Mr. B- ანუ გიორგი ბალანჩივაძე და ბალეტში შთაბერილი ახალი სული

See the music, hear the dance.

შეიძლება ინტერნეტის დაუსრულებელ, ბნელსა თუ ნათელ კუნჭულებში ბევრი უგზო-უკვლოდ გაბნეული ფრაზა ამოგიკითხავს. 

შეიძლება წამით გაუჩერებიხარ, ყოფიერების უინტერესო პრობლემებიდან ხმოვანი პაუზით ამოუგდიხარ და ისტორიებსა თუ ამბებში საბოდიალოდ გადაუსვრიხარ, თან ისე, რომ ამ ფრაზის ავტორზე წარმოდგენაც არ გქონია. 

ამიტომ დღეს მე მოგიყვები ადამიანზე, რომელსაც არა მხოლოდ მსგავსი ფრაზების, არამედ ცეკვით მოთხრობილი ამბების ავტორიცაა და რომელსაც ამერიკული ბალეტის მამას უწოდებენ.


ჯორჯ ბალანჩინი, ანუ ადამიანი, რომელსაც მუსიკის დანახვა და ცეკვის მოსმენა შეეძლო.


გიორგი ბალანჩივაძე

ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი, რომელმაც თავისი შემოქმედებით ისტორიასა და ადამიანებს თავი დაამახსოვრა. ამბობდა, შეიძლება ჩემი სპექტაკლები დაივიწყონ, თუმცა სახელს, რომელმაც ამერიკული ბალეტი შექმნა არასოდეს დაივიწყებენო და მართალიც აღმოჩნდა — დღეს, ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩას Mister. B-ის სახელი ამშვენებს. 

ბალანჩინი 1904 წელს, პეტროგრადში დაიბადა. მამამისი ქართული საოპერო მუსიკის ფუძემდებელი- მელიტონ ბალანჩივაძე იყო. Შეიძლება ითქვას ბგერითა და მოძრაობებით სათქმელის გამოხატვა ის გენეტიკური საჩუქარი იყო, რომელმაც რეალიზაცია ხელოვნებაში ჰპოვა და MR. B-ის სახით მსოფლიო მნიშვნელობის ქორეოგრაფი, მასწავლებელი და ბალეტის ნოვატორი შექმნა. 

თუმცა, გასული საუკუნე ადამიანებისთვის არც ისე ლმობიერი აღმოჩნდა. 1918 წლის რუსეთის რევოლუციის შემდეგ, გიორგი ბალანჩივაძეს თავის ოჯახთან განშორება მოუწია, ხოლო თავისი ძმა — რომელიც პეტროგრადში არსებული დაძაბული სიტუაციის გამო ოჯახთან ერთად ქუთაისში გაემგზავრა — მხოლოდ 45 წლის შემდეგ იხილა. 

საიმპერატორო თეატრალურში სწავლობდა და წარჩინებული მოსწავლეც იყო. Მარინიის კორდებალეტშიც ჩაირიცხა და Ერთ-ერთი გასტროლის დროს გერმანიაში წასვლა მოუწია. ალბათ, იქ მიხვდა, სსრკ-ში დაბრუნება რომ არ ღირდა, ლტოლვილად შეაფარა თავი გერმანიას და სულ მალე საფრანგეთშიც გადავიდა.

1922 წელს ბალანჩინის პირველი ქორწინება შედგა, Მან სულ 4 ჯერ იქორწინა, ოთხივე შემთხვევაში მოცეკვავეზე და თითოეულ მათგანს სამახსოვროდ ბალეტი მიუძღვნა.

წარმატებულ საბალეტო კარიერას წერტილი პროფესიულმა ტრავმამ დაუსვა. მისტერ b-მ ქორეოგრაფიაში გადაინაცვლა, თუმცა ფრანგმა საზოგადოებამ, რომლის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი კონსერვატორული მიდგომები იყო, მისი ექსპერიმენტული ქორეოგრაფიის სტილი და ინოვაციურობა არ მიიღო. ვინ წარმოიდგენდა, რომ ეს ვერმიმღებლობა გახდებოდა ბალანჩინის ამერიკული ისტორიის დასაწყისი.

 

ბალანჩინი ამერიკაში

აღმოჩნდა, რომ ბალანჩინი ამერიკისთვისაც- ყველაზე დიდი შესაძლებლობების, ინოვაციების, სიახლის, ახალი სიტყვის, თავისუფლების ქვეყნისთვისაც- დიდი სიახლე იყო. ამერიკაში არსებობდა კლასიკური ბალეტის სკოლები, რომლებსაც ევროპული, კლასიკური ბალეტის გავლენა ჰქონდათ. თუმცა ის ახალი სიტყვა, რომელიც ამერიკულ ბალეტს უნდა ეთქვა, სწორედ ჯორჯ ბალანჩინის მეშვეობით თქვა.

30-იანი წლების ამერიკაში ჯერ კიდევ არ არსებობდა პროფესიული საბალეტო სასწავლებელი. თუმცა Mr. B-ის ასპარეზზე გამოჩენამ ცარიელი ადგილი ‘ნიუ იორკის ბალეტის სკოლის’ დაარსებით შეავსო და გადატრიალებებიც დაიწყო. Ბალეტის კონსერვატიული აღქმის მიღმა აღმოჩნდა მოძრაობების მთელი სამყარო, რომლის ენაც ბალანჩის ძალიან კარგად ესმოდა. თავდაყირა დაყენებულმა ბალეტის ენამ დიდი გავლენა მოახდინა ბალეტის მსოფლიო კულტურაზე. ბალანჩინი თავის დადგმებში ნაციონალურ ელემენტებსაც იყენებდა — რაც იმ დროისთვის რევოლუციური სვლა იყო — ქართული მოძრაობები ჩაინტეგრირდა კლასიკურ ბალეტში, რომელსაც ამერიკაში ცეკვავდნენ.

ხელოვნებაში მოღვაწეობის მთელი ხნის განმავლობაში ბალანჩინის ავტორობითა და თანაავტორობით სულ 465 პერფორმანსი შეიქმნა- რომლებიც არა მხოლოდ ბალეტს მოიცავდა, არამედ ცეკვებს, რომლებიც ბროდვეის მიუზიკლებისთვისა და ფილმებისთვის იდგმებოდა.

თუმცა, როგორც ყველა ხელოვანის ისტორიაში, აქაც, შეგვიძლია რამდენიმე ბალეტი გამოვარჩიოთ: აპოლონი (1928), უძღები შვილი (1929), ორფეუსი (1948), მაკნატუნა (1954), ზაფხულის ღამის სიზმარი (1962), დონ კიხოტი (1965) და სხვა. 

აპოლონის დადგმაში ბალანჩინი სერგეი დიეგილევის თანაავტორი იყო. Როგორც ჩანს, ბალანჩინს თავისი ხედვები ჰქონდა, დიეგილევს არ ეთანხმებოდა გარკვეულ საკითხებში და ჯიუტად იცავდა თავის იდეებს. აპოლონში Არ მოსწონდა დეკორაციები, მოცეკვავეთა კოსტიუმები. ერთ-ერთ დადგმას კოკო შანელიც დასწრებია და დიეგილევი მოცეკვავეთა ვარცხნილობისა და კოსტიუმების გამო გააკრიტიკა. სულ მალე კოკო შანელი თავად გახდა ‘აპოლონის’ კოსტიუმების დიზაინერი და ბალანჩინის მეშვეობით ეს ბალეტი საკულტო და ნოვატორულ დადგმად იქცა. 

1962 წელს ბალანჩინი პირველად ნახავს თავის სამშობლოს და ძმას, რომელსაც 45 წლის წინ დაშორდა. ამბობენ, აეროპორტში მათი შეხვედრა სევდიანი იყოო. მიუხედავად იმისა, რომ ძმებმა ზრდასრული წლები ერთმანეთის გარეშე გაატარეს და თითქოს უნდა გაუცხოებულიყვნენ, ბალანჩინიმ მაშინვე იცნო თავისი ძმა და თვითმფრინავიდან ჩამოსულის პირველი სიტყვაც, მისი ძმის სახელი — ანდრიუშა იყო.

საქართველოში სტუმრობისას მან ქუთაისიც მოინახულა. Ჰყვებიან, მამამისის — მელიტონ ბალანჩივაძის- საფლავი რომ მოინახულა, დაიჩოქა და მიწას ემთხვიაო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მცირე დრო ჰქონდა გატარებული, საკუთარ წარმომავლობას არ ივიწყებდა — შუა ნიუ იორკში, სად შეიძლებოდა გენახა ჩოხა, თუ არა ჯორჯ ბალანჩინის სახლში?



Dancing is music made visible.

ჰყვებიან, რომ ბალანჩინს საუბრის განსაკუთრებული მანერა ჰქონია. იუმორით, ‘რეფერენსებითა’ და ფილოსოფიით დახუნძლული. Განათლებული იყო, თუმცა ამბობდა, მთლად ბევრსაც არ ვკითხულობო. ადამიანები, რომლებსაც ბალანჩინთან ჰქონდათ ურთიერთობა ან უბრალოდ მის სპექტაკლის წინა სიტყვას უსმენდნენ, ხშირად იხსენებდნენ, რომ მისი ფრაზებში ხშირად ამჩნევდნენ რომელიმე ანტიკურ ფილოსოფოსის, მწერლისა თუ პოეტის ხელოვნებას. 

თავად ბალანჩინსაც მიაჩნდა, რომ ხელოვნებაში ინსპირაციის წყაროს ძებნა ამაოა, რადგან შთაგონება და მისი ხელოვნებაში გამოვლინება არის უწყვეტი და ერთიანი პროცესი.  მისი ნათქვამიც, See the music, hear the dance Ანტიკური პოეტის, Lucien-ის პოეტური მიგნების გამოძახილია, თუმცა თვითონ ლუციენიც ამბობდა, რომ ინსპირაციის წყარო დელფოსის ორაკული იყო. 

ბალანჩინის ამგვარად აღქმული ხელოვნების ფილოსოფია, მის შემოქმედებაში განხორციელდა, ტრანსფორმირდა და დატოვა სახელი, რომელიც დღეს გვახსოვს. 

გიორგი ბალანჩინი 1983 წელს გარდაიცვალა, არ ჰყავდა შვილები. მთელი თავისი ქონება ნიუ-იორკ სითი ბალეტს უსახსოვრა, ხოლო ნიუ-იორკის ერთ-ერთ ქუჩას კი — თავისი სახელი.