მონაწილეობითი დემოკრატიის ევოლუცია: როგორ ფორმირდებოდა შენი უფლებები

დამეთანხმები, რომ სიტყვა დემოკრატია ჩვენს გონებაში საკმაოდ ახალ და თანამედროვე ცნებებთან ასოცირდება, მიუხედავად იმისა, რომ მისი ფუძეების ანტიკური წარმომავლობა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. ამ სტატიაში მინდა, გაგიზიაროთ ის ისტორიული პროცესები, სხვადასხვა პერიოდისთვის დამახასიათებელი იდეოლოგიები და დემოკრატიის განვითარების იდეით ინსპირირებული ხალხის შრომის შედეგები, რომლებმაც მოახდინა თანამედროვე მონაწილეობითი დემოკრატიის ფორმირება, მღელვარე და პოლიტიკური მოვლენებით სავსე პერიოდებში.

 

ძველი საბერძნეთი და რომის რესპუბლიკა

ძველი ბერძნების მიერ შემუშავებული მონაწილეობითი დემოკრატიის მოდელი მოიცავდა როგორც მოქალაქეთა პირდაპირ ჩართულობას, ხმის მიცემის სახით, ასევე კონკრეტული თანამდებობების პირების შერჩევას შემთხვევითობის პრინციპით. ამასთან, ბერძნებისგან განსხვავებით, რომის რესპუბლიკა, რომელიც ძვ. წ. 509 წელს შეიქმნა, მმართველობის წარმომადგენლობით ფორმას ამჯობინებდა – მოქალაქეები ირჩევდნენ წარმომადგენლებს, რომლებიც შემდგომ მათი სახელით იღებდნენ გადაწყვეტილებებს. ამ მიდგომამ, თავის მხრივ, საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე წარმომადგენლობითი დემოკრატიის ჩამოყალიბებას.

 

შუა საუკუნეები და განმანათლებლობა

ანტიკური ეპოქისგან განსხვავებით, შუა საუკუნეების ევროპა მონარქებისა და ფეოდალური სისტემების დომინაციის პერიოდი იყო, რამაც მონაწილეობის ელემენტები მინიმუმამდე დაიყვანა და მხოლოდ რენესანსის ეპოქაში დაბრუნდა ინტერესი ძველბერძნული და რომაული დემოკრატიისა და მოქალაქეების როლის მიმართ. მე-17 და მე-18 საუკუნეებში, განმანათლებლობის ეპოქაში წინ წამოიწია იდეებმა ინდივიდუალური უფლებებისა და სახალხო სუვერენიტეტის შესახებ. ისეთმა მოაზროვნეებმა, როგორიცაა ჯონ ლოკი, ჟან-ჟაკ რუსო და მონტესკიე, ინტელექტუალური საფუძველი ჩაუყარეს თანამედროვე დემოკრატიულ პრინციპებს. ამას მოჰყვა ამერიკისა და საფრანგეთის რევოლუციები – სადაც ეს იდეები კიდევ უფრო გაძლიერდა, ხოლო მე-19 საუკუნიდან მოყოლებული ვიხილეთ ხმის მიცემის უფლების ეტაპობრივი გაფართოება და უფრო და უფრო მეტი მოქალაქის ჩართვა ამ საარჩევნო პროცესში.

 

მე-20 საუკუნე

მე-20 საუკუნეში დემოკრატიამ განსაკუთრებული ცვლილებები განიცადა. საუკუნის პირველ ნახევარში მოხდა ხმის მიცემის უფლებების მასშტაბური ექსპანსია მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფზე, რომლებსაც მანამდე არ გააჩნდათ მსგავსი მოქალაქეობრივი პრივილეგიები. სწორედ ამ პერიოდიდან მიიღეს ქალებმა და უმცირესობებმა ხმის მიცემის უფლება, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო პოლიტიკურად მარგინალიზებული ჯგუფების დემოკრატიულ პროცესებში ჩართვისთვის. შემდგომში გაიზარდა მათი მონაწილეობა მმართველობის პროცესებში დამატებითი, მონაწილეობითი მექანიზმებით.

 

მოქალაქეთა მონაწილეობის კიბე

მონაწილეობითი დემოკრატიის ევოლუციას სათავეებში მრავალი ცნობილი ფიგურა ედგა. სწორედ ერთ-ერთი მათგანის – შერი არნშტეინის შექმნილია მოქალაქეთა მონაწილეობის კიბე, რომელიც აღწერს საზოგადოებრივი წყობის იმ ეტაპებს, რომელსაც გადის დემოკრატიისკენ მიმავალ ქვეყანაში მოქალაქეების ჩართულობის ხარისხი პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში. შერი არნშტეინის “კიბე” დღესაც რჩება არსებით ხელსაწყოდ მონაწილეობითი მექანიზმების ავთენტურობის შესაფასებლად. მისი აქცენტები ძალაუფლების გაზიარებასა და მოქალაქეთა ჭეშმარიტ ჩართულობაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში, თანამედროვეობაში წარმოადგნენ წამყვან პრინციპებს დემოკრატიის განვითარების გზაზე.

 

მონაწილეობის მექანიზმები

სამოქალაქო მონაწილეობისა და მონაწილეობითი დემოკრატიის განვითარების შესწავლისას ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა მექანიზმები საშუალებას აძლევს მოქალაქეებს უფრო ღრმად ჩაერთონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ საქმეებში და გააფართოვონ თავიანთი გავლენა მხოლოდ არჩევნებში ხმის მიცემის მიღმა. ეს მექანიზმები შეესაბამება ევროპის საბჭოს “კარგი პრაქტიკის კოდექსში” განსაზღვრულ მონაწილეობის ოთხ დონეს: ინფორმაცია, კონსულტაცია, დიალოგი და პარტნიორობა. თითოეული დონე წარმოადგენს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის საშუალებას.

  1. ინფორმაციის დონე: ეს საწყისი დონე გულისხმობს საჯარო ხელისუფლებისგან მოქალაქეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას. მას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს გადაწყვეტილების მიღების ყველა ეტაპზე და მოიცავს პოლიტიკასთან დაკავშირებულ ყოვლისმომცველ ინფორმაციაზე წვდომის უფლებას. ამ დონის მაგალითია სამაგიდო თამაში “Uchange”, საგანმანათლებლო და საინფორმაციო ინსტრუმენტი, რომელიც ზრდის ცნობიერებას და ცოდნას.
  2. კონსულტაციის დონე: ამ ეტაპზე საჯარო ხელისუფლება აქტიურად ეძებს მონაწილეობას მოქალაქეებისგან ან არასამთავრობო ორგანიზაციებისგან კონკრეტული პოლიტიკის საკითხებში. ეს გულისხმობს საზოგადოების ინფორმირებას პოლიტიკის განვითარების შესახებ და საკითხზე მათი უკუკავშირის მიღებას. ევროპის საბჭოს “CivicLab” მეთოდოლოგია, რომელიც ფუნქციონირებს როგორც საკონსულტაციო მექანიზმი, და პეტიციის წარდგენის პროცესი – სადაც მოქალაქეები აგროვებენ ხელმოწერებს, რათა საკითხები საკრებულოს ყურადღების ცენტრში მოაქციონ – ამ დონეს განეკუთვნება.
  3. დიალოგის დონე: ამ დონეზე მყარდება ორმხრივი კომუნიკაცია, რომლის ინიცირება შესაძლებელია როგორც მოქალაქეების, ასევე ხელისუფლების მიერ. იგი გულისხმობს ორმხირვ ინტერესებზე დაფუძნებულ დისკუსიებსა და თანამშრომლობას.  მონაწილეობითი ბიუჯეტირების მექანიზმი, სადაც მოქალაქეები პირდაპირ გავლენას ახდენენ სახელმწიფო ბიუჯეტის განაწილებაზე, ასახავს ამ დონეს, რომელიც წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების თანამშრომლობით მიდგომას.
  4. პარტნიორობის დონე: ეს არის მონაწილეობის უმაღლესი დონე, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციები და საჯარო ხელისუფლება იზიარებენ პასუხისმგებლობებს გადაწყვეტილების მიღების პროცესის ყველა ასპექტში. ამ კატეგორიას მიეკუთვნება მოქალაქეთა ასამბლეები და ნაფიც მსაჯულთა სისტემები. ისინი განიხილება სათათბირო დემოკრატიის მექანიზმებად, რომლებიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს განიხილონ კონკრეტული საკითხები პოლიტიკის შემუშავების, მართლმსაჯულების და საკონსტიტუციო ან ადმინისტრაციული რეფორმების დროს.

საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მონაწილეობითმა დემოკრატიამ ვრცელი გზა გაიარა იმ ფორმის მისაღებად, რომლიც დღეს აქვს. ამაზე დადებითი გავლენა იქონიეს როგორც ერთეულმა აქტორებმა, ისე საზოგადოებებმა, რომლებიც გზადაგზა ითხოვდნენ მათი, ანუ ჩვენი უფლებების გაფართოებას და შედეგად დღეს 21-ე საუკუნეში ჩვენ იმაზე მეტი უფლება გვაქვს, ვიდრე ისტორიის სხვა მონაკვეთებში შესაძლოა გვქონოდა. თუმცა, ციფრული ეპოქა კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, რაც იმედია დროთა განმავლობაში კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის და გააფართოებს მონაწილეობის მექანიზმებს.  

საინტერესოა თუ რამდენად კარგად იცნობ შენი უფლებების ისტორიას, ამის გასაგებად კი გთავაზობ გააკეთო ეს ქვიზი და გაიგო ხარ თუ არა დემოკრატიის ნამდვილი ისტორიკოსი 😉