მცემს-ალბათ, ვუყვარვარ

ღმერთმა შეგვქმნა, თმაგაცვენილი მაიმუნები ვართ თუ რაღაც აფეთქების შედეგად ჩამოყალიბებული არსებები, ფაქტია, რომ ადამიანები მეტად უცნაური ხალხი ვართ და ხშირად ჩვენი ქცევებისთვის ახსნის მოძებნა არც ისე მარტივია. აი, მაგალითად — ორშაბათი დილა სერიალის ყურებაში გვათენდება ხოლმე და მერე გვაინტერესებს, როგორ გამოვიძინოთ 4 საათში 8 საათი; მანქანით მისამართის ძებნისას მუსიკას ისე ვთიშავთ, თითქოს ყური მხედველობის ორგანო იყოს ან თვალი — სმენის; მაღაზიიდან ხელცარიელი თუ გავდივართ, კონსულტანტის ისე გვერიდება, თითქოს რამე დავაშავეთ და ასე შემდეგ. «ასე შემდეგების» სასაცილო ნაწილში კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. არასასაცილოში — კიდევ უფრო მეტის.

ერთ-ერთი ასეთი არასასაცილო და რთულად ასახსნელი ქცევა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაა, რომლებიც გვაზიანებენ. ერთი შეხედვით ხომ ძალიან მარტივია — თუ ტაფა ცხელია, ხელი არ უნდა დაადო. თუ ადამიანი მუდმივად გულს გტკენს, უნდა გაეცალო. 

თუმცა პრაქტიკაში ყველაფერი ასეთი ცალსახა არაა. ხშირად, სიყვარულის სახელით, ადამიანებს ბევრ რამეს ვპატიობთ, მათ შორის: ფიზიკურ, სექსუალურ, ვერბალურ ძალადობას, შევიწროვებას, მანიპულირებას და ასე შემდეგ. ეს ხდება ყველგან: ფილმებში, წიგნებში, მეზობელ სახლებში, ჩვენ ცხვირწინ ან ჩვენს თავსაც კი.

და მაინც, რატომ ვერ ვშორდებით და მეტიც, რატომ გვიყვარს ადამიანები, რომლებიც გვაზიანებენ? მიზეზი ბევრნაირია: 

ერთს მარტო ყოფნის ეშინია,

მეორეს ხალხის აზრის, 

მესამე ფინანსურადაა დამოკიდებული მოძალადეზე, 

მეოთხე კი შვილების ხათრით ოჯახს არ ანგრევს; 

ვიღაც ბავშვობიდანაა მიჩვეული მშობლისგან გაწნულ სილას, ასე რომ მისთვის არც პარტნიორის მუშტია უჩვეულო ხილი; 

ვიღაც თვლის, რომ თუ პარტნიორი უპირობოდ ეყვარება და მის შეცდომებს ადამიანურ ბუნებას მიაწერს — მისი პარტნიორი შეიცვლება, უკეთესი გახდება;

ვიღაცას ჩააგონეს, რომ უმიზეზოდ კაცი ხელს არ აწევს და თუ ასწია, ესე იგი საჭირო იყო. თუმცა ხშირად კაცებიც ხდებიან ძალადობის მსხვერპლი. მეტიც, მათთვის ძალადობის ამოცნობა ბევრად უფრო რთულია, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ზოგადი აზრის თანახმად, ქალები მოძალადეები არ არიან.

ზემოთ ჩამოთვლილ მიზეზებს ისიც დავუმატოთ, რომ ტოქსიკური ადამიანების დიდმა ნაწილმა კარგად იცის, როგორ გააბას მსხვერპლი მახეში — დამცირებისა და გულის ტკენის შემდეგ ბოდიშის მოხდა არასდროს უჭირთ, ლამაზ-ლამაზი სიტყვებით გულის მოლბობაც კარგად გამოსდით და იმ ადამიანად გადაქცევაც, რომელიც სულ თავიდან შეგიყვარდათ. ბონუსად იმასაც დაგაჯერებენ, რომ მათ გარდა თქვენი სიყვარული არავის შეუძლია და თუ რამე ცუდი ხდება, ეს თქვენი ბრალია. შემდეგ კი, როცა აპატიებთ, ტოქსიკური ციკლი თავიდან დაიწყება — ისევ მანიპულაცია, კონტროლი, დარტყმა და ლანძღვა — შემდეგ ბოდიშამდე. 

ზოგადი საუბარი გვერდით რომ გადავდოთ და კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე დავფიქრდეთ, ასეთ სურათს დავინახავთ: ურთიერთობებში ჩაგრულის როლში ძირითადად ქალია (სტატისტიკურად შემთხვევების 80-85%). ქალი, რომელიც გაათხოვეს, მზითევი გააყოლეს და პატრონს უმწიკვლო ჩააბარეს. 

ასწავლეს, რომ კაცი მაინც კაცია და ისეთი რაღაცები ეპატიება, რაც ქალს არ შეშვენის. 

ზოგ ქალს ისიც კი უთხრეს, რომ თუ კაცმა ქალს დაარტყა, მხოლოდ ქალის გონზე მოსაყვანად. 

თუ უღალატა, უნდა დაფიქრდეს, იქნებ კარგი ცოლი ვერ იყო და მაგიტომ? 

ოჯახის დანგრევა? არა, როგორ გეკადრებათ, შვილების გამო უნდა მოითმინოს და თანაც, რამდენჯერაც ქალს ქმარში არ გაუმართლებს, იმდენჯერ თუ გაშორდა, რა გამოდის?! ქალს ერთი უნდა უყვარდეს და არა მთელი ფარაო, ასე უთქვამთ ჩვენებს. 

ან რა დაშორება, ქალის ცხოვრების ზენიტი ხომ ოჯახია? თუ ქალს ოჯახი დაენგრა, ანუ არც ქალად ვარგა.

წლების განმავლობაში ეს აზრები უამრავი ქალისა და კაცის გონებაში დაილექა. სწორედ ამიტომ აძლევენ კაცები თავს უფლებას, ქალებს ისე მოექცნენ, როგორც დაქვემდებარებულებს. ქალები კი ამ ყველაფერს იტანენ — იმიტომ, რომ ქალი საყვარელი მამაკაცის გარეშე იშვიათად თუ ითვლება სრულფასოვან ქალად.

ათასობით ქალი წლების განმავლობაში იტანს ჩაგვრას, უპატივცემულობას. ასეთი ცხოვრება ხშირად მენტალურ ჯანმრთელობასაც აზიანებს და ყველაფერს კიდევ უფრო ამუქებს. თუმცა ეს მუქი ფერები ყოველთვის მარტივი დასანახი არაა. ადამიანებს გარკვეული დრო სჭირდებათ იმის მისახვედრად, რომ რაღაც რიგზე არ არის. 

თუ ხვდები, რომ შენც ასეთ ურთიერთობაში ხარ და მოძალადე მაინც გიყვარს, არ შეგეშინდეს, გრძნობები თვალის ერთ დახამხამებაში არ ქრება. თუ გულის სიღრმეში გგონია, რომ რაც შენს თავს ხდება, შენი ბრალია, ცდები — არ შეიძლება, ადამიანმა ძალადობა დაიმსახუროს. ძალიან რთულიც რომ გეჩვენებოდეს, თუ ხვდები, რომ ადამიანი გაზარალებს, გაეცალე. თუ ხვდები, რომ ტაფა ცხელია, ხელს ნუ დაადებ. სულ გახსოვდეს, რომ ვინც უყვართ, იმას პატივს სცემენ.

მხარდაჭერის იმედიც აუცილებლად გქონდეს:

საფარი — 0322 30 76 03, 599 40 76 03;

ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი — +995 32 116 006