკრეტული მაგალითები
- გერმანია: გერმანიაში პენსიონერები საშუალოდ \ თვეში 1,200-დან 1,300 ევრომდე იღებენ სახელმწიფო პენსიიდან. თუმცა, ბევრი მათგანი შემოსავალს კერძო ან პროფესიული პენსიებით ავსებს.
- საფრანგეთი: საფრანგეთში, საშუალო თვიური პენსია შეადგენს 1,400 ევროს. სისტემა შექმნილია იმისთვის, რომ ჩანაცვლოს ინდივიდის ბოლო ხელფასის დაახლოებით 60%, ხოლო, სამუშაო ცხოვრების განმავლობაში გარებული კონტრიბუციები ( რამდენი ხანი იმუშავე, რამდენი გქონდა შემოსავალი, რამდენი შეგქონდა ბიუჯეტში ) უფრო მაღალ პენსიებს განსაზღვრავს.
- იტალია: იტალიაში პენსიონერები იღებენ დაახლოებით 1,000-დან 1,200 ევრომდე თვეში (თუმცა რაოდენობა განსხვავდება რეგიონებისა და წლების განმავლობაში დაგროვილი კონტრიბუციის მიხედვით)
- შვედეთი: შვედეთში საშუალო თვიური პენსია მნიშვნელოვნად იცვლება შემოსავლის მიხედვით, მაგრამ,საშუალოდ 1,400-დან 1,500 ევრომდეა. შვედური სისტემა მოიცავს როგორც შემოსავლებზე დაფუძნებულ პენსიებს, ასევე გარანტირებულ პენსიას დაბალი შემოსავლების მქონეთათვის, რაც პენსიონერების ღირსეულ ცხოვრებას უზრუნველყოფს.
- ესპანეთი: ესპანეთში პენსიონერები, როგორც წესი, იღებენ დაახლოებით 1,100 ევროს თვეში, თუმცა თანხა შეიძლება გაიზარდოს სამსახურში გატარებული წლებისა და სისტემაში კონტრიბუციების მიხედვით.
- ნორვეგია: ნორვეგიაში პენსიები შედარებით მაღალია, საშუალო თვიური გადახდა შეადგენს დაახლოებით 2,000 ევროს. ყველაზე მაღალი პენსიაა, დიახ, რადგან ნ ო რ ვ ე გ ი ა ა.
და აქვე ვართ ჩვენ, თვეში 95 ევროს ოდენობით გაღებული პენსიებით.
ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროეტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია დემოკრატიის ლაბორატორია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
