აღმოაჩინე მონაცემთა ვიზუალიზაცია

თუ ბოლო დროს ხშირად ფიქრობ «ვინ უნდა გამოხვიდე?» ან ახალანდელი პროფესიით მთლად კმაყოფილი არ ხარ და გეფიქრება «რა მოხდებოდა, ვინმე სხვა რომ გამოსულიყავი?» გაეცანი მონაცემთა ვიზუალიზაცია და ნახე ამ სფეროს რა გამოწვევები/ბენეფიტები აქვს.

რა იცი, იქნებ საშენო სულაც არაა? ან პირიქით 😉 

მოკლედ ჩამოჯექი, გვერდზე ყავაც მოიდგი (ცოტა საქმიანად, შენ ხომ რისერჩს აკეთებ) და მოუსმინე ალექსნადრა შალიბაშვილს.


სამუშაო გამოცდილება მონაცემთა ვიზუალიზაციის მიმართულებით?


სანამ მონაცემთა ვიზუალიზაციაში აღმოვაჩენდი თავს, რამდენიმე წლის განმავლობაში, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, მონაცემთა ანალიზისა და გრაფიკული დიზაინის უნარები განვივითარე. მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილება მქონდა — ნატოს სამეკავშირეო ოფისით დაწყებული და ყვავილების მაღაზიით დასრულებული — რაც დღემდე ძალიან მეხმარება ჩემს ახლანდელ საქმიანობაში.

მონაცემთა ვიზუალიზაცია 2020 წელს აღმოვაჩინე, როდესაც ფორსეტის სასწავლო პროგრამაზე დავრეგისტრირდი.

ახლა ფორსეტის გუნდის წევრი ვარ. გუნდთან ერთად ინფოგრაფიკებსა და სასწავლო კურსებზე მუშაობის გარდა, ვიღებ პირად შეკვეთებს როგორც ფრილანსერი.


რა ტიპის პროექტებზე გიმუშავია ამ მიმართულებით ?


ფორსეტის გუნდთან ერთად, ყველაზე ხშირად, ინფოგრაფიკებს სხვადასხვა სოციალურ თემაზე ცნობიერების ასამაღლებლად ვქმნით.

ინდივიდუალურ პროექტებს რაც შეეხება, მქონია შეკვეთა საქველმოქმედო ფონდიდან, მიმუშავია საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციის პრეზენტაციაზე, რომელშიც საკმაოდ კომპლექსური მონაცემები მარტივად აღსაქმელი დიაგრამებით უნდა გადმოგვეცა. ჩემი ერთ-ერთი ნამუშევარი, რომელიც საქართველოს საგარეო ვაჭრობას აღწერს, ანალიტიკურ ბიზნეს ჟურნალში დაიბეჭდა.

ინფოგრაფიკების მომზადების გარდა, აქტიურად ვარ ჩართული მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის სასწავლო კურსებში როგორც ლექტორი და მენტორი. ძირითადად, შესავალს სტატისტიკაში, მონაცემთა ანალიზის ხელსაწყოებს და მონაცემთა ვიზუალიზაციის პრინციპებს ვასწავლი.


რა არის მონაცემთა ვიზუალიზაცია?


მონაცემთა ვიზუალიზაცია არის მონაცემების ვიზუალურად (ანუ, გრაფიკულად) გამოსახვა. მონაცემთა ვიზუალიზაცია გვეხმარება დიდი მოცულობის მონაცემების უფრო მარტივად აღქმასა და გაანალიზებაში.


რას მოიცავს ეს პროფესია?


მონაცემთა ვიზუალიზაცია რამდენიმე განსხვავებული ეტაპისგან შედგება, შესაბამისად, ამ პროცესში ჩართულია სხვადასხვა სპეციალობის ადამიანი.

როდესაც ჩვენ ვიწყებთ მუშაობას ინფოგრაფიკზე, თავდაპირველად საქმეში ერთვება მონაცემთა ანალიტიკოსი ან მკვლევარი (ანუ, მე). მონაცემთა შეგროვებისა ან უკვე არსებული მონაცემების გაანალიზების შედეგად, ამ მონაცემებიდან ვკრეფთ საინტერესო მიგნებებს, კანონზომიერებებს ან კანონზომიერებისგან განსხვავებულ, არასტანდარტულ, შემთხვევებს.

ცალკეული საინტერესო ფაქტებისგან ვქმნით ერთიან ამბავს (story-ს), რომელსაც კონცეფციის სახით ვაყალიბებთ. იმისთვის, რომ მონაცემთა ვიზუალიზაცია ფართო აუდიტორიისთვის გასაგები და საინტერესო გახდეს, მნიშვნელოვანია, რომ დიაგრამების გარდა, ინფოგრაფიკზე დატანილი იყოს შესაბამისი ტექსტური ახსნები. ამაში ხშირად ჟურნალისტი ან ქოფირაითერი ერთვება.

დასრულებულ კონცეფციას, ანუ ინფოგრაფიკის ტექსტურ აღწერასა და შესაბამის დიაგრამებს, ვაწვდით დიზაინერს, რომელიც ჩვენს ამბავს ვიზუალურად გადმოსცემს. ამბის სირთულიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე, შესაძლოა, გრაფიკული დიზაინერის გარდა, საჭირო იყოს ილუსტრატორის, ანიმატორისა ან ვებდიზაინერის ჩართულობა.

რა პროგრამებში მუშაობის გამოცდილება გაქვს?


მონაცემებზე დაფუძნებულ ამბებზე მუშაობის დროს, ძირითადად ვიყენებ Microsoft Excel-სა ან Google Sheets-ს, ხოლო პროექტის ვიზუალურ მხარეზე მუშაობისას, ვიყენებ Adobe Illustrator-სა და Adobe Photoshop-ს.

შედარებით რთულ პროექტებზე მუშაობისას, Tableau გამომიყენებია — ეს პროგრამა უშუალოდ მონაცემთა ვიზუალიზაციისთვის არის შექმნილი. 


რა გზა გაიარე მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტობამდე? 


მონაცემთა ვიზუალიზაციამდე შედარებით გრძელი, მაგრამ, ამავდროულად, საინტერესო გზა გამოვიარე. წლების განმავლობაში, ძალიან მიჭირდა იმის არჩევა, თუ რა მინდოდა გამოვსულიყავი. ბევრი რამე მაინტერესებდა და, შესაბამისად, ერთ საქმეზე არჩევანის გაკეთება საკმაოდ რთული იყო. ის, რაც ჩემს შემთხვევაში თვითრეალიზაციაში დამეხმარა, ამ კითხვაზე აბსტრაქტულად ფიქრის ნაცვლად, პრაქტიკაში ბევრი რაღაცის მოსინჯვა იყო.

უფრო კონკრეტულად, ბაკალავრიატი თავისუფალ უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დავამთავრე, თუმცა სულ ვგრძნობდი, რომ მათემატიკა მენატრებოდა და არჩევით საგნებად ძირითადად მათემატიკასთან დაკავშირებულ კურსებს ვიღებდი, მათ შორის ეკონომიკას. ასე გადავწყვიტე ISET-ის ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარება, რამაც ჩემს პროფესიულ განვითარებას ძლიერი ბიძგი მისცა. ISET-ში გავიგე ფორსეტის მონაცემთა ვიზუალიზაციის სასწავლო პროგრამის შესახებ და აღმოვჩნდი იქ, სადაც ახლა ვარ.


რას ურჩევდი მონაცემთა ვიზუალიზაციით დაინტერესებულებს ?


ვურჩევდი, რომ მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვადასხვა ნაწილში გამოსცადოს თავი — იქნება ეს მონაცემთა ანალიზი, ქოფირაითინგი თუ დიზაინის შექმნა. ჩვენი სასწავლო კურსებიც ამ სტრუქტურით არის აწყობილი, რომ თითო მონაწილემ საწყის დონეზე ისწავლოს ინფოგრაფიკის აწყობა ა-დან ჰ-მდე.

ეს, პირველ რიგში, დაგეხმარება იმის გარკვევაში, თუ რისი კეთება უფრო გსიამოვნებს და გამოგდის. მას შემდეგ რაც გაერკვევი შენს ინტერესებსა და უნარებში, შეძლებ, რომ შენს არჩეულ საქმეში სპეციალიზდე და კონკრეტული მიმართულებით მიიღო მეტი ცოდნა და გამოცდილება. ამისთვის ონლაინ უამრავი რესურსი არსებობს.

გარდა ამისა, ვიზუალიზაციის პროცესის სხვადასხვა ნაწილში გამოცდილების მიღება სამომავლოდ გუნდურ მუშაობაშიც დაგეხმარება. მაგალითად, დიზაინის პრინციპებისა და ხელსაწყოების ცოდნა ძალიან მეხმარება დიზაინერებთან კომუნიკაციაში, იმიტომ რომ შემიძლია მათ ენაზე ვესაუბრო, როცა ინფოგრაფიკის შექმნაზე ერთად ვმუშაობთ.


ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს მომავალმა მონაცემთა ვიზუალიზაციის ექსპერტმა


ვფიქრობ, მონაცემთა ვიზუალიზაციის სფეროში წარმატების მისაღწევად  მნიშვნელოვანია, გქონდეს უნარი, წარმოიდგინო შენი თავი მომხმარებლის ადგილას. იმისთვის, რომ შენი ინფოგრაფიკი სხვებისთვის გასაგები, საინტერესო და სასარგებლო იყოს, მნიშვნელოვანია, რომ მასზე მუშაობისას შეგეძლოს მას შეხედო იმ ადამიანის თვალით, რომელიც ამ ნამუშევარს პირველად ხედავს. ეს დაგეხმარება იმაში, რომ შეარჩიო ისეთი ინფორმაცია, სტილი თუ ენა, რომელიც მნახველის ყურადღებას მიიპყრობს და ახალ ღირებულ ცოდნას მიაწვდის.


როგორია საბაზრო ფასები — ანუ ამ პროფესიით გავმდიდრდები?


მონაცემთა ვიზუალიზაციაში ძალიან ფართო სახელფასო რეინჯია, რადგან ბევრი რამეა დამოკიდებული შენი უნარებისა და ხელსაწყოების არსენალზე. ვფიქრობ, საბაზისო ცოდნით, საწყისი და საშუალო შემოსავალი 1,500-3,000 ლარის ფარგლებში მერყეობს და იზრდება გამოცდილებასთან ერთად. 

ზოგადად ჩვენს ბაზარზე ასეთი სპეციალისტების დეფიციტია და, ამავდროულად, საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ სპეციალისტებს შეუძლიათ უცხოურ კომპანიაში დისტანციურად დასაქმება, რაც ასევე ზევით წევს ანაზღაურებას.


რას იყენებ ხოლმე ინსპირაციისთვის?


მონაცემთა ვიზუალიზაციაში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ინსპირაციის წყაროა Tableau-ს საჯარო რესურსი. თუ კონკრეტული ავტორის ნამუშევრები მომეწონება, მისი პორტფოლიოც ინსპირაციის წყარო ხდება, მაგალითად ფრედერიკა ფრაგაპანე. ასევე, დიდი გამომცემლობები, რომლებსაც ჰყავთ მონაცემთა ვიზუალიზაციის მთელი გუნდები — მაგალითად, The Economist და The New York Times.

დაბოლოს, ჩემი მეგობრების/თანამშრომლების ნაშრომები ან მათ მიერ გაზიარებული ნიმუშები. ამიტომ, გირჩევთ გაიცნოთ და დაიმეგობროთ რაც შეიძლება ბევრი ადამიანი, რომელიც თქვენთვის საინტერესო სფეროში მუშაობს, ასევე შეგიძლიათ გამოიწეროთ ფორსეტის გვერდი, რომ ჩვენი ნამუშევრებიდანაც ინსპირაცია მიიღოთ 🙂

თუ ციფრული სამყაროს სხვა განზომილებებიც გაინტერესებს, შეგიძლია სხვა ციფრულ-ოსტატთა ბლოგებიც გადაათვალიერო:

Product owner

NFT არტისტი

სქრამ მასტერი

ქოფირაითერი

პროგრამისტი

სოც მედია მენეჯერი

UI/UX დიზაინერი

ედვერთაიზერი

გრაფიკული დიზაინი

კონტენტ მეიქერი

Motion დიზაინერი

პროექტი მხარდაჭერილია საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ, პროგრამის «ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის პრევენციისთვის საქართველოს შესაძლებლობების განვითარება» ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით. პროექტის მიერ გამოქვეყნებულ ნებისმიერ პუბლიკაციაზე პასუხისმგებელია მისი ავტორი და შინაარსი არ შეიძლება აღქმული იყოს როგორც დონორის პოზიცია და მოსაზრება.

The project is supported by the Georgian Center for Strategy and Development within the framework of the program «Enhancing the Capacity of Georgia in Preventing Violent Extremism and Radicalization». The program is implemented with the financial support of the Ministry of Foreign Affairs of the Kingdom of Norway. The content of any publication is the sole responsibility of the author and can under no circumstances be regarded as reflecting the position of the donor organization.