
ქუჩაში გავედი, ძაღლებს ცოტა საკვები და წყალი ჩავუტანე, რომ დღის განმავლობაში თავი უკეთ მაინც იგრძნონ. საჭმელი კი ჩამაქვს ხოლმე, მაგრამ სიცივეს ვერაფერს ვუხერხებ, თან სახლში წაყვანაც რთული ამბავია, ამიტომ ეზოში მყავს მიკედლებული და ასე ვუვლი უკვე ორი წელია.
ბობის და ჯესის მოჩვევისთვის ბევრი ბრძოლა დამჭირდა, ზოგჯერ დაუკითხავად მიჰყავდათ და მერე ვარკვევდი თუ სად იყვნენ. ზამთარში ბავშვები ხან ასაფეთქებელს, ხანაც ქვებს უშენდნენ. უკვე ორი წელი გავიდა, მაგრამ დღემდე იმის მეშინია, ვინმემ რამე არ დაუშავოს, სანამ სახლში დავბრუნდები.
Მოკლედ, ძაღლის მიკედლება პატარა ამბავი ნამდვილად არ ყოფილა.
ბაღდათში რომ ძაღლი მოკლეს, ხომ გახსოვთ? გახსოვთ. ამაზე სოციალურ ქსელებშიც ბევრი ვისაუბრეთ, ვიმსჯელეთ, აქვთ თუ არა ცხოველებს უფლებები, უნდა დაისაჯოს თუ არა ადამიანი ცხოველის მკვლელობისთვის? მაგრამ ამას რა ბევრი ტვინის ჭყლეტა სჭირდება, რომ ცხოველების მიმართ ჩადენილი სისასტიკე არც ნორმალურია და არც მორალური! მათზე ზრუნვაა საჭირო.
როგორია სტატისტიკა?
დღეის მონაცემებით თბილისში 30 150 მიუსაფარი ძაღლია, საიდანაც სტერილიზებული 32%, დაახლოებით 10 500 მათგანია. კვლევა „მეიჰიუ საქართველომ” თბილისში გასულ წელს ჩაატარა. თუმცა აქამდე არ არსებობს სტატისტიკა, რომელიც გვეტყვის თუ რამდენი მიუსაფარი ძაღლი ცხოვრობს დღეს საქართველოში. არაოფიციალური კვლევების მიხედვით, ეს რიცხვი, შესაძლოა, 176 000-დან 300 000-მდე მერყეობდეს. ამ რიცხვის შესამცირებლად და სიტუაციის გასაუმჯობესებლად, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტების მონაწილეობა, ასევე, მოქალაქეების ჩართვაც აუცილებელია.
არავის უნდა, რომ ცხოველები ქუჩაში ცხოვრობდნენ
ბევრი მოკვლევა არ სჭირდება იმის დანახვას, რომ არავის უნდა, ცხოველები ქუჩაში ცხოვრობდნენ – არც მე, dog person-ად რომ ვაცნობ თავს ხალხს და მათზე ყოველდღიურად ვზრუნავ, და არც მას, ვინც სახლამდე მისასვლელად 500 მეტრით მეტს გადის, უბნის ძაღლი რომ არ შემოხვდეს გზად. მიზეზები ძალიან მარტივია, ან გიყვარს, ან გეშინია. ორივე მძაფრი და მნიშვნელოვანი გრძნობაა, ორივე გადარდებს და ორივე რაღაცას გაგაკეთებინებს.
თუ მაინც სტატისტიკის მოშველიება დაგჭირდება, ახალი კვლევების მიხედვით, გზებთან ერთად, უსახლკარო ცხოველების პრობლემა ადგილობრივი დონის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ამ აზრს მოსახლეობის 68% იზიარებს.
რისი გაკეთება შეგიძლია შენ?
- ცოტა საკვები გაიყოლე – ძაღლის საკვები დღეს რენდომ სუპერმარკეტებში ძალიან იაფია, ხანდახან უყიდე ხოლმე და ცუგოებს კარგი დღე აჩუქე. რაღაცები სახლიდანაც შეგიძლია წაიღო. თუმცა გაითვალისწინე, რომ ყველაფერი არ უნდა აჭამო, მაგალითად, ტკბილეული, რძის პროდუქტები ან უმი ხორცი.
- მიიკედლე – ძაღლის ყოლა დიდი პასუხისმგებლობაა, შეიძლება სახლში ვერ შეძლო ყოლა, ბეეევრი მიზეზის გამო, მაგრამ შენს კორპუსთან მიკედლება, პატარა სივრცის მოწყობა ან საკვების ხშირად ჩატანა სიზიფეს ლოდის აგორებასავით რთული ნამდვილად არ არის. თანაც, ერთი-ორ მეზობელსაც დაუძახებ და მასზე ზრუნვის პასუხისმგებლობასაც მარტივად გადაინაწილებთ.
- აიყვანე თავშესაფრიდან – იმ შემთხვევაში თუ ცუგოს ყოლას გადაწყვეტ, გახსოვდეს, რომ, ყიდვის ნაცვლად, ყოველთვის შეგიძლია ცუგა თავშესაფრიდან აიყვანო. ცხოველთა თავშესაფრები ძაღლებისთვის სანატრელი ადგილი ნამდვილად არ არის. მეტიც, საზღვარგარეთ ეს თავშესაფრები მხოლოდ დროებითი განთავსებისთვის გამოიყენება. ცხოველები თავშესაფრებში არ უნდა ცხოვრობდნენ.
აი, რამდენიმე ძებნის პროცესი რომ გაგიადვილო: თამაზ ელიზბარაშვილის თავშესაფარი, ცხოველების სოფელი “რიჩი”, DOG ORGANIZATION GEORGIA.
- დონაცია – თუ ცხოველის მოსავლელად დრო არ გაქვს, Facebook-ზე ძალიან ბევრი ჯგუფია, სადაც დონაციას შეძლებ. ასევეა, ვეტკლინიკები, რომელიც უსახლკარო ცხოველების აცრას და სტერილიზაციას სრულიად უსასყიდლოდ გთავაზობს. კარგი საქმის გაკეთება კი მათთვის დონაციითაცაა შესაძლებელი.
ჰო, ჩვენც ვიცით, რომ საჭმლის ერთხელ ჩატანა ან სულაც მოფერება დიდი ვერაფერი საქმეა, რომ 300 000-ვე ცუგას ვერ დავეხმარებით, მაგრამ, მააგრამ… პატარ-პატარა საქმეებით რეალური და თან კარგი შედეგის დადება შეგვიძლია.
ავტორი: ელენე დევიძე
სტატია დაწერილია 27+1-ის კამპანიის ფარგლებში.