
მუსიკა რომ ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, ამას მაშინ მივხვდი, როცა პირველად მუსიკის მოსმენისას ამეტირა.
მაგრამ.
გარდა იმისა, რომ შეიძლება ტკბილ-მწარე მოგონება ან პერიოდი გაგახსენოს ნაცნობმა მელოდიამ;
ან სულაც ფანტაზიაში შექმნილი პასაჟი;
ან საერთოდაც ტირილის მიზეზი უკუნისამდე გაურკვეველი დაგრჩეს,
მუსიკა ძლევამოსილი საშუალებაა კულტურული იდენტობის, სოციალური პრობლემების, საზოგადოებათა განვითარების, მათი დაცემის, მათი აღზევებისა და მათი ბრძოლის გამოსახატად.
დღეს უკვე ბევრნაირ ჟანრს ვუსმენთ, თუმცა ხშირად არ ვიცით, რამ ჩაუყარა საფუძველი ჩვენთვის ძალიან ნაცნობ მუსიკას, რომელიც შეიძლება უბრალოდ ვარჯიშის დროს ჩავრთოთ ხოლმე.
შენს სპოტიფაი ვრეფში თავმოყრილი ჟანრების ფესვები სინამდვილეში სხვადასხვა ჯგუფების, სუბკულტურების, უმცირესობებისა და ჩაგრულთა გამოცდილებებში, ტკივილში, ბრძოლებში და ბრაზშია.
ეს მუსიკალური ჟანრები გლობალურ ფენომენად იქცა – მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული საბკულტურის კონკრეტული ისტორიითა და იდენტობით დაიწყო.
ბლუზი: უდრეკთა ხმა
ბლუზი მე-19 საუკუნის ბოლოს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ ნაწილში წარმოიშვა. აფრიკელ ამერიკელ სპირიტუალთა, მუშათა, დამონებულთა შორის დაბადებული ბლუზი ღრმა ტკივილზე, სევდაზე და იმედზე იყო, რომელიც ჩაგრულთა შორის ჯერ კიდევ არსებობდა. ბლუზს თავისი “სავიზიტო” blue note- ს( გავიხსენოთ ფრაზა feeling blue – რომელიც სევდას გამოხატავს) და რა თქმა უნდა მელანქოლიური ტექსტები ახასიათებს, რომელიც ძირითადად ტანჯვას, ცალმხრივ სიყვარულსა და თავისუფლების დაუკმაყოფილებელ წადილს გადმოგვცემს.
ბლუზი აფრიკელი ამერიკელებისთვის სამეტყველო ხმად იქცა, სეგრაგაციის პერიოდში ის იყო ერთდროულად წინააღმდეგობისა და შეუპოვრობის სიმბოლო, რომელსაც ვერ აჩუმებდნენ.
ბლუზმა საფუძველი ჩაუყარა ბევრ სხვა მუსიკალურ მიმდინარეობას: ჯაზს, როკენროლს, R&B, რომლებმაც თავის მხრივ აფრიკულ ამერიკული კულტურის ექსპრესია განაგრძეს.
ჯაზი: მრავალჟღერადი წინააღმდეგობა
ჯაზმა უკვე მე-20 საუკუნის დასაწყიში შემოაბიჯა კულტურაში – ნიუ ორლეანში, აფრიკელ ამერიკელთა საზოგადოებაში დაბადებული ჯაზი სხვადასხვა კულტურულ გავლენათა მიქსი იყო. როგორც ჯაზში ჩახედილი და ჩემზე მეტად გარკვეული ხალხი ამბობს – ჯაზმა აფრიკული რიტმები, ევროპული ჰარმონია და ინდივიდუალური მონაპოვარი – იმპროვიზაცია გააერთიანა. შესაბამისად ჯაზი იქცა თავისუფალი ხელოვნების სიმბოლოდ, რომელმაც დიდი ხნის წინ დასწავლილი სოციალური ნორმები გამოიწვია და რასობრივი ბარიერების რღვევაში თავისი ბზარი შეიტანა.
როკენროლი: რევოლუციაა მოოდის
1950 – იანები იდგა, როცა ქუჩებში კარგად დავარცხნილ მოსეირნეთა შორის შავმა კატამ ჩაირბინა. ეს შავი კატა ენერგიული და ომის შემდგომი ახალგაზრდობის ენერგია იყო.
ისევ, ჩემზე გამოცდილ მელომანებს დავესესხები და ვიტყვი, რომ როკენროლი ბლუზის, ქანთრის, R&B – ის მიქსი იყო და სულ მალე იქცა იმ თაობის საუნდტრეკად, რომელიც დაჟანგებული კონსერვატიული ნორმებისგან თავის დაღწევას ცდილობდა.
როკენროლის პიონერებიც აფრიკელ ამერიკელი არტისტები – ჩაკ ბერი, ლითლ რიჩარდი იყვნენ, რომლებმაც, რა თქმა უნდა, შესაფერისი აღიარება ვერ მოიპოვეს, რასობრივი მიკუთვნებულობის გამო.
როკენროლი სულ მალე გახდა შეუპოვრობის, აჯანყების ხმა, კულტურის არსებულ ნორმებს საკუთარ ნორმებს უწესებდა.
როკენროლის შვილობილები გახდნენ: პანკ როკი, ალტერნატიული როკი. ჟანრის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი მიუძღვით LGBTQ+ ხელოვანებს, რომელთა შემოქმედება გენდერული როლებისა და ადამიანის თავისუფლებისა და გამოხატვის აქამდე არსებულ ნორმებს მუდმივად აჩელენჯებდა.
დისკო: თავისუფლება საცეკვაო მოედანზე
დისკო 1970 – იან წლებში გამოჩნდა, ეპოქის დომინაცია მოახდინა და ისიც განაცხადა, რომ არა მხოლოდ მუსიკალური ჟანრი, არამედ კულტურული მოძრაობა იყო.
ჟანრი ქვიარ კულტურის სიღრმეებში წარმოიშვა, ტერიტორიულად კი – გასაკვირი არ იქნება, რომ ნიუ იორკში – სადაც თავისუფლების, გამოხატვისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა.
ამყოლი ბითები, გლამური, გლითერები, მოდა, ჰედონისტური სიამოვნება და LGBTQ+ უფლებებისთვის ბრძოლა – ეს ყველაფერი ერთმანეთს Studio 54 – ში ხვდებოდა, Studio 54 ფაქტობრივად თავშესაფარი გახდა ადამიანებისთვის, რომლებსაც გაკიცხვის შიშის გარეშე ცხოვრება ან სულ ცოტა, საკუთარი თავის გამოხატვა უნდოდათ.
დისკოს ხიბლი ის იყო, რომ all-inclusive იყო – LGBTQ+ საზოგადოების გარდა სხვა ჯგუფებსაც იღებდა: ფერადკანიანებს და ქალებს.
თუმცა ამერიკაში დისკოს პოპულარობის კლება 1979 წელს, “Disco Demolition Night,” – ზე დაიწყო. ამ დღეს, სტადიონზე ფეხბურთის მატჩი იმართებოდა, ბილეთების სანაცვლოდ კი ხალხს სთხოვეს დისკოს ჩანაწერები მოეტანათ. შეგროვებული ჩანაწერები შუა სტადიონზე დაწვეს. მატჩი გადაიდო, რადგან ხალხი სტადიონზე შევარდა – კოცონის დანახვამ იცის ხოლმე პირველყოფილური ჟინის გაღვიძება და ჩანაწერების დაწვით დაწყებული “წინასამატჩო გახურება”, ვანდალიზმად იქცა.
ერთი შეხედვით, ეს ყველაფერი დისკოს გადამეტებული კომერციალიზაციის საპირწონედ გააკეთეს, თუმცა ვინაიდან დისკო ქვიარ თემისა და ფერადკანიანთა თავშესაფარი იყო, ამ ვანდალიზმს ჰქონდა ქვენოტები და სიმბოლურად ამ ჯგუფთა წინააღმდეგ გალაშქრებას გამოხატავდა.
ჰიპ-ჰოპი: ქუჩის ხმა
ჰიპ-ჰოპი ბრონქსში 1970 წელს დაიბადა აფრიკელ ამერიკელთა და ლათინოთა ოჯახში. ჟანრი ბევრ რამეს აერთიანებდა – რითმში ნათქვამ სიტყვას ( ამ ნაწილს ჰქვია rap, კი ), DJing-ს, ბრეიქდანსსა და გრაფიტ-ხელოვნებას. როგორც ხედავ, full-stack ჟანრი იყო და კულტურულ მიმდინარეობადაც იქცა. ჰიპ-ჰოპი ყოფიერების ბრძოლებზე ყვებოდა – ურბანულ ცხოვრებაზე, სიღატაკეზე, რასიზმსა და პოლიციის ბრუტალობაზე.
ჰაუსი: ანდერგრაუნდ თავშესაფარი
ჰაუს მუსიკა 1980-იანების დასაწყისში ჩიკაგოში, დისკო მუსიკისგან განვითარდა. მისი პიონერების უმრავლესობა, LGBTQ+ თემის წევრები იყვნენ. მაგალითად, ფრენკი ნაკლზი, ცნობილი როგორც “ჰაუს მუსიკის ნათლია.” ჰაუსის თავდაპირველი სახლში მიწისქვეშა კლუბები იყო, სადაც მარგინალიზებული ჯგუფები, მათ შორის ქვიარ ქომიუნითი და ფერადკანიანები, თავს დაცულად გრძნობდნენ.
ჰაუს მუსიკა დისკოს მემკვიდრეობის გამგრძელებელი აღმოჩნდა: სიყვარულზე, მიღებასა და ერთიანობაზე აქცენტით.
როგორც ვხედავთ, მუსიკალური ჟანრები, ფაქტობრივად ქოუფინგ მექანიზმებად იქცა ჯგუფებისთვის, რომელთა ხმის მოსმენა არავის უნდოდა. დღეს ამ ჟანრებს განსაკუთრებულ ღირებულებას მატებს ისტორია, რომელმაც ისინი დაბადა. სწორედ ეს ისტორიებია იმის მანიშნებელი, რომ ამ სამყაროში, მუსიკაზე საოცარი რამ, ადამიანებს ჯერ არ გამოუგონიათ.
კიდევ ერთხელ, მუსიკა რჩება უნივერსალურ ენად.
სტატია დაფინანსებულია ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის (IWPR) გრანტით, რომელიც მხარდაჭერილია გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის (FCDO) მიერ. გამოთქმული მოსაზრებები, მიგნებები და დასკვნები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ გამოხატავდეს IWPR-ის ან FCDO-ს მოსაზრებებს.