კრიტიკული მედიის როლი სიმართლის გამოაშკარავებაში: პროპაგანდის პირისპირ
შესავალი
მედიის ძალა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში და პროპაგანდის საფარველში გახვეული რეალობის გავლენაში უდაოა. სამყაროში, სადაც დეზინფორმაცია შეიძლება იყოს ისეთივე დესტრუქციული, როგორც ნებისმიერი ფიზიკური იარაღი, თავისუფალი და საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი უმნიშვნელოვანესია. ეს ბლოგი იკვლევს მედიის კრიტიკულ მნიშვნელობას სიმართლის გამოვლენაში, განსაკუთრებით ავტორიტარული რეჟიმების კონტექსტში და მათ მიერ პროპაგანდის გამოყენებაში. ბლოგის მიზანია იმის ჩვენება, თუ როგორ შეუძლია დეზინფორმაციასა და პროპაგანდას ჩამოშალოს კონსოლიდირებული საზოგადოება და ტყუილმა და მანიპულაციამ მოიცვას ყველა და ყველაფერი.
მედია როგორც ავტორიტარული ქვეყნების პროპაგანდის ინსტრუმენტი
სახელმწიფო პროპაგანდის გავლენა ისეთ ავტორიტარულ ქვეყნებში, როგორიცაა რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა, სადაც მედია სამთავრობო დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, საკმაოდ მრავალშრიანია.
მაგალითისთვის, 2017 წელს ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო ტელევიზიამ გაუშვა მუსიკალური შოუს კადრები დამფუძნებელი მამის, კიმ ირ-სუნგის დაბადების წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც დასრულდა შეერთებულ შტატებს ცეცხლის ალში ჩაძირული რაკეტების ვიდეო მონტაჟით. ვიდეოს თან ახლავს დრამატული, ორკესტრირებული მუსიკა, რომელიც შინაარსთან ერთად დრამატულ გარამოს ქმნის და არამარტო ვიზულური ეფექტებით, არამედ მუსიკალურადაც აფორმებს კულმინაციურ მომენტს – ამერიკის აფეთქებას.
2021 წელს უკრაინაში შეჭრიდან მალევე, რუსეთის პროპაგანდისტულმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ვიდეო კლიპი მოსწავლეების ჩართულობით, სადაც ისინი ,,ძიაძია ვოვას,, უცხადებენ მხარდაჭერას. კლიპი თავისი არსით საბჭოთა ესთეთიკის განსახიერებაა – წითელი ყელსახვევებითა და კომუნისტური სულისკვეთებით, რომელიც ცხადჰყოფს, რუსეთის სოციო-კულტურული განვითარების 70-იან წლებში გაჭედვას.
2022 წელს რუსული ინტერნეტსივრცეში გავრცელდა 2010 წლის მუსიკალური გადაცემის ეპიზოდის ჩანაწერი, სადაც გადაცემის აუდიტორია გახარებული სახით უკრავდა ტაშს “ბირთვული ნაღმის” სიმღერას, რომლის ტექსტიც აშშ-ს ბირთვული იარაღით განადგურებაზეა.
გასული წლის დეკემბერში რუსეთმა გადაიღო პროპაგანდისტული ვიდეო კლიპი, რომელიც რუსეთის უძლეველობის მითებზეა აგებული და ცდილობს ატომური ძალაუფლება აჩვენოს საკუთარ მოსახლეობას.
ეს მაგალითები მკაფიო შეხსენებაა იმისა, თუ როგორ შეიძლება მედიის გამოყენება აგრესიული ნაციონალიზმის დასანერგად და რეალობის დამახინჯებისთვის, რითაც ხაზს უსვამს დამოუკიდებელი მედიის აუცილებლობას, რომელიც დაუპირისპირდება და გამოააშკარავებს მსგავს ნარატივებს.
საგამოძიებო ჟურნალისტიკა კორუფციული სქემების სადარაჯოზე
სამთავრობო პროპაგანდის მხილების გარდა, კრიტიკული მედია გადამწყვეტ როლს თამაშობს სამთავრობო დეზინფორმაციისა და კორუფციული სქემების გამოვლენაში. საგამოძიებო ჟურნალისტიკა ხელს უწყობს ისეთ მნიშველოვან საკითხებში ხელისუფლების მხილებას, როგორიცაა კორუფცია, ძალადობის დამალვა და რუსული პროპაგანდის გავრცელება. რასაც, თავის მხრივ, გადამწყვეტი როლი აქვს პასუხისმგებლობის დაკისრებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის საკითხებში.
მაგალითისთვის, “ნოდარ მელაძის შაბათში” 16 დეკემბერს გასული სიუჟეტი “გარიგება სანქცირებულ რუსულ კომპანიასთან” გვიამბობს თბილისის მეტროსთვის შეძენილ მასალებზე. რეპორტაჟის მიხედვით, კომპანიას, რომელიც მეტროს რეკონსტრუქციაზე მუშაობს უნდა შეეძინა მასალები მოთხოვნასთან შესაბამისი მონაცემებით, რაც თავის მხრივ შეუძლებელი იქნებოდა რუსული კომპანიისგან მასალების შეძენის გარეშე. შესაბამისად თბილისის მეტროსთვის მასალების შეძენა მოხდა სანქციებისთვის გვერდის ავლით.
თავისუფლების მონიტორის საგამოძიებო ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის 2022 წლის 22 ივლისის რეპორტაჟი “დათმე ქონება – მიიღე თავისუფლება – როგორ ართმევს პროკურატურა საირმელებს მიწებს” – გვიამბობს საირმის მკვიდრი ოჯახის ისტორიას, რომელმაც ბაბუის დანატოვარი მიწის ნაკვეთი 2021 წელს კანონით გათვალისწინებული ყველა წესის დაცვით დაირეგისტრირა. 2022 წლის გასაფხულზე, როდესაც გელა სოსელიას ნაკვეთი უკვე ერთი წლის გაფორმებული ჰქონდა, მას კურორტ საირმის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ესტუმრა და უთხრა, რომ მისი მიწით საირმის მეპატრონე იყო დაინტერესებული და დათმობის სანაცვლოდ რამდენიმე ვერსია შესთავაზა. რაზეც სოსელიას პასუხი უარყოფითი იყო – “ამ ადგილის გარეშე ცხოვრებაც არ შემიძლია”..
ამ ამბიდან ერთი თვის შემდეგ სოსელია უკვე ბაღდათის გამგებელმა, კახა ენუქიძემ დაიბარა და უთხრა, რომ მისი ტერიტორია კურორტის განვითარებისთვის იყო აუცილებელი. რაზეც საირმის მკვიდრმა კვლავ უარი განაცხადა. სწორედ ამის შემდეგ დაიბარეს გელა სოსელია იმერეთის საოლქო პროკურატურაში და მალევე წარუდგინეს ბრალდება – სახელმწიფო სატყეო სააგენტოს მიწების მითვისების შესახებ.
გარდა ადგილობრივების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა, სასამართლო უცხოელ ინვესტორებსაც არ წყალობს. თავისუფლების მონიტორის 2023 წლის მარტის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული ბიზნესმენის, ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ, ყაზახურმა კომპანიამ ქართულ სასამართლოში 12.4 მილიონი წააგო.
გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” გამოძიების შედეგად უსინათლოთა კავშირში არსებულ კორუფციულ სქემებზე მსჯელობა სასამართლომაც დაიწყო. 2023 წლის მაისში “აი, ფაქტმა” გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც იკვეთებოდა უსინათლოთა კავშირის ყოფილი და ახლანდელი ხელმძღვანელების მხრიდან საერთო ქონების გაფლანგვის ფაქტები და კავშირის წევრთა მიმართ უთანასწოროდ მოპყრობის შემთხვევები. მიუხედავად იმისა, რომ კავშირის წევრები 10 წელზე მეტი ითხოვდნენ გამოძიების დაწყებას, პროკურატურამ მოკვლევა მხოლოდ ჟურნალისტური გამოძიების მიგნებების გაზიარების შემდეგ დაიწყო და კავშირის ყოფილ და ამჟამინდელ ხელმძღვანელებს ბრალიც წარუდგინა.
“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისთვის” ლოკალურ კორუფციულ სქემებთან და რუსული დეზინფორმაციის ნარატივებთან ერთად მნიშვნელოვანია ბიზნესის სხვადასხვა სფეროში რუსული გავლენის კვლევა. “კრემლი დიდი ხანია იარაღად იყენებს ისეთ საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია კორუფციასთან და ფულის ბრუნვასთან როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკაში. ეს ნიშნავს, რომ კორუფციული პრაქტიკის ექსპორტი მიზანმიმართულად გამოიყენება დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტებისა და დესტაბილიზაციისთვის, განსაკუთრებით – გარდამავალი დემოკრატიის სისტემის მქონე ქვეყნებში. კონტრდეზინფორმაციული აქტივობები გასცდა მხოლოდ მედიის ჩარჩოებს და აღიარებს ფულსა და ბიზნესს, როგორც მავნე გავლენისა და საშუალებების ძირითად ვექტორებს არაწრფივი/ არასწორხაზოვანი ომის ინსტრუმენტებში.” სწორედ ამ მიმართულებით კვლევის ფარგლებში მათ გამოაქვეყნეს ანგარიში – “რუსული კაპიტალი და რუსული კავშირები ქართულ ბიზნესში”.
კვლევის ძირითადი მიგნებების მიხედვით 2023 წლის იანვარ-თებერვალში სასაქონლო ექსპორტი რუსეთში გაზრდილია 38%-ით, სომხეთში კი 197%-ით. სავაჭრო ტრენდებზე დაკვირვების შედეგად ექსპერტები თვლიან, რომ ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში გაზრდილი ექსპორტის მნიშვნელოვანი ნაწილი მიემართება რუსეთისკენ და ამ კონტექსტში ხაზგასმულია საქართველოდან რუსეთში რეექსპორტი.
ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან კარგად ჩანს საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლი კორუფციული სქემებისა და მთავრობის დეზინფორმაციის გამოვლენაში. ორგანიზაციებს, ჟურნალისტებსა და აქტორებს, რომლებიც არ უშინდებიან ისეთი კომპლექსური საჯუთხებისთვის ნათელის მოფენას, როგორიცაა ადგილობრივი კორუფცია, მიწის მითვისება და რუსული გავლენები ბიზნესსა და პოლიტიკაში, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ დემოკრატიული ღირებულებების დაცვაში, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფასა და საზოგადოების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაში.
ყოველდღიური ამბების გაშუქების მნიშვნელობა
საგამოძიებო ჟურნალისტიკის როლთან ერთად მნიშვნელოვანია მედიის როლის განხილვა მიმდინარე მოვლენების გაშუქების ჭრილშიც. მაგალითისთვის საბჭოთა კავშირში “პერესტროიკამდე” ხელისუფლებისთვის არასასურველი მოვლენები საერთოდ არ შუქდებოდა და ინფორმაცია სრულიად იმალებოდა. 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას “პერესტროიკა” უკვე რამდენიმე წლის დაწყებული იყო და გამოსვლები, ისევე როგორც უშუალოდ ტრაგედია, მანამდე მიღებული ცენზურის ფორმატით არ მიჩქმალულა.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მედიის მიერ აპრილის გამოსვლების გაშუქება აქციის კრიტიკასა და მომიტინგეთა დამცირებაზე იყო ორიენტირებული. განსაკუთრებით ნიშანდობლივია ტრაგედიის შემდგომ დღეებში დაწერილი სტატიები, რომლებიც აქციის ლიდერებს აკისრებდა პასუხისმგებლობას მათი მიზნებისთვის ახალგაზრდების გამოყვანაზე და ტრაგიკულ შედეგებზე. ეს ნარატივი მკითხველისთვის ნაცნობი იქნება, რადგანაც სწორედ ამ მეთოდს იყენებს ხოლმე ახლანდელი ხელისუფლება აქციების გასაშავებლად.
ბოლო წლებში განვითარებული მოვლენებიდან არაერთის გაშუქება იყო კრიტიკული თავისი მნიშვნელობით და ამავდროულად არასასურველი ხელისუფლებისთვის. მათ შორისაა მაგალითად შოვის ტრაგედია, რომელთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობასაც ხელისუფლება თავიდან ირიდებდა და გადარჩენილთა მიმართ მადისკრედიტირებელ მესიჯებსაც აჟღერებდა.
შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით დისკრედიტაციული გზავნილები ვრცელდებოდა ჟურნალისტების მიმართაც. მათ შორის იყო გელა მთივლიშვილი – რეგიონული ონლაინ მედიის – “მთის ამბების” დამფუძნებელი და ჟურნალისტი, რომელიც შოვის სტიქიას ადგილიდან აშუქებდა. მისმა მედიასაშუალებამ 5 აგვისტოს სტიქიის ზონიდან ერთ-ერთი დაკარგული პირის მამის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის აღწერაშიც ეწერა, რომ ის ოფიციალურ პირებს განცალკევებით ელოდებოდა და ელოდა მათგან პასუხს, თუმცა მასთან არავინ მისულა.
მთის ამბების ამ პოსტს გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. მან ონლაინ მედია ტყუილის გავრცელებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ფოტოს გადაღებამდე მამაკაცთან ისაუბრა. იგივე გაიმეორა ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემაც და მთივლიშვილის შეურაცხყოფაზეც გადავიდა.
როგორი იქნებოდა ჩვენი რეალობა თავისუფალი მედიის გარეშე?
საქართველოს ისტორიაში თავისუფალი მედიისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის პირობებში გატარებული წლები, ისევე როგორც ბევრი სხვა ბედნიერი მოგონება, საბჭოთა კავშირს უკავშირდება. ამ პერიოდში ამბები, რომლებიც ხელისუფლებისთვის მიუღებელი იყო – დღის წესრიგიდან საერთოდ ქრებოდა. აი როგორც შოვის ტრაგედია და მისი მსხვერპლები არ იარსებებდნენ, ხელისუფლებას რომ მედიაზე აბსოლუტური კონტროლი ჰქონოდა. ან როგორც არ გვეცოდინებოდა გავრილოვის ღამის დარბევისა და მისი მსხვერპლების შესახებ. როგორც არ გვექნებოდა ინფორმაცია ვაკის პარკში არასწორად დამონტაჟებული შადრევანის გამო გარდაცვლილი ბავშვისა და ამ ამბავში თბილისის მერიის წვლილის შესახებ. არ გვეცოდინებოდა არც სუფთა ფურცლის ჭერისთვის დაკავებული ახალგაზრდების ამბავი, არც კორუფციული გარიგებების, რუსეთის სანქციების გვერდის ავლისა, თუ ლოიალური ბიზნესმენების “დაკრიშვის” ისტორიები და ვიცხოვრებდით ბედნიერ უმეცრებაში, უმეცრება ხომ ძალაა…
რეალურად კი, თავისუფალი მედიისა და ინფორმაციის თავისუფალი მიმოცვლის არარსებობის პირობებში პირველი ჩერნობილის კატასტროფა მახსენდება და ის, რომ საბჭოთა კავშირში მსგავსი შეცდომა ვერ მოხდებოდა, რის გამოც მნიშვნელოვანი იყო ამ ამბის დამალვა, რამაც გამოიწვია იმაზე ბევრად დიდი მსხვერპლი, ვიდრე ამ ამბის დროულად შეტყობინებას/გავრცელებას მოყვებოდა.
საბოლოო ჯამში, მედიის როლი უმნიშვნელოვანესია როგორც საზოგადოების ინფორმირების, ისე ხელისუფლების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კუთხით.