
მიუსაფარ ცხოველთა ბედი საქართველოში
ჩვენ კაი მარა, ამათ რაღატო ვტანჯავთ
ფეისბუქის ერთი ჩამოსქროლვაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამდნად მასშტაბურია მიუსაფარ ცხოველთა პრობლემა საქართველოში.
ამბობენ, ქვეყნის განვითარებაზე ბევრს მეტყველებს მასში მცხოვრები ცხოველების მდგომარეობაო. ვინაიდან ცხოველებში ადამიანებიც გავდივართ და კარგად ვიცით, ჩვენც არ გვილხინს აქ, ჩვენი განვითარების დონე ცხადზე ცხადი უნდა იყოს.
პრობლემა არა მხოლოდ სახელმწიფოა, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით არ აქვს ჩამოყალიბებული და ქმედითი სისტემა მიუსაფარ ცხოველთა დაცვისა და მონიტორინგის მიმართულებით, არამედ თავად საზოგადოებაც.
როგორც წესი, როცა სისტემა ვერ მუშაობს, საზოგადოება თავის თავზე იღებს მოუგვარებელ პრობლემებზე ზრუნვას – სახელმწიფოს იძულებით თუ საკუთარი სახსრებით.
და მიუხედავად იმისა, რომ არსებობენ ორგანიზაციები, ჯგუფები თუ ცალკეული ადამიანები, რომელთა ძალისხმევითაც, მრავალი მიუსაფარი ცხოველი გადარჩენია ზამთარში გაყინვასა თუ მოძალადე ადამიანებს, ჩვენ, როგორც კოლექტივი, ვერ ვგრძნობთ ჩვენს წილ პასუხისმგებლობას, რომელიც ამ პრობლემის მოსაგვარებლად აუცილებელია.
პრობლემა კი მრავალია:
- სტერილიზაცია
შედეგად უამრავი კნუტი და ლეკვი იბადება ქუჩებში და თუ ბედმა მეორედაც უმუხთლა და მაინცდამაინც ლამაზები არ დაიბადნენ, მათი სახლში წამყვანი არავინაა. ისინიც თავისთავად 1 წელში სხვა ლეკვებსა და კნუტებს ყრიან და ისევ ახლიდან იწყება ჯოჯოხეთური ციკლი – სადაც ცხოველები ან სწრაფადმავალი მანქანების ბორბლებს ეწირებიან, ან ყინვას, ან ჭირს, ან ყინვას ან ადამიანების აგრესიას ან სხვა დაავადებებს.
- სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო
ანუ Project Failure ანუ თბილისის მერიაზე მიბმული მუნიციპალური თავშესაფარი, რომელიც ეფექტურად ვერ მუშაობს.
მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ არის:
- სტერილიზაცია/კასტრაცია
- ცოფის აცრა
რაც, პრინციპში, საკმარისი იქნებოდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სისტემატიზირებულად რომ ხორციელდებოდეს.
აღსანიშნავია, რომ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოსთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის დაახლოებით 90% იხარჯება ადმინისტრაციულ ხარჯებსა და სტაფზე და მხოლოდ დარჩენილი თანხის 10% ხმარდება უშუალოდ ცხოველებს (კვებას, ტერიტორიას, ჯანმრთელობას)
- ადამიანები
ბოლო ორი თვის განმავლობაში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
გახმაურებული ფაქტებიდან რამდენიმე განსაკუთრებით მძიმე იყო:
ბაღდათელი ძაღლი
24 დეკემბერს ფეისბუქზე ბაღდათელი ცუგას ვიდეო გავრცელდა – პარკში დაბორიალობდა, პირიდან კი სისხლი სდიოდა. პირველად ამ ცუგას ამბავი მიშა კაჭკაჭიშვილის ფეისბუქიდან შევიტყე (ბ. მიშა ცხოველთა უფლებების აქტივისტია, რომელსაც უამრავი მიუსაფარი ცხოველი – ძაღლი თუ კატა ჰყავს შეფარებული).
თავდაპირველი ვარაუდით, ძაღლს ასაფეთქებელი აუფეთქეს პირის ღრუში ( რაც, საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში) თუმცა საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ბაღდათელ ცუგას თავში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული და სავარაუდოდ, პნევმატური იარაღით ნასროლი ტყვია ჩარჩენილი. ურთულესი ოპერაციის შემდეგ ძაღლს 2 დღეში გული გაუჩერდა.
მარნეულელი ძაღლი
6 დეკემბერს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში კაცმა ცემით მოკლა საკუთარი ძაღლი. ვიდეო ფეისბუქზე 8 იანვარს გავრცელდა. კადრებმა შეძრა არა მხოლოდ ცხოველთა უფლებების დამცველი საზოგადოება, არამედ ადამიანები, რომლებიც ცხოველთა მიმართ ემპათიურად ვართ განწყობილები, თუმცა ეს ემპათია – ქმედითი არ არის. კაცი გაასამართლეს 259-ე მუხლის მესამე პუნქტით “ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია”.
ცხოველთა უფლებების აქტივისტებმა დაკავებულის ოჯახიდან წამოიყვანეს მეორე ძაღლიც – რომელიც ძალადობის ამსახველ კადრებში, მოკლულ ძაღლთან ერთად ჩანდა. მეზობლების კომენტარი კი, ქართული რეალობისთვის საკმაოდ ჩვეული იყო:
‘He was the best guy aroundddd.
what about the dogs he murdered?
What murderrrrr’
არ დავივიწყოთ სხვა ამბებიც:
- გასულ წელს დუშეთში ერთდროულად მოწამლული 3 მიუსაფარი ძაღლი;
- ვაზისუბანში, ტროტურარზე, ცეცხლსასროლი იარაღით, ბავშვების თვალწინ მოკლული ძაღლი
- მე-8 სართულიდან, პატრონის მიერ გადმოგდებული და მოკლული ძაღლი
- ბათუმში, ასევე ბავშვების თვალწინ, იარაღის ორჯერ გასროლით მოკლული ძაღლი
- და სხვა მრავალი, ნაგვის ურნებში, ტომრებით, პოლიეთილეის პარკებით ჩაყრილი კნუტები თუ ლეკვები.
- ტრასები
ანუ გზები ჯოჯოხეთისკენ, სადაც გზებზე გაჭყლეტილი უამრავი ცხოველი გვხვდება. გვხვდება ასევე ლეკვებთან ერთად მიტოვებული მეძუძური ძაღლები. განსაკუტრებით მძიმეა სიტუაცია წალკა-თბილისის დამაკავშირებელ გზატკეცილზე, კახეთისკენ მიმავალ გზაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის გზაზე.
მუნიციპალური თავშესაფარი – მხოლოდ თბილისში ფუნქციონირებს. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე კი ორმაგი ჯოჯოხეთი ხდება, ვიდრე დედაქალაქში.
- ყინვა
რომელსაც უამრავი მიუსაფარი ცხოველი ეწირება. ზოგიერთი მაღაზიის კარი მათთვის ღიაა, თუმცა ქალაქის მასშტაბით ეს პრობლემას ვერ შველის.
- საკვები
რომელიც მუდმივად აკლიათ. დედაქალაქში ერთხელ დაიდგა საკვების დისპანსერები ძაღლებისთვის – თუმცა ამხელა პრობლემას ერთი-ორი დისპანსერი ვერ უშველის.
- წყალი
რომელიც განსაკუთრებულად პრობლემატური ზაფხულში ხდება.
ამასთან, მიუსაფარ ცხოველთა ბოლო აღრიცხვა თბილისში 2015 წელს მოხდა – მაშინ მათი რაოდენობა 43 000 – მდე იყო. დღეისთვის ეს რიცხვი ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოა, რომ გაზრდილია. მოცემული რაოდენობიდან სტერილიზაცია/კასტრაცია და შესაბამისად ცოფის აცრა, მხოლოდ 33 089 -ს ჩაუტარდა. და ეს – მხოლოდ დედაქალაქში.
აუცრელი ძაღლები პირველ რიგში მოსახლეობას უქმნიან საფრთხეს – ისინი ხდებიან დაავადებათა გადამტანები და მოსახლეობაშიც ბუნებრივია იწვევენ შიშსა და აგრესიას. არავის უნდა, სხვა ცოცხალი არსების უსაფრთხოებისთვის საკუთარი სიცოცხლე გაწიროს.
სამართალი სისასტიკით მოკლული მიუსაფარი ცხოველებისთვის
საქართველოს კანონმდებლობით ცხოველებისადმი მოპყრობა შემდეგი მუხლებით რეგულირდება:
სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 259. ცხოველის წამება, მისდამი სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა
და ადმინისტრაციული სამართლის 104 – ე მუხლით, რომელიც ცხოველის არასათანადო მოპყრობას გულისხმობს.
თუმცა, მარნეულში ცემით მოკლული ძაღლის პატრონის განაჩენზე აზრთა სხვადასხვაობა ფეისბუქზე გამოიკვეთა: მაშინ, როცა ცხოველების უფლებადამცველები უპირობოდ ითხოვდნენ დამნაშავის დასჯას, დაისვა კითხვა: რამდენად ლოგიკურია, პატიმრობა შეეფარდოს პირს, იმ არსების მოკვლისთვის, რომელსაც არ გააჩნია უფლებები (იმის ფონზე, რომ თუ არსებობს უფლება, მაშინ უნდა არსებობდეს ვალდებულებაც) – შესაბამისად ვერც მის უფლებებს ვერ დაარღვევ?
ასევე გაისმა მოსაზრება, რომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობის მისჯა მარნეულელი ცუგოს მოკვლისთვის, არ იყო ნორმალური საქციელი და რომ კანონის გარეშეც შეიძლებოდა საზოგადოებას გადაეწყვიტა, რა ფორმით ეგო პასუხი ბრალდებულს.
არგუმენტი კი ის არის, რომ მიუსაფარი ძაღლებისა და კატების გარდა ყოველდღიურად უამრავი ცხოველი იტანჯება – მათ ვჭამთ, ვკლავთ, რადგან ნადირობა სპორტია, და ა.შ. შესაბამისად მოცემული ქმედებები უკანონობის ნაცვლად თუ სპორტი ან საჭიროებაა, რატომ არის უკანონობა მიუსაფარი ძაღლებისა და კატების ხოცვა? ეს მორალური დილემა მორალურპასუხგაუცემელი რჩება.
თუმცა, მოცემულ შემთხვევებში შეუძლებელია არ გავითვალისწინოთ ერთი მთავარი ცვლადი – სისასტიკე. ანუ როცა ადამიანი, მიზანმიმართულად, მხოლოდ და მხოლოდ სხვა არსებაში ტკივილისა და დისტრესის გამოწვევის მიზნით კლავს ცხოველს. ხოლო როცა საქმე სასტიკ მოპყრობას ეხება, საზოგადოება, მეტწილად ერთ მხარეს დგას. არავის უნდა, ერთ დღესაც ამ სისასტიკის მიმღები ბოლო თავად გახდეს.
1965 წელს ბრიტანეთში შინაურ ცხოველთა თავისუფლების 5 მცნება ჩამოაყალიბეს, რომელიც შემდგომ ცხოველთა მოპყრობის საერთაშორისო სტანდარტი გახდა:
1. თავისუფლება შიმშილისა და წყურვილისგან
- თავისუფლება დისკომფორტისგან
- თავისუფლება ტკივილის, დაზიანებისა თუ დაავადებებისგან
- თავისუფლება მოიქცნენ ბუნებრივად
- თავისუფლება შიშისა და დისტრესისგან.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოველის მიმართ სასტიკ მოპყრობაზე კანონი პარლამენტში წლებია ჩანჩალებს და მიუხედავად იმისა, რომ ბოლო გახმაურებელი შემთხვევები დაუსჯელი არ რჩება – მაინც ისმის კითხვა, რას აკეთებს ორგანო, რომელიც ყოველთვიურად ჩვენი სახსრებით ფინანსდება, მაშინ, როცა ქვეყანაში მიუსაფარ ცხოველთა საკითხი ასე მწვავედ დგას?
ამაზე, მხოლოდ არაეთიკური პასუხები მაქვს.
***
დღეის მდგომარეობით:
ცხოველებს ვაგდებთ ქუჩაში, რადგან სახლში მათი ადგილი არ არის. შემდეგ ვაგდებთ ქუჩიდან, რადგან ჩვენივე კომფორტის გამო, არც ქუჩაში არ არის მათი ადგილი. სად უნდა წავიდნენ მიუსაფარი ცხოველები, რომლებიც ისევე რენდომად გაჩნდნენ ამ სამყაროში, როგორც უმეტესი ჩვენგანი? სად არის მიუსაფარ ცხოველთა ადგილი?
ფეისბუქ გვერდები, სადაც დასახმარებელ მიუსაფარებზე ვრცელდება ინფორმაციები და სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა დონაცია განახორციელოთ:
ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი
ცხოველთა უფლებების კომიტეტი Animal Rights Commettee of Georgia
ბუკიას ბაღის ცუგები – Bukia Park doggies
მიუსაფარ ცხოველთა კლუბი●Homeless Pets Club
და მრავალი სხვა.