315 ლარი პენსია – ანუ საქართველოში მოხუცად ცხოვრების ტრაგედია

პენსია
პენსია საქართველოში – ანუ უბედური სიბერის გარანტია. 

 

ვაგრძელებთ სერიათა ციკლს ‘საქართველოში იბადებოდნენ და მერე MARTLA წუხდნენ ამაზე’. 

დღევანდელი ბლოგის მთავარ როლებში იხილავთ:

  • პენსიონერებს
  • არჩევნებს
  • 20 ლარს
  • გაზრდილ ფასებს
  • საქართველოს მთავრობებს

დღეს საქართველოში პენსიის რაოდენობა – საპენსიო ასაკს მიღწეული, 70 წლამდე მოქალაქეებისთვის 315 ლარს შეადგენს, 70 წელს გადაცილებულთათვის კი 415 ლარს. 

 

✨არ გაინტერესებთ, საიდან მოვედით ამ კოლოსალურ რიცხვამდე? ✨

გადავხედოთ, 20 წლის განმავლობაში, რა გზა გამოიარა პენსიამ – ანუ ხანშიშესულთა შემოსავლის ერთადერთმა წყარომ.

2020 – 220  (70 წელს გადაცილებულთათვის მთელი 225 ლ)

2021 – 240 (70 წელს გადაცილებულთათვის მთელი 250ლ) 

2022 – 260

2023- 295

2024 – 315 

*დამატებითი სიამოვნების მისაღებად, გთხოვთ მოცემული პენსიათა რაოდენობა გადაიყვანოთ დოლარში. ანუ იმ ვალუტაში, რომლის მიხედვითაც სურსათის ფასები რეგულირდება. 

 

20 ლარით გაზრდილი პენსია – ანუ ანკესი, რომელსაც არჩევნების დროს გვიგდებენ. 

როგორც ხედავთ 20 წლის განმავლობაში პენსია არითმეტიკული პროგრესიით იზრდებოდა. 

იკითხავთ, როცა ქართველი ამდენს იტანს: 

  • 4-ჯერ გაძვირებულ პროდუქტებს
  • საარსებო მინიმუმს 252.3 ლარის ოდენობით
  • საარსებო მინიმუმთან ძლივს გათანაბრებულ პენსიას (რომელსაც მხოლოდ 2015 ში მივაღწიეთ)

მაშინ ხომ იმასაც აიტანდა, პენსიები საერთოდ რომ არ გაზრდილიყო? 

თუმცა, მთავრობები ქცევითი მეცნიერების მიდგომებს პრაქტიკაში ოსტატურად იყენებენ – იმისთვის, რომ არჩევნებში ჩვენი ხმები მიიღონ, სანაცვლოდ ჯილდოებს გვპირდებიან. მოცემული ჯილდო კი – არჩევნებამდე 2 თვით ადრე, პენსიის გაზრდის დაპირებაა. 

შეიძლება ითქვას, ერთადერთი, რასაც დაპირებებიდან ნამდვილად ასრულებენ. 

გადავხედოთ, ზუსტად რა პერიოდში მანიპულირებდდნენ 20 ლარით გაზრდილი პენსიებით: 

  • 2006 წლის 5 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე – 1 სექტემბერს პენსია 38 ლარამდე გაიზარდა;
  • 2008 წლის 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 1 დეკემბერს საბაზო პენსია 55 ლარამდე გაიზარდა;
  • 2008 წლის 21 მაისს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. არჩევნებამდე 1 თვით ადრე, 1 აპრილიდან საბაზო პენსია 70 ლარამდე გაიზარდა;
  • 2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 1 თვით ადრე საბაზო პენსია 10 ლარით გაიზარდა;
  • 2013 წლის 27 ოქტომბერს საპრეზიდენო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 2 თვით ადრე საბაზო პენსია 150 ლარამდე გაიზარდა;
  • 2016 წლის 8 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, არჩევნებამდე 3 თვით ადრე საბაზო პენსია 180 ლარამდე გაიზარდა. (წყარო)

და ასე შემდეგ. 

 

მოდით დავგუგლოთ: რა მიზანი აქვს პენსიას? 

იდეაში, პენსია უნდა იყოს გარანტი იმისა, რომ მას შემდეგ რაც ადამიანი სამსახურს თავს დაანებებს (იმიტომ რომ ფიზიკურად აღარ შეუძლია, იმიტომ რომ მანამდე 44 წელი იმუშავა, არ აქვს მნიშვნელობა) მაინც ექნება რესურსი, სრულფასოვნად იარსებოს: იკვებოს, დაისვენოს, სურვილის შემთხვევაში იმოგზაუროს, ჰქონდეს საცხოვრებელი და ა.შ 

დღევანდელ პირობებში – როცა საშუალო ხელფასიც კი ( 1400 ლარი) ძლივს გვყოფნის საარსებოდ ( ისიც იმ შემთხვევაში, თუ მშობლებთან ვცხოვრობთ ან მემკვიდრეობით დატოვებული “თავზე ჭერი” გვაქვს) რამდენად რეალისტურია დაშვება იმისა, რომ ხანდაზმული ადამიანი, 315 ლარით სრულფასოვნად იცხოვრებს? 

სწორედ აქედან შემოდის ტერმინი, რომელიც ხანდაზმულთა ყოველდღიურობაა – ‘თავის გატანა’. რადგან შეუძლებელია ნორმალურად იარსებო 315 ლარით თვეში. აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ დღეის მონაცემებით, პენსიასა და საარსებო მინიმუმს (252 ლ) შორის სხვაობა სულ რაღაც 62.7 ლარია. 

 

✨რის იმედზე ვტოვებთ პენსიონერებს?

მეტი სიამოვნებისთვის გთავაზობთ ცხრილს, სადაც წარმოდგენილია პენსიონერებისა და მათგან სოციალურად დაუცველი  პენსიონერების (ან სხვა სოციალური პაკეტით მოსარგებლე ) მზარდი რაოდენობა:

თუმცა აღსანიშნავია, რომ პენსიონერთა იმ ნაწილს, რომლებიც სოციალურად დაუცველ ფენასაც წარმოადგენენ სახელმწიფო 500 ლარიან ჯანდაცვის ვაუჩერებს გამოყოფს, რომლითაც პენსიონერებს 1 წლის განმავლობაში შეუძლიათ მედიკამენტების ყიდვა. 

ეს კი ნიშნავს, რომ პენსიონერს დღეში წამლის საყიდლად 73 თეთრი აქვს გამოყოფილი. 

აფთიაქში ბოლოს 73 თეთრად რა იყიდეთ? 

გამაყუჩებელი თუ წყალი?

 

ყველაზე ტრაგიკული 

პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებიც კი, რომლებიც ხმის მიცემისთვის გვაქეზებენ საკმაოდ დეპრესიულია: 

მაგალითად მამუკა ხაზარაძის პარტია ‘ლელო’ გვპირდება, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში პენსია პირველ წელს 200 ლარით გაიზრდება. ხოლო 2030 წლამდე პენსიის რაოდენობა 1000 ლარს აარტყავს! 

ეს დოლარში რომ გადავიყვანოთ, 

თუმცა ამ ტრაგიკული ბედნიერების აღქმა ვერ მოვასწარით ისე გადაუსვა მოქმედმა ფინანსთა მინისტრმა ხაზი ამ დაპირებას – აიო აიო მესამე კლასის მათემატიკითაც კი ვერ შეძლებ ასე არასწორად გამოთვალო პენსიის გაზრდის შესაძლებლობებიო. კაიო, უმატებო, მარა საიდან მოგაქვს მაგდენი ფულიო? რომ 1000 ლარამდე გაზარდო 2030 წლისთვისო? 

აქ მეორე მთავარი ტრაგედია იცით რა არის – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი გვიდასტურებს იმას, რომ 1000 ლარის იმედი სულ ცოტა 8 წელი არ უნდა გვქონდეს. იმდენად დასაცინი იდეა გამოდგა პენსია 1000 ლარი ( რაც თავის თავშივე სასაცილო კონცეპტი უნდა იყოს) ამ სიტუაციაში ჩახედული ადამიანისთვის, რომ ქართული ოცნების პენსიასთან დაკავშირებული მომდევნო 8 წლის დაპირებაც წინასწარ გვითხრა:
პენსია 1000 ლარი – არასდროს! 

ახლა კი ისევ, დამატებითი სიამოვნებისთვის კიდევ ერთ ცხრილს შემოგთავაზებთ:

ვინმე უცხოელი რომ ჩამოვა საქართველოში, რადგან კაი ქვეყანაა და მოსწონს აქ ყოფნა <33 და გკითხავს შენ რატომ არ მოგწონსო

აი, ეს ცხრილი ანახე. 

აი, ამხელაზე ღარიბები ვართ. 

2014 წელს პენსიისა (150ლ) და საარსებო მინიმუმს (141ლ) შორის სხვაობა სულ რაღაც 9 ლარი იყო და ჩვენი ბაბუები და ბებიები რაღაც მანქანებით მაინც ახერხებდნენ მუთაქიდან  20 ლარის გამოძრობას და ჯიბეში, მშობლების მალულად ჩაკუჭვას. 



ბანკი VS პენსიონერი 

ჩემს საყვარელ ნაწილსაც მივადექით. 

2023 წლის 6 დეკემბერს ეროვნულმა ბანკმა შემდეგი ინფორმაცია გაავრცელა:

“ბანკებს აეკრძალებათ იმ პენსიონერებისთვის სესხის შეთავაზება, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსია ან/და სოციალური შემწეობაა.”

ანუ, გასული წლის 6 დეკემბრამდე ბანკები გამალებით ცდილობდნენ სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის სესხი შეეთავაზებინათ. 

 

‘საპენსიო სესხი’ ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული საბანკო მომსახურებაა ქვეყანაში, სადაც პენსია 315 ლარია. 

ლიბერთი ბანკი პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებზე სესხს 30% – ში გასცემს. 

შედარებისთვის გეტყვით, რომ სამომხმარებლო სესხი 2000 ლარის ოდენობით ცოტახნისწინ 9% ში ავიღე. 

ამ ეტაპისთვის პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს ნასესხები აქვთ: 401 331 743 ლარი. 

სესხის მაღალი პროცენტის არსებობას თავისი მიზეზი აქვს: პენსიონერების მიერ აღებული სესხები მაღალ რისკობრივ კატეგორიაში გადის, ამის მიზეზი კი ძირითადად გარდაცვალების მაღალი კოეფიციენტია. 

ასე იჭყლიტება ქართველი პენსიონერი, ერთი მხრივ სახელმწიფოს, რომელიც თავის გასატანად სესხის აღებას აიძულებს ხოლო მეორე მხრივ, ბანკს შორის, რომელიც, ფაქტობრივად, იძულებით აღებულ სესხის 30%-ს ითვისებს. 

სისტემა ყოველი მხრიდან ავიწროვებს ყველაზე უსუსურთ. 

 

ქართული პენსია და ჩანაცვლების კოეფიციენტი

პენსიის ჩანაცვლებითი კოეფიციენტი გულისხმობს ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის რამდენ პროცენტს წარმოადგენს პენსია. 

მაგალითად თუ თქვენი ხელფასი 1400 ლარია (საშუალო ხელფასი), მაშინ პენსია (315 ლარი) თქვენი საშუალო ხელფასის მხოლოდ 22.5% -ს ჩაანაცვლებს (ჩემით დავიანგარიშე, თუ შეცდომა გამეპარა, მიმართეთ პრესსცენტრს). ანუ, თქვენი შემოსავალი წინა თვესთან შედარებით 80% ით ნაკლები გახდება, როგორც კი პენსიაზე გასვლას გადაწყვეტთ, ან გადაგიწყვეტენ. 

გამოდის, რომ დღეის მონაცემებით საქართველოში პენსიის ჩანაცვლების კოეფიციენტი სულ რაღაც 22.5% ია, მაშინ, როცა იმ ევროპაში, თითქმის რომ შევედით, შემდეგი რეალობაა: “დასავლეთ ევროპის განვითარებულ ქვეყნებში ჩანაცვლების კოეფიციენტი, ანუ საშუალო ხელფასის შეფარდება ქვეყანაში გაცემულ საშუალო პენსიაზე გაცილებით მაღალია. მსოფლიო ბანკის ანგარიშის Inverting Pyramid-ის მიხედვით, მაგალითად იტალიაში ჩანაცვლების კოეფიციენტი 80%-ია, ლუქსემბურგში 78%, ესპანეთში 72%, საბერძნეთში 59%. ჩანაცვლების კოეფიციენტი გერმანიაში 41%-ია, ირლანდიაში კი 36%. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა ქვეყნებს რუსეთში ის 40%-ია, ბელორუსში 49%, ყაზახეთში 21%, აზერბაიჯანში კი 36%.”

 

მოხუცების ადგილი აქ, საქართველოში, არ არის

ამ ბლოგის წერისას მრისხანებასა და სევდას შორის წინ და უკან ხტომით წნევამ ამიწია. თუმცა დასასრულს, კიდევ ერთი სიამოვნებისთვის, მინდა ერთი ცხრილი შემოგთავაზოთ:

სიმართლე გითხრათ, ამ ცხრილის არსი კარგად არ მესმის. უბრალოდ, სატირულად  ჩავთვალე ‘100 ლარიანი პენსიით’, ‘100 ლარიანი პენსიის გარეშე’ და  ‘სიღარიბის დონე’ ერთ ხაზზე რომ მოხვდა. 

 

მოხუცების ადგილი საქართველოში არ არის. 

 

შეგიძლიათ ასევე მოინახულოთ ბლოგი საშუალო ხელფასი საქართველოში – ანუ მსოფლიოს მე-8 საოცრება!